აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ბათუმში საერთაშორისო პროექტის „ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში საერთაშორისო პროექტის „ფეხბურთის ღია სახალისო სკოლები" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 200-მდე მოზარდმა მიიღო. დევნილ მოზარდებს საჩუქრად სპორტული მაისურები, კეპები და ბურთები გადაეცათ. ღონისძიება საზეიმოდ დახურა აფხაზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა, რომელიც საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალიდან ორი დღის წინ დაბრუნდა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ. პროექტი 1-ელ სექტემბერს დაიწყო და 5 სექტემბერს დასრულდება.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიისა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებისორგანიზატორია სახალისო სკოლების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ორგანიზაცია, ასევე საქართველოსა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციები.

ღონისძების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დევნილი ახალგაზრდებისთვის. მისივე განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა უკვე მუშაობს, რომ მსგავსი ღონისძიებები სხვა რეგიონებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებშიც ჩატარდეს. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ათენიდან ახლახანს დაბრუნებულ აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს.

„დღევანდელი დღე განსხვავებულია იმით, რომ ეს პროექტი საერთაშორისო სტრუქტურების მიერაა დაფინანსებული. მართალია ამ სახის პროექტში დევნილები უკვე მეორედ მონაწილეობენ, მაგრამ დღევანდელი აქცია ძლიან მასშტაბურია, რაც ძალიან მახარებს. აქ ხომ მხოლოდ ფეხბურთი არ იყო, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შერკინება, შეჯიბრი, ზრდის ახალგაზრდების მოტივაციას, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს აყალიბებს მათ ფსიქიკას, ავლენს იმ მისწრაფებებს, რომელიც მათ ქვეყანას, ოჯახებს გამოადგებათ, უწინარესად კი მათ წინსვლას შეუწყობს ხელს. თქვენ ნახეთ, რომ ამ ბავშვების წინაშე გამოვიდა აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, რომელიც ათენიდან ამ დილით ჩამოვიდა, სადაც ბრწყინვალედ დააგვირგვინა თავისი გამოსვლა საერთაშორისო ფესტივალზე. მე დამირეკა საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ბატონმა დავით ბაქრაძემ და დიდი მადლობა გადაუხადა ანსამბლის თითოეულ წევრს ბრწყინვალე ხელოვნების ჩვენებითვის. მათ ასახელეს საქართველო, აფხაზეთი და ჩვენ ამით ძალიან გახარებულნი ვართ; სამი დღის ნამგზავრმა ანსამბლმა აქ სულით და გულით უჩვენეს ბავშვებს თავიანთი ოსტატობა. მადლობა მინდა ვუთხრა ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, მადლობა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მურად ანჯაფარიძეს, ბატონ ვალერი ჭოლარიას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მესვეური იყო; მადლობა მინდა ვუთხრა ცეკვის ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს სერგო გეგეჭკორს, ასევე ბატონ თამაზ თევზაძეს რომელიც ამ პროქტის შემოქმედია,შედეგი კი შესანიშნავი. თქვენ ნახეთ თუ რა კმაყოფილი იყო ხალხი, მათ მადლობა გვითხრეს ჩვენ, ამ ღონისძების ორგანიზატორებს. მინდა, რომ ასეთი რამ დევნილთა სხვა ჩასახლებებშიც გაგრძელდეს, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ასეთმა პროექტებმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს, და ყველა დევნილის სახლში შემოვიდეს სიხალისის, წინსვლის და იმედის შუქი ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობაში ახალგაზრდა პიანისტი ანა ყიფიანი მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დღეს, ახალგაზრდა პიანისტი ანა ყიფიანი მიიღო. ვახტანგ ყოლბაიამ პიანისტს იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ანა ყიფიანის დედა არის აფხაზეთიდან. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო ახალგაზრდა პიანისტის მოღვაწეობას, მის მიღწევებს მსოფლიო სამუსიკო ასპარეზზე და  მუსიკოს პროფესიულ საქმიანობაში   წარმატებები უსურვა.

შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მაყვალა ბერიანიძე და ანა ყიფიანის მშობლებიც ესწრებოდნენ. მათ ანას სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრეს.

ანა ყიფიანი პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიის მე-3 კურსზე სწავლობს. ის არის პროფესორ ელისო ვირსალაძის სტუდენტი. მიღებული აქვს ვლადიმერ კრაინევის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გრამპრი, რუბინშტეინის სახელობის VII და ნორჩ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების პრემიები და ლაურეატის წოდებები. ის მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის, ანა ვერბიერის ფესტივალის გამარჯვებულია.

დღეს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანეზე" იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები. მათ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა სიმბოლურ საფლავებზე ყვავილები მიიტანეს.

ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფერაძე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ მებრძოლ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღესვე, საერთაშორისო „წითელი ჯვრის" კომიტეტის ორგანიზებით, ღონისძიება ასევე გაიმართა წერეთლის გამზირზეც, მუზეუმ „მოლოდინში", სადაც ომში დაკარგულ მებრძოლთა ფოტოები გამოიფინა. მუზეუმში შეიკრიბნენ ომში დაკარგულ მებრძოლთა დედები და ოჯახის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები.

დაკარგულთა დედებსა და ახლობლებს სიტყვით მიმართა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ამ ადამიანების წინაშე მთელი საქართველო ვალშია.

„ეს დღე ჩემთვისაც განსაკუთრებულია, რადგან ისევე როგორც ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა ჩვენი მთავრობიდან, აფხაზეთის ომი მათთან ერთად ჩვენც გამოვიარეთ. ბევრი თქვენგანის შვილებთან ერთად მოგვიწია ყოფნა. ყოველ მათგანთან დიდი თუ არა მცირე მოგონებები მაინც გვაკავშირებს. მოლოდინი დიდი ტვირთია, რომელსაც ჩვენც თქვენთან ერთად ვატარებთ, მაგრამ მოლოდინი მაინც იმედდთან ასოცირდება, რომელიც არასოდეს კვდება.

ომში ჩვენ საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ, რომელმაც საქართველოს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა. ჩვენ ვალდებული ვართ დედებს და ახლობლებს მხარში ამოგიდგეთ, შეგიმსუბუქოთ ის დიდი ტკივილი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებთ. ამ ტვირთს საქართველოსთან ერთად ატარებს დანარჩენი მსოფლიოც, რომელსაც ომების შედეგად დაღუპულებთან ერთად უამრავი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილი ჰყავს. დღევანდელი დღე ომში დაკარგულ მეომართა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელთა წინაშეც ჩვენ თავს ვხრით და პატივს მივაგებთ მათ უკვდავ სახელებს. ამ დარბაზში არიან შვილდაკარგული დედები. ქედს ვიხრი მათი თავშეკავების, მათი გამძლეობის, მათი გაუნელებელი ტკივილის წინაშე. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ და ვიქნებით მუდამ. არავის აქვს უფლება დაივიწყოს ის ჯოჯოხეთი, რაც ერთად გამოვიარეთ. არავის აქვს უფლება დაივიწყოს ჩვენი ვაჟკაცი მეომრები, დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები. მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ თქვენგანს, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მიჭირს თქვენთვის თვალის გასწორება, რადგან მე ცოცხალი ვარ, თქვენი შვილები კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულები. დიდი მადლობა ქალბატონ ნინელი ანდრიაძეს არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „მოლოდინის" ხელმძღვანელს და მის მეგობრებს, რომ ემსახურებიან ამ მეტად სათუთ საქმეს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილ ოჯახებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ოჯახებს  მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ტრადიციულად ომში დაღუპულ მეომართა დედებისათვის აფხაზეთის მთავრობაში მიღება გამართა.

მთავრობის თავმჯდომარე ყველას ინდივიდუალურად გაესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის საკითხებში მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის მოადგილე მანანა ანუა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრნენ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, კომპაქტურ ჩასახლებაში „კატასტროფის ცენტრ''-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და ომის ვეტერანთა ოჯახებს  სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება კვებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების სახით გადაეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მართვის საკითხებში მინისტრის აპარატის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტის ორგანიზებითა და კომპანიების „მეგაკო", „ჯისი", „ბარამბო", „ბორჯომი", „მარნისკარი" მხარდაჭერით მოეწყო.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ „ლანცეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ „ლანცეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის"გენერალურმა დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მოაწერეს. მემორადუმის გაფორმების ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი" მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამედიცინო გასვლით აქციებში.

სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის" პერსონალი უკვე მონაწილეობდა სამედიცინო აქციაში, რომლის ფარგლებში უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისათვის ჩატარდა, რისთვისაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის სამედიცინო პერსონალს მადლობის სიგელები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ათენის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა. გაცილების ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანიმონაწილეობდნენ.

ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს ათენის მე-4 საერთაშორისო ფესტივალზე „Earthdancers". აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 2008 წლიდან მოყოლებული, ტრადიციულად მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში. ანსამბლმა თავისი შემოქმედებით უდიდესი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა არამარტო ბერძენ მაყურებლებსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებში, არამედ აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებს შორისაც.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი აღნიშნულ ფესტივალზე დევნილობაში მყოფი ერთადერთი შემოქმედებითი კოლექტივია, რომლებიც  უმაღლეს დონეზე წარმოაჩენენ ქართულ-აფხაზურ ფოლკლორს.

