აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად

 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და მეცნიერება. 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, პუბლიცისტური და სხვა ღირებულებების გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.
            გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:
            ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში; 

ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილიქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;

გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;

დ) კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსებს შორის შექმნილი ნამუშევრით (30.06.2017_04. 06. 2019 წ.წ.) და ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას,  ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.

ე) საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე, ასევე ნებისმიერ უცხო ენაზე სრული ქართული თარგმანის თანხლებით;

ვ) ლიტერატურული, ხელოვნების, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ; 

ზ) ხელოვნების სხვადასხვა დარგებში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულიად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.);

თ) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო, ასევე ავტორის წარდგენა განმეორებით შესაძლებელია ახალი ნამუშევრით; 

ი) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად;

კ) პირს, გარდაცვალების შემდეგ, პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო წარდგენილი, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები (ნაშრომი). 
            კონკურსზე მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

  2.  სასურველია წარმოდგენილიქნეს საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.

  3. საჭიროების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება ნაწარმოების (ნაშრომის) გამოცემის (შექმნის) ზუსტი თარიღი (თვე და წელი).
  4.  კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
  5.  ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის და მეცნიერების დარგში შექმნილი ნაწაროებები 11 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 11 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
  6.  კანდიდატის ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული 
მასალების მიღების ვადები

  1. საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2019 წლის 04 ივნისიდან - 01 აგვისტოს ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

  2. კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2019 წლის 29 ნოემბერს.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

საქართველო- თბილისი 0102, უზნაძის . №68, 
აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის სამინისტრო,
ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური, მე-3 სართული,
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა, ეკატერინა გადილია
ტელ: 599 85 54 41; 599 45 33 45.

 

დევნილი მოზარდები - „ჯინო ფერედაისში“

2 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი 45-მდე მოზარდი აკვაპარკ „ჯინო ფერედაისს“ ეწვია.

მოზარდებმა მხიარული და დაუვიწყარი დღე გაატარეს. საქართველოს ცნობილმა მოცურავეებმა მათ ცურვაში მასტერკლასი ჩაუტარეს, ხოლო გართობის შემდეგ კი მოზარდები ლანჩზე მიიწვიეს.
 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე - „ოკუპირებული ტერიტორიების ბავშვთა უფლებები“ გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია და განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების პირობები და დევნილ ბავშვთა უფლებები.

შეხვედრას საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/ რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო წლეულს პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა

2019 წლის 30 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 30 მაისიდან 2 ივნისამდე გასტანს.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ჰიუგო ზეტცერი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე ბორგინო - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ვილმარ დიპგრონდი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე.
2019 წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ (მე-3, მე-5, მე-6 და მე-11) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, ხოლო მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულადაა წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები – ფესტივალს წლეულს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პირველადაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილია სამინისტროსა და აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები, ალბომები და ჟურნალები.
ფესტივალის მთავარ სცენაზე ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად გაიმართება უამრავი ღონისძიება.
დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.facebook.com/events/308531403409902/
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯია.

რუსლან აბაშიძე კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებს და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

„დღეს ჩვენ კახეთის რეგიონში ვიმყოფებოდით და მოვინახულეთ დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ჩვენ მოვისმინეთ ყველა ის პრობლემა რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აწუხებს და ვეცდებით მათზე დროული რეაგირება მოვახდინოთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მუნუციპალიტეტებს დევნილი მოსახლეობისადმი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დევნილებთან შეხვედრებში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი მონაწილეობდნენ.

რუსლან აბაშიძე „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე წინანდალში გამართულ „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს“ დაესწრო.

ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და მის მთავარ მიზანს საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ დასკვნითი საღამო გაიმართა

28 მაისს, 17 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ჩაატარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის დასკვნით საღამო - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“.

საღამოში „აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის - ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებთან ერთად ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წეროვანის, საგურამოს, სამაჩაბლოს, ზემო აფხაზეთის საჯარო სკოლების მოზარდები მონაწილეობდნენ.

დარბაზში გამოფენილი იყო: ახალგაზრდების ნამუშევრები (ნახატები, ნაქარგები); ამასთანავე გამოვლინდა სასწავლო-შემოქმედებით კონკურსში „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ გამარჯვებული თემები. მათი ავტორები კი სიგელები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა და სხვ. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სამსახურის სპეციალისტი ნონა ბერაია.

