
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ რუსთავსა და სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო ჩასახლებებში არსებულ პრობლემურ საკითხებს და მოსახლეობის საჭიროებებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა ბინების დაკანონებასთან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.
რუსლან აბაშიძემ სოფელ ვაზიანში დათვალიერა მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“-ს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტია.
ასევე, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკა მოინახულეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებულები.
დევნილებთან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმერეთის რეგიონში - ქუთაისსა და წყალტუბოში აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა. სპეციალისტებს შორის იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, დერმატოლოგი და უროლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, გულის ელექტროკარდიოგრამა, მუცლის ღრუს ეკოსკოპია, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ქალაქ ჯვარში, სოფელ ფოცხოეწერსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრობლემურ საკითხებს და დევნილთა საჭიროებებს.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე მთავარი განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.
მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რუსლან აბაშიძემ შ.პ.ს. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია" მოინახულა და თანამშრომლებს გაესაუბრა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და მოადგილე ნუკრი ხასია, ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და გაეცნო პრობლემურ საკითხებსა და მათ საჭიროებებს. განსაკუთრებით აღინიშნა განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრაში ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.


„14 აგვისტო, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას ვინც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობას. სამწუხაროდ, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და მისი მსხვერპლი ჩვენი ხალხი და საზოგადობაა.
საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არის ეთნოკონფლიქტები, არამედ ერთიანი საზოგადოების დანაწევრების მცდელობას წარმოადგენს. დღეს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოება არის, რომელსაც დიდი საფასურის გაღება უწევს, მათ შორის, კულტურის, ენის, დემოგრაფიის და ნაციონალური იდენტობის ხარჯზე.
აფხაზეთის საზოგადოება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები, იმყოფებიან უდიდესი განსაცდელის წინაშე. ამიტომ ყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, გვეყოს სიძლიერე და არ დავუშვათ მიმდინარე მოვლენების შეუქცევად პროცესებად გადაქცევა.
ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს. სწორედ მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარებას, ვინაიდან მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია“.


1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთში დაღუპული გმირების დედებთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი „მოლოდინი“ მოინახულა.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სკოლის შენობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ესწრებოდნენ.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პულმონოლოგი და გასტროენტეროლოგი.
ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, გულის ეკოსკოპია, მუცლის ღრუს ელექტროკარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით ბენეფიციარებს „პსპ-ფარმას“ მიერ ჰუმანიტარულად გადმოცემული მედიკამენტები გადაეცათ.


8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.
ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
„აგვისტოს ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ამ ომს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანმა დაკარგა საკუთარი სახლ-კარი, დამატებით დაიკარგა ქართული სოფლები და კოდორის ხეობა. აფხაზეთის საზოგადოება არასდროს არ შეეგუება ოკუპაციას. საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებით, სამშვიდობო პოლიტიკით, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, გონივრული და პრინციპული პოზიციით ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის გასაერთიანებლად. ქედს ვიხრი დაღუპული ადამიანების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. დაიგეგმა უახლოეს მომავალში შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის, სადაც დეტალურად მოხდება ყველა საჭიროებების განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
დევნილებთან შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.
საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და პროექტებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ასევე საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია გურიის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარმოდგენილი წინადადებების განხილვა იყო. სამუშაო შეხვედრაზე, მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ბინის მიღებისა და ქირის კრიტერიუმების გადახედვის საკითხებს. ასევე, დევნილების მეტ ჩართულობას და კომისიის გამჭვირვალეობის მექანიზმის შემუშავებას. მსგავსი სახის შეხვედრები დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან, რეგულარულად გაიმართება.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ჰეპატიტების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ყველა მოქალაქისათვის ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები სრულიად უფასოა. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც აქტიურად სარგებლობენ.


ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, პროგრამის „დევნილი ახალგაზრდების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ ფარგლებში ორდღიანი ვორკშოპი ჩატარდა.
ვორკშოპის პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების გადაღებული ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან - ფსოუმდე“ მოეწყო. ასევე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ იტალიაში ერთობლივად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ ჩვენება გაიმართა.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.
ვორკშოპში 100-მდე 14-დან 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროექტის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება შემდეგ თემებზე: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, კონსტიტუცია, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა.


„მსურს გამოვეხმაურო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, რომელთაც ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და შესაბამისად ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება.
მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს, განურჩევლად ეროვნებისა, მიეცეთ საშუალება სწავლა გააგრძელონ მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში და არ მოხდეს მათი უფლებების შელახვა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
მინდა მივულოცო ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და ვუსურვო მათ წარმატებები“
