აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს - ,,სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის" მონაწილეობის მისაღებად
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს - ,,სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის" მონაწილეობის მისაღებად.
 
„სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ წარმოადგენს მინისტრის აპარატის მიერ ახლად დანერგილ სასწავლო ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებმა შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და განივითარონ ახალი უნარები, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მოახდინონ თავიანთი თემის საჭიროებების, რესურსების იდენტიფიცირება და მიიტანონ ის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
 
პროექტის ფარგლებში 18-29 წლის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, ისწავლონ პროექტის წერა და პრაქტიკაში მათი განხორცილება მოსახლეობასთან კომუნიკაციის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და რესურსების მოძიების მიმართულებით.
 
პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დაეთმობა მონაწილე ახალგაზრდების მიერ დევნილთა ჩასახლებებში შეხვედრების ორგანიზებას, პრობლემებისა და რესურსების იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც დაიწერება პროექტები, ხოლო მათგან ორი საუკეთესო იდეა განხორციელდება.
 
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გამოგზავნონ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 31 ოქტომბრამდე.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება ონლაინ რეჟიმში.
 
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე - რეგისტრაცია
ვებინარი თემაზე „ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე ატარებს ვებინარს თემაზე „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“.
 
ვებინარი მიზნად ისახავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და სამართლებრივი საკითხების შესწავლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხსენებულ საკითხებზე, მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების განხილვას და ახალი ეფექტური, შედეგის მომტანი გზების ძიებას დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით.
 
რეგისტრაციის ლინკი - რეგისტრაცია
ნანა გაბელია კონფერენციას ,,საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანაფორმააციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება“ დაესწრო
28- 30 სექტემბერს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის , ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტის
- ,,საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანიტრანსფორმაციისთვის შიდა დიალოგის გაძლიერება“ - ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
 
შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდა.
 
პროექტის ფარგლებში კონფლიქტების თემაზე მომუშავე პირებმა - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან , სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად შერიგების პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.
 
აღნიშნული პროექტი შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტისა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობას.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი გაბედავა დაინიშნა

გიორგი გაბედავას როგორც საერთშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე,  გიორგი გაბედავა იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, მანამდე კი ამავე სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტრამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

გიორგი გაბედავას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით, კონფლიქტოლოგიის, მედიაციის, სახალხო დიპლომატიის, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.

2015 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, იგი აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო პროგრამებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთანავე გიორგი გაბედავა აქტიურად მონაწილეობდა  აფხაზ ახალგაზრდებთან გამართულ სამშვიდობო დიალოგებში.

გიორგი გაბედავა პროფესიით იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.  მან 2014 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი,  სიენას უნივერსიტეტის სამაგისტრო  საფეხური, გლობალური მმართველობისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.

მშობლიური ენის გარდა, გიორგი გაბედავა ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ვებინარი- ,,საკუთრების უფლება და დევნილთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე'' ჩატარდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ პანელური დისკუსია ,,საკუთრების უფლება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე'' გაიმართა.

ვებინარი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. ონლაინ შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯფომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდნენ.

თემის მთავარმა მომხსენებელმა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა და პროფესორმა ვაიოს კოუტრულისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების და დაბრუნების უფლების ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე ისაუბრა, ხოლო საერთაშორისო სამართლის მკვლევარმა მარიამ ბეჟანიშვილმა საკუთრების უფლების ჭრილში, უშუალოდ აფხაზეთში არსებული სიტუაცია მიმოიხილა.

საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ დისკუსია ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

დისკუსიას მოდერირებას ფულბრაითის უნივერსიტეტის მკვლევარი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საბა ფიფია უწევდა.

შეხვედრა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

მინისტრმა ნანა გაბელიამ ბავშვთა სარეაბილიტაციო ფონდს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის პატრონაჟის ქვეშ მყოფი მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა და მათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.

"გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფონდის საქმიანობის ხელშეწყობაში. ეს არის კავკასიაში პირველი მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარებიან". - განაცხადა ნანა გაბელიამ.

