სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

შემაჯამებელ მოხსენებაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უწყების მიერ დევნილთა მხარდასაჭერად, ცენტრალურ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა, ასევე სამინისტროს ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა, მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობისა და დევნილთა მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,  დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-01-29
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ეროვნული არქივის პავილიონში გამართულ გამოფენას დაესწრო
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო.
 
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის ექსპედიციებში გადაღებული ფოტოები, რომლებიც საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება. ასევე ეროვნულ არქივში დაცული ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ხელნაწერები და ფოტომასალა.
2026-01-27
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია გაიმართა

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2026 წლის განახლებული პროგრამები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ჩაფიძის გულის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის პირველი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.

სამედიცინო აქციის ფარგლებში ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო აქციის მიმდინარეობას გაეცნო და დევნილ ბენეფიციარებსა და კლინიკის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

„მოხარულები ვართ, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები უკვე ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, დღეს, ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენ დევნილ ბენეფიციარებზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

2026-01-24
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილები ერთიანი ელექტრონული პორტალით ისარგებლებენ

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალი portal.abkhazia.gov.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ზუგდიდში გაიმართა.

ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას.

პორტალი აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს, რომლის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დისტანციურად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამებსა და სერვისზე.

პრეზენტაციაზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა გამოვიდნენ, რომლებმაც პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2026-01-23
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აგრძელებს აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრებს.

მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ზუგდიდში, აფხაზეთის №1 და ილია ვეკუას სახელობის №11 საჯარო სკოლებში გამართა, სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად იმყოფებოდა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პერსპექტივები და პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის საჯარო სკოლების პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს რეგიონებში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების საჭიროებების ადგილზე გაცნობასა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის მონიტორინგს.

2026-01-23
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მარტვილში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.

მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო დევნილი ოჯახების სოციალურ პირობებს, ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი ჯინჭარაძე, ოჯახებს, შესაბამის მხარდაჭერასა და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მათი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი ჯინჭარაძე ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც შეხვდება.

2026-01-22