აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
პრაღაში აფხაზეთის კულტურის დღეები იმართება

26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, პრაღაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014 („ბრილიანტის ხმები") ფარგლებში, „აფხაზეთის კულტურის დღეები" იმართება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პრაღაში ყოველწლიურად ტარდება და მასში ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის ინდივიდუალური შემსრულებლები და საესტრადო ანსამბლები მონაწილეობენ.

ფესტივალის ორგანიზატორის (სამოდელო სახლი NARIMODELS, ing. Iosef Cermak) და გენერალურ სპონსორების (Hotel TDP PRAGUE, Metropolitan District Prague 6, პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია Ekotekhnika CZ, Radio CZ-I და სხვ.), პატრონაჟით ფესტივალში წელს პირველად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციას მიაწვდიან ჩეხეთის პოლიტიკური, მედიის, კულტურის, სამეცნიერო წრეებისა და ჩეხეთში ქართული დიასპორის  წარმომადგენლებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, პრაღის მერიაში და კარლოვი-ვარის მხარის გუბერნატორთან.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა კატალოგის და ნამუშევრების გამოფენა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას „აფხაზეთის ისტორია" (ჩეხურ ენაზე) და ზურაბ ჯგუბურიას „ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში" წიგნების (ქართულ-რუსულ-ინგლისურ-ფრანგულ ენებზე) პრეზენტაცია-გავრცელება ფესტივალის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს შორის.

ფესტივალ Diamonds Voice-2014 -ის საერთაშორისო ჟიურის წევრთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

ქობულეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა„ლანცეტის" ორგანიზებით, დღეს, ქობულეთის ტურისტულ პოლიკლინიკაში აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციაში ასევე მონაწილეობდა თბილისის დევნილთა პოლიკლინიკა. გარდა ამისა, პაციენტებს ემსახურებოდა ზუგდიდის კლინიკა „ლაიფის" ონკოლოგი ბესიკ აბშილავა. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართული იყო კლინიკა „ლანცეტის" 16 დარგობრივი ექიმი.

გარდა სამედიცინო გამოკვლევებისა, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 17 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები, ასევე დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3 500-მა დევნილმა. ანალოგიური აქცია აფხაზეთიდან დევნილთათვის გუშინ ბათუმში ჩატარდა.

აქციის მიმდინარეობას უშუალოდ ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა, წლის ბოლომდე, მსგავსი გამოკვლევები კახეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვისაც ჩატარდება. მან მადლობა გადაუხადა აქციაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას და თითოეულ იმ დევნილს, რომელმაც მათი შეთავაზებული სერვისით ისარგებლა.

როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტში სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამა გათვალისწინებულია. მისი თქმით, ბიუჯეტში განსაკუთრებით გაიზრდება სახსრები დევნილთათვის უფასოდ დასარიგებელი მედიკამენტებისათვის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დევნილთა მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის აფხაზეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა და იქვე აღნიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები რეგიონში მოქმედ ჯანდაცვის ყველა სხვა პროგრამაშიც არიან ჩართულნი.

ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ლანცეტის“ ორგანიზებით, დღეს, ბათუმში, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში“ აფხაზეთიდან დევნილთათვის სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. აქციაში ასევე მონაწილეობდა თბილისის დევნილთა პოლიკლინიკა. გარდა ამისა, პაციენტებს ემსახურებოდა ზუგდიდის კლინიკა „ლაიფის“ ონკოლოგი ბესიკ აბშილავა. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია კლინიკა „ლანცეტის“ 16 დარგობრივი ექიმი.

გარდა სამედიცინო გამოკვლევებისა, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 17 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები, ასევე დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3 500-მა დევნილმა. ანალოგიური აქცია აფხაზეთიდან დევნილთათვის ხვალ უკვე ქობულეთში გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ბათუმში წარმოდგენილი იყო მაღალი კვალიფიკაციის 30 სპეციალისტი. მისივე თქმით, გამოვლინდა რამდენიმე საკმაოდ მძიმე პაციენტიც.

„აჭარაში ჩამოსვლა დიდი ხანია რაც დაგეგმილი გვაქვს, დევნილებიც რა ხანია გველოდებიან. მათი ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ჩვენი სამეცდიცინო ჯგუფი ფართო სპექტრით ყოფილიყო წარმოდგენილი. მაქსიმალურად შევეცადეთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება – წარმოდგენილია 30-მდე სპეციალისტი, რომელთა შორის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, არის ონკოლოგი, მამოლოგი, ანგიოლოგი. 

