აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
11 თებერვალს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მესამე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

11 თებერვალს, ქ. ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მესამე ყოველწლიური კონფერენცია- „სახელმწიფოს ხედვა თხილის კულტურის დაცვისა და დარგის განვითარების შესახებ“  გაიმართა, სადაც განხილულ იქნა თხილის სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. აღსანიშნავია, რომ მომხსენებლთა შორის იყვნენ უცხოელი, მოწვეული ექსპერტები და დარგის ადგილბრივი მკვლევარებიც.

      კონფერენცია მოიცავდა ინფორმაციას თხილის სექტორის ხელშემწყობი ფინანსური და სადაზღვევო ინსტრუმენტების, მიმდინარე გამოწვევებისა და მავნებელ-დაავადებების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე- ვალერი ბასარია და ამავე დეპარტამენტის მცენარეთა დაცვის განყოფილების თანამშრომლები.

    ღონისძიების ბოლო ნაწილი დაეთმო ფერმერთა ჯგუფებისა და წარმატებული ფერმერების ინტერაქტიულ გათამაშებას, გაიმართა აქტიური კითხვა-პასუხი და დისკუსია პრობლემატურ საკითხებზე.

      კონფერენციას მცირე და საშუალო ფერმერები, თხილის მსხვილი მწარმოებლები, კომპანია „აგრიჯორჯია/ფერერო“, ექსპორტიორები, საჯარო და კერძო/არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 მიმდინარე წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ, რომლებმაც იაპონიის საელჩოს მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯებისთვის. ხაზე გაესვა იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით რუხში მოწყობილი სასათბურე მეურნეობის მნიშნელობას რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისა და საარსებო წყაროებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნული სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის დასათვალიერებლად იაპონიის ელჩი რუხში მიიწვიეს.

     ასევე,  საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

     შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ დირექტორი ლამზირა ზოდელავა  ესწრებოდნენ.

2019 წლის 18 იანვარს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომას დაესწრო

          2019 წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია ესწრებოდა.
      მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი.
         მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, განიხილეს გაცემული რეკომენდაციები და შენიშვნები და წარმომადგენლობების მიერ მათ შესასრულებლად მიღებული ზომები.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება მიმდინარე თვიდან დაიწყება

    14 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების მიმდინარე თვიდან დაწყების საკითხი.
    სხდომაზე დამტკიცდა 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, მათ შორის, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე, გაფართოვდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოსაყენებელი ტექნიკით მოცვის არეალი, ფერმერები კი  გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით მიიღებენ.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ პროცესში უწყებებს შორის კოორდინაციის აუცილებლობას, მათ შორის, რეგიონულ და ლოკალურ დონეზე, რასაც მონიტორინგი პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონული  განვითარებვის საკითხებში- სოზარ სუბარმა უნდა გაუწიოს.
   ღონისძიებას ასევე დაესწრო აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუენბრივი რესურსების რეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია.

9 იანვარს ანგარიშის - „ევროპის სეპარატისტულ ტერიტორიებთან და დე-ფაქტო სახელმწიფოებთან ჩართულობა“ პრეზენტაცია გაიმართა

2018  წლის 9 იავარს ორგანიზაცია Go Group-თან თანამშრომლობით გაიმართა Carnegie Europe-ს  მკვლევარ თომას დე ვაალის ახალი ანგარიშის- „ევროპის სეპარატისტულ ტერიტორიებთან და დე-ფაქტო სახელმწიფოებთან ჩართულობა“ პრეზენტაცია. აღნიშნული ანგარიში ეხება ევროპის კონტინენტზე მე-20 საუკუნის განმავლობაში წარმოშობილ კონფლიქტებს და მის შედეგად წარმოქმნილ დე-ფაქტო სახელმწიფოებს. (აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი) ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა და დარგის მკვლევარებმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუენბრივი რესურსების რეპარტამენტის თავმჯდომარე- ვალერი ბასარია.

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლები დუალური პროფესიული განათლების შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ

2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „შესაბამისობის კვლევა რეგიონული ბიზნეს-სექტორის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის“ ფარგლებში დუალური პროფესიული განათლების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თ. ცინარიძე. აღნიშნულ ანგარიშში ასახულია შესაბამისობის კვლევის შედეგები, რეგიონული ბიზნესის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის. კვლევა საქართველოს 3 რეგიონში განხორციელდა.  პრეზენტაციას პალატასთან არსებული „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს“ წევრები, ასევე, ბიზნეს-სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები  დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის.

17-18 დეკემბერს სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით HR ფორუმი გაიმართა

მიმდინარე წლის 17-18 დეკემბერს სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით  HR ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები. HR ფორუმს დაესწრო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართელოს უფროსი მ. ჩაკვეტაძე. აღნიშნულ ფორუმზე განხილული იყო პროფესიული საჯარო მოხელის უწყვეტი სწავლების სისტემასთან და შეფასების სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. კერძოდ, პროფესიულ საჯარო მოხელეთათვის სწავლების საჭიროებების გამოვლენის წესები, ტრენინგების დაგეგმვის შესაძლებლობები და ვადები.

