აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ფოტოკონკურსი - „საერთო ტრადიციებით, საერთო მომავლისკენ“

პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის!

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ფოტოკონკურსს „საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ“. პროექტის  მთავარი გამოწვევაა ქვემოთ მოცემული საკონკურსო თემების ერთი კადრით გადმოცემა:

  1. წარმატებული აფხაზეთელები (მათი წარმატებული საქმიანობის წარმოჩენა)
  2. დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები
  3. როგორია „თქვენი გზავნილი“ ენგურს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის.
  4. თქვენი ხედვა ევროპულ სივრცეში ერთიანი საქართველოს იდეისა.
  5. საერთო ტრადიციებით საერთო მომავლისკენ

პროექტს ეყოლება ჟიური, რომელიც 20 საუკეთესო ფოტოს შეარჩევს და მათგან გამარჯვებულებს შემდეგ საპრიზო ნომინაციებში გამოავლენს:

  • პროექტის რჩეული (1500 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
  • საუკეთესო გზავნილი (800 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი)
  • ყველაზე კრეატიული (700 ლარის სასაჩუქრე ვაუჩერი) 

მონაწილეებისთვის მთავარი ამოცანაა ფოტო-კადრის, ე.წ. „მესიჯ ბოქსად“ გარდაქმნა და ენგურს მიღმა დარჩენილი თანამოქალაქეებისთვის გაგზავნა, როგორც სურვილი და ხედვა ჩვენი საერთო მომავლისა.
ყველა დაინტერესებულმა პირმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით.
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 31 ივლისი (31.07.20)

იხილეთ რეგისტრაციის ფორმა და საკონკურსო მოთხოვნები

ონლაინ კონკურსი ჟურნალისტებისთვის ,,ენგურს იქით სანაპირო“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს, სახელწოდებით  ,,ენგურს იქით სანაპირო.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე და ატვირთოს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ჟურნალისტური ნამუშევარი (სტატია, ესსე ან ვიდეო რგოლი).
ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა.  
პროექტის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.  I, II, III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები:
I ადგილი - 2000 ლარანი ვაუჩერი
II ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი
10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით და მათი ჟურნალისტური ნამუშევარი გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.
ჟურნალისტური ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ივლისი.

გაიარე რეგისტრაცია

ონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ონლაინ კონკურსს მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“, რომლის მიზანია ახალი სახეების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
კონკურსანტმა უნდა შექმნას ერთი ფერწერული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე და  წარმოადგინოს მაღალი ხარისხის ფოტო (მინიმუმ 300 პიქსელი რეზოლუციით).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე ნამუშევარს.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო ჟიური. კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდება კატალოგი. ასევე, ჟიურის მიერ შერჩეულ 10 მონაწილეს გადაეცემა საჩუქრები.
ყველა დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით:

გაიარე რეგისტრაცია

დავით ფაცაციამ შეიარაღებული ძალების ვეტერანი ანზორ დანელია მოინახულა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა, დავით ფაცაციამ, შეიარაღებული ძალების ვეტერანი, აფხაზეთში მებრძოლი ორი გარდაცვლილი შვილის მამა, ბ-ნ ანზორ დანელია მოინახულა და სასაჩუქრე კალათა გადასცა.
მინისტრის თქმით, მებრძოლი ბიჭები არ უნდა იყვნენ დავიწყებული: ,,შეუფასებელია თქვენი ოჯახის მსხვერპლი სამშობლოს მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად, რთულია შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტრაგედია, 21 და 28 წლის ორი ვაჟკაცი შვილის, ირაკლის და მამუკას გარდაცვალება, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, ყურადღება და სითბო არ მოვაკლოთ მათი ოჯახის წევრებს, მშობლებს და შვილებს".

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს გასაბჭოების შემდეგ არსებობა შეწყვიტა, მაგრამ არ განელებულა ქართველთა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 70 წლიანი ოკუპაციის შემდეგ 1991 წელს 9 აპრილს საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.
მჯერა, რომ ისტორიული კანონზომიერება სრულად აღდგება. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და სახელმწიფოს გაძლიერებით, შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას და ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!

 
23 მაისი „აფხაზეთის დღეა"

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.
მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და საქართველოს ეკლესიის, ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ასევე მინისტრი დ. ფაცაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს პატრიარქის ვედრებას:

"ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“.

დავით ფაცაცია საქართველოს მოსახლეობას 9 მაისს ულოცავს

დავით ფაცაციამ განსაკუთრებული მადლიერებით მიულოცა 9 მაისი ომის ვეტერანებს და საქართველოს მოსახლეობას.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია ულოცავს საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ყველა ვეტერანს ნაციზმზე და ფაშიზმზე გამარჯვებას.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, თანამშრომლებთან მორიგი ინტერნეტ-სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, 8 მაისს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მორიგი დისტანციური ინტერნეტ-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. არსებული სოციალური და მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ონლაინ შეხვედრები, პირველ რიგში მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ სამუშაოების გაგრძელებას და ამავდროულად, თანამშრომლების ჯამრთელობაზე ზრუნვას ემსახურება.
ონლაინ-შეხვედრისას, ასევე განიხილეს პროექტი ,,მშვიდობის ლაბორატორია“, რომლის ფარგლებშიც 15 მაისს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი  6 თვიანი ონლაინ ლექციები დაიწყება. სწავლება 3 საფეხურიანია, რაც მოიცავს  ბიზნესისა და  გიდებისთვის სპეციფიური ინგლისური ენის შესწავლას. პროექტს ახორციელებს საერთასორისო კულტსაგანმანათლებლო ცენტრი ბრიტანეთის ST Giles კემბრიჯის განათლების სახლთან პარტიორობით და სამინისტროს ოფიციალური ფინანსური მხარდაჭერით.

