აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო

ბატონმა რეზომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში და მის პოპულარიზაციაში. მან გასული საუკუნის კინემატოგრაფში მთელი ეპოქა შექმნა. იგი არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ფილმის ავტორი და თანაავტორია.

რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმები ერთმანეთისგან განსხვავებული, მხიარული თუ სევდიანი, თავდადებული და ერთგული პერსონაჟებით დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად შექმნილმა კინონარკვევებმა: "ჩვენი სასახლე", "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" და მხატვრულმა ფილმა "მაგდანას ლურჯა" იმთავითვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ კინოხელოვნებაში. შემდეგ კი იყო კინოფილმები "ჩვენი ეზო", "მაია წყნეთელი", "ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები", "განძი", "ზღვის ბილიკი" და სხვა. 1974 წლიდან რეზო ჩხეიძე რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი და კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი იყო.

მის შემოქმედებას ქართველი მაყურებელი სიცოცხლეშივე აფასებდა. რეზო ჩხეიძის ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს - ჯარისკაცის მამას ძეგლიც ხომ ქართველმა ხალხმა დაუდგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამძიმარს უცხადებს ბატონი რეზოს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით, აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში – ხმალი (პირადი), რაპირა (პირადი), დაშნა (პირადი) გაიმართა.

ღია პირველობზე ფარიკაობაში ერთი შესარჩევი ჯგუფური ტურის სახით სამივე ასაკისთვის ჩატარდა. ჯგუფებმა იასპარეზეს წრიული სისტემით, პირდაპირი გამოთიშვის წესით (ბრძოლა 10 ჩხვლეტამდე) რეპრემაზის გარეშე, გამარჯვებულის გამოვლენამდე).

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთისფედერაციის (ვლადიკავკაზი), ირანის, ქუვეითის წარმომადგენელმა სპორტსმენებმა. შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სიგელებით, მედლებით და თასებით დააჯილდოვა.

შეჯიბრს ესწრებოდნენ ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კეკულაძე.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში „ხმალში“ პირველი ადგილები ლუკა ლომინაძემ და ვახტანგ არჩვაძემ დაიკავეს. იგივე კატეგორიაში გოგონების შეჯიბრში პირველი ადგილის მფლობელი აზერბაიჯანელი აისე ახმადოვა გახდა. „რაპირაში“ პირველ ადგილზე გავიდნენ რუსი მოასპარეზე მადინა კორაევა და ქართველი ნატალია ხარაიშვილი. ვაჟების შეჯიბრში პირველ ადგილზე სომეხი მოასპარეზე არმან დალაქიანი გავიდა.

აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ფარიკაობის განვითარებასა დაპოპულარიზაციას, მოზარდი თაობის ჩაბმას სპორტის რაინდულ სახეობაში, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენასდა მათ მივლინებას სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში აფხაზეთის სახელით, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტს. მისი თქმით, სამინისტრო და ზოგადად აფხაზეთის მთავრობა, ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენებს ყოველთვის წაახალისებს.

„აფხაზეთის განათლების სამინისტროს სპორტული დეპარტამენტი კიდევ ერთ შესანიშნავ ღონისძიებას სთავაზობს ჩვენს გულშემატკივრებს – საერთაშორისო ტურნირს ფარიკაობაში. საგულისხმოა, რომ ამ სანახაობაში 6 ქვეყნის წარმოამდგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ აფხაზეთის ნორჩი წარმომადგენლებიც. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აიღო დღეს პირველი ადგილი, რაც ყველას გვახარებს. მინდა მოვულოცო მას ეს გამარჯვება. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტს, ნაყოფიერი მუშაობისათვის, რასაც ის წლებია ეწევა. ბატონი ვიტალი ბენდელიანი, მთლიანად სამინისტრო დიდი ენთუზიაზმით ეკიდება საქმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ღონისძიება უმაღლეს დონეზე ტარდება. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში, ამის მაგალითია დღევანდელი დღეც. კიდევ ერთხელ, ყველა მათგანს წარმატება მინდა ვუსურვო“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს მართავს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. კონფერენციას უძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დიმიტრი სანაკოევი. კონფერენციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია.

გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.

კონფერენციის ფარგლებში, კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსიები შემდეგ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიებას. კონფერენციის ფარგლებში გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები, დოკუმენტური სახით განთავსდება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - www.culturepolicy.ge.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. 

„კულტურა 2025-ის“ მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები და ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. ასევე, აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

კულტურული პროცესების მართვის ხელშესაწყობად, „კულტურა 2025-ის“ სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩართული იქნებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ჩვენმა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე ტურნირის ბოლო, მე-9 ტურში მასპინძელთა გუნდს ანგარიშით 2.5:1.5 სძლია. გამარჯვება მერი არაბიძემ იზეიმა, დანარჩენი სამი პარტია კი ყაიმით დასრულდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 17 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე, რუსეთთან ყაიმის გარდა, ყველა შეხვედრა მოიგო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ქალ მოჭადრაკეებსა მათ მთავარ მწვრთვნელს ელიზბარ უბილავს ულოცავ ამ დიდი გამარკვებას და კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას უსურვებს!

თბილისის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულ და აფხაზურ ენებზე მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია დევნილთა პრობლემების მოგვარების საქმეში თბილისის და აფხაზეთის ა/რ მთავრობის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. როგორც ხელმოწერის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, თბილისის მერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმებამდეც აქტიურად თანამშრომლობდა. „დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებთან საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს, არის სხვა სფეროები, რომლებიც ეტაპობრივად გამოიკვეთება და აქტიურად ვიმუშავებთ, რათა მეტი საერთო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას თქმით, მემორანდუმის აფხაზურ ენაზე თარგმნის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა. „ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთში მეორე სახელმწიფო ენა აფხაზურია და ხელშეკრულება აფხაზეთის მთავრობასთან იდება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი მერიას" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას, კულტურის პოპულარიზებას ერთობლივი პროექტების საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობებში დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ თბილისში განსახლებული დევნილებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის პროგრამების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას, დევნილთა დასახლებებში გამწვანების აქციების ორგანიზებას და სხვა. მხარეები გამოყოფენ პასუხისმგებელ პირებს თითოეული მიმართულებით, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ და კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისს და აფხაზეთის მთავრობას წარუდგენენ ურთიერთთანამშრომლობის პროგრამას, განსახორციელებელ პროექტებსა და ინიციატივებს.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგა

თბილისის V საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მსმენელის წინაშე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ფესტივალი ამა წლის 22 აპრილიდან – 2 მაისამდე თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილე 15 გუნდს შორის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაც იღებს მონაწილეობას.

პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში დღეს ნდობის აღდგენის სამუშაოებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების როლისა საქართველოში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციაში დაგროვილი გამოცდილების შესახებ მსჯელობდნენ. შეხვედრაზე თავიანთი გაწეული საქმიანობის ანგარიში, მოსაზრებები და შეხედულებები წარმოადგინეს ორგანიზაციებმა „დემოკტარიის განვითარების ცენტრმა", „ELVA - საზოგადოებრივი ჩართულობამ" და „კავკასიურმა სახლმა". მათი აზრით, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდობას შორის დიალოგის გამართვის მიზნით, შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც მათ საერთო სივრცეში მოაქცევს და ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. შესაბამისად მათ კონფლიქტების გამოცდილების მქონე ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით ონლაინ თამაში შექმნეს. იმართება ერთობლივი ვირტუალური სესიები, სადაც ახალგაზრდების საერთო ინტერესები იკვეთება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, მათი მიზანია ფოკუსირება არა კონფლიქტის თემებზე, არამედ ახალგაზრდების, ახალი თაობის საერთო ინტერესებზე. მათი მიდგომები და გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, „დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ კონფლიქტების მოგვარების მიმართულებას შეემატოს ახალი ენერგია, საჭიროა იმ ფორმატის კონტურების მკვეთრად გამოკვეთა, სადაც არასამთავრობო სექტორი, ინტელექტუალური საზოგადოება - სასწავლო დაწესებულებები და სახელისუფლო სტრუქტურები ერთად ითანამშრომლებენ".