მეორე დღეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ მონაწილეებისთვის ექსკურსია მოეწყო

როლანდ ნიჟარაძე ქ. ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ქ. ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის სკოლების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მომავლის გეგმებზე; შეეხნენ იმ პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც წარმატებით ხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედაგოგების საკეთილდღეოდ; ხაზგასმით ითქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ხარისხიანი განათლების მიღების თვალსაზრისით, შექმნილი სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მნიშვნელობაზე.

დაზუსტდა ინფორმაცია ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ განყოფილებებზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა თაობაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე რამინ საჯაია.

შოთა ხეცურიანის 90 წლის იუბილე

2019  წლის 25 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, ქალაქ ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 90 წლის იუბილე გადაუხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმარლესი საბჭოს 1991 წლის მოწვევის ღვაწლმოსილ დეპუტატ შოთა ხეცურიანს.

პოლიტიკოსსა და გამორჩეულ   მეცნიერ-პედაგოგს ეს დღე მთელმა  აფხაზეთის ინტელიგენციამ - კოლეგა დეპუტატებმა, უნივერსიტეტის აკადემიურმა შემადგენლობამ,  იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში   აფხაზეთის ა/რ -ის მთავრობის წარმომადგენლობამ, დევნილმა მოსახლეობამ, საკუთარმა ოჯახმა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცა.

შოთა ხეცურიანი საქართველოს უმძიმესი  დროების  ყველა კრიტიკული და უმწვავესი მოვლენების ჰუმანისტი მონაწილეა. პოლიტიკურ სარბიელზე დაწინაურებული, მუდმივად კაცთმოყვარეობის პრინციპებით იბრძვის ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგებისა და დამოყვრებიუსათვის: „ჩვენ შევრიგდებით, აფხაზებს სხვა გზა არა აქვთ, რამეთუ მსოფლიოში სხვა უფრო, ჩვენზე ახლობელი ერი მათ არ ჰყავთ, მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, არ დაუკარგოს მათ ენა, კულტურა, ტრადიციები...“ ასეთია ჩვენი უხუცესი  მამულიშვილის აზრი.

   შოთა ხეცურიანი რჩეული პიროვნებაა აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში, იგი უყვარს ხალხს და მას ენდობიან, უსმენენ, არასოდეს საყვედურობენ. გარდა ამისა, მან წლები შეალია ახალგაზრდა თაობების  აღზრდას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახლმწიფო უნივერსიტეტში,  წლები შეალია აგრარული  და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების მიმართულებებს, მისი მეცნიერული შრომებით  დღესაც  ხელმძღვანელობენ  ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

   შოთა ხეცურიანი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს  მეომარ - ვეტრანთა  წრეში. თავის მშობლიურ ცაგერაში იგი,  როგორც მხედარმთავარი, ისე ტრიალებდა. სოფლის თავკაცი საგუშაგოებზე მებრძოლებს  რჩევებსა და მითითებებს აძლევდა,  მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციაც, უდანაკარგოდ, მისი მონაწილეობით განხორციელდა.  1994 წელს, ქ. ბათუმში, შოთა ხეცურიანმა ხელი შეუწყო აფხაზეთის მეომართა კავშირის დაფუძნებას, იგი დღეს ამ კავშირის საპატიო წევრია.

   დიდი  ოჯახური  ტრაგედიებით  დაღდასმული, არასოდეს მისცემია სასოწარკვეთას,  შეუდარებელია მისი სიმტკიცე და ქვეყნისათვის თავდადება,  ბატონ  შოთას  ვაჟებიდან- რევაზი ომამდე, სოსო - ომში, ხოლო, ომის ვეტერანი ვალერი  დევნილობაში დაეღუპა.  დევნილობაში დაკარგა, ასევე, არაჩვეულებრვი მეუღლე ალექსანდრა (შურა) მახარობლიძე, იგივე  თანამებრძოლი ოჯახსა და საზოგადოებაში...

   კიდევ  ერთხელ ვულოცავთ შოთა ხეცურიანს დიდ  იუბილეს, დე, იგი მოსწრებოდეს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მოსწრებოდეს თავისი შვილების საფლავების ნახვას, მუდმივად განეცადოს თავისი შესანიშნავი ოჯახის, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების  ბედნიერება და დღეგრძელობა.

   ბატონო შოთა  თქვენთან არიან თქვენი აფხაზეთელები, თქვენთან არის ბრძოლის ველზე დაბადებული ჩვენი საქართველო, კიდევ დიდხანს იცოცხლეთ !!!

