აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი და წლის საუკეთესო პედაგოგები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები და აფხაზეთიდან დევნილი, წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

„ჩემთვის პატივია მოგილოცოთ პროფესიული დღე, თქვენ ემსახურებით რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. ნებისმიერი ღირსეული პედაგოგის შეგნებული ცხოვრება და საქმიანობა ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდას და განვითარებას ემსახურება. მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია და მომავალშიც აქტიურად ვიდგებით თქვენს გვერდით ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. ასევე, ჩვენი სკოლების მედალოსან კუსდამთავრებულებს და აფხაზეთიდან დევნილ, წარმატებულ, სტუდენტებს-ჟიული შარტავას, ილია ვეკუას, თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიატებს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“- განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წლის საუკეთესო მასწავლებლებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები, მედალოსან კურსდამთავრებულებსა და სტიპენდიატებს დიპლომები, სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებთან და აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან ყოველწლიურად იმართება.