აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
დავით ფაცაციამ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

,,ჟიული შარტავა იყო ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, არ დატოვა სოხუმი და   თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სიძლიერეს, მომავალს და ამით  ერთგულების, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა. 

ჩვენი ვალდებულებაა, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოს ერთგული შვილები, რომლებმაც  სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ღირსებას  და გავაგრძელოთ იმ იდეებისთვის ბრძოლა, რისთვისაც ჟიული შარტავა სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარჩა სოხუმში.

დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირს!" - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

 
დავით ფაცაციამ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეს დედის დღე მიულოცა
დავით ფაცაცია აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეს, ნელი ბეთაშვილს სახლში ესტუმრა და დედის დღე მიულოცა.
ჯუმბერ ბეთაშვილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი, ომის დროს კი სახელმწიფო მდივანი.
1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის მინსტრთა საბჭოს შენობაში ჯუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებთან ერთად გაიყვანეს, შემდეგ ხელებშეკრული სანაპიროსკენ წაიყვანეს და ძველი საოლქო პარტიული კომიტეტის შენობასთან დახვრიტეს.
,,დედის დღე - ასევე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებსა და მეუღლეებს. თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული ქალბატონები ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია.” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ თბილისსა და რეგიონებში აფხაზეთის ომში მონაწილე ქალბატონებს და სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ეკლესიის მრევლს, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაში ასევე ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მონაწილეობდა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

დავით ფაცაციამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენები „საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი“,  „აფხაზეთი დღეს“ და „მუჰაჯირობა“ მოეწყო, ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს მინისტრმა დავით ფაცაციამ ზუგდიდის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

დავით ფაცაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდა

დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივ გამარჯვებაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიაღწია.
ასევე, იმსჯელეს მნიშვნელობაზე ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში და გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო იმ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს დაგეგმილი.
საუბარი, ასევე შეეხო, ურთიერთთანამშრომლობის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დავით ფაცაცია: გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის სიმბოლო საქართველოს ისტორიული გზის – ქრისტიანული ბრძოლის, ბრძოლის თავისუფლებისათვის, ღმერთისათვის, ღირსებისათვის და საქართველოს ერთიანობისათვის. ამ დროშის ქვეშ შეიქმნა დიდი ქართული სახელმწიფო, რომელმაც ყველა დამპყრობელი დაამარცხა და კვლავაც დაამარცხებს, რადგან გაუტეხელია ქართული სული და ღირსეული ქართველების სამშობლოსადმი სიყვარული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ქართულ ჯარს და ყველა ღირსეულ ქართველს, რომელიც ყოველთვის და ყველგან მზად არის დაიცვას ჩვენი დიდებული სამშობლო – საქართველო!

მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირს შობა-ახალი წელი მიულოცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მარინა გადელიას სახლში ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

ცხადდება რეგისტრაცია უფასო ონლაინ ტრენინგებზე
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14-22 დეკემებერს, გაიმართება ვებინარები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის.
ტრენინგები ხორციელდება კემბრიჯის განათლების ცენტრის თანადგომით.
ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერესის სფეროში დახელოვნების ხელშეწყობა, ტრენინგებით გათვალისწინებული საკითხებით მსმენელის დახმარება, გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერისი კარიერული განვითარების ინსტრუმენტები და ტექნიკა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებს.
მონაწილეები ტრენინგების განმავლობაში გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
1. ჯანსაღი ახალგაზრდობის პოლიტიკა- 14 დეკემბერი
2. როგორ შევარჩიოთ პირველი სამსახური - 16 დეკემბერი
3. გზა პირველი ბიზნეს იდეიდან მის განხორციელებამდე - 18 დეკემბერი
4. როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა - 22 დეკემბერი.
ტრენინგების განხორციელების განრიგი: 14 – 22 დეკემბერი. თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად.
ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 დეკემბერი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  რეგისტრაცია 
აფხაზეთის ქალაქების სახელწოდებებით ჰუდები საჩუქრად ონლაინ-სკოლის მონაწილეთათვის
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისა და საქართველოში მცხოვრები მათი თანატოლებისთვის დამზადდა ჰუდები.
 