სასურსათო და სააღდგომო კალათა, მარჩენალდაკარგულ დევნილ ოჯახებს დაურიგდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ  ღონისძიების გატარების მიზნით, დასავლეთ საქართველოს რაიონებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულეს და მარჩენალდაკარგულ, ომის ვეტერან, უნარშეზღუდულ პირებს  სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი უერთდება ინიციატივას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი უერთდება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივას  COVID-19-ის  წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც, მინისტრმა, დავით ფაცაციამ განაცხადა, ის საკუთარი ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში გადარიცხავს. ინიციატივას, მინისტრის აპარატის თანამშრომლებიც შეუერთდნენ და გამოთქვეს სურვილი, თავადაც გადარიცხონ თანხა მოქალაქეების დასახმარებლად.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, შუღლი გვერდზე გადადონ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა დისკუსიების ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდეს, უნდობლობა და შუღლი გვერდზე გადადონ,  შეიკავონ თავი ანტაგონისტური რიტორიკისგან და ერთთობლივად იმუშაონ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე, განცხადების ავტორები მხარეებს მოუწოდებენ,  ყველაფერი გააკეთონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, განსაკუთრებით იზოლაციაში მყოფი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების დასაცავად.
იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯანდაცვაზე მათ გააჩნდეთ რთნაირი და თანასწორი წვდომა. ეს შეეხება წვდომას ტესტირებასა და მკურნალობაზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 31 მარტსა და პირველ აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა  გადაიდო მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო.

წყარო: netgazeti.ge;   twitter.com

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატში იურიდიული კონსულტაციისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების  შესაბამისად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის დავალებით, ნებისმიერ იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციისა და მომსახურეობისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი: (+995) 577 947 553;  (+995) 577 947 817
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, მინისტრის აპარატის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: justice@abkhazia.gov.ge 

საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირება მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან  ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც  ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას  მიიღებენ.  აფხაზეთიდან დევნილები, დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.

 

ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ICEC-ის მონაწილეობით დაიწყო პროექტი „ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები“. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას და კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში, ასევე უფასოდ, ენის სრულყოფის მიზნით, 1 თვით გაემგზავრონ ლიეტუვაში (სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე).
სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად გაიღებს ლიეტუვური მხარე, სტუდენტები კი სტიპენდიის სახით 570 ევროს მიიღებენ.
კურსის პერიოდში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებში, რაც მოიცავს შეხვედრებს ლიეტვური მთავრობის წარმომადგენლებთან, ელჩებთან და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ცენტრის სტუდენტები, რომლებიც გამოირჩევიან ცეკვისა და სიმღერის ნიჭით შესაძლებლობა ექნებათ 10 დღით გაემგზავრონ ლიეტუვაში სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ლიეტუვაში სტუმრობისას სტუდენტები ეწვევიან საქართველოს საელჩოს ვილნიუსში. მონაწილეობას მიიღებენ საელჩოების და სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებში.  ლიეტუვური ენის სრულყოფილად, კერძოდ ბ2 დონის ცოდნის შემთხვევაში სწავლების შემდეგ (დაახლოებით 1 ან 2 წლის ვადაში)  ისინი ჩაირიცხებიან ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე (სასურველ სპეციალობებზე უგამოცდოდ და მიიღებენ სტიპენდიებს). სამაგისტრო პროგრამებზე ცენტრის სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა (აფინანსებს ლიეტუვის მთავრობა). წარჩინებული კურსდამთავრებულებს   შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ლიეტუვაში.
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,  4 თვიანი ენის შემსწავლელი  კურსები დაიწყება 15 აპრილს და გარკვეული პერიოდის  განმავლობაში ჩატარდება ონლაინ.
რეგისტრაცია შესაძლებელია 10 აპრილამდე ქვემოთ მითითებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ მითითებულ მეილზე  - Salomedolidze16@gmail.com

ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 მარტიდან დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების  შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 მარტიდან გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე.

საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო საშუალებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას პრევენციული ზომების გასატარებლად როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისთვის  და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირების და   მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მოქალაქეებს ცხელ ხაზთან დაკავშირება შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან  ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც  ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას  მიიღებენ.  აფხაზეთიდან დევნილები დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.

ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 551 08 09 84, ბენეფიციარების განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contactus@mhsa.gov.ge.