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) – „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“

       თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე (TISIFF 2018) მკაფიოდ იქნა ხაზგასმული, რომ     ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები მნიშვნელოვანი კატალიზატორებია მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად მაშინ, როდესაც შიდა საბიუჯეტო რესურსები დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში შეზღუდულია.  ფორუმის (რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა, საეღთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა ნიდერლადებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლდა  მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსების ახალი ინსტრუმენტების მიმოხილვა. ამ ახალ ინსტრუმენტებად კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინები განისაზღვრება. განხილულ საკითხებს შორის იყო მდგრადი განვითარების ისეთი მიმართულებებში, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და სოფლის მეურნეობა - ინოვაციების დანერგვის პროცესში ბლოქჩეინის პლატფორმების დანერგვა. ნიშანდობრივია ის, რომ მსოფლიოს სხვა სხვა ქვეყნებში უკვე ინტენსსიურად მიმდინარეობს დისკუსიები სოფლის მეურნეობის სექტორში ბლოკჩეინის აპლიკაციების გამოყენებაზე, მათ შორის გაყიდვებისა და მიწოდების სფეროებშიც. არაერთი ბიზნესი ცდილობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. უფრო მეტიც, რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ბლოკჩეინმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის მიწოდების ჯაჭვში.

ფორუმს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობბის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. ბასარიამ

The National Geographic აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ

მერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ყოველთვიურ ჟურნალ The National Geographic დეკემბრის თვის ქართულ გამოცემაში გადაშენების პირას მყოფი ბზის კულტურის შესახებ დაიბეჭდა ინფორმაციული სტატია. გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წვლილს კოლხური ბზის გადარჩენისა და კონსერვაციის საკითხში.კერძოდ, თბილისის გარეუბანში, კრწანისში, დეპარტამენტის ინიციატივით, მხოლოდ 2018 წლის გაზაფხულზე 10 000-მდე ბზის ნერგის გაზრდა მოხერხდა, რომლებიც, მოგვიანებით, სამეგრელოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს დაურიგდათ. დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბატონი ვალერი ბასარია The National Geographic-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: „ერთ დღესაც ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, იქ უკვე აღარ იქნება ბზა, ის ხომ სულ გაჩანაგდა, მაგრამ ჩვენ თან წავიღებთ ნერგებს და მათ ისევ ჩავრგავთ.“

25 ნოემბერს ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

2018 წლის 25 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის - ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის  ა/რ სოფლის მეურმეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ბასარია დაესწრო.

პროგრამა ითვალისწინებს ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ. ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე- ფიზიკური პირი ან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი. პროექტის ბენეფიციარებს გრანტის მიღება 35 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში მდებარე სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ.ყოლბაია და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვ. ბასარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუხში მდებარე სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

სასათბურე მეურნეობა 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით პროგრამა „GRASSROOT"-ის დაფინანსებით მოეწყო. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა USAID-ის პროგრამა „ზრდა"-ს ფინანსური დახმარებით მოწყობილი ლურჯი მოცვის სანერეგე მეურნეობა.

მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფასა და უმუშევრობის შემცირებას.   

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით „ფერმერის დღე“ აღინიშნა

    მ.წ. 18 ნოემბერს, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით „ფერმერის დღე“ აღინიშნა, რომლის მიზანი ფერმერთა საქმიანობის პოპულარიზაცია იყო. 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფერმერებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. „ფერმერთა დღის“ დღის სტუმრები იყვნენ საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ვიცე-პრემიერი ,შინაგან საქმეთა მინისტრი- გ. გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი- ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი- გ.ქობულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მ. ცქიტიშვილი. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები.
როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობა იყო დევნილ მეფუტკრეთა მიერ ჩამოყალობებულ კოოპერატივ „კოდორი 20015“-ის სტენდთან. სტუმართა ინტერესი გამოიწვია მეფუტკრეობის პროდუქციის ფართო ასორტიმენტმა, იყო ბევრი შეკითხვები კოოპერატივის შემდგომ გეგმებზე, დევნილთა ამ სექტორში უფრი ინტენსიურ ჩართულობის პერსპექტივებზე და ა.შ. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფერმერებს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო ფერმერთა ასოციაციას ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც აღინიშნება სამეგრელოში, ზუგდიდში. ეს არის 2015 წლიდან დაწყებული ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ფერმერებს აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ მათი სამუშაო, მათი წარმატებები დაფასდეს და ამავე დროს ერთმანეთს გავუზიაროთ წარმატების მაგალითები.“-განაცხადა მან.

განცხადება აფხაზეთში პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით

სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა დაიწყო . როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი, სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. სპეციალისტების განცხადებით, პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით.

თბილისში აფხაზური ენის დღე აღინიშნა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით  შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით  აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით  საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "კოდორი 2015"-ის პროდუქცია თბილისობა 2018-ისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე.

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების მიერ ჩამოყალიბებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "კოდორი 2015" თბილისობა 2018-ისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა.  კოოპერატივ „კოდორი 20015“-ის სტენდთან, როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. სტუმართა ინტერესი გამოიწვია თაფლისა და თაფლის პროდუქციის ფართო ასორტიმენტმა და ორიგინალურმა შეფუთვამ.