იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილედ მარინე გითოლენდია დაინიშნა

მარინე გითოლენდიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება აქვს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მარინე გითოლენდია იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში. სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან პოზიციებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროში.

მარინე გითოლენდია პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, 2001 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებულ ძირითად გამოწვევებსა და განხორციელებულ სამუშაოებზე იმსჯელეს.

ლევან ჩაკვეტაძემ “ბერი ანდრიას ფონდის” ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად “ბერი ანდრიას ფონდში” იმყოფებოდა და ონკოლოგიით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
 
აღსანიშნავია, რომ “ბერი ანდრიას სახელობის ფონდი” უანგაროდ ეხმარება ონკოლოგიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციას და ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ 460-მდე ბავშვს ტკბილეულობა და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის (IHRC) მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საჩუქარი მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილ 1 000-მდე ბავშვს დაურიგდება.

რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.

ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“ გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკში განთავსებას.

მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტრენინგები, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ  და არადევნილ, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს 12 წლიდან 14 წლის ჩათვლით.

35 ახალგაზრდა შეირჩევა კონკურსის წესით.

პროექტი განხორციელდება ბაკურიანში 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე.

https://forms.gle/cDPLtghoedJZGxk9A

გისურვებთ წარმატებებს!

რუსლან აბაშიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მიმართეს. ასევე, ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე თემატური შეხვედრები გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმი ესწრებოდნენ.

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

რუსლან აბაშიძე გიორგი აფხაზის ვირტუალურ გამოფენას დაესწრო

ხელოვნების სასახლეში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გიორგი აფხაზის ვირტუალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებული ანიმაციური ვიდეო ქართული გახმოვანებით, ასევე გამოტანილი იყო რომის ოპერის არქივში დაცული ნამუშევრების ფოტოასლები.

გამოფენა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა, რომელმაც იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატის, გიორგი აფხაზის შესახებ ისაუბრა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ეროვნულ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი 29 მხატვრის 57 ფერწერული ნამუშევარი.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.

რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო კონფერენციაში „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“ მიიღო მონაწილეობა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“ გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ, საკუთრების, მშობლიურ (ქართულ) ენაზე განათლების მიღების უფლებებზე. ასევე, კონფერენციის თემები იყო უკანონო დაკავებები და გადაადგილების თავისუფლება, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ადამიანის უფლებების დარღვევის ტენდენციები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

კონფერენცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ შესაბამისი ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდის, მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურების, ადამიანის უფლებათა დაცვის და ნდობის აღდგენის პროცესში დევნილ ქალთა როლის გაძლიერებისა და ინტეგრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გაიმართა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევა მიმდინარეობს

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი 4 წევრის შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.

კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.

კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42) ან/და მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge (mailto: info@abkhazia.gov.ge) აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა. სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით დაიდგა და მასში ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ.

სპექტაკლის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

მთაწმინდის პარკში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა

დღეს, 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ციფრული მუზეუმის სივრცეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმერსიული პროექციის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტოები.

პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, სადაც გამოტანილი იყო საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის, გიგა ლორთქიფანიძის, ნოდარ დუმბაძის, მერაბ კოსტავას, ილია ვეკუას, რეზო თაბუკაშვილის, მედეა ჯაფარიძის აფხაზეთში გადაღებული დღემდე უცნობი და უნიკალური კადრები საოჯახო ფოტოალბომებიდან.

ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი კალიგრაფის ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  საარქივო და ფოტო მასალა „აფხაზეთი - ხელნაწერ მემკვიდრეობაში“. პარკის ღია სივრცეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

დღის ბოლოს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.

23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა. 2014 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, „აფხაზეთობას“ ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.