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„თბილისი მარიოტში“ კონფერენცია თემაზე - „საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირებაში: მთავრობისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა“ გაიმართა

დღეს, „თბილისი მარიოტში“ სახალხო დამცველის, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის, დევნილთა ქსელი „სინერგიას“ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - ,,საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტების დარეგულირებაში: მთავრობისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა’’.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლება, კერძოდ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, პარლამენტის წევრმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა საკითხებზე მუშაობენ.

კონფერენციაზე ყურადღება ორ ძირითად თემატიკაზე გამახვილდა. კერძოდ, კონფლიქტიურ რეგიონებში ადამინიას უფლებების დაცვასა და კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა კომპლექსურად განიხილეს ამ მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხები.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რათა შეჯერდეს ერთიანი პოზიციები ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტების დარეგულირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა მოკლე ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და მიმიდნარე პროექტების შესახებ. მისი თქმით, ის მიესალმება მსგავსთავყრილობებს და აფხაზეთის მთავრობა ყოველთვის მზადაა ნებისმიერ სტრუქტურასა თუ ორგანიზაციას თანამშრომლობისათვის.

„დღეს ამ წარმომადგენლობით შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის რანგში ვიმყოფები. კონფლიქტების მოგვარების საკითხი ძალიან აქტუალური და მტკივნეულია საქართველოსთვის. მთავარია, რომ ასეთ შეხვედრებს რეალური შედეგები მოყვეს დამოხდეს იმ საკითხების, იდეების და წინადადებების იმპლემენტაცია, რომელზეც დღეს კონფერენცია თბილისი მარიოტში 3ვმსჯელობთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, ვინ ესწრებიან ამ კონფერენციას, დარწმუნებული ვარ, თავს დავაღწევთ გაყინული კონფლიქტის  მდგომარეობას და ადგილიდნ დაიძვრება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ჩვენ შორის ნდობის აღდგენის პროცესი. აფხაზეთის მთავრობა მზადაა ყველა საკითხში აქტიური მონაწილეობისთვის, რაც კონფლიქტის მოწესრიგებას წაადგება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები გადავდგით აფაზების მხრიდანადამიანის უფლებების დარღვევისა და საგანმანათლებლო პრობლემების საკითხებში. იმედი გვაქვს, ყველა სტრუქტურებთან თანამშრომლობა დღევანდელი შეხვედრის გათვალისწინებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხორციელების გზით წაგვიყვანს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას დღევანდელ შეხვედრაში  მონაწილეობისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

გალერეა „შავთელში“ დევნილი მხატვრის მანონ ბულისკერიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო

გალერეა „შავთელში“ აფხაზეთიდან დევნილი პოეტისა და მხატვრის მანონ ბულისკერიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „კედლების გემო“ მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შექმნილი აბსტრაქციული 30 ნამუშევარი.

გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად მანონ ბულისკერიას ბოლო წიგნი „ნედლი ნამხრევი“ გადაეცათ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას აფხაზური სუბტიტრებით გიორგი ოვაშვილის ფილმის - „გაღმა ნაპირის“ დისკები გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნას. 22 აპრილს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას აფხაზური სუბტიტრებით გიორგი ოვაშვილის ფილმის - „გაღმა ნაპირის“ დისკები გადასცა. პროექტის მიზანია აფხაზურად თარგმნილი ფილმების გავრცელება და პოპულარიზაცია აფხაზეთში.

ღონისძიებას უძღვებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საიდა ავიძბა, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით გვაძაბია, ფილმის თარგმნასა და გახმოვანებაში მონაწილე აფხაზები, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის თანამშრომლები.

