
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორ დანიელ მოვლის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის თავმჯდომარემ SDC-ის წარმომადგენელს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ტერიტორიაზე COVID-19-ის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის, იძულებითი პასპორტიზაციის და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვის საკითხებს.
დანიელ მოვლიმ თავის მხრივ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოში ახორციელებს. შეხვედრაზე ჰუმანიტარული კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
დისტანციურ შეხვედრას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ წივწივაძე ესწრებოდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევები, რაც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გამო; განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ, ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისთვის.
საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.
ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სამწუხაროდ აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ცხინვალში ინალ ჯაბიევის მკვლელობას, რაც ნათლად ცხადჰყოფს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობას.
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩენს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ თემებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც მთავარი წინაპირობაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
არსებული გამოწვევების ფონზე გამოითქვა წუხილი, რომ წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდების გამართვა. ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევაში მოლაპარაკებების დეკემბერში ჩატარების კრიტიკულ აუცილებლობას. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობაზე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობის COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.
ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებული სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გააცნეს. ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს, პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.


„ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა მთელი კაცობრიობისთვის, რომელიც განსაკუთრებით გვახსენებს რომ რასის, რელიგიური აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულებების, გენდერული თუ სხვა სახის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველას ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ფასეულობები გვაერთიანებს და ამ ფასეულობების იგნორირებით, ადამიანები ვურთულებთ ერთმანეთს არსებობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება მსოფლიო თანამეგობრობის მცდელობას, რომ ყოველი ჩვენთაგანის განსხვავებულობა ვაქციოთ ერთიანი საზოგადოების ძლიერ მხარედ და არა გამყოფ ფაქტორად. ჩვენი საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის გამოცდილება, გვაძლევს რწმენას, რომ ღირსეულად გავუმკლავდებით ამ გამოწვევასაც და უზრუნველვყოფთ უნიკალური იდენტობის შენარჩუნებას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.


აზერბაიჯანის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.
შეეხნენ ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საბოლოოდ რეგიონში მშვიდობის დამყარებით დასრულდა.
რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა.
შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საელჩოს პირველი მდივნები სეიმურ ილიასლი და ანარ რასულოვი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მარქსის ქუჩა №12“ ჩვენება მოეწყო.
პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული აფხაზეთელების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.
კონკურსის შედეგად შერჩეულ საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ ჟურნალ „სითიში“ გამოქვეყნდება. მასალა განთავსდება ასევე გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებგვერდზე.
სამომავლოდ პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ მუდმივ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში შემავალი უწყებების 9 თვის ანგარიში მოისმინა. სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს მათ მიერ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაწეული საქმიანობის შედეგები წარუდგინეს.
ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.


აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა (ავტორთა ჯგუფი: პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე, ირმა ოსია, რიტა ამიჭბა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ირმა ოსიას და რიტა ამიჭბას აფხაზური ენის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია. აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსს ატარებს. საქართველოს კანონმდებლობით აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია ქართული სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა და ჩვენი ძალისხმევა აფხაზებთან ერთად მათ დასაცავად უნდა იყოს ერთიანი.
ჩვენ აფხაზური ენის სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამ მიზნით აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დღემდე არაერთი პროგრამა ხორციელდება. ბოლო პერიოდში შეიქმნა ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ და მეთოდური მასალები, ითარგმნა ლიტერატურა აფხაზურ ენაზე, რომელიც ენის შესწავლის მსურველებს საუკეთესო მეგზურობას უწევს. აღნიშნული მასალები აქტიურად გამოიყენება აფხაზეთის საჯარო სკოლებში, იგზავნება ასევე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აფხაზური ენის სწავლება პრობლემურია და ქართულ ენასთან ერთად დისკრიმინაციას განიცდის.
აფხაზეთის მთავრობა ასევე მუშაობს პროექტზე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აფხაზური ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით ენის შესწავლა ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის მთავრობის მიერ აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, ხორციელდება აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.
აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნი ელექტრონული ვერსიით სარგებლობა მსურველს აფხაზეთის მთავრობის ვებ გვერდზე abkhazia.gov.ge შეუძლია.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული აფხაზურენოვანი წიგნებისა და ისტორიული დოკუმენტების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აფხაზური ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ამ კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.


პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.
რუსლან აბაშიძემ პოლონეთის ელჩს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და აფხაზეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ასევე დევნილი საზოგადოების ხელშეწყობის მიზნით და მათი უშუალო ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი მარცინ მამონი, მესამე მდივანი ადამ გნიაზდოვსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თომას მიულმანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ავსტრიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
რუსლან აბაშიძემ გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის, COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
თავის მხრივ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე სამომავლო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს, რომელიც დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩს გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება, მათ შორის COVID-19-ის გავრცელების კუთხით არსებული მდგომარეობა.
დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რომელიც დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში იმყოფებოდა, სადაც დევნილ მეწარმეებს შეხვდა და დაფნის პირველადი გადამუშავების საამქრო დაათვალიერა. საწარმო მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა და მასში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებული.
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტომ“ კოოპერატივ „ლავრ-ჯორჯია“-სთან ერთად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოაწყო. სააგენტო ასევე დაფნის სანერგის მოწყობის მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. სანერგე აღიჭურვა თანამედროვე სარწყავი სისტემით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაფნის ნერგების გამოყვანის პირველი ეტაპი. მომავალი წლიდან სანერგე დაინტერესებული დევნილი ფერმერებისთვის 80 000-მდე დაფნის ნერგის მიწოდებას შეძლებს.
დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი სიმინდის მოსავლის აღება მოხდა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. სიმინდის მოყვანის პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მასში აფხაზეთიდან დევნილი 30-მდე ოჯახი არის ჩართული.
დღეს რუსლან აბაშიძე სოფელ რიყეში მურმან ჯალაღონიას ოჯახში იმყოფებოდა და მიღებული სიმინდის მოსავალი პირადად გადასცა. მომდევნო დღეების განმავლობაში დახმარებას კიდევ რამდენიმე ოჯახი მიიღებს.
რიყეში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის 100-მდე მოსწავლეს საბავშვო, ილუსტრირებული ბიბლია, თემატური გასაფერადებელი ჟურნალები და სახატავი ფანქრები გადაეცა. მოზარდებს მიესალმნენ და საჩუქრები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ.
დღესვე ქალაქ ხონში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც №4 საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, ხონის ეკლესიისა და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე 200 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი დაირგო.
მოგვიანებით ქალაქ ხონის სტადიონზე ადგილობრივი და დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით მინიფეხბურთში ტურნირი გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სპორტული აღჭურვილობის სრული კომპლექტი გადაეცათ.
ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სულიერების ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანო და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.


თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ კალათბურთის მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში, 13-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სპორტული ინვენტარით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.
ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში კალათბურთის პოპულარიზაცია, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