სამწუხაროდ, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, პაციენტებში გამოვლინდა მძიმე ონკოლოგიური შემთხვევები. ისინი დაკვალიანდნენ, გვეწვევიან თბილისში და მათ უფრო მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მკურნალობა გაეწევათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მედიკამენტებთან ერთად დევნილებს გადავცემთ ჩვენ მიერ შექმნილ საოჯახო პაკეტებს, რომელშიც შედის პირველადი სააფთაქო მოთხოვნა; ასევე ვარიგებთ ჰუმანიტარულ ტვირთს“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

ვახტანგ ყოლბაია კომპანია „ამბრის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია  ქართულ–უკრაინული კომპანია „ამბრის“ დირექტორს  რუსლან ხიმიჩს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის დარგში დევნილების დასაქმებისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთობლივი  პროექტები.

ვახტანგ ყოლბაიამ კომპანია „ამბრის“ წარმომადგენლებს ერთობლივი პროგრამების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. საქმიან შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთაც ორივე მხარე შეისწავლის და მათი რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ურთიერთშეთანხმების გზით მოახდენს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს განცხადება რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით

   რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის", შესახებ შეთანხმების მოსალოდნელი ხელმოწერით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, სუვერენული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზის ექვსპუნქტიანი დოკუმენტის ძირითადი მოთხოვნების უგულებელყოფას.

   ე.წ. ხელშეკრულების პროექტი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის საბაბით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის დაკანონების მცდელობას. მასში დეკლარირებული ვითომ საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვრის" ერთობლივი დაცვა, ერთიანი ძალოვანი სტრუქტურების ჩამოყალიბება და სხვა, სინამდვილეში ნიშნავს მდინარე ენგურთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გავლებას, საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსიფიკატორული პოლიტიკის დამკვიდრებას და, აქედან გამომდინარე, აფხაზური ეთნოსის გაქრობას.

   რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ბოლო წლების განმავლობაში ეწევა სახიფათო პოლიტიკას, როდესაც იგი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე სახელმწიფოების წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორად მის მიერვე ინსპირირებული ეთნოკონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ე.წ. სახელმწიფოებს იყენებს.

  მიუხედავად ქართული სახელმწიფოს თანმიმდევრული მცდელობისა კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანოს ორივე ქვეყნის ობიექტური ინტერესების საზიანოდ ჩიხში შესული ქართულ-რუსული ურთიერთობები, აღნიშნული ქმედებით მოსკოვი ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის კანონიერ მოთხოვნას, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.  ამით რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებას, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმდინარე პროცესს.

   „სამოკავშირეო ხელშეკრულების" გაფორმებით ეჭვქვეშ დადგება აფხაზი ერის ეთნიკურ-კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების პერსპექტივა, რასაც კარგად აცნობიერებს აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი. მან იცის ან უნდა იცოდეს, რომ  საქართველოს მთავრობის ძალისხმევა აფხაზი ხალხის კეთილდღეობასა და  ეროვნული იდენტობის  შენარჩუნებაზეა  მტკიცედ ორიენტირებული .

   რუსეთის  პოლიტიკურ წრეებში საჯაროდ აცხადებენ, რომ „ხელშეკრულება" თითქოს  ორ ქვეყანას - რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის იდება, რაც სინამდვილეს არ შეეფერება და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს მიიჩნევს მის განუყოფელ ნაწილად, საიდანაც გამოდევნილია მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. იგი ადასტურებს, რომ რუსეთი არღვევს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, არამედ,  ძირს უთხრის მომავალში საკუთარი ქვეყნის ერთიანობასაც, რაც, შესაძლოა, უფრო საშიში მადესტაბილიზირებელი ფაქტორი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის.

   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობა და უმაღლესი საბჭო, რომლებიც აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ნებას გამოხატავენ, მტკიცე პროტესტს გამოთქვამენ კრემლის მორიგი დესტრუქციული ქმედებების გამო. ჩვენ არასოდეს შევურიგდებით რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის მიტაცების ნებისმიერ მცდელობას. მოუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე, აამოქმედოს სათანადო მექანიზმები, რათა დაიცვას რეგიონული უსაფრთხოება, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა.

აფხაზეთის მთავრობის წევრები WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიოს ჩემპიონს გოგიტა არქანიას შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები აფხაზეთიდან დევნილ გოგიტა არქანიას შეხვდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ სპორტსმენს მსოფლიო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და საჩუქრად სმარტ ფონი გადასცა. გოგიტა არქანია პირველი ქართველი კარატისტია, რომელიც WKF-ის ვერსიით კარატეს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გერმანიის ქალაქ ბრემენში WKF ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა 120 ქვეყნის 1 000-მდე სპორტსმენი. საქართველოს ნაკრების წევრმა, აფხაზეთის მკვიდრმა (ქ. ოჩამჩირე) გოგიტა არქანიამ იასპარეზა 84 კგ. წონით კატეგორიაში. მან წარმატებით ჩაატარა ფინალამდე მისასვლელი ყველა ორთაბრძოლა, ფინალში 4:1 დაამარცხა იაპონიის წარმომადგენელი რიუტარო არაგა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

