აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა.
მთავრობის თავმჯდომარე პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - გენრიეტა წიწავა და დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„უმნიშვნელოვანესია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ ჩვენი თანადგომა და ყურადღება. მომხდარი ფაქტი არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა. ყველას კარგად გვახსოვს, იმ მძიმე დღეებმა როგორ გაგვაერთიანა ჩვენ აფხაზ და-ძმებთან და დღევანდელი დღეც ამ ერთობის ერთგვარი გაგრძელებაა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ პროცესში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
სახლის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. ასევე, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მხარდაჭერით დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.
ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქ ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ჩაჩხალიების ოჯახი მოინახულა, აღდგომა მიულოცა და აფხაზეთიდან დროებით დევნილ, სოციალურად დაუცველ ნესტან ჩაჩხალიას სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ჯვარის დევნილთა განსახლების ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სარეზერვო ფონდიდან, ფინანსური დახმარება გაუწია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა.
მოწვეულ სტუმრებს, ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ენათმეცნიერებს და პედაგოგებს საპატიო ჯილდოები გადასცა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე აპარატის უფროსმა დევნილი მოსახლეობისგან პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში საკითხების შესწავლას დაჰპირდა.
„მნიშვნელოვანია მსგავსი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რადგან თითოეული ასეთი შეხვედრა და პირდაპირი დიალოგი შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ მოსახლეობის საჭიროებები და დროულად ვიმოქმედოთ მათი გადაჭრისთვის.
ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას და არცერთი პრობლემური საკითხი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და მოსახლეობის პრობლემებზე ეფექტური რეაგირების საშუალებას წარმოადგენს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის საქმიანობა გამორჩეული იყო როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. გასული წლის საქმიანობა ემსახურებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას, დროებით დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობას, ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის გაძლიერებას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში, აფხაზეთის მთავრობის მიერ 2024 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის თავმჯდომარემ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობაში შემავალი სამინისტროების მიერ დროებით დევნილი მოქალაქეებისთვის განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
მოხსენების შემდეგ, ლევან მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტებზე, მთავრობის სამოქმედო გეგმასა და ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივებზე ისაუბრა. ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩვენი გუნდის ძირითად სამოქმედო მიზანს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების ინსტიტუციური გაძლიერება და დევნილ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გამჭვირვალე ბიუჯეტის შექმნა წარმოადგენს.
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ვაშენებთ ნდობას და მტკიცედ გვწამს, რომ შერიგება და ერთობა ჩვენი საერთო მომავლის საფუძველია. სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ეს არის გზა, რომლითაც ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ლევან მგალობლიშვილმა ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ესაუბრა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვესელინ ვალკანოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს.