აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დირექტორებმა სკოლების საჭიროებებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
საუბარი, ასევე, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში შეტანილ ცვლილებებსა და განათლების მიმართულებით მოსწავლეთა მხარდასაჭერად განსახორციელებელ პროექტებს შეეხო.
სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრსა და საგანმანათლებლო ცენტრ „მამული, ენა, სარწმუნოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ და საგანმანათლებლო ცენტრის „ენა, მამული, სარწმუნოება“ დირექტორმა გოჩა საჯაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მხარდასაჭერად, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, შემეცნებითი, აღმზრდელობითი და სხვა სახის აქტივობების, კონკურსების, ვიქტორინების, საღამოების, შეხვედრების ორგანიზება, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო, ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელება.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და საგანმანათლებლო კონკურს-პროექტის „ქართული კალიგრაფია - 2024“ ავტორი ვლადიმერ კვარაცხელია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა სკოლის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს, მოისმინეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პედაგოგების ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე. ასევე, განათლების მიმართულებით მოსწავლეთა მხარდასაჭერად სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაში მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ქრისტინე ავალიანი მონაწილეობდნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ თანადაფინანსებული საგრანტო პროექტის: „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ საჯარო ლექცია წაიკითხა.
ლექცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბის - „ახალი თაობის ხიდის“ წევრებისთვის ჩატარდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების უფლების დარღვევებსა და აღნიშნული ფაქტების აღმოფხვრის შესაძლებლობებს შეეხებოდა.
მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს საქმიანობაზე, დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა, მან ასევე შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა სოფიო დემეტრაშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“.
ნანა გაბელიას, პროექტის - "ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" განსაკუთრებული და აქტიური მხარდაჭერისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.
პროექტის მონაწილე მოზარდებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, კახაბერ კორძაიამ სერტიფიკატები გადასცა. ასევე, ახალგაზრდებისთვის გაიმართა ისტორიულ-შემეცნებითი ტური ძველ თბილისში.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:
ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები,მაგისტრანტები) სტუდენტები;
ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტები.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 06 თებერვლიდან 01 მარტის ჩათვლით:
ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში
(მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +995 577 09 22 39.
იხ. განცხადების ბლანკი: https://shorturl.at/tyKLV
იხ. ვრცლად: https://shorturl.at/fjmF9
ვიქტორ სანეევის - საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის, ქართველი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სამმხტომში, საქართველოს სპორტსმენთა შორის ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელის, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, ევროპის რვაგზის ჩემპიონის, მრავალი ჯილდოს, პრემიისა და პრიზის მფლობელის, სახელობის სტიპენდია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას და წახალისებას ემსახურება.
სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს და პრიზიორებს).
სტიპენდია წესდება საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე სამ გამარჯვებულზე, თითოეულზე 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, კალენდარული წლის 10 (ათი) თვის განმავლობაში.
კონკურსანტების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ დაკომპლექტებული ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის დადგენილ ასაკობრივ ზღვარს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 1 მარტამდე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
სამინისტროში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება (მითითებული უნდა იყოს შეესაბამება თუ არა კანდიდატის ასაკი ახალგაზრდული გუნდისთვის დადგენილ კატეგორიას);
ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები;
გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;
დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ვ) დევნილის მოწმობის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო,
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური
საქართველო-თბილისი 0102, დ. უზნაძის ქ. №68.
საკონტაქტო ტელ: +995 598 39 39 10; +995 599 92 50 50; +995 599 19 08 49
რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება - „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.
გალა-კონცერტში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, ანსამბლ „შავნაბადას“ ბავშვთა გუნდი და ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული კანდიდ თარბას სახელობის ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი მონაწილეობდნენ.