შეხვედრას საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და აფხაზეთის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ ჯახაია ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით აფხაზეთიდან დევნილ ვახტანგ ბერულავასა და ამრიდონ ჩეგიანს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცათ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენები გადასცსა 1986-1993 (26 სექტემბრამდე) წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ვახტანგ ბერულავასა და პოეტ ამრიდონ ჩეგიანს. ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ბერულავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების კომისიის საქმიანობაში. იგი სატრანსპორტო კომისიას ხელმძღვანელობდა და საგანგებო რეჟიმში უძღვებოდა ქალაქ სოხუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საპასუხისმგებლო საქმეს. საგანგებო რეჟიმში მომუშავე სოხუმში, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო ტრანსპორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას დაღუპვისგან უხსნია არა მარტო ათასობით თანამოქალაქე, რომელთა შორის მეტწილად ქალები და ბავშვები იყვნენ, არამედ ბრძოლის ველზე დაჭრილ-დასახიჩრებული, სისხლისგან თითქმის დაცლილი მეომრებიც. ვახტანგ ბერულავას ბოლო წუთებამდე არ დაუტოვებია მშობლიური ქალაქი.

ამრიდონ ჩეგიანმა გაგრის დაცემის შემდეგ, ალყაში მყოფ მშობლიურ სოფელი ოთხარაში, ჩამოაყალიბა ,,სოფელ ოთხარის ხსნის კომიტეტი" და თავად ჩაუდგა სათავეში, სადაც ქართველებთან ერთად გაერთიანდნენ სოფლის უხუცესი აფხაზებიც. ხსნის კომიტეტმა შესძლო კონტაქტის დამყარება გუდაუთის ხელისუფლებასთან, გაკეთდა ე.წ. სამშვიდობო დერეფანი, ტყვეობიდან განთავისუფლდნენ სოფლის ახალგაზრდები და ოთხარის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა გადაურჩა სრულ განადგურებას. იგი 16 პოეტური კრებულის ავტორია.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ორივე მათგანის კანდიდატურა ღირსების ორდენზე იმ გმირობებისთვის წარუდგინა, რომელიც მათ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების დროს გამოიჩინეს.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა

სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით „მაგთი კლუბში" აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სტუდენტებისთვის საზეიმო შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ახალგაზრდებს სტუდენტა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიულ განვითარებაში წარმატებები უსურვა.

საღამოს ასევე დედაქალაქის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის წარმომადგენელი ავთანდილ ბესელია, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი ივანე სეხნიაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ნათელა დოღონაძე , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში პირადი ღვაწლისათვის და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორები. წარმატებულ სტუდენტებს საღამოს ორგანიზატორებმა, სპონსორებმა და უნივერსიტეტების რექტორატმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ მომღერლები ნინი წიკლაური, სალომე ბაკურაძე და ახალაგზრდული „ჯაზ-ბენდი" საღამო კომპანიების : „მაგთის", „ლიბერთი ბანკის", „ავერსისა" და „ჯიპისის" მხარდაჭერით გაიმართა.

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებზე სიმინდის მოსავალი გადანაწილდა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა 15 ტონამდე სიმინდის მოსავალი მიიღეს. ათი ჰექტარი მიწის ფართობიდან მიღებული მოსავალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობას სარგებლობის უფლებით გადმოსცა თითოეულ ოჯახზე ერთი ტონის ოდენობით გადანაწილდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და შპს „მექანიზატორის" თანადგომით ზუგდიდის რაიონში ათი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე აგროტექნიკური სამუშაოები (ნიადაგის ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა, თესვა და კულტივაცია სასუქის შეტანით) განხორციელდა. პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი რადმენიმე დევნილი ოჯახი დასაქმდა.

ვახტანგ ყოლბაია ფოტორეპორტიორების ირაკლი გედენიძის, გია აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის ფოტოგამოფენას - "რეჟიმი ნიღბის გარეშე" დაესწრო

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ფოტორეპორტიორების ირაკლი გედენიძის, გია აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის ფოტოგამოფენა - "რეჟიმი ნიღბის გარეშე" გაიმართა, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერისა და 2011 წლის 26 მაისის გადაღებული 60 ფოტო იყო წარმოდგენილი.

გამოფენას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ფოტოგამოფენა აღნიშნულ პერიოდში რეპრესირებულ პირებს და იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების დროს დაიღუპნენ.

აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების ორგანიზებით გამწვანების აქცია მოეწყო

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო სამმართველოს ინიციატივით ქ. თბილისში №78 ბაგა-ბაღის ტერიოტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

აქცია ითვალისწინებდა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სკვერის გამწვანებას. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ლაშა ლაშხიას სახელზე გაშენებულ სკვერში ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და სოფლის მეურნეობის სატყეო სამმართველოს უფროსმა ჯუმბერ ბოიკომ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ომში დაღუპულის დედა ქალბატონი მზია ჯოჯუა.

