აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
პრაქტიკული ტრენინგი მეფუტკრეობაში

საქართველოს მეფუტკრეობის „გილდია“-სთან არსებული მეფუტკრეობის კოლეჯის მსმენელთა ჯგუფს პრაქტიკულ მეცადინეობას უტარებს კოოპერატივ „კოდორი2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი, საქართველოს დამსახურებული მეფუტკრე დ. დარსანია, თემაზე „ფუტკრის დაავადებები და მკურნალობის წესები“

ქ. ზუგდიდში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა

მიმდინარე წლის 18 თებერვალს ქ. ზუგდიდში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც აღნიშნული კომისიის წევრებმა, ასევე სამეგრელო ზემო–სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონალური სამსახურების ხემძღვანელებმა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტროს აპარატის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ადმინისტრაციული ერთეულებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (მ.შ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა) წინაშე არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი მიმართული პროექტების მიმდინარეობა.
სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ზოგიერთ განხორციელებულ, მიმდინარე და განსახორციელებელ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.
კომისიის სხდომის დამთავრების შემდეგ სხდომის მონაწილეებმა დაათვალიერეს იაპონიის მთავრობის პროგრამით (,,GRASROOT„) დაფინანსებული და აფხაზეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოწყობილი სასათბურე სადემონსტრაციო მეურნეობის მშენებლობის პროცესი.

„გამყოფ ხაზთან“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 14 ბენეფიციარს და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს მეორადი სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ

2018 წლის 15 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ თანამშრომლებმა USAID/ZRDA-სთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით წარმატებით დაასრულეს აუქციონზე გამარჯვებულ „გამყოფ ხაზთან“ (ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებში) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 14 ბენეფიციარზე და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებზე მეორადი სასათბურე კონსტრუქციების გაცემა რუსთავის მე-17 კილომეტრზე არსებულ ყოფილ სასათბურე მეურნეობიდან.

პროექტი ითვალისწინებს დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას სამთავრობო სტრუქტურების, დონორ-ორგანიზაციათა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების აქტიურ ჩართულობით.

ამ დღეებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სათანადო კონსულტაციებს გაუწევენ USAID/ZRDA-ს მიერ მოწვეული მაღალკვალიფიციური და სასათბურე ბიზნესში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

 

15-16 ივნისს „ოქსფამ საქართველოს“ ორგანიზებით "სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის" საერთაშორისო კონფერენცია გამიართა

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ თბილისში სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

2016 წლის 15-16 ივნისს თბილისში სატუმრო "Courtyard marriott "-ში "სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის" საერთაშორისო კონფერენცია გამიართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ სფეროში ჩართულ მთავარ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ასევე ევროპიდან. კონფერენციის მონაწილეებმა სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის პოლიტიკის მდგომარეობის, გამოწვევებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ყოველივე ეს ადგილობრივი სურსათის წარმოების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული. ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა მცირე მეურნეების განვითარებაზე ორიენტირებული ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების საერთაშორისო მაგალითები წარმოადგინეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა კომპლექსურ მიდგომებზე გაამახვილეს ყურადღება ნუტრიციისა და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების განვითარების კუთხით.
კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანამშრომლები. კონფერენციაზე აფხაზეთიდან დევნილმა მეფუტკრეებმა (კოოპერატივი ,,კოდორი 2015") მეფუტკრეების პროდუქციის დიდი ასორტიმენტი წარადგინეს.ექსპონატებმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

14 ოქტომბერს დიასპორის საინფორმაციო დღე გაიმართა

2015 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში ,, დიასპორის საინფორმაციო დღე” . საინფორმაციო დღე ჩატარდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, როგორც ,,საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის” ( IDEA) რეგიონალური პარტნიორის მიერ, ,,გლობალური დიასპორული კვირეული 2015″ ფარგლებში.

ღონიძიების მიზანი იყო საზოგადოებისა და დიასპორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესში, მიგრაციისა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონიძიების ფარგლებში მოეწყო სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეები.

მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ ფოლკლორული ანსამბლები ქართული ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით . გაიმართა ასპარეზობა ხრიდოლში.

გამოიფინა ქართული პროდუქცია. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა აფხაზეთის ა/რსოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი თურქეთში

2015 წლის 27 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთში პირველად 22 წლის განმავლობაში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით.

28 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, შეფიქ ვურალ ალთაისთან; 28-29 სექტემბერს ასევე გაიმართა შეხვედრები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საგენტოსა (TIKA) და თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობებთან, სადაც დაისახა კონკრეტული ორმხრივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები აფხაზეთის ა/რ ხელმძღვანელობასთან.