„გაღმა ნაპირი“ აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში, ოთხმოცამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირს“ რამდენიმე ათეული ჯილდო აქვს მოპოვებული. იწყება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, სოხუმის (აფხაზეთის) სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ზურაბ ანჩაბაძის ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახ. საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.

დიდია ზურაბ ანჩაბაძის წვლილი საქართველო-აფხაზეთისა და კავკასიის ისტორიის მეცნიერული კვლევის საქმეში. მრავალფეროვანი იყო მისი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწეობა. ზურაბ ანჩაბაძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა სოხუმში 1984 წ. იანვარში. დაკრძალულია სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ანდრია ჭოჭუას ქუჩაზე. დიდია ზურაბ ანჩაბაძის წვლილი საქართველო-აფხაზეთისა და კავკასიის ისტორიის მეცნიერული კვლევის საქმეში. მრავალფეროვანი იყო მისი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწეობა. ზურაბ ანჩაბაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოკლე ხანში იქცა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მძლავრ კერად არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. მის კალამს ეკუთვნის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ზურაბ ანჩაბაძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა სოხუმში 1984 წ. იანვარში. დაკრძალულია სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ანდრია ჭოჭუას ქუჩაზე.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შორის 5 ოქროს და 7 ვერცხლის მედალოსანია.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ, რომლებმაც კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და მედლები გადასცეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008 წლიდან ახორციელებს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების" ქვეპროგრამას, რომლის მიზანია წარჩინებულ მოსწავლეთა  წარმოჩენა, წახალისება და მათთვის მოტივაციის ამაღლება.

მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები „ეროვნული სასწავლო გეგმით" რეგულირდება.

ბათუმში VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჩვენი სულიერების ბალავარი“ ჩატარდა

17-18 აპრილს ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ჩვენი სულიერების ბალავარი". კონფერენციაში 60-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. მკვლევარები ორი დღის განმავლობაში წარმოადგენდნენ მოხსენებებს საქართველოში ქრისტიანული კულტურისა და ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის არსანიშნავია აფხაზეთის თემატიკაზე მიძღვნილი საკითხები: აფხაზეთის ავტოკეფალიის საკითხი თანამედროვე საეკლესიო პოლიტიკაში, მუჰაჯირობის ისტორიის საკითხები, მოხსენება აფხაზი მამულიშვილის იური ანუას ქრისტიანული და ეროვნული ღვაწლის შესახებ და სხვა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის მოადგილემ მანანა ანუამ. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა აფხაზეთის მთავრობის ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატის საქართველოს უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას,პრაგმატულ,რეალურად ეფექტურ მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული ახალი მიდგომების ერთობლივად შემუშავებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.

კონფერენციის მოხსენებები კრებულის სახით უკვე დაიბეჭდა. საერთაშორისო ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის კვლევის ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

ვახტანგ ყოლბაია ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსს შეხვდა. შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ასტრიდ თორსს გააცნო აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები. შეხვედრაზე განიხილეს გალის რაიონში არსებულ მდგომარეობა. საუბარი შეეხო გალში პასორტიზაციის საკითხს და სკოლებში ქართული ენის სწავლების პრობლემებს.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა. ტურნირის მსვლელობის პარალელურად მსოფლიო ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ საჭადრაკო სესია ჩაატარა. ტურნირი რევაზ დადიანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ რევაზ დადიანი იყო აფხაზეთის ათგზის ჩემპიონი. იგი 1994-1998 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ნიკა ვოლკოვმა დაიკავა, მეორე ადგილის პრიზიორი თენგიზ მინდიაშვილი გახდა, მესამე ადგილზე კი მოჭადრაკე რამინ ხოჯავა გავიდა. ტურნირის გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ გელენავა,  რევაზ დადიანის ოჯახის წევრები და მეგობრები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ ნანა ალექსანდრიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.