აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია 60 წელი იდგა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. ის თავის კოლეგებთან ერთად ქმნიდა ამ თეატრის ისტორიას, მის შემოქმედებით ცხოვრებას, მათ შორის ოქროს ხანად წოდებულ პერიოდს.

სერგო პაჭკორიამ დიდი ოსტატობით აღბეჭდილი სახეები შექმნა ისეთ გახმაურებულ სპექტაკლებში, როგორებიცაა უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ (ანტონიო), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (ზვიად სპასალარი), გურამ ბათიაშვილის „1832 წელი“ (ნიკოლოზ ფალავანდიშვილი), ჰ. იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“ (ნიკოლასი), ნ. დუმბაძის „ერთი ცის ქვეშ“ (ხრისტო), დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“ (ბათა) და ა. შ. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში აისახა მსახიობის თანამედროვე  ეპოქა თავისი ჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით. მან, როგორც სოხუმის თეატრის მთელმა დასმა, საკუთარ თავზე იწვნია საქართველოს ძიძველი კუთხის აფხაზეთის თავზე დატეხილი უბედურება და დევნილის უმძიმესი ხვედრი გაიზიარა.

სერგო პაჭკორია არა მარტო გამორჩეული მსახიობი, არამედ გამორჩეული პიროვნება იყო, მისი თითოეული პერსონაჟიც (დადებითი თუ უარყოფითი) გამოკვეთილი პიროვნული თვისებებით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.

„მადლობა ჩემს მაყურებელს გულწრფელი ტაშისთვის, რომელიც ხშირად სიხარულის ცრემლებს მგვრიდა“, - თქვა ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე სერგო პაჭკორიამ, რომლისთვისც მაყურებელს ანალოგიური სათქმელი ჰქონდა: „მადლობა თქვენს მიერ განსახიერებული გულწრფელი როლებისათვის, რომელიც ხშირად ცრემლებს გვგვრიდა“. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ქმნიდა საოცარ კავშირს მსახიობსა და მაყურებელს შორის, რის გამოც ორივე ბედნიერი იყო. და ეს ბედნიერი დღეები და წლები ყოველთვის ემახსოვრება სოხუმელ მაყურებელს. 

თეატრმცოდნე ნათელა არველაძე წერდა: „სერგო პაჭკორიას ნიღბები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბუნება, ისეთივე მრავალგვარია, როგორც ცხოვრება, ისეთივე მბორგავი, სევდიანი, დამაფიქრებულია, როგორც ადამიანი“.

წავიდა ჩვენგან გამორჩეული მსახობი, მბორგავი და ამავე დროს დაფიქრებული პიროვნება, რომელსაც თან გაჰყვა მშობლიურ ქალაქ სოხუმსა თუ მის განუყოფელ თეატრში დაბრუნების სევდა.

წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში აფხაზეთიდან დევნილ ბავშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ბავშებს სიმბოლური საჩუქრები და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ გამოცემული ჟურნალები გადასცა.

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს „გარემოს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა ბავშვებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო-შემეცნებითი ბუკლეტები გადასცეს.

აფხაზეთის №22 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოგვარების მიზნით ბორჯომის მერიაში შეხვედრა შედგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი თემურ ურიდია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი კალანდია სკოლების ინფრასტრუქტურის შესწავლისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით ბორჯომში განთავსებულ აფხაზეთის №22 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექციასთან ერთად განისაზღვრა სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და საჭიროებები, რის შემდეგაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ წარმომადგენელთან ნინო ჯიქურაშვილთან სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სკოლის ინფრასტრუქტურის მოგვარების მიზნით თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრ როლანდ ნიჟარაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტურქტურული ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მიმდინარე წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში, პროექტებსა და პროგრამებში კორონავირუსის პანდემიის გამო შეტანილ ცვლილებებზე. ასევე, განიხილეს სამომავლო სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები.

