აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
23 მაისს - სვიმონ კანანელის ხსენების დღეს - აფხაზეთის დღეც აღინიშნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, 2014 წელს აფხაზეთის დღედ დააწესა.

წმინდა მოციქული სვიმონ კანანელი ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ის ანდრია პრველწოდებულთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში, მათ შორის აფხაზეთში, ღვთის სიტყვას ქადაგებდა. სვიმონ კანანელი აქ წარმართებმა წამებით მოკლეს. წმინდანი აფხაზეთში, ანაკოფიაში, ათონის მთაზე დაკრძალეს. შემდგომში მის საფლავზე მონასტერი აშენდა.

ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ბრძანებდა: „...დღეს, როდესაც წმიდა სვიმონის მიერ კურთხეული აფხაზეთი ყოველი ქართველის ღია ჭრილობად იქცა, შევევედროთ დიდ წმინდანს, შეგვეწიოს, შევთხოვოთ მის სახიერებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი „ამაღლება“. სვიმონ კანანელის ხსენების დღეს „აფხაზეთობის“ აღნიშვნა ამ ჭშმარიტებას დაეფუძნა.

ამასთანავე მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აფხაზეთის დღის დაწესებით გულისხმობდა, "თითოეული ქართველის ცნობიერებაში განმტკიცდეს აზრი, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომ ძირძველი ქართველებით დასახლებული ეს წალკოტი დროებით არის ოკუპირებული და მას აუცილებლად დავიბრუნებთ".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად აფხაზეთის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. წლეულს კი, პანდემიის გამო, ეს დღე განსხვავებული ფორმატით აღინიშნება: სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინება; თბლისში, ბათუმსა და ზუგდიდში ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე განთავებულ მონიტორებზე ოთხი დღის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით გადაღებული ვიდეორგოლი ჩვენება მოეწყობა.

როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ ახალგაზრდებს მათი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - სკოლის დამთავრება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა მომავალ გზაზე, რომელიც ახალ ურთიერთობებს, გამოცდილებებს და გამოწვევებს უკავშირდება.
 
ვიდეოკონფერენციაში აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №6, №7, №10, №11, №12, №14, №15, №21 საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები - გიორგი ჯახია, ნინო ჯომიდავა, ანა შელია, მარი ბოჭორიშვილი, მარიამ გიგიაძე, გიგი გოგია, საბიანა კაჭარავა, ლუკა არონია, რომეო მალაზონია, ნინო თაკალანძე, ლედი პარკაია და ქრისტინა ხურცილავა მონაწილეობდნენ.
 
როლანდ ნიჟარაძემ საუბრის დასაწყისშივე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩვეულებრივი საზეიმო ცერემონიალები - ბოლო ზარი, ბანკეტი და ა. შ. წლეულს მსოფლიო მასშტაბის გამოწვევამ - პანდემიამ რადიკალურად შეცვალა. მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ, მართალია, ბევრი რამ გაართულა და გააფერმკრთალა, მაგრამ ბევრ რამესაც სხვა დატვირთვა შესძინა. მათ შორის ახალგაზრდებს საკუთარ თავში განსაცდელსა და სგანგებო ვითარებაში ცხოვრებისა და საქმიანობის შესაძლებლობები მოაძიებინა. დისტანციური სწავლება - ეს იყო ერთ-ერთი ახალი გამოწვევა, რომელსაც როგორც მოსწავლეებმა, ისე პედაგოგებმა კარგად გაართვეს თავი, რისთვისაც მინისტრმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.
 
გარდა ამისა, როლანდ ნიჟარაძემ კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ, ახსოვდეთ აფხაზეთი და ყველაფერი გააკეთონ აფხაზ თანატოლებთან დასაახლოებლად და მათთან საერთო ენის გამოსანახავად. ახალგაზრდებმა მადლობა გადაიხადეს კეთილი სურვილებისა და მთელი 12 წლისათვის.
 
ვიდეოკონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2020 წლის "წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" II ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

განმცხადებელს ელექტრონული სახით მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).

გაითვალისწინეთ: განცხადებაში აუცილებელია პირის საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტა), განმცხადებლის ხელმოწერისა და თარიღის აღნიშვნა.

თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:

1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );

2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90%-დან 99- მდე).

3. 2250 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99%-დან 100%).

4. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში;

სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

მეორე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 01 მაისს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
განცხადებების მიღება ხდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge.

თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერტიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20; 577 09 22 39

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის დისტანციური სწავლების საკითხებზე ვიდეოკონფერენცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, Covid-19 ვირუსის გავრცელების გამო მიმდინარე დისტანციური სწავლების საკითხებზე, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ვიდეოკონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და შექმნილ საგანგებო ვითარებაში სკოლების სრულფასოვანი საქმიანობის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, რომელმაც აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში აფხაზეთის ცამეტივე -№1, №2, №3, №5, №6, №7, №10, №11, №12, №14, №15, №21, №22 - საჯარო სკოლაა ჩაბმული და სკოლების დირექტორებს შესთავაზა, ესაუბრათ მუშაობის პროცესში გამოკვეთილ პრობლემებზე. აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს ასევე მიმართა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ირმა კეკელიძემ.
 
