
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც იქ დარჩენილი მოსახლეობა დგას. აღინიშნა ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ტრადიციულად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, ამიტომ ბოლო წლებში სხვადასხვა სახის დაავადებებისა და მავნებელი მწერების გავრცელებით მნიშვნელოვნად დაზიანდა თხილისა და ციტრუსის ნარგავები, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიას, მიდგომებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის ყველა იმ რესურსზე ხელმისაწვდომობას, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეიმუშავა.
ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოწეული პროდუქციის საერთშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იქ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაღრმავებას.
ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აგრარულ პროექტებში უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას" დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.


ქალაქ ბათუმში „მეტრო სითი ფორუმის" საგამოფენო სივრცეში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების ორი პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა" და „ბარათი აფხაზ მეგობარს" პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა.
გამოფენის მახსნამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, პოეტი ბელა ქებურია, მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე, მხატვარი ზურაბ ჭედია, მოქანდაკე ნერსე ბაწაში.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ბათუმში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.


სიღნაღის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
საღამოში სიმღერის და ლექსის ავტორების გარდა კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები თემურ ჩალაბაშვილი, ქეთევან შენგელია, ვასილ ბოსტაშვილი, ანზორ სიფრაშვილი, თამაზ ხმალაძე, ივანე ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.
სიღნაღის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე დევნილმა კომპოზიტორმა საკუთარი ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა. ასევე სიღნაღის მკვიდრის, პოეტ თამარ შაიშმელაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერის „შემოვევლე კახელებს" პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია, სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხს, ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ქართული კვალის წაშლაზე და მათი კვალიფიციური რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუციების გააქტიურების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების, ანსამბლების, თეატრებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების მხარდასაჭერად გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე. მთავრობის თვმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გამართულ ღონისძიებებზე მეტი საშუალება მიეცეს აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს, მეტად წარმოაჩინონ აფხაზური კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიასა და პარლამენტის წევრ ლევან კობერიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. ვახტანგ ყოლბაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათ ჩართვაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებულ ისეთ პროგრამებში, რომლებიც სიღარიბის დაძლევას ემსახურება. ასევე, სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად და განათლებასთან დაკავშირებულ პროგრამებში მათ მონაწილეობაზე. ისაუბრეს ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ პრობლემების უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად სხვადასხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვაზე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფესტივალი „გზა ერთობისკენ-რუხი 2018"-ის ფარგლებში, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „ჩვენ აქ ერთად ვართ" მოეწყო და კონცერტი გაიმართა.
ფოტოგამოფენა ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობას და იმ სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.
რუხის სავაჭრო ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „თსუ - გორდელა"-მ მიიღო. ღონისძიებაზე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ აუდიტორიას ახალი პროგრამა სახელწოდებით „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად" შესთავაზა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლის" დირექტორი დავით მაჭავარიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.
ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის", სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia"-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 25 წელი გავიდა.
გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.


აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში" პრეზენტაცია გაიმართა.
პროფესორ მალხაზ ბარამიძის ნაშრომი მრავალწლიან მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა და საფუძვლად 1976-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გათხრილი სრულიად ახალი არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები უდევს. ნაშრომში სრულადაა მოცემული და გააზრებული ყველა კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები, განძები, საკულტო ობიექტები და სხვა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ეხება აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების საკითხს.
როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ განცხადა - „ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ახლგაზრდობისათვის, ადამიანებში გმირული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფა სამუდამოდ დაკავშირებულია აფხაზეთის ტრაგედიასთან. ჟიული შარტავას სახელით მონათლული მწვერვალი კი ამ ტრაგედიის გამოძახილად და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდაც კი შეიძლება იქცეს. ვიანიდან ამ მწვერვალს დალაშქრავს უამრავი ქართველი თუ უცხოელი მთამსვლელი, განვითარდება მასობრივი ალპინიზმი და სამთო ტურიზმი. ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვა მრავალ სიკეთეს, რომელიც ალპინიზმს ახასიათებს. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, საჭიროა მთამსვლელთა სპეციალური ჯგუფის გაგზავნა აღმოსავლეთ კავკასიონზე, როგორც მწვერვალის შესარჩევად, ისე, გარკვეული კატეგორიის სირთულის ასვლის გზის დასადგენად. მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მწვერვალის დამლაშქვრელთა მასობრივი მოზიდვისა და დაინტერესებისათვის. ვფიქრობ შესაბამის ვადებში ყველაფერი მოესწრება და ეს არაჩვეულებრივი პროექტი წარმატებით განხორციელდება. მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა მოაწერეს ხელი.


საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე შესრულდა ცნობილი კლასიკური ნაწარმოებები, ასევე აფხაზური და ქართული სიმღერები.
ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია" დასკვნითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, დათა გულუას მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი, პოეტი ლაშა გვასალია, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მარინა თექთუმანიძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე ირმა ირემაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი დარიკო ფიფია, წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა, პოეტი მაია მიქაია და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის წევრი ეტი მესხია.
საღამოზე კონკურსის ლაურეატებმა და პრიზიორებმა: ქეთი ნაჭყებიამ, გიორგი ბალახაშვილმა, ზაზა სუყაშვილმა, ბექა ახვლედიანმა, ივდით კვიტიამ, ვენერა ქალდანმა წაიკითხეს თავიანთი საკონკურსო ლექსები, ხოლო ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დათა გულუას ლექსები. შესრულდა მეგრული და ლაზური სიმღერები. ბაკურ გულუამ დათა გულუაზე დაწერილი ლექსისათვის ვენერა ქალდანს ოჯახის პრიზი გადასცა. კონკურსში გამარჯვებულები დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.


2018 წლის 21 ივნისს შვეიცარიაში მყოფი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქალაქ ჟენევასა და ლოზანაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, არზაყან ემუხვარის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე) შთამომავალი ნატო მარშანია.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აფხაზური არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მათ შვეიცარიაში გაატარეს. დაკრძალულნი არიან: ნიკოლოზ ჩხოტუა - ქ. ჟენევა, Communa Bardonnex - Commanderie de Compeieres; ზურაბ ჩხოტუა - ქ. ლოზანა, Prilly, Vaud, Cimetiere communal Chretien.
ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუა წლების განმავლობაში ჩამდგარი იყო მალტის ორდენის დიპლომატიურ სამსახურში. ის, ოჯახთან ერთად, სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა და, როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დააარსა კოსტა-რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. ნიკოლოზ ჩხოტუას დიდი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან - გრიგოლ რობაქიძესთან და ირაკლი ბაგრატიონთან, ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის ოჯახთან და იმ დროის სხვა ცნობილ ადამიანებთან.
ზურაბ ჩხოტუა გასული საუკუნის 50-იან წლებში ასრულებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებელი საქართველოს საფრანგეთში მყოფი დევნილი მთავრობის არაოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების" ქართული რედაქციის დაარსებაში. ხელი შეუწყო იმას, რომ საქართველოს საკუთარი ადგილი ჰქონოდა ამერიკული მთავრობის ეგიდით შექმნილ „თავისუფალი ევროპის კომიტეტში". ზურაბ ჩხოტუა, ცივი ომის პირველივე წლებიდან იდგა საქართველოს პოლიტიკურ ემიგრანტთა ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოება-თანამშრომლობის საწყისებთან. პირადად იცნობდა აშშ-ის იმ დროის სახელმწიფო მდივანს დინ აჩისონს და ამერიკული პოლიტიკური ელიტის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებს.


ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 44-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა იყო.
საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის, მიმართ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაგმეს ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე, გადმოცემა. მათ რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან.
მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს მოსკოვის მიერ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციისათვის კონკრეტული ნაბიჯების მუშავების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების ეტაპობრივად გაყვანა და იქ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.
მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო.
განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება. საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. მათ ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.
მოლაპარაკებების მორიგი 45-ე რაუნდი 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია რიყის პარკში გაგრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის" ორგანიზებით გაიმართა და მასში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები და ფერწერული ნამუშევრები. ასევე ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და გაგრიდან დევნილი მოსახლეობის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტურნირის მონაწილე სპორტსმენები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა - დათო ზარიამ გადასცეს.