ცენტრი რეგიონებიდან ჩამოსულ, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სრულ რეაბილიტაციას უსასყიდლოდ უწევს, რომელთა შორის აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ბავშვებიც არიან.

აღნიშნული ღინისძიება ,,მშვიდობის ლაბორატორიის“ პროგრამის ფარგლებში ბერი ანდრიას ფონდთან პარტნიორობით განხორციელდა.

ნანა გაბელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრო
მინისტრი ნანა გაბელია თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრო.
 
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
 
აღნიშნული მემორიალი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით გაიხსნა.
 
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მინისტრმა ნანა გაბელიამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დევნილ ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა
დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად უცნობ გმირთა ქუჩის №85-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა, ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ნივთები საჩუქრად 6-დან 9 წლამდე, 300-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო.
ნანა გაბელიამ 300-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა
ნანა გაბელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ინგირსა და ოქტომბერში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრა და ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
 
მინისტრმა მათ საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მინისტრი იმერეთსა და სამეგრელოში დევნილთა რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებასაც სტუმრობდა. ნანა გაბელიამ სასკოლო ასაკის 6-დან 9-წლამდე მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა.
 
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასწავლო ნივთები საჩუქრად 300-მდე ბავშვმა მიიღო.
ნანა გაბელია 300-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრად სასკოლო ნივთებს გადასცემს
დღეს,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია კოპიტნარში და სენაკში,  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს სტუმრობდა და   აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრებ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 
 
მინისტრმა მათ საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
 
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ნანა გაბელია ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ჩასახლების ობიექტსაც ესტუმრება და სასკოლო ასაკის 6-დან 9-წლამდე მოსწავლეებს საჩუქრებს ჩაუტანს. 
 
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასწავლო ნივთებს საჩუქრად 300-მდე ბავშვი მიიღებს.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად დანიშვნამდე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ასევე ეკავა დევნილთა მინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიცია. მანამდე კი, ხელმძღავნელობდა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს, ხოლო 2014-2019 წლებში იყო სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, ხოლო 2008 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტში. იგი იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოადგილე.

ნანა გაბელია პროფესიით სამართალმცოდნეა. დამთავრებული აქვს ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი, ხოლო შემდგომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

„დღეს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.

14 აგვისტო ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიისა და საერთო მარცხის დღეა.1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა მესამე მხარის მიერ,  აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით საკუთარი სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.

28 წლის შემდგომაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმეა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების „სრულ კონტროლს“ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის.

მჯერა რომ, ტკივილის და ტრაგედიის სიმძიმის მიუხედავად თანმიმდევრული, რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აფხაზებთან ერთად აღვადგინოთ ისტორიული ერთობა და ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში." - დავით ფაცაცია

აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან,  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.

“სამების საკათედრო ტაძარში პატივი მივაგეთ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალიხსმევით 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისათვის, რომელთა დახმარებით არაერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქის ნეშთის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმში, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, ჩართული არის როგორც ქართული ისე აფხაზური მხარეც. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ყველა ის შედეგი, რაც შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, ამ საქმეში კი აფხაზური მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ვუსამძიმრებ გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას!” - განაცხადა დავით ფაცაციამ

13 წელი აგვისტოს ომიდან
,,13 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო - ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.

რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვასა და უკანონო ბორდერიზაციას.

მაგრამ აღსანიშნავია, ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით მიაღწია, რომლითაც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში „სრულ კონტროლსა“ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყეტილებაც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და სახალხო დიპლომატით ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული ერთობის აღდგენა.

ქედს ვიხრი ყველა იმ მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის გაერთიანდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენეტიტეტს შესწირა საკუთარი სიცოცხლე!"- დავით ფაცაცია.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 6 თვის ანგარიში

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საანგარიშო პერიოდში უწყების ძირითადი საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა: საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, დევნილებისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიების პროცესში და აფხაზური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.

სხდომის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ შედეგები შეაჯამა და მთავრობის წევრებთან ერთად უწყების სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა.

გასვლით სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის 6 თვის ანგარიში