სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ყაზახეთის ქალაქ თალდიყორღანში მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BIKEN FEST“-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 16 სექტემბერს მაყურებელს სპექტაკლს „რომეო და ჯულიეტა“ წარუდგენს.
საფესტივალო სამზადისის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარე დასის წევრებს შეხვდა, საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება უსურვა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნო და სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე საჭიროებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაღებად არის საჭირო.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან განათლებასა და განვითარებას.
„აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ ჩვენი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს გაუმჯობესებულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეხვდნენ. ეს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ მოსწავლეების მოტივაციასაც ზრდის. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლას ახალი საკლასო ოთახები დაემატება და მოსწავლეები უფრო კომფორტულ გარემოში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისა და იმ პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსწავლეებს განათლების მისაღებად საუკეთესო პირობები ჰქონდეთ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტურქტურის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რათა ახალ სასწავლო წელს სკოლები სრულად მომზადებულები შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამინისტროებისა და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.
სხდომაზე ასევე შიდა სტრუქტურული გაძლიერების და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც დევნილთა საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პირადად მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, დევნილთა საცხოვრებელი პირობებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
"ვაგრძელებთ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ჩვენს მოქალაქეებთან. დევნილთა საცხოვრებელი პირობების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თითოეულ ოჯახზე.
ამ პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რაც საშუალებას მოგვცემს დევნილებს შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ახალგაზრდებს კი მივცეთ განვითარების და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული საჭიროებების გაცნობისა და იდენტიფიცირების მიზნით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.