„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ ჩვენ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს დევნილობის 30 წელი შეგვისრულდა. მიუხედავად რთული და გამოწვევებით სავსე წლებისა, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას, მათ შორის, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს არ შეუწყვეტიათ ფიქრი და ზრუნვა წინსვლასა და განვითარებაზე. ეს კონცერტიც გახლავთ ერთგვარი ანგარიში, პირველ რიგში ჩვენი დევნილი საზოგადოების წარმომადგენელთათვის, თუ რას ვაკეთებდით, რისთვის და რისკენ მივდიოდით ამ 30 წლის განმავლობაში, რასაკვირველია „აფხაზეთისთვის“ და ამას ღონისძიების სლოგანიც მოწმობს“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.
თეატრის ფოიეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის ბეჭდური გამოცემების, ჟურნალების „რიწა“ და „იალქანი“ გამოფენა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ანსამბლმა „შავნაბადა“ ქალაქ ბერლინში გამართული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,into the open” სოლო კონცერტით დახურა.
ამ ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მსოფლიო დონის მუსიკოსებმა გამართეს.
ფესტივალის ორგანიზატორების მხარდაჭერით, ანსამბლმა „ შავნაბადა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ კიდევ ერთხელ წარადგინა ქართულ-აფხაზური მუსიკალური კულტურა. ღონისძიების პარალელურად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური კუთხე მოეწყო, სადაც მოწვეული სტუმრები ქართულ-აფხაზურ გასტრონომიულ კულტურას და ტრადიციებს გაეცნენ.
„მინდა მივულოცო ანსამბლ „შავნაბადას“ წარმატებული კონცერტი და მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნისა და კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის. ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ის, რომ საქართველოს ისტორიული ნაწილის აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერებითა და საგანგებოდ მოწყობილი აფხაზური კუთხით ფესტივალის სტუმრებს კიდევ ერთხელ გავაცანით აფხაზეთი“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.
კონცერტს ლევან იზორია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; თომას ჰაკერი - პარლამენტის წევრი, კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარე და გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი; კარტენ ვიტი - გერმანიის წამყვანი მუსიკოსების სააგენტოს Karsten Witt Musik Management-ის მმართველი დირექტორი, Deutsche Grammophon-ის ყოფილი პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, სოხუმის გიორგი რატიანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლის „ირმის შვილი“ ჩვენება გამართა.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია შვილებთან ერთად დაესწრო.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მოზარდებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსიპ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023 წლის წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრები გადაეცა 19 ახალგაზრდას, რომლებმაც 2023 წელს საბაზო საფეხური უმაღლესი შეფასებით დაასრულეს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს და თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ირაკლი მეზურნიშვილს შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა ესწრებოდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პლატფორმის გაძლიერებასა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო პროგრამების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სსიპ-ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 , სსიპ-აფხაზეთის №12 , სსიპ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლებს მაგიდები და სკამები გადაეცათ.
მსგავსი აქტივობები აფხაზეთის სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერას ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, აფხაზეთის სკოლების ქიმიის, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებს, საგნობრივი მიმართულებებით ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგის მონაწილეები საგნობრივი სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ელექტრონული რესურსების შექმნის სხვადასხვა პორტალს, სწავლების პროცესში ექსპერიმენტების ჩატარებისა და სწავლების ფორმებს გაეცნენ.
აღნიშნული ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, სამივე საგნის პედაგოგები სწავლებისას ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებასა და კვლევითი სამუშაოს ჩასატარებლად სამეცნიერო მეთოდის ყველა ეტაპის დეტალურ განხილვას შეძლებენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამოქმედო არეალის გაფართოებაზე ისაუბრეს, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.
შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აშშ საელჩოს გრანტების მენეჯერი თამუნა ხერგიანი, გაცვლითი და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი თათა თოდრია და ინგლისური პროგრამების კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ხუბუა დააჯილდოვა.
ალექსანდრე ხუბუას ფერწერული ნამუშევრისთის „ურბანიზაცია“ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
ასევე, კონკურსის ფინალისტებს, ფერმწერ ვერიკო იობაშვილს უსათაურო ნამუშევრისთვის და მოქანდაკე ნინო თალაკვაძეს ნამუშევრისთვის „სულის მეტამორფოზა“ ფასიანი საჩუქრები და თაიგულები გადაეცათ.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან შემდგარი კომისია აფასებს და პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.