აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 73 წელი შეუსრულდებოდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, ეროვნული გმირის სხსოვნის პატივსაცემად საფლავი ყვავილებით შეამკო.

გურამ გაბესკირია დაიბადა 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქალაქი სოხუმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და აფხაზი და დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი ბოევიკიების მიერ ტყვედ იქნა აყვანილი. დატყვევებული მთავრობის წევრები, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს.

სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში  ჩანს გურამ გაბისკირია, რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე“ პასუხობს – ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!”- იყო გურამ გაბისკირიას შეუვალი პასუხი…

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირია სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაჯილდოებულ იქნა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი — საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. 2017 წლის ოქტომბერში გურამ გაბესკირიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა

2020 წლის 27 თებერვალს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით აფხაზეთიდან ი.გ.პ. საწარმოებისა და მათი ბუღალტრებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე :" მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები". აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, ასევე საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის სიღრმისეული ცოდნა მაქსიმალურ სარგებლს მოუტანს საწარმოებს, გაზრდის მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ალბათობას და შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების წნეხს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით ფაცაცია, სასტუმრო ,,ბილტმორში,, , რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარდგენილ, 2018-2019 წლების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ძირითად ღონისძიებებზე, რასაც სააგენტო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების, შემწყნარებლური გარემოს განმტკიცებისთვის ახორციელებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც უხეშად ირღვევა მკვიდრი მოსახლეობის, ქართველების უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით. ასევე, ქართული ტაძრების მისაკუთრების, მათი თვითნებური გადაკეთების, დაზიანებისა და განადგურების ტენდენციაზე. სააგენტომ, ამავე ღონისძიებაზე საზოგადოებას წარუდგინა ფოტოალბომი, სახელწოდებით ,,რწმენა თავისუფლების აქტია“.

სააგენტოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის საპატიო მოქალაქემ, ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობას და აღნიშნეს, რომ მას რელიგიის სააგენტოს საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების მოწესრიგების, ქვეყანაში ტოლერანტული რელიგიური გარემოს ჩამოყალიბების საქმეში.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 25 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.   კომპეტენციის ფარგლებში შეხვედრას ესწრებოდნენ  სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოსა და ადამიანის უფლებათა სამმართველოს თანამშრომლები.   საუბარი  შეეხო  იძულებით გადაადგილებული პირებისა და  კონფლიქტის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის  უფლებების დარღვევის ფაქტებს.  სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით, განხილული იქნა შემდეგი მიმართულებები: დევნილთა განსახლების პრობლემა, საკუთრებაში გადაცემული ობიოექტების არასათანადო პირობები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია/აღრიცხვა, განათლების მიღების, ჯანდაცვისა და გადაადგილების საკითხები. ასევე, ომის ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობა. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

ნიდერლანდებისა და ბელგიის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა

ქართული პროექტის ფარგლებში „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ საქართველოდან  ნიდერლანდებისა და ბელგიის სახელმწიფოებში, ოფიციალური ვიზიტით  ქართული დელეგაცია იმყოფებოდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან  აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარიამ,  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონიძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი, ქალაქ ამსტერდამში 16 თებერვალს გალა კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად  აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 17 თებერვალს ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა პროექტიდან „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“. საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნების, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წარდგენა და როტერდამის ერასმუსის პროექტის, ქართველი სტუდენტების კვლევის  „How did Georgian civil wars shape Georgia's foreign policy identity?/ Civil wars means wars in Abkhazia“ პრეზენტაცია გაიმართა. ოფიციალური მიღება გაიმართა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, სადაც პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა მოეწყო. ვიზიტის ბოლოს ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში დიასპორის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე,  აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ეპარქიაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას ნამუშევრების და კომპანია “ფაფანაკის“ ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა. შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, საღამო კონცერტით დასრულდა.  საერთაშორისო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, ხოლო პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, კომპანია „TIKA TOURS GEORGIA“.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს:

  • German Voice-ის გამარჯვებულმა ნათია თოდუამ;
  • ანსამბლი „რუსთავის" სოლისტებმა გიორგი კალმახელიძემ და ნინო ჭყონიამ;
  • ქალბატონმა ლია ნაროუშვილმა (ემიგრანტთა ბაღი "ფესვების" დამფუძნებელი);
  • ნიუ-იორკში არსებული პირველი ქართული კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მიუზიკლი სახელწოდებით "ჩვენი ეზო";
  • ბელგიის ანტვერპენის წმ. ნინოს ეკლესიასთან არსებული საბავშვო თეატრი, სახელწოდებით: “ჩვენ დავბრუნდებით“;
  •  ბელგიაში მოღვაწე ქართული კულტურის ცენტრის კავკასიონის ანსამბლმა - „მედეა“
მინისტრის აპარატს სტუმრად საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადენლები ეწვივნენ

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან შეხვედრაზე სტუმრად იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მუხრან გულაღაშვილი,   თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ალიონა ჩხოტუა და დიასპორული პროგრამების სამმართველოს თანამშრომელი თამარ კობახიძე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ პრიორიტეტულ  პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე ისაუბრეს საზღვარგარეთ დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებების შესახებ. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ დიასპორებთან, საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში.