29 სექტემბერს ანკარაში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში ომის 22-ე წლისთავს და საქართველო-რუსეთის ომის მე-7 წლისთავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ექსპოზიციის გამოფენები: ”დევნილები ფოტოკამერებში” (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და ”კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ” (აფხაზეთი), ასევე საელჩოს მიერ მომზადებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-ინსტალაცია. მიღებას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ანკარაში აკრედიტებული 30-მდე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. ასევე, თურქეთის აკადემიური, არასამთავრობო, ბიზნესის და მედია წრეების, ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლები ანკარიდან, სტამბოლიდან, ინეგოლიდან, საქარიადან, იზმითიდან, ქოჯაელიდან და სხვა.

30 სექტემბერს, ქ. ინეგოლში შედგა დელეგაციის შეხვედრა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ შაჰინთან, ინეგოლის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან.

ამასთან, 1 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქ. საქარიას გუბერნატორთან, საქარიის უნივერსიტეტის რექტორთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან. ასევე, გაიმართა შეხვედრები ისტორიული ქართული და აფხაზური დიასპორების წარმომადგენლებთან.

2 ოქტომბერს შედგა შეხვედრები ქ. ქოჯაელი/იზმითის მერთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, ქ. სტამბოლის ქართალის რაიონის მერთან და ქართული ისტორიული დიასპორების ხელმძღვანელებთან.

ზემოაღნიშნული ვიზიტი უპრეცენდენტოდ ფართოდ გაშუქდა თურქეთის ცენტრალური პრესის და ტელევიზიის მეშვეობით: თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის „TRT“ საინფორმაციო გამოშვება, TRT-AVAZ, TRT-Radio ქართულ-ენოვანი გადაცემა, უდიდესი საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajans, ინგლისურ-ენოვანი გამოცემები: Diplomatic Observer, ISSUE, BITTER; ასევე, ინეგოლის, საქარიას, ქოჯაელი/იზმითისა და ქართალის რეგიონალურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

,, დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო”

აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველო ჩაერთო, მსოფლიოს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე დასუფთავების კამპანიაში ,, დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო”

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობდნენ, თავად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სამინისტროს წარმომადგელები, შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი, თავდაცვის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, თბილისის მერიის თანამშრომლები. სხვადასხვა სამთვრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოხალისეები.

18 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური სართაშორისო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შექმნილია მსოფლიო გარემოსდაცვითი რუკა , რომელზეც დატანილია დასუფთავების აქციაში მონაწილე ქვეყნები.

მათ შორისაა საქართველო, რომელიც აღნიშნულ რუკაზე დატანილ იქნა 2010 წელს. რიგით 121-ე ქვეყანა, როგორც მსოფლიო დასუფთავების კამპანიაში მონაწილე ქვეყანა. შესაბამისად 2010 წლიდან საქართველოში მსოფლიო კამპანიის პარალელურად ტარდება ,,დავასუფთავოთ საქართველო’’ კამპანია.

2015 წლის კამპანიის მოწოდება ისევე ,როგორც წინა წლებში არის — ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა.

2010 წლიდან აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველო აქტიურად არის ჩართული ამ კამპანიის ყველა აქციაში. გასულ წლებში დასუფთავდა დევნილთა კოპაქტური ჩასახლებების ეზოები. თბილისის ზღვასთან არსებული სსიპ ვოვა ვეკუას სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. სამომავლოდ იგეგმება ასეთის აქციების ჩატარება საქართველოს დევნილებით ჩასახლებულ ქალაქებსა და რეგიონებში.

ლისის ტბის მიმდებაე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მონაწილება მიიღო 150 -მდე ადამიანმა. აქციის დროს შეგროვდა დაახლოებით 12 კუბური მეტრი ნარჩენი. რომელიც მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გატანილ იქნა ნაგავსაყრელზე.

საქართველოში კამპანია ,,დავასუფთავოთ მსოფლიო–დავასუფთავოთ საქართველო“ ტარდება პროექტის ,, დავასუფთავოთ საქართველო-საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩნების მართვის გაუმჯობესების პროცესში’’( ფაზა 3) რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი–საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები–საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,, ორქისი’’ და ,, ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მხარის ფინანსური
უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების კამპანიასთან თანამშრომლობით.