ჰუდები, ფონდის "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ-სკოლის მოსწავლეთათვის დამზადდა, მათთვის შერჩეული სპეციალური დიზაინით - აფხაზეთის ქალაქების სახელწოდებების წარწერებითა და მხარზე საქართველოს რუკით.
 
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, მოსწავლეებისთვის შერჩეული საჩუქრების, ჩვენს სამშობლოში გადაცემა ვერ მოხერხდება, თუმცა ისინი 20-მდე ქვეყანაში გაიგზავნა ადრესატებთან.
 
აღსანიშნავია, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი და ფონდი "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" აფხაზეთის თემის პოპულარიზაციისთვის მომავალშიც გეგმავენ საერთო პროექტების განხორციელებას.
,,ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსის" კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი "ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი“.

პროექტის დასრულების შემდგომ, მზიურის პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები - კემბრიჯის განათლების სახლის დირექტორი, ეკა მელაძე და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, ირმა ჯანგირაშვილი.

დავით ფაცაციამ დევნილი ახალგაზრდების პროექტში ჩართულობასა და  მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

ონლაინ-კურსში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და პროექტის მიზანია მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა, ხელი შეუწყოს დევნილი ახალგაზრდების პოტენციალის მიზნობრივ განვითარებასა და აფხაზეთიდან დევნილების საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში უფრო ეფექტურ ჩართულობას.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის აპარატის მიერ მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიის მასშტაბით მომავალშიც იგეგმება.

სენაკში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით  მორიგი ღონისძიება გაიმართა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სსიპ - "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" მხარდაჭერით, პროექტის - "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა - ჩვენი არჩევანია" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში   მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა და  დასუფთავების აქცია მოეწყო.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,  მათი ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება  და  გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხონში საქველმოქმედო, გამწვანების და სპორტული ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ქალაქ ხონის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის 100-მდე მოსწავლეს საბავშვო, ილუსტრირებული ბიბლია, თემატური გასაფერადებელი ჟურნალები და სახატავი ფანქრები გადაეცა. მოზარდებს მიესალმნენ და საჩუქრები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ.

დღესვე ქალაქ ხონში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც №4 საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, ხონის ეკლესიისა და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე 200 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი დაირგო.

მოგვიანებით ქალაქ ხონის სტადიონზე ადგილობრივი და დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით მინიფეხბურთში ტურნირი გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სპორტული აღჭურვილობის სრული კომპლექტი გადაეცათ.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სულიერების ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანო და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.

2020 წლის 15 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასევე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ჯემალ გამახარიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„27 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა და ბანდ-ფორმირებებმა დაიკავეს ქალაქი. მტრის მიერ თავს მოხვეულ ომში 13 თვის და 13 დღის განმავლობაში დაიღუპა ათასობით მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ქართული ისე აფხაზური მხრიდან. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და დროის ამ გადმოსახედიდან ყველანი დავრწმუნდით, რომ ამ ძმათამკვლელ ომში დამარცხდა ყველა.

მინდა ქედი მოვიხარო უახლესი ისტორიის დიდებული გმირების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას - ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბესკირია, ჯუმბერ ბეთაშვილი, არშაველ შენგელია, სუმბათ სააკიანი, მიხეილ კოკაია, მამია ალასანია, ვახტანგ გეგელაშვილი, ალექსანდრე ბერულავა და მთავრობის დაცვის წევრები. ამ ადამიანების სახელები მუდამ იქნება თაობებისათვის დიდებული გმირობისა და ღირსების მაგალითი.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის აღდგეს მშვიდობა, ნდობა და სიყვარული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით  გავერთიანდებით ჩვენი საერთო მომავლის გადასარჩენად.

უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა საერთო კეთილდღეობისა და დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.