
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ვაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ჟიული შარტავას საზოგადოების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების - გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას, მამია ალასანიასა და დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და ვეტერანებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს, 27 სექტემბერს, ჩვენ ერთად ვიხსენებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეს, სოხუმის დაცემას. ჩვენი ვალია, მუდმივად გვახსოვდეს ჩვენი გმირების ისტორია. მჯერა, რომ მათი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება და ენგურის ხიდი, რომელიც დღეს გამოგონილ საზღვრადაა ქცეული, მალე გახდება საქართველოს გაერთიანების სიმბოლო, რადგან წარმოუდგენელია აფხაზეთი უსაქართველოდ და საქართველო უაფხაზეთოდ. მჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად შევქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ ჩატარდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების პროცესში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო სპეციალურად ადაპტირებული დოკუმენტური ვიდეომასალა, სადაც ასახულია აფხაზეთის ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, 1992-1993 წლების კონფლიქტის ქრონიკა და გმირების ბიოგრაფიები.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცოდნის გაღრმავება, მათში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლება.
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ, ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია მულტიმედია კონკურსი აფხაზეთის თემაზე. მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეომასალებს სპეციალური ჟიური შეისწავლის და დეკემბერში გამარჯვებულებს გამოავლენს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბაკურიანში პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძემ მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ხუთდღიანი პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება და აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.




აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიმართა, რომელმაც ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც სექტორის კიდევ უფრო მეტი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მხადაჭერისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ენგურის ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა საინფორმაციო სივრცე, სადაც სპეციალური „თაჩპადი“ - ციფრული საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა.
„თაჩპადში“ ინტეგრირებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ინოვაციურ სისტემაში ასევე ხელმისწავდომია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები. „თაჩპადის“ გამოყენებისას სრულად არის დაცული მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რადგან სისტემა არ საჭიროებს პერსონალური ინფორმაციის შეყვანას.
„თაჩპადის“ გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად დაესწრო. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების საქმეში, ასევე ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობასა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაზრდას.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ 720 დევნილ ოჯახს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და სრულად გარემონტებული ბინა გადასცა.
ბინების გადაცემის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად დაესწრო.
720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას ეწვია და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება ზუგდიდიდან მიულოცა.
გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
„დღეს ზუგდიდში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე და სწორედ აქედან ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას აფხაზეთიდან დევნილ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ ქართულ ენაზე განათლების მიღებას.
აქვე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პედაგოგებს, რომლებიც დიდი რისკისა და შიშის ფასად ახერხებენ სასწავლო პროცესის ქართულ ენაზე წარმართვას და ამით აფხაზეთში საქართველოსა და მის მომავალს ინარჩუნებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარე გამოკვლევების პროცესს გაეცნო და დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.
„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოკვლევები და სამედიცინო სერვისები იყოს მოქნილი და ბენეფიციარების საჭიროებებზე მეტად მორგებული“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს თბილისის წამყვანი კლინიკების 10-მდე ექიმ სპეციალისტმა სხვადასხვა სახის კვლევები ჩაუტარა. ასევე დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს რეგიონებში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად ტარდება.


ანაკლიაში დასრულდა შემეცნებითი ტური, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ ბანაკის მონაწილე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
დახურვის ღონისძიებაზე დევნილმა ახალგაზრდებმა საკუთარი იდეები, სამომავლო ხედვები და პროექტები წარადგინეს.
სამდღიანი ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს თეორიულ სემინარებსა და პრაქტიკულ აქტივობებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.


აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და Skillwill-ს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.
პროექტის ფარგლებში 137 დევნილი ახალგაზრდა სწავლების თანამედროვე, მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლება, მათ შორის IT პროექტების მართვას, გრაფიკული დიზაინს, UX/UI დიზაინს, ფულ-სტეკ ვებდეველოპმენტს, სოციალური მედიის მართვასა და კიბერუსაფრთხოებას.
ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია დღეს „Skillwill“-ში გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის პროექტის მნიშვნელობასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ ხელშეწყობაზე ისაუბრა.
პროექტი აფხაზეთის მთავრობის, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსა და რეზო თურნავას ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კომპაქტურ ჩასახლებებში მათი საჭიროებების გაცნობის შემდეგ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული საჭიროებები, მათ შორის კრიტიკული საჭიროებების, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხები.
გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა საჭიროებების დროულ და ეფექტიან იდენტიფიცირებაზე. ასევე, მთავრობის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც დევნილთა ჩასახლებების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრები ავტომშენებლის ქუჩა №41-ში, „აეროპორტის ადმინისტრაციის შენობასა“ და „აეროპორტის სასტუმროში“ გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ადგილზე არსებულ მდგომარეობას და დევნილ მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება, სწორედ ამიტომ, აფხაზეთის მთავრობა აქტიურად არის ჩართული კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ პრობლემათა გადაჭრის პროცესში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან ქუთაისში. ჩვენ იდენტიფიცირებული გვქონდა ის პრობლემები, რომელიც ამ კომპაქტურ ჩასახლებაშია და ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ყველა ეს საკითხი მოვაგვარეთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. აფხაზეთის მთავრობის მიზანზე ორიენტირებული პროექტის გათვალისწინებით, სამომავლოდ ჩვენ დევნილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით, აფხაზეთის მთავრობა შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გამართავს.