აფხაზეთის ზემოთ ხსენებული საჯარო სკოლების დირექტორებმა: მზევინარ გელანტიამ, ლუიზა შონიამ, სვეტლანა რურუამ, ნუგზარ ჯომიდავამ, ნანა ჯალაღონიამ, ელისო სიჭინავამ, ოთარ აძიმბაიამ, ნატო ბენდელიანმა, ნონა წოწორიამ, ზაზა კოკაიამ, ნინო კიკნაველიძემ, ნატო ბენდელიანმა და მერაბ ჯინჯოლიამ თავიდანვე აღნიშნეს, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა (უფროსი ნინო ლობჟანიძე) დროულად მიაწოდა მათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული პირველადი რეკომენდაციები და დროის გამოწვევას - დისტანციური სწავლების პროცესს მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შეხვდნენ.
 
ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას ითქვა, რომ ბევრმა სკოლამ სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით, თავიდანვე დაიჭირა თადარიგი და კლასების დამრიგებლებისა და მშობლების დახმარებით შეისწავლეს თითოეული მოსწავლის კომპიუტერული უზრუნველყოფისა და ინტერნეტში წვდომის შესაძლებლობები. შემდეგ კი მოპოვებული ინფორმაციების გათვალისწინებით შედგა მუშაობის ფორმაც და გრაფიკიც. შესაბამისად განისაზღვრა ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების - Teams Microsoft-ის, Skype-ის, zoom-ის, მესენჯერის გამოყენების პირობები და მასშტაბები. კლასების მიხედვით შეიქმნა დახურული ონლაინჯგუფები, მათთვის, ვისაც კომპიუტერი და ინტერნეტზე წვდომა არა აქვთ, სატელეფონო და კომუნიკაციის სხვა საშუალებით კონცულტაციები დაინიშნა.
 
ხაზგასმით აღინიშნა, რომ დისტანციური სწავლება განსაკუთრებით გაუიოლდათ აფხაზეთის №1 და №6 საჯარო სკოლებს, რომლებიც ჩართული არიან ვებინარების (ინტერაქტიული პრეზენტაცია ინტერნეტში) ფორმით მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელში“, რომელთაც თანდათან მიებმება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა. ინფორმაციისთვის, „ახალი სკოლის მოდელის“ წყალობით, ყველა პედაგოგს ექნება საშუალება მიიღოს რესურსები და რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სწავლა-სწავლება დისტანციურ რეჟიმში სხვადასხვა საგანში.
 
როგორც ვიდეოკონფერენციაზე გაირკვა, დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში ჩაბმულია აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა, მხოლლოდ თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, რომლებთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ შენარჩუნებული.
 
დირექტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი დისტანციური სწავლების პროცესში მნიშვნელოვნად იყენებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტს - „ტელესკოლა“ და თავიანთი გაკვეთილების გრაფიკს მისი გათვალისწინებით ადგენენ.
 
საბოლოოდ, დასკვის სახით შეიძლება ითქვა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლები მზად არიან შემდგომი რეკომენდაციების შესასრულებლად.
აფხაზეთის საჯარო სკოლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თავის საქმიანობას, დისტანციური მუშაობის რეჟიმში, მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით აგრძელებს. სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა აფხაზეთის საჯარო სკოლებში, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლანდ ნიჟარაძის განცხადებით: „დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ აფხაზეთის საჯარო სკოლები, რომელთაც გადაეგზავნათ დისტანციური სწავლა-სწავლების პირველადი რეკომენდაციები. სკოლებში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები: კლასების მიხედვით შეიქმნა დახურული ონლაინ ჯგუფები, მესენჯერ-ჩათები, გათვალისწინებულ იქნა ყველა მოსწავლის შესაძლებლობები, დაინიშნა სატელეფონო კონცულტაციები. სკოლებს მიეწოდათ გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები. (გამომცემლობებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომა შესთავაზეს).

გარდა ამისა, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები აქტიური მსმენელები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტისა „ტელესკოლა“. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ ნახონ კვალიფიციური პედაგოგების მიერ ჩატარებული საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში“.

ამასთანავე აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები.

აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდების საყურადღებოდ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2020 წლის I ეტაპზე, მარტში დაფინანსდა 44 აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა. ხოლო ის 33 წარმატებული სტუდენტი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ პროგრამის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ პროგრამის პირველი კვარტლის ბიუჯეტის ამოწურვის გამო, ვერ დაფინანსდნენ, სამინისტრომ აპრილში დააფინანსა.

წლეულს, ამ ეტაპისთვის სულ დაფინანსებულია 77 წარმატებული ახალგაზრდა აფხაზეთიდან. დაფინანსების მომდევნო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტრო საკუთარ ვებ და ფეისბუკგვერდებზე გაავრცელებს განცხადებას.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20; 577 09 22 39.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2008 წლიდან ახორციელებს ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

აკადემიკოს ილია ვეკუას გზა შეშელეთიდან მთაწმინდამდე

1907 წლის 23 აპრილს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ილია ვეკუა აფხაზეთში, სამურზაყანოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შეშელეთში დაიბადა. რთული და წინააღმდეგობრივი, ამავე დროს ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა დიდი მეცნიერის მიერ შეშელეთიდან მთაწმინდამდე განვლილი გზა...

