აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია „კოსტაობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულ - „კოსტაობას" დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, ქართველი და ოსი საზოგადოების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მწერლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუმრები ვლადიკავკაზიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონის ქართული, ოსური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები და სხვა საპატიო სტუმრები.

„კოსტაობაზე" გაიმართა საზეიმო კონცერტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით. ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრმა წარმოდგენა მოაწყო. გაიმართა აგრეთვე ჭიდაობა და დოღი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული და ოსური ნაციონალური კერძები, რომლებიც სტუმრებმა დააგემოვნეს.

კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის" ინიციატივით გაიმართა.

ქალაქ ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივმა საბჭომ შეხვედრა გამართა

ქალაქ ფოთში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, „ქალაქ ფოთში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებრივი საბჭო", დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ დევნილთა და განსახლების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიურიი რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს, ფოთში, მალთაყვის ჩასახლებაში დევნილთათვის ბინების განაწილების საკითხები. ხაზგასმული იყო ის უმნიშნვნელო ხარვეზები, რაც ბინების განაწილების პროცესში გამოვლინდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს დიდი მადლობა გადაუხადეს იმ ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისათვის, რაც სამინისტრომ გამოიჩინა, როგორც დევნილების, ასევე არასამთავრობო სექტორის მიმართ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ასეთი აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ კიდევ ერხელ დაადასტურა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა სამინისტროსთან. ასეთი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მითუმეტეს რომ უახლოეს მომავალში ზუგდიდში 320 დევნილი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება. ამ ბენეფიციარების შერჩევისა და ბინების განაწილების პროცესში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები.

ბატონმა გია გვაზავამ, პრეზიდენტის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში გმირულად დაღუპული სამთავრობო დაცვის ოფიცერი, ლეიტენანტი ელგუჯა შარტავა.

აფხაზეთის მთავრობა ზუგდიდში დევნილებს სიმინდის მოსავლის აღებაში დაეხმარა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის სარგელობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი მოინახულა. 10 ჰექტარი ფართობის ნაკვეთზე პირველად დათესილი სიმინდის მოსავალი მოვიდა.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული იყო რამდენიმე ათეული ოჯახი და მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.

მოსავლის აღებაში მონაწილება მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპბულიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის თაბნამშრომლები.

„მშვიდობის მარათონი“-ს ფარგლებში ქართველი, აფხაზი და ოსი ბავშვები სლოვაკეთში გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და კომპანია „EUROCOM INVESTMENT" დაფინასნებით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქართველი, ეთნიკურად აფხაზი, ოსი და ბავშვები შერეული ოჯახებიდან „მშვიდობის მარათონის" პროექტის ფარგლებში სლოვაკეთის ქალაქ ბეშენოვაში ქუთაისის აეროპორტიდან დღეს გამთენია გაემგზავრებიან. პროექტი მხარდამჭერები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, თბილისის ვაკის გამგეობა, ქ. გორის მერია და მუნიციპალიტეტი.

ბავშვები დღეს, 23:00 საათზე, თბილისიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გააცილა.

ახალგაზრდულ დელეგაციას მასპინძლობას გაუწევს სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედი კომპანია „EUROCOM INVESTMENT"-ის დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე. ახალგაზრდული დელეგაციის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებსა და სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე პროექტის „ჩემი აფხაზეთი" და „ომის გარეშე" გამარჯვებული ბავშვები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015 მომავალი მონაწილეები და წარმატებული ხელოვანი ახალგაზრდები. 40 ქართევლი, აფხაზი და ოსი ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-სარელაქსაციო ღონისძიებებში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურათა შორის დიალოგს - ქართველი, აფხაზი და ოსი მოზარდების დამეგობრებასა და ახალგაზრდების როლის გაზრდას მშვიდობის მშენებლობაში.

დევნილი ბავშვები საქართველოში 21 ოქტომბერს დაბრუნდებიან.

ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქუთაისიდან ზუგდიდში გადააბრძანეს

27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა, თბილისიდან  ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ერთი კვირის შემდეგ, 5 ოქტომბერს ხატი ქუთაისიდან ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა (ჭანტურია) გადაიხადა.

ხატის გადაბრძანება იმერეთისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ორგანიზებით მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში გაეგმზავრა, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 29-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კვლავ ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება იქნება.

ქართული მხარე ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების საკითხსაც დააყენებს.

მოლაპარაკებები ჟენევაში 7-8  ოქტომბერს გაიმართება.

ვახტანგ ყოლბაია დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში - ლაშა შაყულაშვილს და კავკასიის ახალგაზრდული ალიანსის, აფხაზეთის ახალგაზრდული მთავრობისა და აფხაზეთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

ახალგაზრდობის დესპანი ოქტომბერში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეასა და გაეროს კომიტეტების სხდომებში, სადაც იგი სიტყვით გამოვა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე წამოჭრილ გამოწვევებზე ისაუბრებს.