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მოგესალმებით, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ სამხედრო ფიცი სამშობლოს წინაშე!

მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო!

მოგესალმებით, თქვენო უწმინდესობავ,

მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ,

მოგესალმებით, ჩემო, აქ და საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულენო!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვეაზრებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე; ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა!

გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას.

დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს კი ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს.

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას.

მისი განმტკიცებისთვის, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე სწორება.

ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. მისგან საბოლოოდ, ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია.

დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება მთავარი იარაღია. მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ!

საქართველოს დამოუკიდებლობა, ამავე დროს, მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, ბევრი რთული გამოწვევების მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევების მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების - საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი.

ამ ქვეყანაში თითოეული მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. თუმცა, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია.

ისტორიულად, ჩვენი სახელმწიფო ისაზღვრებოდა ქართული ენით. სწორედ ამას გულისხმობდა გიორგი მერჩულე ყველასთვის ცნობილ სიტყვებში: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.

ქართული ენის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.

აუცილებელია, რომ ქართული ენა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდანვე - საბავშვო ბაღებში. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ!

სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდება თითოეულ მოქალაქეს თავისი შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის.

საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას.

მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ჩემი ყოველი საგარეო ვიზიტის დროს ყოველთვის ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას.

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა.

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე.

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნიშანია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედია. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის გამოხატულებაა სამხრეთ ოსეთის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევა და გამსვლელი პუნქტების ჩაკეტვა. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებით!

ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან. საქართველოს ყველგან აღიარებენ, როგორც მოწინავე ქვეყანას ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე; აღიარებენ, როგორც სტაბილურობის კუნძულს.

საქართველოს ასეთი შეფასება საზღვარგარეთ ყველგან მხვდება და მეამაყება. დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სვლა ჩვენი საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. ამაზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. საზოგადოების გათიშვა არ უნდა დავუშვათ. ეს ასუსტებს სახელმწიფოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს

ამიტომ მე არ ჩავრეულვარ და არ ჩავერევი უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დავიცავ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და წინ გადავუდგები ყველა მცდელობას და განაცხადს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველასთვის გასაგებია, რომ საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი.

აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.

მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები.

დამოუკიდებლობა დგას თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, ანუ განათლებაზე; დამოუკიდებლობა ასევე მოითხოვს სიღარიბის დაძლევას; დამოუკიდებლობა დგას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე - ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, ოჯახში ძალადობის აღკვეთას, გარემოს დაცვას.

დამოუკიდებლობა დგას ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გამყარებაზე; დამოუკიდებლობა დგას აქ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების საერთო ძალისხმევაზე;

საზოგადოების შერიგებაზე, რამეთუ მტერს მხოლოდ ერთად დგომით თუ ვაჯობებთ.

ამ დამოუკიდებლობის დამცველები ხართ თქვენ - აქ შეკრებილი საზოგადოება, და თქვენ - აქ და ყველა რეგიონში მდგომი ჯარისკაცები, რომლებიც იცავთ სუვერენული საქართველოს ტერიტორიას და მოსახლეობის უსაფრთხოებას.

თქვენ იცავთ ამ ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიასა და სტაბილურობას; სამშვიდობო მისიებში კი, თქვენ იცავთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების და მსოფლიო უსაფრთხოებას. ამ დამსახურებისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის მადლობას გიძღვნით მე და მთელი საზოგადოება, მთელი ერი.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე

თქვენო უწმინდესობავ!

ქალბატონო პრეზიდენტო!

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

პატივცემულო პარლამენტისა და მთავრობის წევრებო!

პატივცემულო ელჩებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო!

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!

მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს.

ვულოცავ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს, ყველას, ვისთვისაც 26 მაისი ძვირფასია.

მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს.

მინდა, განსაკუთრებით მოვულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო მისიებში და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იცავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მის სახელს და ღირსებას. სწორედ ამიტომაც, ნებისმიერი ქართველისთვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი.

ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სამხედრო ქალაქის მშენებლობა თბილისში და მსგავს პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ბრძოლისა - თავისუფლებისთვის და რწმენისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, იმ ფასეულობების დაცვისთვის, რომელმაც ჩვენი საერთო ევროპული ცივილიზაცია შექმნა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ევროპული არჩევანი - ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც განაპირობა ქართველი ერის თავგანწირულმა ბრძოლამ და რაც გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ქვაკუთხედი.

