მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა - „ონლაინ საკვირაო სკოლამ“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს US Embassy Tbilisi, Georgia მიერ გამოცხადებულ კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა.
 
ამ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სამი საგნობრივი მიმართულების - ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ხელოვნების ისტორიის - სწავლების პროცესში და განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით შეიმეცნონ ტრადიციული საგნები. ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს. ამასთანავე ონლაინ შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიული, თამაშით სწავლებისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით.
 
ონლაინ საკვირაო სკოლის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
 
2021 წლის 6-4 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთისა და ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო სკოლების სპეციალური საჭიროებისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის ჩაატარა პროფესიული გადამზადების ონლაინ ტრენინგი თემაზე - „ნეიროპლასტიურობა და განათლება ადრეული და დაწყებითი განათლების დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიები“. ტრენინგი, რომელშიც 22 პედაგოგი მონაწილეობდა, სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამის „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში მოეწყო.
 
ტრენინგ-მოდული ითვალისწინებდა სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ვიზუალური და აუდიო მეხსიერების განმავითარებელი სასწავლო სტრატეგიების შესწავლას.
 
ტრენინგის ფარგლებში სპეციალური და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია ნეირომეცნიერების უახლესი მიღწევებისა და კვლევების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი ვიდეო და სასწავლო მასალა და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

კომისიის გადაწყვეტილებით, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს კოკა ბერაიას.

 

ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ვახტანგ ნოღაიდელს.

 

რაც შეეხება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიას, კომისიის გადაწყვეტილებით 2021-2022 სასწავლო წლისთვის არც ერთ კანდიდატს არ მიენიჭა.

 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა. კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების საკითხებს უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 2021 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ანგარიში სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებს, ამ მიმართულებებით მიმდინარე სიახლეებს მოიცავდა.

 

სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ  საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის წარმომადგენელთან, დოქტორ  ღასან  ხალილთან და მის მოადგილესთან, ემი კლენთან შეხვედრა გამართა.

ეკა ხოფერიამ სტუმრებს სამინისტროს საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით დასახული მნიშვნელოვანი პროგრამები თუ პროექტები გააცნო. შემდეგ კი მხარეებმა ამ პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელების თვალსაზრისით თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და კონკრეტული ხედვა გაუზიარეს ერთმანეთს.

      

ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ამასთანავე ერთი მხრივ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მეორე მხრივ, ისრაელის საელჩოსა და MASHAV- ს (ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო) შორის სამომავლო ერთობლივი პროექტები მიმოიხილეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კურსის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" - ფარგლებში,  ქ. ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოს" საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებს აფხაზეთთან დაკავშირებული საკუთარი ემოციები და ზოგადი ხედვები გაუზიარა.

დღის ბოლოს სამინისტრომ ქ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში    ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოაწყო. კადრებზე ომამდელი აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟები, ქალაქების - სოხუმის, გაგრის, ბიჭვინთის, ოჩამჩირის, გალის, გულირიფშის, ტყვარჩელის - ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებია აღბეჭდილი. შემდეგ კი  იქვე     აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ კონცერტი გამართა.

დამსწრეთ სიტყვებით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

კონცერტს აფხაზეთიდან დევნილი და ზუგდიდის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

13 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში დაფინანსდა სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტი - „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“. ამ პროექტმა ახლახან საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასა და მოქნილი, ოპერატიული და ეფექტური მცირე პროექტების დაფინანსებას.

პროექტის თანახმად აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი სპორტული დარბაზი მოეწყობა და სკოლის 235 მოსწავლისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შეიქმნება.

კონკურსში გამარჯვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით მოხერხდა, რისთვისაც მათ მინისტრის მადლობა დაიმსახურეს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ დამფუძნებლის გიორგი რატიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ იუბილარს სამინისტროს სიგელი გადასცა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის; საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა გიორგი რატიანს საგანგებოდ მისთვის დაწესებული რეჟისორ ანტონ თავზარაშვილის სახელობის პრემია მიანიჭეს; იუბილარს ხონის ამაგდარის წოდება და ფულადი ჯილდო გადასცეს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
 
მსახიობს იუბილე მიულოცეს და მის შემოქმედებასა და საქმიანობაზე ისაუბრეს მსახიობებმა: ნუგზარ ყურაშვილმა, გიორგი გასვიანმა, თეა დარჩიამ,; ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ და სხვ.
გიორგი რატიანმა მისივე თეატრის აღზრდილ, მსახიობ გიორგი გასვიანთან ერთად წარმოადგინა ფარსმან სპარსის როლის ფრაგმენტი კომსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ ინსცენირებიდან, ასევე წაიკითხა ლექსები.
 
ბოლოს თეატრის „თეთრი ტალღის“ ძველი და ახალი თაობის აღზრდილებმა და აღსაზრდელებმა იუბილარს ყვავილები მიართვეს და გაწეული წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  პეტრ მიკისკას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე და მათი განხორციელების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის - „ექსპოზიცია: აფხაზეთის მოზაიკა“ განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი, სააგენტოს თანამშრომელი სალომე ხმიადაშვილი, ხელოვნების კურატორი ნინი ფალავანდიშვილი, ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის „რიბირაბოს“ თანადამფუძნებლები: ნატალია ამირეჯიბი-დე პიტა, ირინა კოჩაკი და ლუზინ ბარდონი, ასევე სამინისტროს თანამშრომლები.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის მოზაიკის მნიშვნელობასა და საზოგადოებისთვის მისი გაცნობის გზებზე.
 
დასასრულ შეთანხმდნენ, შეიქმნას საგანგებო ჯგუფი, რომელიც ქართული მოზაიკური ხელოვნებისათვის, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა აფხაზეთის მოზაიკა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმუშავებს.

ამას წინათ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები პოეტსა და გალაკტიონ ტაბიძის ბიბლიოგრაფს ვახტანგ ჯავახაძეს შეხვდნენ. პოეტი მოზარდებს  გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულს - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ამჯერად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts-მა უმასპინძლა.

ამავე პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ცენტრში მოწვეულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა ნესტან ბაგაურმა აფხაზეთის უძველესი ხელნაწერები გააცნო.

ახალგაზრდებს ლექცია თემაზე: ,,აფხაზეთი შუა საუკუნეებში - აფხაზთა სამეფო" წაუკითხა ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა.

ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოქმედი სარესტავრაციო ლაბორატორიის საქმიანობას და ქაღალდის აღდგენის ვორქშოპში მიიღეს მონაწილეობა.

დასასრულ ყველა სტუმარს ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

#აღმოაჩინე #აფხაზეთი #სალექციო #კვირეული

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იოანეს მარონიტისი - საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტი, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ( WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
 
სტუმარს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია.
 
იოანეს მარონიტისის საქართველოში ვიზიტის მიზანია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO ოფიცილური წარმომადგენლობის გახსნა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა. ის სწორედ ამ თვალსაზრსით გაეცნო აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებს - გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები ჩაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში ხელოვნების სასახლის დირექტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „აფხაზეთი - ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს რუკებზე“.ლექციის დაწყებამდე გიორგი კალანდიამ მათ ხელოვნების სასახლე და მისი რელიკვიები დაათვალიერებინა.  

სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

ლექციას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.