მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ძიუდოში ,,აფხაზეთის ღია პირველობას" დაესწრო.

შეჯიბრი აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით ბაკურიანში გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები. გამარჯვებულები გოგონებსა და ვაჟებს შორის 11 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ძაძამიამ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა და პრიზიორების სიგელებითა და მედლებით დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

,,აღნიშნული ტურნირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სპორტი ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, არამედ ისეთი ღირებულებების განმტკიცების მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომლებიც წარმატებული და პასუხისმგებლობიანი საზოგადოების საფუძველს ქმნის. მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, მხარდამჭერ უწყებებს, მწვრთნელებსა და მონაწილეებს ჩემპიონატის წარმატებით განხორციელებისთვის. ვულოცავ გამარჯვებულებს დამსახურებულ ტიტულს და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებ", - აღნიშნა გიორგი ძაძამიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, ვეტერანები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მესტიაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე დაესწრო.

საგუნდო მუსიკის კონცერტი მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში გაიმართა.

კაპელის მომღერალთა დასმა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ასევე, გუნდისთვის არანჟირებული ცნობილი სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ირაკლი ბაღათურია, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გეგი ფალიანი, ასევე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნება. პროექტი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობის, კულტურული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის ,,რეკვიემი“ შესრულდა. კონცერტში სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის ,,საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო -1700“ ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროს ავთანდილ ძაგანიასთან ერთად, ხელვაჩაურში გამართულ იუნიფაიდ წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში „შავი ზღვის თასის ღია გათამაშებას“ დაესწრო.

ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეგიდითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა. იუნიფაიდ ძალისმიერი სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, შეჯიბრში მონაწილეობდნენ როგორც ტიპური განვითარების, ისე გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე სპორტსმენები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

შეჯიბრი ინკლუზიური სპორტის განვითარების, თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობისა და სპორტის საშუალებით სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება. საერთაშორისო ჩემპიონატში სპორტსმენები საქართველოს გარდა, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან იყვნენ ჩართულნი. 

ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის, სპორტისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ, ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" აღმასრულებელ დირექტორ ნაპოლეონ მილორავასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ძალისხმევის კონსოლიდაცია საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

პარტნიორობა ითვალისწინებს მხარეთა რესურსების, გამოცდილებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაერთიანებას, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერას, ასევე მათთვის განვითარების, განათლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივას, უზრუნველყოფენ ანალიტიკური, მეთოდოლოგიური და საინფორმაციო რესურსების გაზიარებას, რაც გააძლიერებს ინსტიტუციურ თანამშრომლობას, გაზრდის პროგრამების ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს საერთო მიზნების მიღწევას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და აფხაზეთის მეომართა კავშირის მეომართა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ქეცბაიამ მოაწერეს.

მემორანდუმი ახალგაზრდებში საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლების, პატრიოტული ღირებულებების განმტკიცებისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისათვის ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობა საგანმანათლებლო, კულტურულ და შემეცნებით პროექტებს, ღონისძიებებს, შეხვედრებსა და სხვა ინიციატივებს ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერას, ომის ვეტერანებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, ასევე მომავალი თაობისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

მემორანდუმი გრძელვადიან თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, გამორჩეული ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადების 98-ე იუბილე სპექტაკლით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ აღნიშნა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის ა/ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/ მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მაია ჩართოლანის რეჟისორობით ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" წელს პირველად დაიდგა და მისი მთავარი ლაიტმოტივი დუმბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ცრემლნარევი იუმორი, სიკეთე, ჰუმანიზმი და ადამიანური ურთიერთობებია.

14 ივლისს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული წარმოდგენით გიორგი რატიანის სახელობის თეატრი მაყურებელს მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა და თეატრალური სეზონი დახურა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მინისტრის პირველ მოადგილე გური ბაქრაძესთან ერთად, Skillwill-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი მარიამიძეს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე, ასევე მათი პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული კომპეტენციის ამაღლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული ტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა პერსპექტიული მიმართულებების სწავლებაზე, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ხელი შევუწყოთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება, აიმაღლონ კომპეტენცია და გაიღრმაონ ცოდნა მათთვის აუცილებელი და პრაქტიკაში გამოსადეგი მიმართულებებით. მოხარულები ვართ, რომ „Skillwill-ის“ სახით ვხედავთ ძლიერ პარტნიორს, რომელიც მზად არის საკუთარი რესურსები და გამოცდილება ამ დიდ საქმეს მოახმაროს,“ — განაცხადა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

,,Skillwill-ის“ კოლეჯი არის პირველი სრულად დისტანციური და ავტორიზებული სასწავლო პლატფორმა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო მომზადების/გადამზადების პროგრამებსა და კურსებს სთავაზობს.

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი ,,მე არსად წავსულვარ" წარადგინა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,მე არსად წავსულვარ" აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და გადმოსცემს იმ თაობის სევდას, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების ნაწილია. სპექტაკლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

ემოციებით, მოგონებებით, ადამიანური ურთიერთობებითა და რეალური ფაქტებით გაჯერებულმა დადგმამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია აფხაზეთიდან დევნილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნაირა მარშანიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ მუსიკალური ნომრები შეასრულა; ქართველმა ხელოვანებმა ნაირა მარშანიას შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს და ღვაწლმოსილი მწერლის საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

საღამოს აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ ორგანიზებით გაიმართა.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთის თემაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა).

კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები, აგრეთვე სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.

წარდგინებები მიიღება 2026 წლის 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.


მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68

ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

1 ივლისიდან აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწყება.
 
სტიპენდია ენიჭებათ ფიზიკის, მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები, აგრეთვე სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.
 
წარდგინებები მიიღება 2026 წლის 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
 
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
 
მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68
 
ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, გახსნას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მუსიკალური კომპოზიციების ფონზე, თემატური გამოფენა მოეწყო; დამსწრე საზოგადოებამ ცენტრის შესახებ მოხსენებები მოისმინა და ფოლკლოლური ანსამბლების შესრულებით საცეკვაო და სასიმღერო ნომრები იხილა.

ცენტრი ახალგაზრდებისთვის კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლისა და გააზრების ახალ საგანმანათლებლო სივრცეს შექმნის. პლატფორმა ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, ასევე მხარს დაუჭერს მშვიდობისა და შერიგებისკენ მიმართულ ახალგაზრდულ პროექტებს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამშვიდობო ცენტრი ,,მესხი ახალგაზრდები მშვიდობისათვის" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2022 წლიდან ფუნქციონირებს, წელს კი აღნიშნულ ინიციატივას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა.

აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები, აგრეთვე სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.

წარდგინებები მიიღება 2026 წლის 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68

ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეულ, აფხაზეთის თემაზე მომუშავე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები, აგრეთვე სავალდებულო დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.

წარდგინებები მიიღება 2026 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68

ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.