აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გატარებას.

დღესვე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნის მუზეუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჩხოტუების საგვარეულოს საოჯახო არქივი გახსნეს და აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები დაათვალიერეს.

პროექტი „აფხაზური არქივები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთსა და საფრანგეთში არსებული აფხაზი თავადების საარქივო მასალები საქართველოში ჩამოიტანეს.

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და მედია ცენტრს „ღია აფხაზეთისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მედია ცენტრთან „ღია აფხაზეთისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტრმა ეკა წივწივაძემ და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელმა ნინო ჩხეიძემ მოაწერეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული მედია კონტენტის, მარტის თვიდან, კვირაში ორჯერ, ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში გაშვებას. ეთერში გავა, როგორც აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული ახალი ამბები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტივობები. ის მედიაპროექტები, რომლებსაც ცენტრი ორად გაყოფილი საზოგადოების დაახლოებისთვის ამზადებს.

„აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევითა და ჩართულობით, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მონაწილეობით და კერძო ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ თანადგომით ჩვენ ვუბრუნდებით სატელევიზიო სივრცეს და შესაძლებლობა გვექნება, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი თემა ამ არხის საშუალებით ფართო საზოგადოებას გავუზიაროთ. მინდა მივულოცო ყველას, პირველ რიგში კი ჩვენ საზოგადოებას, რომ 7 წლის შემდეგ ჩვენ მედია სივრცეში დავბრუნდით!“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა ტელეეთერში მაუწყებლობა 2017 წლის ივლისში შეწყვიტა. 7 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, რაც ცენტრის  პროექტები ტელესივრცეს უბრუნდება. ამჯერად უკვე აფხაზეთის ხმაზე.

ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

კონფერენციის მიზანი იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  ფერმერი მეწარმეებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი იმ მიზნობრივი პროგრამების და პროექტების გაცნობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სოფლის მეურნეობის პირველად და მეორად წარმოებაში ჩართულმა ფერმერებმა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ გახსნა.

კონფერენციის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ძირითადად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე და საშუალო ზომის მეურნეობების წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებული ფერმერები და მეწარმეები გაეცნენ საუკეთესო პრაქტიკებს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა.„დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ისევე როგორც შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება.

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“  ნდობა გამოუცხადა და განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

რუსლან აბაშიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ სლოვაკეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისთვის.

მატუშ ბუშოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმამართულებით სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ზუზანა პალოშოვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენას, ამ საქმეში ისტორიული კავშირებისა და ქართულ-აფხაზური დიასპორის პოტენციალის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების მემორიალური დარბაზის გახსნის საკითხი,   სადაც დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი, ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფოტოების და პირადი ნივთების განთავსება.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრის ბოლოს, პროექტის „ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ სამუშაო ჯგუფმა წარადგინა პირველი ეტაპის შედეგები, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით, ესპანეთსა და საფრანგეთში განხორციელდა.

შეხვედრაში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯანდიერი და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები მოაწილეობდნენ.

ანზორ მარგიანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული დევნილი მოსახლეობა მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ზედა ეწერისა და წალენჯიხის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახები მოინახულა.

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ადგილზე გაეცნო ვითარებას და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაუწია.

ზედა ეწერში ქარმა საბავშვო ბაღის შენობა დააზიანა, რომელშიც აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირებიც ცხოვრობენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „ზღვაიას“ დევნილთა ჩასახლებაში ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში დაზიანდა ორივე კორპუსის საცხოვრებელი სახლი, ხოლო ხის დაცემის შედეგად აფხაზეთიდან დევნილი რომან გოგოხიას ოჯახი დაზარალდა.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა საგაზაფხულო სესიის ფორმატით განაახლა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, რომელმაც 2019-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე, ამოცანებსა და უმაღლესი საბჭოს მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭო ბევრად უფრო აქტიური იყო ვიდრე წინა წლებში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკავებული იყო  უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით, რომლებზეც, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია შერიგების პოლიტიკის წარმატება, აფხაზეთის დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და  საქართველოს გამთლიანება.

სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს საქმიანობის მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა და  ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი გაიმართა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

გალა-კონცერტში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“ და ანსამბლ „შავნაბადას“ ბავშვთა გუნდი მონაწილეობდნენ.

თეატრის ფოიეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის ბეჭდური გამოცემების, ჟურნალების „რიწა“ და „იალქანი“ გამოფენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

პროექტის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ მონაწილეებმა სასწავლო კურსი დაასრულეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ აკადემია „Skillwill“-თან პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტის მონაწილეებმა, 3 თვის განმავლობაში, ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები შეისწავლეს, როგორიცაა IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ონლაინ აკადემია „Skillwill“-ის დირექტორმა გიორგი მარიამიძემ პროექტში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თურქეთის რესპუბლიკაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარასა და მერსინში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებლის წინაშე ორი წარმატებული კონცერტით წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თურქეთში ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, ანსამბლ „აფხაზეთს“ სპეციალური ჯილდო გადასცა.

რუსლან აბაშიძემ ბავშვთა თავშესაფარს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარემ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და თავშესაფარს სასურსათო პროდუქტი და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მატჩი „სოხუმი საქართველოს“ გამარჯვებით დასრულდა

თბილისი არენაზე საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი საქართველო“ და „ვერა“ შეხვდნენ. მატჩი სოხუმის კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 97:87 დასრულდა.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ გიორგი გაბედავასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს, რომელიც ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! ეს წელი გამარჯვებების, ახალი შესაძლებლობების და წინსვლის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

გასულ წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი განვითარების მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ღირსეულად აგრძელებს სვლას ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობის მიმართულებით. ეს მიღწევა და შესაძლებლობათა ფანჯარა დამსახურებულად ეკუთვნით ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებსაც.

სწორედ ამიტომ მთელი გულით და განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს, ეთნო-კულტურულად და რელიგიურად მრავალფეროვანი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს. ქვეყნის განვითარება მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

აგრეთვე უდიდესი სიყვარულით ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრებს, რომლებიც გმირულად უმკლავდებიან ოკუპაციის შედეგად მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს.

დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელისუფლების მიერ ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით შესაძლებელია ქვეყნის დეოკუპაცია, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგება და ნდობის აღდგენა. მჯერა ერთმანეთის მხარდაჭერისა და ურთიერთპატივისცემის გზით შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში.

მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას. ბედნიერი იყოს 2024 წელი თქვენთვის, ჩვენი სამშობლოსთვის!