სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

2026-07-02
მთავრობის აპარატი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი დასრულდა

2026 წლის 30 ივნისს-1 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

2026-07-02
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ბენეფიციარებს შეხვდა.

შეხვედრაზე დევნილი ვეტერანების ხელშეწყობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ვეტერანების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არსებული რესურსების მაქსიმალური მობილიზებით, ღირსეული პირობები შეექმნათ მათ.

ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები იმყოფებოდნენ.

პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, დევნილ ბენეფიციარებს ფიზიკური რეაბილიტაციის კურსები და პროფესიული კონსულტაციები უტარდებათ.

2026-06-20
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს „მუსიკა და პოეზია“ დაესწრო.

შემოქმედებითი საღამო ზვიად ბოლქვაძისა და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მუსიკალური შესრულებითა და მსახიობ მურმან ჯინორიას მხატვრული კითხვის სინთეზით წარიმართა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და გამომსახველობითი ფორმის შერწყმით გაცოცხლებული ქართული პოეზიისა და მუსიკის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება „სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით გაიმართა.

2026-06-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის, რომლებიც თურქეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად უკვე განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

2026-06-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

„ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან ამ ახალგაზრდა მოსწავლეებმა, რომელთა დიდ ნაწილს შესაძლოა თვალითაც არ უნახავს აფხაზეთი, ასეთი სიღრმით გადმოსცეს თავისი აზრი და ემოცია.

ეს ახალი თაობა გვაძლევს იმედსა და ძალას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი საერთო მომავლისთვის, რადგან სწორედ ამგვარი ინიციატივები აძლიერებს ქართველებსა და აფხაზებს შორის კავშირებს. ამ გზაზე კი უმნიშვნელოვანესია, რომ მეტად ისმოდეს აფხაზეთის ხმა ჩვენ საზოგადოებაში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი წარდგნენ.

კონკურსი აფხაზეთის ისტორიული წარსულის, კულტურის, ტრადიციების და ეთნოგრაფიის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და მასში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და აფხაზეთის შესახებ 1270 ნაშრომი შეიქმნა.

გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2026-06-16