აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მოტავას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მინისტრს უნივერსიტეტში მიმდინარე თუ საერთაშორისო ასპარეზზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო; ესაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსზე, რომელიც ქართულ-აფხაზური ხიდჩატეხილობის მშვიდობიანად მოგვარებას გულისხმობს.
ვიზიტის ფარგლებში, ეკა ხოფერია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობაში არსებულ სიახლეებზე მოუთხრო. მან იქვე აღნიშნა, რომ სამინისტრო სამომავლოდ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ჩართვას შესთავაზებს.
რექტორმა მადლობა გადაუხადა ეკა ხოფერიას სტუმრობისთვის, სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა: „ჩვენ აფხაზ ძმებთან მისასვლელ გზას ყველა ერთად გავივლით“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში 2022 წლის ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირველი ლექცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში შედგა.
სალექციო კვირეულის მნიშვნელობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ისაუბრა. მან დამსწრეთ წარუდგინა საგანმანათლებლო კომპანია „ქლევერტონის“ თანადამფუძნებლი და დირექტორი ლაშა მიქიაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს სამთავროების ჩამოყალიბება და აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე“.
ლექციას ქ. ჯვარისა და ფოცხოეწერის მიმდებარე სოფლების - მუჟავას, ჭალესა და ლიას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ლექციის ბოლოს გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები/ინტერაქცია, რის შემდეგაც ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ქვეპროგრამას სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ახორციელებს და მისი მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის ისტორიის, კულტურის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.
27 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ერთობლივი კომპოზიციები შეასრულეს. მანამდე, 12 ოქტომბერს, ოცდამეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში მათი ერთობლივი საღამო „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” გაიმართა.
„ჩვენმა კონცერტებმა აჩვენა ქართული ხალხური სიმღერისა და საგუნდო მუსიკის შესაძლებლობები. ერთმანეთის გვერდით ეს კონტრასტები უფრო საინტერესო ჩანს. Როცა უსმენ ერთ ჟანრს ან მეორე ჟანრს, ეს სხვა განცდაა. როცა ერთად უსმენ - ეს კიდევ უფრო სხვა,“- განაცხადა დათო ცინცაძემ, ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად აფხაზეთის საჯარო სკოლები 24-27 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეულს ატარებენ.
ტრადიციისამებრ, გუშინ აფხაზეთის №1, №2, №3, №7, №11 საჯარო სკოლებში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა ფოტოებისა და ნახატების გამოფენებით, აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის წევრებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები.
2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება. ამავე სკოლებში მოქმედებს აფხაზური ენის სასწავლო ჯგუფები.
საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს.
აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან აღინიშნება.
სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლ - „ირმის შვილის“ პრემიერა წარმოადგინა.
პიესის ავტორია ირმა თავართქილაძე. პიესა ამავე სახელწოდების აფხაზური ზღაპრის მიხედვით შეიქმნა.
დამდგმელი რეჟისორი - გიორგი ქაჩიბაია; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე, კ. მარჯანიშვილისა და პ. ოცხელის პრემიების ლაურეატი; მუსიკალური გამფორმებელი - ლევან გვაზავა; ქორეოგრაფი - ბაქარ ხინთიბიძე.
სპექტაკლს სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩარიცხულ, აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა-დიალოგში ასევე მონაწილეობდა გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა: რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია სტუდენტების წინაშე მდგარი პრობლემებით დაინტერესდნენ და მათ დაძლევაში დახმარება აღუთქვეს, სტუდენტებმა კი თავიანთ მოლოდინებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა დამსწრეთ დევნილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად დაწესებული პროგრამები და პროექტები გააცნეს.