აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობისა და სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი მოსახლეობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათთვის პროფესიული განათლების სერვისების შეთავაზებასა და მაქსიმალურ ჩართვას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული პირებისთვის დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ხელი შეეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, საერთაშორისო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა პროფესიული დარგის (ხის გადამუშავება, ტყის მართვა, თიხაზე მუშაობა და სხვ.) განვითარების მიზნით, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას და ამ კუთხით არსებული ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართვას ახალი პროფესიული პროგრამების განვითარებისა და დანერგვის პროცესებში.

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს მიერ 2021 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ანგარიში სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებს, ამ მიმართულებებით მიმდინარე სიახლეებს მოიცავდა.

 

სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ აფხაზეთის მთავრობას სამინისტროს 6 თვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

მინისტრმა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროგრამების, ინიციატივებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ლევან თევზაიას განცხადებით, მიმდინარე წელს, პირველად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების რაოდენობა 5-დან 15-მდე გაიზარდა. ასევე, წელს პირველად გაიზარდა სამინისტროს პროგრამული დაფინანსების მაჩვენებელი და შემუშვდა დევნილთა საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამები.
მთავრობის წევრებს, აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილემ მურად აბლოთიამ დეტალურად გააცნო უწყების მიერ გაწეული საქმიანობა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შედეგები.
,,დევნილთა სოციუალური დახმარების პროგრამის’’ ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია 1857,
ხოლო ,,აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძლების ვეტერანების მხარდაჭერის’’ პროგრამით 279 დევნილ ოჯახს. ,,დევნილთა დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის’’ პროგრამით ისარგებლა 56, ხოლო ,,განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების’’ პროგრამით 34 ოჯახმა.
ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა პეკინის 41-ში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით საქველმოქმედო აქტივობები ათეულობით უკიდურესად შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განახორციელა.
სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს მიერ საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50 ობიექტზე აზომვითი ნახაზი მომზადდა. დევნილთა სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციის ცენტრში იურიუდიული კონსულტაცია 208 ბენეფიციარმა გაიარა, განსახლების ობიექტებში ჩატარდა კომპლექსური კვლევები და სადეზინფექციო სამუშაოები, 96 ობიექტზე შეფასდა და განხორციელდა აღწერითი სამუშაოები, 280 დევნილთა განსახლების ობიექტს დეზინფიცირება ჩაუტარდა.
გარდა ამისა, სააგენტომ მოიპოვა მცირე გრანტი სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსგან, რომლის ფარგლებში ხონის მე-4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყობა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ წლის ბოლომდე დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს.

 

კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაცნობა გრძელდება

გრძელდება კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაცნობა.
ამჯერად საჩხერეში, ვანში,წყალტუბოში, ბაღდათსა და ჭიათურაში მცხოვრებმა დევნილებმა სამინისტროს მიმდინარე პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ორგანიზენით ჩატარდა.
შეხვედრების ფარგლებში, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა, თანამშრომლებთან ერთად, დევნილებს დეტალურად გააცნო მიმდინარე პროგრამებში მონაწილეობის კრიტერიუმები და პროცედურები.
შეხვედრაზე კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო, ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთანაც გამართავს.

 

13 წელი აგვისტოს ომიდან
,,13 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო - ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.

რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვასა და უკანონო ბორდერიზაციას.

მაგრამ აღსანიშნავია, ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით მიაღწია, რომლითაც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში „სრულ კონტროლსა“ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყეტილებაც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და სახალხო დიპლომატით ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული ერთობის აღდგენა.

ქედს ვიხრი ყველა იმ მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის გაერთიანდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენეტიტეტს შესწირა საკუთარი სიცოცხლე!"- დავით ფაცაცია.
რუსლან აბაშიძე: საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების გაერთიანებას და ქვეყნის დეოკუპაციას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ქედს ვიხრი  2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნის წინაშე. მათი გმირობა  სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია.

ჩვენი საზოგადოება მტკიცედ იზიარებს სახელმწიფო კურსს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ და  თანმიმდევრული ნაბიჯების მეშვეობოთ,  საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევძლებთ  ჩვენი საზოგადოებების  გაერთიანებას და  ქვეყნის დეოკუპაციას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

რუსლან აბაშიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ენგურის ხიდი მოინახულეს

„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, სამეგრელოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ენგურის ხიდი მოინახულეს.

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გაიმართა

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და იდეები სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედითად და შედეგზე ორიენტირებულად განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის უზრუნველყოფა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო ხედვის შესამუშავებლად და ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვა.

შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 23 ივნისს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის - დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კომპლექსური კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნას. ინკლუზიური სამუშაო პროცესი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართო საზოგადოების — კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობას. ასევე, გაიმართება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მათი პროაქტიული ჩართულობისა და ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში იმერეთის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს სამუშაო პროცესში იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და იდეები სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედითად და შედეგზე ორიენტირებულად განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის უზრუნველყოფა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო ხედვის შესამუშავებლად და ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 23 ივნისს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის - დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კომპლექსური კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნას. ინკლუზიური სამუშაო პროცესი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართო საზოგადოების — კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობას. ასევე, გაიმართება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მათი პროაქტიული ჩართულობისა და ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.

