
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის წევრის, სოფია კვიციანის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტს - „სოფოსთვის“ დაესწრო.
კონცერტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, სოფოს მეგობრები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალ სოფია კვიციანს რამდენიმე თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ახალგაზრდა ხელოვანის გადასარჩენად საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდა, კამპანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც შეუერთდა. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სოფოს დასახმარებლად.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ არტემ კოპალიანს, შოთა გვილავას და კონსტანტინე ყარამანიშვილს გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით განხორციელდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს ანაკლიაში დაიბადა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილე. 1992-93 წლებში სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით იგი სამეგრელოში გაიგზავნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2018 წლის 5 თებერვალს მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო. გამოფენა კოლეჯ „სპექტრის“ ღია სივრცეში მოეწყო, სადაც მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებლებს სამშენებლო ინჟინერიის ის პროფესიები გააცნეს, რომელთა შესწავლა კოლეჯში იქნება შესაძლებელი.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის საინფორმაციო სტენდები და მოეწყო GIZ-ის საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაცია. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სპეციალური აქტივობები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი როინ (მათე) ტაკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ონურ სევიმი.
ღონისძიების ფარგლებში, თემაზე „დუალური განათლება - გერმანული გამოცდილება - საქართველოსთვის“ გერმანიის ელჩთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
გამოფენა ყოველწლიურად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები, მოსახლეობას გააცნეს ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე ესწრებოდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოჯახთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
„ქრისტე აღდგა!
ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - უდიდესს, ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, საყოველთაო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის ზეიმია. ქრისტიანული სამყაროს ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა რწმენითა და სიხარულით გვავსებს. ქრისტეს ჰუმანური და მიმტევებლური ბუნება თითეული ჩვენგანისთვის მაგალითის მომცემია. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის პატივისცემითა და დაფასებით შეძლებს სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებას და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებას.
კიდევ ერთხელ მთელი გულით ვულოცავ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესიკ სილაგაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულეს, ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
დღესვე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადაეცა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნომრის გარეკანი გაფორმებულია ლადო ფოჩხუას ნამუშევრით და გამოცემაში შესულია თანამედროვე ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.
ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ.
პრეზენტაციას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა როგორც ქართველი, ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა.
განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე ჟურნალი მკითხველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახდა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა-2-ის მატჩი გაიმართა. შეხვედრაში „დინამო“ სოხუმი და „ფენიქსი“ ზუგდიდი მონაწილეობდნენ. მატჩი „დინამო“ სოხუმის გამარჯვებით, ანგარიშით 9:0 დასრულდა.
„დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-2-ის ჩემპიონი გახდა. გუნდმა გამარჯვება ტურნირის დასრულებამდე, ვადაზე ადრე მოიპოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ გუნდის წევრებს ჩემპიონობა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. მატჩის ბოლოს რუსლან აბაშიძემ გამარჯვებულებს მედლები და აფხაზეთის მთავრობის სახელით საჩუქრები გადასცა.
მატჩს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან ევროკავშირის საპრეზიდენტო პროგრამების ფარგლებში 2001-2021“ პრეზენტაციას დაესწრო.
ნაშრომში მოცემულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან ურთიერთობის ანალიზი. აგრეთვე, რეკომენდაციები და დასკვნები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიაში რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„9 აპრილი - ეს სიმბოლური თარიღი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან მოვლენას - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავგანწირვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ ამიტომ 9 აპრილი უმძიმესი დღეა, თუმცა ამავდროულად უდიდესი იმედია. დღევანდელი დღე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომლთა თავდადების წყალობით საქართველომ თავისუფლების მოპოვებით აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა! განუზომელია მათი ღვაწლი, რომელებმაც საქართველოს განთავისუფლებას თავი შესწირეს. ამიტომ ყოველი ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს.
ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში. მჯერა, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ღვაწლმოსილ მედიცინის მუშაკებს შეხვდა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურეობრივი მივლენებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინახაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სიცოცლხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის წევრებთან ერთად თითოეულ მათგანს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში 35 მედიცინის მუშაკი და 20 სამედიცინო კლინიკა დაჯილდოვდა.
შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი 4 წევრის შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.
კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.
კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42 ) ან/და მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge (mailto: info@abkhazia.gov.ge) აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.


უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები ჩაერთვნენ. სოლიდარობის ნიშნად, ომით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასებიდან გარკვეული რაოდენობის თანხა ერთიან ანგარიშზე გადარიცხეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხით შეძენილ იქნა ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, ბავშვთა კვება და ჰიგიენური საშუალებები.
ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს საქართველოს ფოსტის ტერმინალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. ტვირთის გაგზავნას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში სახმელეთო გზით გაიგზავნება.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