სემინარები ქალაქ ბათუმის საჯარო სკოლებში

აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსთან ხანგრძლივი და შედეგზე ორიენტირებული თნამშრომლობა აკავშირებს.
2009 წლის 31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო სემინარები ქ.ბათუმის საჯარო სკოლებში.
2010 წელს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კვირეულის ფარგლებში ბათუმის სანაპიროზე ჩატარდა გამწვანების აქცია.
2011 წლის 30-31 ოქტომბერს ქ.ბათუმში შედგა არაფორმალური სამუშაო შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.
30 ოქტომბერს ჩატარდა მრგვალი მაგიდა, ხოლო 31 ოქტომბერს ქ.ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შამეცნიერო კონფერენცია თემაზე “შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარემოსდაცვითი პრობლემები”.
2015 წლის 8 სექტემბერს შედგა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობასთან ერთად აჭარელ აფხაზებთან და აჭარაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან ერთად შესაძლებელი ღონისძიებების შესახებ. როგორც ყოველთვის ჩვენმა აჭარელმა კოლეგებმა თანადგომა გამოთქვეს ჩვენ ინიციატივასთან დაკავშირებით.როგორც იტყვიან შეხვედრას ქმედება მოყვება და 19სექტემბერს ჩატარდება დასუფთავების აქცია შავი ზღვის სანაპიროზე. ეს შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და დაიგეგმა საინტერესო ღონისძიებები.

დევნილთა დასაქმების პროექტები

ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელოში აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მიმდინარე დევნილთა დასაქმების პროექტები მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ სამეგრელოში, სოფელ რუხში ასოციაცია „აგორას“ პროექტს გაეცნენ. აღნიშნული ასოციაცია საერთაშორისო დონორებთან აქტიურად თანამშრომლობს და ორიენტირებულია დევნილთა დასაქმებაზე. ზემოთხსენებული პროექტი ასოციაცია „აგორამ“ აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, იაპონიის საელჩოს პროგრამა „გრასრუტში“ გრანტის მოპოვების შემდეგ წამოიწყო. ორგანიზაციამ სოფელ ხურჩაში, 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთზე სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო და პროექტის ფარგლებში, სეზონზე 70-მდე დევნილი დასაქმდება. აქედან, მუდმივად სამუშაოს 15-მდე დევნილი მიიღებს. ადგილზე მიმდინარეობს მიწის დამუშავების პროცესი, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებითი სამუშაოები. მოსავლიდან შემოსული თანხები მომუშავე დევნილებზე გადანაწილდება.

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ვალერი ბასარიას თქმით ადგილზე არსებობს სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზეა და მათი ათვისება მომავალში იგივე პრინციპით მოხდება.
„აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, მთლიანად აფხაზეთის მთავრობა, არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობით აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნეს-პროექტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ საზღვრისპირა ზოლში მცხოვრებ დევნილთა დასაქმების პროექტებს. ერთ-ერთი ამჟამად მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება იაპონიის საელჩოს „გრასრუტის“ პროგრამის ფარგლებში 3 000 კვ.მ ფართობის სათბურის აწყობას გულისხმობს. პროექტი 70-მდე დევნილის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მალე დავიწყეთ აქ მცხოვრებ დევნილებს შორის იმ ხალხის შერჩევას, რომლებიც წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობას და უნარს ამ სფეროში სამუშაოდ. ვინც შეირჩევა მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. აქ არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. სახელმწიფო სამსახურებმა ამ მიწის ნაკვეთების გადმოცემის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა შემდგომში ანალოგიური პროექტები განხორციელდეს. ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როცა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობით ძალიან ბევრი შესაძლებლობები ჩნდება დევნილთა დასაქმების კუთხით; ხდება იმ მიწის დამუშავება, რომელიც გამოუყენებელია, იმ მატერიალური აქტივების გამოყენება, რომელიც არალიკვიდირებულია და ადგილზეა. კარგი შედეგები გვაჩვენა წინა პროექტებმა, რომლებიც ეხებოდა მცირე სასათბურე კონსტრუქციების მშენებლობას დასავლეთ საქართველოში. ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია დღევანდელ პირობებში“. – განაცხადა ვალერი ბასარიამ.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე მოინახულეს სოფელი ცაიშში გამაჯანსაღებელი კომპლექსის – გოგირდის აბანოების მშენებლობის პროცესი, სადაც ასევე დევნილები არიან დასაქმებულნი.
გარდა ამისა, ვახტანგ ყოლბაია და ვალერი ბასარია ასევე გაეცნნენ სოფელ ტყირში, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის განკარგვის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ნათესის სასუქით გამდიდრების პროცედურას. სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თქმით, პროექტი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინა წლის უხვმა მოსავალმა მათ ბევრად მეტი სტიმული მისცა.