ილია ვეკუა თავის დროზე მსოფლიოში აღიარებული ქართული მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. მან დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკისა და მექანიკის მეცნიერებათა განვითარებაში, შეძლო პერსპექტიული მიმართულებების აღმოჩენა და ახალი სამეცნიერო სკოლის შექმნა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოჩენილმა მეცნიერმა დაწერა „მიმართვა ახალგაზრდობისადმი“, სადაც ნათქვამია, რომ წარმატების უზრუნველსაყოფად მთავარია „სამი რამ - ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული“.

მოგვიანებით, სწორედ ეს შეგონება დაედო საფუძვლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, დაწესებულ ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

ამ დღეს განსაკუთრებული სიამაყით ხვდებიან ასევე აფხაზეთის ილია ვეკუას სახელობის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ხანდაზმულებს სააღდგომო ნობათი გადასცა

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების ფარგლებში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი გელენავამ და ირმა კეკელიძემ თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულეს და მათ სურსათი და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ პროგრამის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის შექმნილი სასურსათო პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს, სადაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროც აქტიურად მონაწილეობს

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შექმნილ სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და სხვა თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ. ხსენებული სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

14 აპრილი - დედა ენის დღეა

საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1977 წელს შემუშავებული საქართველოს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდა და საქართველოს სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქცია საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა, რასაც წინ აღუდგა ქართველი ერი და ძირითადად ახალგაზრდობა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კვლავ ქართული ენა გამოცხადდა.

ეს ქართველი ერის გამარჯვება იყო!

გილოცავთ!

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

„იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“

ეს პოეტ გენო კალანდიას საფლავის ეპიტაფიაა, რომელიც მასვე ეკუთვნის: „...იყავ ერთგული ჩემთა უფალთა, და ამოკვეთე საფლავის ქვაზე: იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“ ასე მოკრძალებულად და ამავე დროს მრავლისმთქმელად შეაფასა პოეტმა მის მიერ განვლილი გზა.

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ღირსების ორდენის კავალერი... ამ და კიდევ უამრავ სხვა ტიტულსა და წოდებას შორის კი იდგა ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.
გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან...

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში. იგი 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მათ შორისაა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ორტომეული" და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებადაა გამოცემული რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. აფხაზეთში „ომი რომ დაიწყო, ბევრი ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და აფხაზებს შორის? ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მემკვიდრე, დიდი აფხაზი, ბრწყინვალე პოეტი, პუბლიცისტი და უფრო უკეთესი დრამატურგი“,- აღნიშნა მოგვიანებით გენო კალანდიამ, რომელიც აფხაზი ინტელიგენციის, აფხაზი მწერლების მეგობრად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ის ამბობდა, რომ მართალია, მათთან ურთიერთობას ისე აქტიურად ვერ აგრძელებდა, თუმცა მოკითხვებს საერთო ნაცნობების საშუალებით ერთმანეთს მაინც უთვლიდნენ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა გენო კალანდიას ორტომეული „საგალობლები უფლისათვის“, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, „სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს“ წარმოადგენს მის შემოქმედებაში. „საგალობლებს უფლისათვის“ გენო კალანდიას მეორედ დაბადებას უწოდებენ ხშირად. ეს იყო დიდი სულიერი გარდატეხის დასტური პოეტის ცხოვრების მიმწუხრის ჟამს, მან თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყოველდღე აღსარებას აბარებდა უფალს.

უფრო მეტიც, „საგალობლები უფლისათვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც მან არაერთი წინასწარმეტყველური სტრიქონით გამოხატა, მათ შორის: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.

და ეს მიწა აუცილებლად მსუბუქი იქნებოდა მისთვის...

განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის შექმნილი სასურსათო პროგრამის განხორციელებაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროც აქტიურად მონაწილეობს

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით შექმნილ სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა და სხვა თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ. ხსენებული სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო საბჭო განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სასურსათო დახმარების პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები უკვე დაურიგდათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს; გლდანში, კარანტინში მყოფ დევნილებს; გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის რაიონებში და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს. ამ დღეებში პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს სხვა რაიონებშიც გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობენ სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

სურსათი და სააღდგომო ნობათი მცხეთაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს გადაეცათ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი ჩაუტანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სურსათის დარიგების აქციის უზრუნველყოფაში  აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანია ყოველდღიურად გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ მიერ არიან დატრენინგებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში ყოველდღიურად აქტიურად მონაწილეობენ.

მოხალისეთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე. მან სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.

აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობს.

სასურსათო პროდუქტი წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა 70 წელს გადაცილებულმა აფხაზეთიდან დევნილებმაც მიიღეს

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სურსათი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის ჩაიტანა. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი და სააღდგომო ნობათი ამჯერად წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილ 270 ადამიანს გადაეცა. იმერეთის რეგიონში დახმარებას სულ 1456 ბენეფიციარი მიიღებს.