ვახტანგ ყოლბაია აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 100 წლის იუბილეს დაესწრო

3 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, მეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადენიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანდრია აფაქიძე საქართველოს ძველი კულტურისა და კავკასიის ცივილიზაციის საკითხებზე მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შეიქმნა „საქართველოს არქეოლოგიის" პირველი საუნივერსიტეტო (1959 წ.) სახელმძღვანელო. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე თბილისის საპატიო მოქალაქე, რამდენიმე ორდენის კავალერი და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი იყო.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები და სხვა საპატიო სტუმრები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა უნარშეზღუდული ბავშვები მოინახულეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ „ჰერაში" იმყოფებოდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილი უნარშეზღუდილი ბავშვები მოინახულეს. ისინი კავშირ „ჰერაში" არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და უნარშეზღუდული ბავშვების პრობლემებს გაეცნენ. შეხვედრის ბოლოს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს“ მიერ 27 სექტემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირ „სამშობლოს" მიერ აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ვეტერანებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მესხმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ,  მწერალმა რევაზ მიშველაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებას მხატვრულად აფორმებდნენ თბილისის ილია მართლის სახელობის საპატრიარქოს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხორციელი ძმა, ბერი გიორგი გარდაიცვალა

30 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნატარესის ილია II ხორციელი ძმა, ბერი გიორგი (შიოლაშვილი) გარდაიცვალა.

ერისკაცობაში ვიქტორ შიოლაშვილი 1929 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახში მეექვსე შვილი იყო და, როგორც მის დიდ ოჯახს შეეფერებოდა, იწრთობოდა სულიერად, გამოირჩეოდა უდიდესი თავმდაბლობით და სიცოცხლის ბოლომდე მუდივად იჩენდა მზაობას სიკეთის საკეთებლად.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა, განამწესეს მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში და მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები მცხეთაში გაატარა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნატარესს ილია II ხორციელი ძმის, ბერი გიორგის გარდაცვალების გამო.

განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის #27 დადგენილების საფუძველზე, სსიპ ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის" საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის მიზნით ცხადდება განაცხადების მიღება შემდეგი პირობებით:

1. საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო (შემდეგში - სამეთვალყურეო საბჭო) შედგება 21 წევრისაგან, რომელთაგან 16 წევრი არის სამოქალაქო სექტორის, მათ შორის საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირი, 3 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პირი და 2 მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პირი.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა ან/და დევნილთა უფლებების დაცვა ან/და ჟურნალისტიკური საქმიანობა. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია მთავრობის აპარატს წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არაუმეტეს 2 კანდიდატურისა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენა სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის თაობაზე ინფორმაციის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები, კანდიდატის წერილობითი თანხმობა. მთავრობა უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს მთავრობისათვის ცენტრის განვითარების კონცეფციის წარდგენა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 4 წლისა.

საბუთების მიღება წარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში
მისამართი: ალ. ყაზბეგის 42. ;
ტელ: 2372265

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი სეგმენტის შემდგომი გაძლიერება და სრულყოფა კონფლიქტის დარეგულირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების საკითხში. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის დამყარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ. ასევე გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი ხონის სახედრო დასახლებაში. ცერემონიას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვამჯდომარე ჯემალ მებუკე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიება გაიმართა წყალტუბოშიც, გმირთა მემორიალი გვიგვინით შეამკეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარემ კონსტანტინე მამისეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ.

იმავე დღეს, ქუთაისის ხარების ეკლესიაში  თბილისიდან „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ხატი" ჩამოაბრძანეს, ხატის ჩამობრძანების პროცესს აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეგრელოს რეგიონში, სენაკის ცენტრალურ პარკში, ჟიული შარტავას ძეგლთან შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი  მუნიციპალიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, აფხაზეთის  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა სულების მოსახენებელი პანაშვიდი მამა მალხაზმა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარსა და სოფელ რუხის ეკლესიაში გადაიხადა. პანაშვიდს სამეგრელო ზემო სვანეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია და წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.

მინი-ფეხბურთში გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

26-28 სექტემბერს თბილისში, მინი-ფეხბურთში გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა, რომელშიც კომპაქტური ჩასახლებების დევნილთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირის ფინალური შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართა. I ადგილზე გავიდა გუნდი - თბილისის ზღვა „ქართლი", II ადგილზე გუნდი  - „ვაშლიჯვარი" ხოლო - III ადგილზე გავიდა გუნდი - თბილისის ზღვა „ოქროს საწმისი".

შეჯიბრებრში გამარჯვებული პრიზიორი გუნდები და სპორტსმენები დიპლომებით, მედლებით, თასებით და ბურთებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი მიზნად ისახავდა გენო ზარიას ხსოვნის უკვდავყოფას, აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის აქტიურ ჩაბმას ფიზიკურ კულტურასა და სპორტში, ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.

ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.