„გასულ წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მოხდა ამ ტერიტორიის დამუშავება, რომელიც 20 წელი უქმად იყო, შეჩერებული იყო მისი ხვნა-თესვა. დევნილ მოსახლეობას მიწის დამუშავება საკუთარი სახსრებით ძალიან ძვირი უჯდებოდა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2015 წელს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, მოხდა ამ მიწის ათვისება, სადაც ამჟამად 15 ოჯახია დასაქმებული და ისინი მთელი წლის სიმინდის მარაგით არიან უზრუნველყოფილი. გასული წლის მაგალითმა დევნილ მოსახლეობას სტიმული მისცა ისევ დაემუშავებინა მიწა და მოეყვანა სიმინდის კულტურა. ახლა მეორედ შეგვაქვს აზოტი და იმედი გვაქვს, ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება, რადგან მოსახლეობა კმაყოფილია და მიწების ათვისებაც უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“. – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გოგა ნაყოფია.

მ.წ. 20 მაისს თბილისში გლდანის ყოფ. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდმარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილება. სამუშაოების ფარგლებში სულ 150-მდე ძირი ხე დაირგა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინციატივით მოეწყო.
გამწვანების აქციაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლებმი იყვნენ ჩართულები.

1 ივნისს საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ გაიმართა.

1 ივნისს საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“ გაიმართა.
კონფერენცია ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ქსელ „დედამიწის მეგობრები-ევროპასა“ და „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისათვის“ – თანამშრომლობით. კონფერენციის მიზანი იყო შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა.
კონფერენცია გახსნეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა.
კონფერენცია დაყოფილი იყო სამ ნაწილად.
პირველი ნაწილის თემა იყო გარემოს მდგომარეობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. გამომსვლელებმა ისაუბრეს პოსტკონფლიქტურ მდგომარეობაზე ბალკანეთსა და კავკასიაში, კერძოდ აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ჩეჩნეთის მაგალითებზე. მომხსენებელთა შორის იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, მწვანეთა პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გია გაჩეჩილაძე, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და სხვები.
კონფერენციის მეორე ნაწილი კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ბუნებრივი რესურსების მართვასა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მომხსენებლებმა ისაუბრეს კონფლიქტურ რეგიონებში განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებსა და მათ მიერ გამოწვეულ სავალალო შედეგებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთში არსებული მდგომარეობა და ის უარყოფითი მოვლენები რაც იქ გარემოს დაცვის კუთხით არსებობს.
ბოლო ნაწილში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო საზოგადოების როლზე კონფლიქტების პრევენციასა და მათ გადაწყვეტაში.
კონფერენციის ბოლოს საქართველოს არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში ქიმიური ღონისძიებების გატარება დაიწყო

აფხაზეთის ა/ს სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მცენარეთა დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა, მონიტორინგის შედეგად დაადგინეს, რომ მავნებელი- თხილის ტკიპა მასიურად არის გავრცელებული გალის რაიონის სოფლების თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დასენიანება შეადგენს დაახლოებით 60%-ს

სპეციალისტების დახმარებით, სოფლის მოსახლეობა შეუდგა ქიმიური ღონიძიების გატარებას, რამაც უკვე გამოიღო დადებითი შედეგი.

23 მაისს აფხაზეთობა გაიმართა

23 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,აფხაზეთობის’’ დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ხელისუფლებამ და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა” მიულოცეს და ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ სახალხო ზეიმს დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ უმასპინძლეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, დააგემოვნეს დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია და აფხაზურ-ქართული კერძები, დაესწრნენ სპორტული სანახაობას, აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტს, სადაც შესრულდა ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.
,,მინდა ყველა აფხაზს მივულოცო “აფხაზეთობა” და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები, გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ.
“მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება. დევნილ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო მართლაც გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინეს. მათ წლების განმავლობაში არნახულ, ენით აუწერელ ტკივილს და დიდ გაჭირვებას გაუძლეს. მართლაც, რაც დასაფასებელია, ისინი ყოველდღიურად მართლაც გმირობას სჩადიან”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
18:00 საათზე საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის” ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდა.
სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის” დღედ დაწესდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა” თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

ENPARD-ის ინიციატივით ევროპის დღეები გაიმართა

2015 წლის 10 მაისს, ENPARD-ის (სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამა) მიწვევით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, მისი მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა საპატიო სტუმრებს საჩუქრები გადასცა.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბენეფიციარი ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა

2015 წლის 9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“-ს სათაო ოფისში ჩატარებულ ღონისძიებაში.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბენეფიციარი ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა აფხაზათის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართბელოს პარლამენტის წევრები, აფხეზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნ ვახტანგ ყოლბაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.