სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ბენეფიციარებს შეხვდა.

შეხვედრაზე დევნილი ვეტერანების ხელშეწყობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ვეტერანების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არსებული რესურსების მაქსიმალური მობილიზებით, ღირსეული პირობები შეექმნათ მათ.

ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები იმყოფებოდნენ.

პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, დევნილ ბენეფიციარებს ფიზიკური რეაბილიტაციის კურსები და პროფესიული კონსულტაციები უტარდებათ.

2026-06-20
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს „მუსიკა და პოეზია“ დაესწრო.

შემოქმედებითი საღამო ზვიად ბოლქვაძისა და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მუსიკალური შესრულებითა და მსახიობ მურმან ჯინორიას მხატვრული კითხვის სინთეზით წარიმართა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრისა და გამომსახველობითი ფორმის შერწყმით გაცოცხლებული ქართული პოეზიისა და მუსიკის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება „სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით გაიმართა.

2026-06-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ პროექტებისთვის, რომლებიც თურქეთის საელჩოს მიერ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად უკვე განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

2026-06-17
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

„ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან ამ ახალგაზრდა მოსწავლეებმა, რომელთა დიდ ნაწილს შესაძლოა თვალითაც არ უნახავს აფხაზეთი, ასეთი სიღრმით გადმოსცეს თავისი აზრი და ემოცია.

ეს ახალი თაობა გვაძლევს იმედსა და ძალას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი საერთო მომავლისთვის, რადგან სწორედ ამგვარი ინიციატივები აძლიერებს ქართველებსა და აფხაზებს შორის კავშირებს. ამ გზაზე კი უმნიშვნელოვანესია, რომ მეტად ისმოდეს აფხაზეთის ხმა ჩვენ საზოგადოებაში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი წარდგნენ.

კონკურსი აფხაზეთის ისტორიული წარსულის, კულტურის, ტრადიციების და ეთნოგრაფიის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და მასში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და აფხაზეთის შესახებ 1270 ნაშრომი შეიქმნა.

გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2026-06-16
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ყვარელში ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ბუხრაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბანაკის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

ოთხი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში. მიმდინარე ნაკადის თემატური მიმართულებები იყო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება, ფილოსოფია და პოლიტიკური იდეოლოგიები.

ახალგაზრდული ბანაკი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებითა და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის მიზანს არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების წახალისება წარმოადგენდა.

2026-06-12
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა ჩასახლებებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

ქალაქ ჯვარში, სარალიძის ქუჩა N1-ში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.

დღესვე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად, ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და გაგრისა და აფხაზეთის ქუჩებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.

აღნიშნულ მისამართებზე 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი სახურავის მოწყობა განხორციელდა, ასევე, დამონტაჟდა 18 ერთეული ლითონის კარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

2026-06-10