ეკა ხოფერიამ და UNICEF-ის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ  საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის წარმომადგენელთან, დოქტორ  ღასან  ხალილთან და მის მოადგილესთან, ემი კლენთან შეხვედრა გამართა.

ეკა ხოფერიამ სტუმრებს სამინისტროს საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით დასახული მნიშვნელოვანი პროგრამები თუ პროექტები გააცნო. შემდეგ კი მხარეებმა ამ პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელების თვალსაზრისით თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და კონკრეტული ხედვა გაუზიარეს ერთმანეთს.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ

საქართველოს პარლამენტი:

ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;

მხარს უჭერს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს კანონს
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

მიესალმება რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ოკუპაციისა და ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში მომხდარ ადამიანის უფლებათა უხეშ და პერმანენტულ დარღვევებზე;

ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში
დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“;

გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის უხეში დარღვევის შედეგად ოკუპაციის გამო, რაც უგულებელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს;

დიდი შეშფოთებით, ხაზგასმით აღნიშნავს რა, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ეთნიკურ ქართველთა სახლების განადგურების შედეგად საქართველოს რეგიონებიდან − აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან − დევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდეს საკუთარ სახლში;

ადასტურებს რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისადმი, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას და ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს რა საქართველოს მისწრაფებას, განახორციელოს ინკლუზიური და ყოვლისმომცველი, სამშვიდობო პოლიტიკა, რათა წარმატებით მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგების, ჩართულობის და მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესის მიღწევა;

პოზიტიურად აფასებს რა ამერიკის შეერთებული შტატების ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს, რომელიც კრძალავს იმ სახელმწიფოს მთავრობის დაფინანსებას, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ან/და მათთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა,

1. ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს
კანონიერი უფლება, სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია.
2. ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“, რომლებიც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის
ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში.
3. აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის − სეგმენტებზე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივი დელიმიტაციის ნებისმიერი მცდელობა უკანონოა და უხეშად
არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს; ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე კონკრეტული ნაწილების, მათ შორის, გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას, დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი არის მიუღებელი და უკანონო და მას, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები
საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − დეოკუპაცია; სრულად შეასრულოს
ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შესაძლებელი გახადოს საქართველოს ამ ორ რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, დაუშვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა და
ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა.
5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება და დე-ფაქტო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“;
6. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს შემზღუდავი ზომები იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა
და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
7. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, მათ შორის, სამხედრო წვრთნები, მავთულხლართებისა
და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო გავლება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებების განხორციელება; უზრუნველყოს ირაკლი ბებუას და უკანონოდ
დაკავებულ საქართველოს სხვა მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება; გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები და შესაძლებელი გახადოს ადგილობრივი მოსახლეობის
თავისუფალი გადაადგილება; შეწყვიტოს ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება და დაზიანება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − ქართული კვალის წაშლის მიზნით; ეთნიკურ ქართველებს არ შეუზღუდოს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება; აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გამოყენებას და უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, რისი შედეგიცაა დესტაბილიზაცია მთელ რეგიონში.
8. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ეთნიკური ნიშნით ძალადობა და დანაშაულების ჩადენა საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − და აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობების საქმეებში დაუსჯელობის დასრულებისა და დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის გზაზე.
9. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებისთვის ძირის გამოთხრა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია; კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მნიშვნელოვან უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებთან დაკავშირებით იპოვოს გრძელვადიანი გამოსავალი და მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე; ხაზგასმით აღნიშნავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნის მნიშვნელობას; ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ყოველთვიური ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ძირითადი პრინციპების სრული პატივისცემით, რეგულარულად და ეფექტიანად ფუნქციონირების საჭიროებას და მოითხოვს 2018 წლიდან შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენას.
10. მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილებას, განავითაროს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტისა და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებების შერიგების, ჩართულობის და მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესის მიღწევის მიზნით; აგრეთვე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია.
11. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს აქტიური დიპლომატია და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში შეინარჩუნოს და მოახდინოს საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
12. მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
13. მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.
14. ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად.

დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამა გძელდება

პროგრამის ფარგლებში დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და საინიციატივო ჯგუფს);
დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისთვის უნდა წარმოადგინოთ:
დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილის განცხადება;
განცმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი).
განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:
ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16, ტელ: 032 2 31 32 06 :
+ 995 595 705 159
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. მის: დ.აღმაშენებლის გამზირი 89/24, მე -13 სართული; ტელ: 577505591;
ქუთაისი, ი.აბაშიძის 27, ტელ: 0431276513;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი), ტელ: 577092455

ლევან ჩაკვეტაძე რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუველყოფის  სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანთან ერთად გაეცნო.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით ჩაიტარონ.

პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში ვაქცინაცია უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია და ვირუსის საბოლოოდ დასამარცხებლად აუცილებელია, ყველამ ჩაიტაროს აცრა.

 

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი მოუწესრიგებელი გზა წარმოადგენდა. მიმდინარე წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც ცენტრალური და ადგილობრვი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამავე ქუჩაზე აშენდა ახალი ავტოსადგომი, რაც დევნილი მოსახლეობისთვის ქალაქის მასშტაბით კომფორტული გადაადგილების საშუალებას იძლევა.