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა და საჭიროებები შეისწავლა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამჟამად ენგურს გამოღმა 13 სკოლა ექვემდებარება. ამ სკოლების ინფრასტრუქტურის შემოწმებას, ახალი სასწავლო წლისათვის თადარიგის დაჭერის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უკვე შეუდგა. ეს პროცესი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად ქ. ქუთაისში განთავსებული აფხაზეთის №5 საჯარო სკოლიდან დაიწყო. აქ ასევე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, რომელმაც მომდევნო დღეებში, სამინისტროში საგანგებოდ შექნილ ჯგუფთან ერთად, აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა მოინახულა.
ირაკლი გელენავას თქმით, „სკოლებში ვიზიტის მიზანი იყო მათი ინფრასტრუქტურის შესწავლა, შესაბამისი საჭიროებების იდენტიფიცირება. ხოლო ყოველივე ამის გათვალისწინებით, სამინისტროს ბიუჯეტში ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებული შეზღუდული ფინანსების სწორად გადანაწილება. უნდა ითქვას, რომ სკოლის ინფრასტრუქტურას ნამდვილად ეტყობა ჩვენი სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მზრუნველობა, მოწესრიგებულია სანიტარული კვანძები, უმეტესობას აქვს სპორტული დარბაზები, გათბობა, შენობები გადახურულია და შეკეთებული. თუმცა კიდევ არის რიგი პრობლემები, რომელთა ნუსხას მალე შეაჯერებს სამინისტროში საგანგებოდ შექმნილი კომისია და არსებულ თანხებს სკოლებს პრიორიტეტების გათვალისწინებით გადასცემს.“
გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ აფხაზეთის №1 და №6 საჯარო სკოლები ჩაბმული არიან „ახალი სკოლის მოდელში“, რომელიც როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს.
სკოლებში ვიზიტის ფარგლებში, პანდემიის გამო დისტანციური სწავლების აქტუალობიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდა ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლებისა თუ ცალკეული მოსწავლეების კომპიუტერულ და ინტერნეტ უზრუნველყოფაზე. გამოიკვეთა, რომ სკოლების უმეტესობა საჭიროებს კომპიუტერული სისტემის განახლებას;ხოლო მოსწავლეების ერთ ნაწილს გარკვეული პრობლემები აქვთ ინტერნეტზე წვდომასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო გეგმავს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად შედგეს რაიონებისა და ქალაქების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, სადაც აფხაზეთის საჯარო სკოლების დახმარების მიზნით თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და მეცნიერება.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის დარგში - ბოლო ორი წლის  განმავლობაში წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს (არ განიხილება საბავშვო ლიტერატურა). ასევე, პრემია ენიჭება ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს, რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო, აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობე-ბი და წესი:

  • გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;
  • პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;
  • პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრით; ის უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას,  ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას;
  • საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ნაწარმოებს (ნაშრომს), სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, თან უნდა ერთვოდეს სრული ქართული თარგმანი;
  • ლიტერატურული, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით (წიგნად) გამოქვეყნების შემდეგ;
  • ხელოვნების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.);
  • დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო. ასევე, ავტორის წარდგენა განმეორებით შესაძლებელია ახალი ნამუშევრით;
  • ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად;
  • პირს, გარდაცვალების შემდეგ, პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო წარდგენილი, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები (ნაშრომი). 

კონკურსში მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  2. სასურველია წარმოდგენილ იქნეს საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად;
  3. საჭიროების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება ნაწარმოების (ნაშრომის) გამოცემის (შექმნის) ზუსტი თარიღი;
  4. კანდიდატის ბიოგრაფია (CV);
  5. ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის და მეცნიერების დარგში შექმნილი ნაწაროებები 11 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეოჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 11 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ;
  6. კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები

  1. საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2020 წლის 16 ივნისიდან - 01 აგვისტოს ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
  2. კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 5 დეკემბრისა.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

საქართველო- თბილისი 0102, უზნაძის ქ.№68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური, მე-3 სართული,

საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა, ეკატერინ გადილია
ტელ: 599 85 54 41; 595 45 33 45.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თემებზე: „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“ შემოქმედებითი კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აცხადებს ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით „შემოქმედებითი ზაფხული“.

ლიტერატურული კონკურსის თემებია:

  • „მე ევროპელი“;
  • „მომავლის აფხაზეთი“. 

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

  • ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას;
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word პროგრამაში, შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5. თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი და ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
  • ნახატის ზომა უნდა იყოს არანაკლებ 21X29 სმ-ის. 

ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი მონაცემები:

  • სახელი, გვარი, ასაკი;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • საცხოვრებელი მისამართი;
  • სკოლა ან უნივერსიტეტი.

ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: culture@csya.ge

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 15 სექტემბერს. 

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრი”, ჟურნალ „რიწის“ რედაქცია, ჟურნალ „იალქნის“ რედაქცია, ბრენდი „ANOUKI“.

გამარჯვებული ნაშრომი (პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ იალქნის სექტემბრის ნომერში, ხოლო ესეების კონკურსში სამ გამარჯვებულ ახალგაზრდას გადაეცემა ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები. 

რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს გამოავლენს ცნობილი ქართული ბრენდი „ANOUKI“ და გამოიყენებს მას კოლექციაში.

შიდა აუდიტის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო ვიდეოკონფერენციაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ
2 ივნისს, PEMPAL-ის შიდა აუდიტის საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ვიდეოკონფერენცია ,,საჯარო სექტორში შიდა აუდიტის შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI)". ვიდეოკონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
 
ვიდეოკონფერენციის ფარგლებში, ორგანიზატორებმა თითოეულ მონაწილეს სასწავლო მასალები გააცნეს და ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს შემდეგი ძირითადი თემები: შიდა აუდიტის შესრულების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ელემენტები; მონაცემთა დიაპაზონი, ძირითადი განსხვავებები ეკონომიკის ინდიკატორებს შორის, მონაცემთა სანდოობა და ა.შ.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
 
1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც აღნიშნავენ.
 
დღესასწაულის დაარსების იდეა პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს გახმიანდა. მისი დაწესების საკითხი კი გააქტიურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა პრობლემებზე, კაცობრიობის მომავალზე ზრუნვა, მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალად იქცა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის ზრუნვა მათი უპირველესი ამოცანა იქნებოდა.
 
პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ეს დღესასწაული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.
 
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, ის მწვანე ფერისაა, რაც ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყველა ბავშვს ულოცავს ამ დღეს და ბედნიერ ბავშობას უსურვებს!
აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ვიდეოკონფერენცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

პედაგოგებს დისტანციური სწავლების საკითხებში აქტიურობისა და ყველა შესაბამისი შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ. მან აღნიშნა, რომ დროის გამოწვევას ასევე ღირსეულად გაუმკლავდნენ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების პედაგოგები, რომელთაც ისედაც რთულ ვითარებაში - ქართულად სწავლა/სწავლების უკიდურესად შეზღუდვის პირობეში უწევთ საქმიანობა. თუმცა, როგორც როლანდ ნიჟარაძენ დასძინა, მავთულხლართები დიდხანს ვერ გაძლებს და ის მალე ბერლინის კედელივით დაინგრევა.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №6, №7, №11, №14, №15, №21 საჯარო სკოლების პედაგოგები, რომლებმაც ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. ამასთანავე, ილაპარაკეს შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში გამოკვეთილ პრობლემებზე, მათ შორის იმაზე, რომ სკოლებში, რომელთაც ექიმის ვაკანსია არა აქვთ, ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა დადგა, რაზეც მათ თანდგომა აღუთქვეს.

ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა.

აფხაზეთის ტიტულოვან სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ვიდეოკონფერენცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ტიტულოვან სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებასა და ამ ვითარებიდან გამოსვლის საკითხებზე ვიდეოკონფერენცია გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ პანდემიის გამო როგორც ყველა, ისე სპორტის სფეროში შექმნილ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ „აფხაზეთი ყოველთვის იყო სახელოვანი სპორტსმენების, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების სამჭედლო. ეს ტრადიცია კი არც აფხაზეთის ომის შემდეგ დარღვეულა და აფხაზეთის მკვიდრნი, აწ უკვე იქიდან იძულებით გადაადგებული პირები, ისევ ღირსეულ ადგილებს იკავებენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ“.

ვიდეოკონფერენციაშიც მონაწილეობდნენ: ირაკლი ცხოვრებაშვილი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში; გიორგი კეპულაძე, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი; დათო ზარქუა, აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიტენტი; ლიკა ქაჯაია, კალათბურთის გუნდ „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი; ნათია ფრუიძე, მსოფლიო ჩემპიონი კარატეში; დავით თაქთაქიშვილი, სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი და გოგიტა არქანია, მსოფლიო ჩემპიონი კარატეში.

თითოეულმა მათგანმა განაცხადა, რომ აქტიური სპორტული საქმიანობისთვის მზად არიან. თუმცა, იქვე დასძინეს, რომ არც ტიტულოვან და არც მოზარდ სპორტსმენებს, შესაძლებლობისამებრ, ინდივიდუალური ვარჯიში არ შეუწყვეტიათ და ჩვეულ ფორმას ინარჩუნებენ. ფეხბურთის გუნდი დინამო „სოხუმი“ და კალათბურთის გუნდი „სოხუმი“ სტადიონების კარების გაღებას, აქტიური ვარჯიშის დაწყებასა და ჩემპიონატების განახლებას ელოდებიან. ამასთანავე დინამო „სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ აქვთ სავარჯიშო ბაზის პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ. მისივე თქმით, გარკვეული სიძნელეების დაძლევის შემდეგ მალე მწყობრში ჩადგება ანატოლი (გიგა) ნორაკიძის სახელობის დინამო „სოხუმის“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა ხაზი გაუსვა სამინისტროსა და აფხაზეთის სპორტსმენებსა და სპორტულ გუნდებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობისა და თანამშრომლობის კარგ ტრადიციას, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

ვიდეოკონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე.

გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ძვირფასო მეგობრებო!

გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს!

ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირულმა საუკუნოვანმა ბრძოლამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო და ასრულდა ყველა ქართველის ოცნება - საქართველო დამოუკიდებელი გახდა!

ამ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 1918 წლის 26 მაისს მიღებულმა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტმა დაუდო საფუძველი, რასაც მოჰყვა უმთავრესი რამ - საკუთარი ტერიტორიების შემომტკიცება და საერთაშორისო აღიარების მოპოვება. უნდა ითქვას, რომ მაშინ ამ დოკუმენტს ხელს აწერდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს ხუთი წევრი: არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, ვარლამ შარვაშიძე, ვასილ ღურჯუა, ი. ფაშალიდი, ბ. ზახაროვი.

ამიტომაც, მინდა, ეს დღესასწაული - ჩვენ, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, კვლავაც გვაერთიანებდეს და საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაც ყველას გვეკუთვნოდეს!

გილოცავთ, მეგობრებო, და ვისურვებ, რომ ამ დღესასწაულს სულ მალე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განცდაც დაბრუნებოდეს!

23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე 2014 წელს აფხაზეთის დღედ დადგინდა.
2014 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად, აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივებისა და დევნილი საზოგადოების მონაწილეობით, .გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნებოდა. წლეულს კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეცვლილი ფორმატით აღინიშნა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე, ოთხი დღის განმავლობაში, სპეციალურად აფხაზეთის დღისთვის შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე

გზავნილები აფხაზეთიდან

აფხაზეთის დღეს ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებიც გამოეხმაურნენ. გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნონა შონიას თქმით, არჩევანი თემაზე - „გაზაფხული აფხაზეთში“ შეჩერდა.

გაზაფხული იწურება და ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია აყვავებული აფხაზეთი. სწორედ ეს განუმეორებლობა გადმოსცეს მოსწავლეებმა მათ მიერ გადაღებული ფოტოებით, ჩანახატებითა თუ ჩანაწერებით და აფხაზეთის დღეს კიდევ უფრო მოგვანატრეს აფხაზეთი.

აფხაზეთის დღე - აფხაზეთის საჯარო სკოლებში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის საჯარო სკოლებმა, 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, დისტანციურ ფორმატში, აფხაზეთის დღე აღნიშნეს.

როგორც სხვა სკოლებში, ასევე აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში ზოგადი თემა ისევ და ისევ აფხაზეთი იყო, სათაურებად კი - „ყველას გვაქვს ჩვენი აფხაზეთი!“ და „ჩვენ დავბრუნდებით!“ - შეირჩა.

აფხაზეთის დღის აღნიშვნაში აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შინაარსიანი და საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. მრავალფეროვანი იყო გამოხატვის ფორმაც: მოსწავლეებმა პრეზენტაციის, ჩანახატის, ფოტოს, ინტერვიუს საშუალებით ერთმანეთს და პედაგოგებს თავიანთ წარმოსახვაში არსებული აფხაზეთი გააცნეს.