აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა ქუთაისში ხარებავას #52 ში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებთ

2019 წლის 8 ნოემბერს ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და კოდორის (აჟარის მუნიციპალიტეტი) გამგებელი ლაშა მარგიანი. ისინი ადგილზე გაეცნენ ხარებავას #52-ში განთავსებულ ობიექტზე (ყოფილი სამხედრო ლიცეუმი) არსებულ პრობლემას, რაც კორპუსის სარდაფში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას და ფეკალური მასების ამოტუმბვას გულისხმობს. მათ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობასთან ერთად პრობლემის ერთობლივად მოგვარებისა და გადაჭრის გზები დასახეს.

წყალტუბოში იმერეთის რეგიონში არსებული კომპაქტური ცენტრების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" პარტნიორობით, 2019 წლის 1-2 ნოემბერს წყალტუბოში, იმერეთის რეგიონის კოლექტიური ცენტრების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.  ტრენინგზე (ტრენერები - ნანა გოგოხია, ირაკლი წულაია) ისაუბრეს კოლექტიურ ცენტრებში არსებულ ბრობლემებზე და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, შედგა  "საქართველოს კანონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" (კანონის ადაპტირებული ვერსია) განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე; იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/ რ მინისტრი დავით ფაცაცია; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრა დევნილებთან ოზურგეთში

2019 წლის 5 ოქტომბერს  წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ -ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

წარმომადგენლობა გურიის რეგიონში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

2019 წლის 8 აგვისტოს წარმომადგენლობის  ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლაშა გადილია ლანჩხუთში, გურიის რეგიონში მცხოვრებ  დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

წარმომადგენლობა აგრძელებს შეხვედრებს დევნილებთან

წარმომადგენლობა კვლავ აგრძელებს შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან მათთვის პრობლემატური საკითხების მოკვლევისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. ამჟამად, წარმომადგენლობა იმყოფებოდა და შეხვდა ბაღდათსა და კოპიტნარში მცხოვრებ დევნილებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. ის წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მან, ასევე, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისათვის მშენებარე ობიექტები დაათვალიერა.

შოთა ხეცურიანის 90 წლის იუბილე

2019  წლის 25 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ქალაქ ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 90 წლის იუბილე გადაუხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმარლესი საბჭოს 1991 წლის მოწვევის ღვაწლმოსილ დეპუტატ შოთა ხეცურიანს.

პოლიტიკოსსა და გამორჩეულ   მეცნიერ-პედაგოგს ეს დღე მთელმა  აფხაზეთის ინტელიგენციამ - კოლეგა დეპუტატებმა, უნივერსიტეტის აკადემიურმა შემადგენლობამ,  იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში   აფხაზეთის ა/რ -ის მთავრობის წარმომადგენლობამ, დევნილმა მოსახლეობამ, საკუთარმა ოჯახმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცა.

შოთა ხეცურიანი საქართველოს უმძიმესი  დროების  ყველა კრიტიკული და უმწვავესი მოვლენების ჰუმანისტი მონაწილეა. პოლიტიკურ სარბიელზე დაწინაურებული, მუდმივად კაცთმოყვარეობის პრინციპებით იბრძვის ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგებისა და დამოყვრებიუსათვის: „ჩვენ შევრიგდებით, აფხაზებს სხვა გზა არა აქვთ, რამეთუ მსოფლიოში სხვა უფრო, ჩვენზე ახლობელი ერი მათ არ ჰყავთ, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, არ დაუკარგოს მათ ენა, კულტურა, ტრადიციები...“ ასეთია ჩვენი უხუცესი  მამულიშვილის აზრი.

   შოთა ხეცურიანი რჩეული პიროვნებაა აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში, იგი უყვარს ხალხს და მას ენდობიან, უსმენენ, არასოდეს საყვედურობენ. გარდა ამისა, მან წლები შეალია ახალგაზრდა თაობების  აღზრდას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახლმწიფო უნივერსიტეტში,  წლები შეალია აგრარული  და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების მიმართულებებს, მისი მეცნიერული შრომებით  დღესაც  ხელმძღვანელობენ  ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

   შოთა ხეცურიანი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს  მეომარ - ვეტრანთა  წრეში. თავის მშობლიურ ცაგერაში იგი,  როგორც მხედარმთავარი, ისე ტრიალებდა. სოფლის თავკაცი საგუშაგოებზე მებრძოლებს  რჩევებსა და მითითებებს აძლევდა,  მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციაც, უდანაკარგოდ, მისი მონაწილეობით განხორციელდა.  1994 წელს, ქ. ბათუმში, შოთა ხეცურიანმა ხელი შეუწყო აფხაზეთის მეომართა კავშირის დაფუძნებას, იგი დღეს ამ კავშირის საპატიო წევრია.

   დიდი  ოჯახური  ტრაგედიებით  დაღდასმული, არასოდეს მისცემია სასოწარკვეთას,  შეუდარებელია მისი სიმტკიცე და ქვეყნისათვის თავდადება,  ბატონ  შოთას  ვაჟებიდან- რევაზი ომამდე, სოსო - ომში, ხოლო, ომის ვეტერანი ვალერი  დევნილობაში დაეღუპა.  დევნილობაში დაკარგა, ასევე, არაჩვეულებრვი მეუღლე ალექსანდრა (შურა) მახარობლიძე, იგივე  თანამებრძოლი ოჯახსა და საზოგადოებაში...

   კიდევ  ერთხელ ვულოცავთ შოთა ხეცურიანს დიდ  იუბილეს, დე, იგი მოსწრებოდეს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მოსწრებოდეს თავისი შვილების საფლავების ნახვას, მუდმივად განეცადოს თავისი შესანიშნავი ოჯახის, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების  ბედნიერება და დღეგრძელობა.

   ბატონო შოთა  თქვენთან არიან თქვენი აფხაზეთელები, თქვენთან არის ბრძოლის ველზე დაბადებული ჩვენი საქართველო, კიდევ დიდხანს იცოცხლეთ !!!

წარმომადგენლობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ქ. ქუთაისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, ორესტი ბერულავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მანამდე, ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ  რუსლან აბაშიძესთან  ერთად  ქალაქ ზესტაფონში მცხოვრებ, ასევე დევნილ ვეტერანს ბიჭიკო კაკაბაძეს სტუმრობდა, რომელსაც ასევე მიულოცეს ღირშესანიშნავი თარიღი და გადასცეს საჩუქრები.

დევნილთა მინისტრის მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთში

2019 წლის 29 მარტს ქუთაისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის თანამშრომლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე, ასევე, დევნილი კურსამთავრებული სტუდენტები და ომის ვეტერანი დევნილები. 

 

წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა

2019 წლის 22 მარტს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 32 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 3750 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება მეორე კვარტალში.