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენის შესახებ იმსჯელეს

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ მსჯელობდნენ დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს წევრები,აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების სავალალო მდგომარეობასა და მათი დაცვა-რესტავრაცია-კონსერვაციისათვის გასაწევი სამუშაოების ჩატარებისა უცილებლობაზე იმსჯელეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ „ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ეს საკითხები დაფიქსირებულია და ყველა შეხვედრაზე განიხილება. ამ ფორმატში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი უნდა ჩასულიყო აფხაზეთში საკითხის შესასწავლად, მაგრამ მაშინ ჩაიშალა. საუბარი ამ თემაზე ისევ უნდა გაგრძელდეს".

ზემოაღნიშნული საკითხის ამომწურავად შესასწავლად, სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა და შეხვედრები დაიგეგმა.

თბილისის მერი ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის მთავრობის წევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემებსა და მათ გადასაჭრელად ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. რაიონების გამგებლებმა ის პრობლემური საკითხები წარადგინეს, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონში დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას ეხება.

გადაწყდა, რომ დევნილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემური საკითხების განსახილველად შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც თბილისის მერიის, აფხაზეთის მთავრობის, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ.

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ფოთის საკათედრო ტაძრიდან ქობულეთისა და ბათუმის საკათედრო ტაძრებში გადააბრძანეს

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ფოთის საკათედრო ტაძრიდან ქობულეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, შემდეგ კი ბათუმის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც პარაკლისი აღესრულა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, დევნილები და მომლოცველები დაესწრნენ. დღეს ამ ხატის ხსენების დღეა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ერთი წლის წინ, 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას თქმით:

„როდესაც ეს ხატი დაიწერა, უწმინდესმა ისურვა, რომ მან მოიაროს მთელი საქართველო, რადგან ის დაწერილია აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ პატრიარქის სურვილს. ხატმა უკვე მოიარა სამეგრელო, ახლა აჭარაში ვართ, ამის შემდეგ სხვა რეგიონებში წაბრძანდება. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მრევლს ამ ხატის ხსენების დღეს და მჯერა, რომ ეს ხატი გაგვიწევს მეგზურობას - აფხაზეთში ჩვენი დაბრუნებისა და აფხაზებთან შერიგების გზაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სექტემბრის ბოლოს, ხატი თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს. 5 ოქტომბერს კი ხატი ქუთაისიდან ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა (ჭანტურია) გადაიხადა. ხატის გადაბრძანება იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

31 ოქტომბერს გაიმართა აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომა შემდეგი შემადგენლობით:

1.ოთარ ჟორდანია - ცხუმ -აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ;

2 ოთარ ბენიძე - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ;

3. თემურ ჩილაჩავა - ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების" თავმჯდომარე ;

4. ორესტი (ზაურ) ბედია - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის საქველმოქმედო ფონდის „ თავმჯდომარე;

5. ირაკლი ბოკუჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის" თავმჯდომარე ;

6. მურმან ყოლბაია - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამურზაყანო"- ს თავმჯდომარე ;

7. მერაბ პაპასკირი - „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის" - სამხრეთ კავკასიის ბიუროს აფხაზეთის განყოფილების კოორდინატორი, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა ლიგის წევრი, თადარიგის პოლკოვნიკი ;

8. ნატო მარშანია - არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ-აფხაზური კავშირ „პირისპირის" წევრი ;

9. თამაზ გოგოხია -არასამთავრობო ორგანიზაცია „ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაციის" თავჯდომარის მოადგილე ;

10. ოთარ გუჯეჯიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახთა დახმარების ფონდ „დაბრუნების" წევრი ;

11. ზაზა დოლბაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობა XXI-ის (სოციალურად, ეთნიკურ-რელიგიურად დაუცველ პირთა და პატიმართა უფლებების დაცვის კავკასიის ფედერაცია) წევრი ;

12. ათანასე ოდიშარია - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების" წევრი ;

13. მზისადარ (ლორა) გადილია - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული სათათბიროს" წევრი, ექიმ-ორგანიზატორი ;

14. ვალერი დადვანი- არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისკენ" წევრი ;

15. მერაბ ჯიქია - არასამთავრობო ორგანიზაცია „ გზა აფხაზეთისკენ" წევრი ;

16.დალი ჯონჯუა - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ;

17. გურამ მაღლაკელიძე - საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი;

18. იგორ კოპალიანი - აფხაზეთის ა/რ მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე

19. ოთარ გარმელია - აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსი.

 სხდომაზე განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების" თავმჯდომარე თემურ ჩილაჩავა, მდივნად - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული სათათბიროს" წევრი მზისადარ (ლორა) გადილია.