შეხვედრაზე საუბარი შედგა 10-11 მარტს, დაგეგმილ ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. პროექტის „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების  საშუალებით, ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს  ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია უკრაინის ელჩს, იგორ დოლოგოვს შეხვდა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია უკრაინის ელჩს, იგორ დოლოგოვს შეხვდა.
შეხვედრაზე  მინისტრმა 1992-1993 წლებში, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, ელჩს მადლობა გადაუხადა. ასევე მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.
მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარულ- საგანმანათლებლო პროექტის, კერძოდ,  „ბავშვებს მშვიდობა სურთ“ გაფართოებაზე და მასში მინისტრის აპარატის  აქტიურ ჩართულობაზეც ისაუბრეს. დაიგეგმა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იძულებით გადაადგილებული ქართველი და უკრაინელი ბავშვები მიიღებენ.
შეხვედრამ გულთბილ და საქმიან გარემოში ჩაიარა. სამომავლო, ურთიერთთანამშრომლობაზე ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა.

 

ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინსტრის აპარატის ორგანიზებითა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ  ICEC-ის მონაწილეობით დაიწყო პროექტი „ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები“.პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ  სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას და კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში ასევე უფასოდ, ენის სრულყოფის მიზნით 1 თვით გაემგზავრონ ლიეტუვაში. სტუდენტები გარდა ენის შესწავლისა შეძლებენ საკუთარი ცოდნა ინგლისურ ენაშიც გაიუმჯობესონ, რადგან სწავლება სწორედ ინგლისურ ენაზე იწარმოებს.  სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად გაიღებს ლიეტუვური მხარე, სტუდენტები კი სტიპენდიის სახით 570 ევროს მიიღებენ.

ასევე კურსდამთავრებულებს, რომლებიც გამოირჩევიან ცეკვისა და სიმღერის ნიჭით შესაძლებლობა ექნებათ 10 დღით გაემგზავრონ ლიეტუვაში სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

ენის შემსწავლელი 4 თვიანი კურსი დაიწყება 1 მარტს.
რეგისტრაციის გავლა ქვემოთ მითითებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხელი მოაწერიეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობას სხვადახვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივ  სფეროში.

დავით ფაცაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრის მოადგილე გია ბულისკერია ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას, მოისმინეს დევნილთა პრობლემატური საკითხები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.  შეხვედრაზე მინისტრი დავით ფაცაცია დევნილ მოსახლეობას  იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განხორციელდება მომავალში.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს თან ახლდა აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებმაც დევნილ მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია და დახმარება. დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობების თავჯდომარეებთან ერთად ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა მუნიციპალიტეტის შენობაში. ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“.
შეხვედრას მასპინძლობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ლიეტუვური ენისა და  კულტურის ცენტრში შედგა გაცნობითი სახის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრი დავით ფაცაცია,   უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი  ტატიანა კოვპაკი, ლიეტუვური ენის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში ვიდას კავალიაუსკასი და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის  დირექტორი ირმა ჯანგირაშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ხელშეკრულება დაიდო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრსა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის  დირექტორს შორის. მარტის თვიდან იგეგმება სხვადასხვა პროექტები იძულებით გადაადგილებულ მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის. კერძოდ, წარჩინებული დევნილი სტუდენტები, ლიეტუვურ-ინგლისური  სასწავლო კურსის უფასოდ გავლის შემდეგ,  ენის კვალიფიკიციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან ლიეტუვაში ერთი თვის ვადით (სტიპენდიის ანაზღაურებით) და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.

ასევე, უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის, ტატიანა კოვპაკის პატრონაჟით, ხელი მოეწერა საგანმანათლებლო გაცვლით პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 8-14 წლამდე ასაკის დევნილ მოსწავეთა გამგზავრებას უკრაინაში, საზაფხულო  კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკებში.

,,გამარჯობა აფხაზეთო შენი" აფხაზი მხატვრების ნამუშევრებით გაფორმებული კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“. პროექტის ფარგლებში14 აფხაზი მხატვრის ნამუშევარი შეირჩა და კალენდრის სახით რამდენიმე ასეულ ეგზემპლარად გამოიცა. ღონისძიების მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხელოვნების წარმომადგენლებზე ზრუნვა, მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობა და დაკარგული ურთიერთობების აღდგენა.
კალენდრის პრეზენტაციას ცნობილი მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს გამოითქვა მოლოდინი, რომ ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დიალოგს ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით, მომავალშიც არაერთხელ გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას, ასევე სხვა და სხვა დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებს კალენდრები საჩუქრად გადაეცათ.

ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველომ პრეზენტაცია წარადგინა

იუსტიციისა და სამოქლაქო ინტეგრაცის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში მიმდინარე წლის 30 დეკემბერს  ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და ინსპექტირების სამმართველომ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების მეთოდი იუსტიციისა და სამოქლაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში“

საპრეზენტაციო თემა მომზადდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და სხვა საჯარო დაწესებულებათა გამოცდილების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრა უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტებთან

20 ნოემბერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები დაინტერესებული იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მინისტრის აპარატის საქმიანობით მათ შორის, კონფლიქტის დარეგულირებისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
დავით ფაცაციამ სტუდენტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დღევანდელი სიტუაციის, არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების კუთხით, მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზეც და აღნიშნულ საკითხებზე მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

წყალტუბოში მცხოვრები დევნილი მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე,  აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა, იმერეთის მხატვართა კავშირთან ერთად ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოაწყეს; მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სახალისო კონკურსებსა და ინტელექტუალურ-შემეცნებით ვიქტორინებში;  ბავშვების ხალისიან განწყობაზე  ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმაც იზრუნეს. ასევე დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და ჟურნალები გადაეცათ ; ორგანიზატორებმა კი მოზარდებს სამახსოვროდ მაისურები წარწერით „მე ვარ აფხაზეთი“ დაურიგეს. დასასრულს ბავშვებმა ცაში ფრანები და ფერადი ბუშტები გაუშვეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა. .

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.