აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. სპიკერმა ლექციის ფარგლებში საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრა.
მიმოიხილა სტუდენტობის პერიოდი, შემდგომ კი პირველი ნაბიჯები აქტიურ ჟურნალისტიკაში. ასევე ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.
ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ლექციაზე სამომავლო კარიერისთვის აუცილებელი პრაქტიკული რჩევები მიიღეს. დასასრულ, ეკა ხოფერიამ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო კონკურსში მეორედ გაიმარჯვა
ქ. სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული ზუზანა პოლოსოვა ეწვია. სტუმარმა სკოლის მიერ 2021 წელს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოგებული სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა .
შემდეგ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც სპორტულ დარბაზში საშხაპეები და გასახდელები მოეწყობა. ეს არის მეორე პროექტი, რომელმაც სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
ახალი სასწავლო წლის მილოცვის შემდეგ, რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ, პედკოლექტივთან ერთად, სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემები და მისი მოწესრიგების გზები განიხილეს. ბოლოს მინისტრის ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Open Fun Football Schools“-ის მხარდაჭერით, ჩატარდა მასტერკლასი მინი ფეხბურთში და სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა.
გზად რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ ქ. ქუთაისში, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს. მალე აქ მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებულ საკლასო ოთახებში განაახლებენ სწავლას.
აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია თბილისში, აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებს ეწვივნენ, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სიახლეებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის სკოლა-ბანაკი ქობულეთში მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩევა.
მოსწავლეებს აქ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები სემინარებს უტარებენ.
საზაფხულო სკოლა-ბანაკი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე, ამავე სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა.
„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს აერთიანებს და მისი მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.
რეგისტრაცია შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებული ქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების № 147 შესაბამისად.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/192FcUzo5RW01d_f1MpOFNqUpvTyURk7IZigkAu1SEOQ/edit?usp=drive_web
რეგისტრაციის ვადა 2022 წლის პირველი აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე: +995 599 741 652; +995 599 855 494; +995 599 855 493.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების გასვლით შეხვედრაზე სამინისტროს 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროების პროგრამებსა და პროექტებზე, მათ შედეგებზე ისაუბრა.
ეკა ხოფერიამ დამსწრეთ ასევე გააცნო სამინისტროს სსიპ-ების - აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღას“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შემოქმედებით საქმიანობაში არსებული სიახლეები და გეგმები.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას ქ. ჩხოროწყუში 6300, 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, უვადოდ, გადაეცა.
აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მალე ევროპის ბანკის დაფინანსებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლის შენობა აიგება.
აფხაზეთის ომიდან გასული 30 წლის თავზე ეს იქნება აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აგებული პირველი ახალი შენობა, მეორე სკოლის აშენებაკი ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
23 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა.
პარკის ტერიტორიაზე, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ (მეორე ნაწილი) მოეწყო. „კადრები აფხაზეთიდან“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტოს ტრადიციული პროექტია, რომელიც „აფხაზეთის დღეს“ ეძღვნება.
შარშანდელ „კადრებზე“ ომამდელი აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟები იყო აღბეჭდილი, წლევანდელი კი გამოჩენილი ადამიანების აფხაზეთში გადაღებულ დღემდე უცნობ ფოტოებს აერთიანებს. მათ შორის არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ილია ჭავჭავაძე, ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი, მერაბ კოსტავა, ილია ვეკუა, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე და სხვ.
გამოყენებული ფოტოები საქართველოს ეროვნული არქივიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიტერატურის მუზეუმის არქივებიდან და კერძო კოლექციებიდანაა მოწოდებული.