მეგობრებო, დღეს იმ რესპუბლიკის დაბადების დღეა, რომლის არსებობა არც გარეულმა მტერმა აპატია საქართველოს და არც შინაურმა.

დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც სწორედ იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, 100 წლის წინ რომ ამკვიდრებდა პირველი რესპუბლიკის თაობა.

ჩვენ მადლიერი ვართ ყველასი, ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა.

დღეს არის 26 მაისი და სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელს 80 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ყველა ბრძოლამ შვა თავისი გმირები! ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს ერთგულ შვილებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს ღირსებას. ჟიული შარტავა, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ყველა გმირის სახელი სამარადჟამოდ შევა ჩვენს მრავალსაუკონოვან ისტორიაში და თაობები გაიზრდებიან მათ მაგალითზე.

მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება.

ამ საზეიმო დღეს მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე! ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს!

ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია, საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ცოცხლობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამავე დროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს!

მხოლოდ განვითარებით და მშვიდობით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით, სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი ეროვნული იდეით - განათლებით, ჩვენ დავძლევთ სიღარიბეს, ჩვენ დავძლევთ ოკუპაციას და შევქმნით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს!

დღეს, 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა, მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე ჩვენია!

დიდება გმირებს!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

დევნილი მოზარდები სანდრო ახმეტელის თეატრში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოზარდები თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლს ,,ჰელადოსს” დაესწრნენ.

სპექტაკლი ,,ჰელადოსი” ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ირადა გოზალოვამ დადგა.

სპექტაკლმა დევნილი მოზარდები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ქართველი მწერალი თავის ნაწარმოებებში გადმოსცემდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო დევნილი მოზარდებისთვის მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გამართავს.

სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

აფხაზეთის / დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ  საცხოვრებელ  ობიექტებში  სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა., სადაც განხილულ იქნა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

 კომისიის სხდომის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:  აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებში და დევნილთა საქმეების დეპარტამენტში გასატარებელი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის სამოქმედო გეგმა და წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრის მიზნით  გასატარებელი ღონისძიებები.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფახაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ წლების წინათ დადგინდა. ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს.

წლეულს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, ქ.ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლის“ ტერიტორიაზე, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. ხოლო 23 მაისს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე) და კვარტეტი „აფხაზეთი“. მსახიობები გიორგი გასვიანი და მარიამ ჩუხრუკიძე აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და ისტორიული თუ ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ. საღამოს აფხაზეთის ულამაზესი ხედების ვიდეოკოლაჟი გასდევდა ფონად. საღამოს რეჟისორი იყო გოგა თავაძე, ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის კულტურისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

დამსწრეთ აფხაზეთის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

ამასთანავე, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტის „აფხაზეთის ფერების“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ქვეპროგრამის „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ ფარგლებში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია შემაჯამებელი ეტაპია იმ სალექციო კურსისა, რომელიც წლეულს ქ. თბილისის 5 საჯარო სკოლაში (№26, №60, №133, №146, №211) ქვეპროგრამის „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ ფარგლებში განხორციელდა.

ქვეპროგრამა ქ. თბილისის მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას, მათ შესახებ ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს და 2017 წლიდან ტარდება.

პროექტის განხორციელებისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

მოწვეული პედაგოგები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მათ მიერ ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებიისთვის წაკითხული ლექციების ციკლის სახელწოდებაა: „საქართველოს ისტორია აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური ხანიდან დღემდე“.

პროექტმა დაწყებიდან დღემდე მოიცვა ქ. თბილისის 15 საჯარო სკოლა, მთლიანობაში კი სალექციო კურსი გაიარა 500-მდე ახალგაზრდამ. სალექციო კურსის დასასრულს, ტრადიციულად იმართება ახალგაზრდული კონფერენცია იმ მოსწავლეების მონაწილეობით, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული კურსი.

კონფერენცია გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ.

კონფერენციაზე ზემოთ ხსენებული სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.

კონფერენციის მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს სამინიტროს სერტიფიკატები გადაეცათ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს პროგრამით დაგეგმილ ,,საზაფხულო-საველე ბანაკში“, სადაც გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლებიდან, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს.

წლეულს ბანაკის მოწყობა 90 მოზარდისთვის 2 ეტაპად არის დაგეგმილი, თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 5 დღე იქნება.