ანსამბლის ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, მიუხედავად მიზერული დაფინანსებისა, ანსამბლი ღირსეულად წარმოაჩენს აფხაზეთს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი პოპულარული ანსამბლია, რა თქმა უნდა, უწინარესად საქართველოში. ის უკვე მესამედ მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ათენში ტარდება. ანსამბლი პოპულარულია, ნამდვილად პროფესიონალები არიან, კარგად აწყობილი კოლექტივია. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მას ჩვენი კულტურის სამინისტრო ბატონი დიმიტრი ჯაიანის ხელმძღვანელობით. გამოგიტყდებით, უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ანსამბლის საბერძნეთში გასამგზავრებლადფინანსური რესურსები მოგვეძიებინა. უკვე წლის ბოლოა და ასეთი ღონისძიებების დაფინანსება გვიჭირს. კიდევ კარგი, რომ ჩვენი ბიუჯეტი ივსება საქართველოს ბიუჯეტის მეშვეობით, ამის საშუალებით კი ვახერხებთ სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებოთ კოლექტივში ხელფასის თვალსაზრისით, არ არის სახარბიელო მდგომარეობა მათი ეინთუზიაზმი განუსაზღვრელია. ენთუზიაზმი და დევნილობაში მყოფი ერთადერთი ანსამბლის მოტივაცია, დაუმარცხებელი ძალაა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ღირსეულად იყოს წარმოჩენილი აფხაზეთი, დანარჩენი საქართველო და დევნილობაში მყოფი მოსახლეობა, რომელიც დღეს აფხაზეთის ტერიტორიას მოწყვეტილი, განაგრძობს ცხოვრებას. სიცოცხლე გრძელდება, აფხაზეთი  კვლავაც საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას და მოღვაწეობას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დევნილობაში მყოფ არაერთ კულტურულ ორგანიზაციას მეურვეობს.

„საერთოდ,  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი სამინისტრო მეურვეობს ორ თეატრს და ორ ანსამბლს. გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრს და მოზარდთა თეატრს. სიმღერისა და ცეკვის ერთ ანსამბლზე უკვე გესაუბრეთ, ასევე მეორე, მეორე შესანიშნავ კოლექტივს, რომელსაც კაპელას ვუწოდებთ. ჩვენ გვაქვს სამუსიკო სკოლები, მუსიკალური სასწავლებელი, ქორეოგრაფთა ჯგუფები, სამხატვრო სკოლა. ერთი სიტყვით, ჩვენ ვცდილობთ დევნილ მოსახლეობას, მის ახალგაზრდულ ნაწილს საკუთარი ნიჭის გამოვლენის ყველა შესაძლებლობა მიეცეს. ამას კი ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივები შესანიშნავად ახერხებენ. მიხარია, რომ ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოპულარულები, ავტორიტეტულები  და მოთხოვნადი შემოქმედებითი კოლექტივებია", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სასტუმრო „ბახტრიონში“ ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო „ბახტრიონში" მცხოვრები დევნილებისთვის მორიგი სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო აქცია, რომელიც ამჯერად ქ.თბილისში (გლდანის რ-ნი, წყალსადენის ქ.N7) აფხაზეთიდან დევნილთათვის მოეწყო, მონაწილეობა მიიღეს დევნილთა პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტებმა. დევნილებს ადგილზე ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და სამინისტროს წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

დევნილებს დანიშნულებისამებრ გადაეცათ უფასო მედიკმამენტები. სასტუმრო „ბახტრიონში" 400-მდე დევნილი ოჯახია რეგისტრირებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება

საინფორმაციო საშუალებებში და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მალხაზ ბასილაი არ მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

ის არ არის დეპარტამენტის თანამშრომელი და არანაირი კავშირი არა აქვს აფხაზეთის მთავრობის აპარატის საინფორმაციო სამსახურთან.

ქვემო ქართლში მცხოვრები დევნილებისთვის სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

დღეს, ქვემო ქართლში მცხოვრები დევნილთათვის სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. სამედიცინო აქციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებიდან: თერაპევტმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, აგრეთვე ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილმა სპეციალისტმა, ექიმ-ლაბორანტმა, დერმატოლოგმა. დევნილებს ასევე ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე პროგრამების შესახებ. მათ ასევე  გადაეცათ ჰუმანიტარული ტვირთი და მედიკამენტები.

სოფ. ვაზიანში 500-მდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის  85 ბავშვია რეგისტრირებული.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუს მიიღო. ვახტანგ ყოლბაიამ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თურქეთის ახალ პრეზიდენტად რეჯეფ ტაიპ ერდორანის არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ თურქმა დიპლომატმა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს არაღიარების პოლიტიკასთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის მოსახლეობის მონაწილეობის არმიღებაზე. ასევე, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის პროცესში თურქეთის მხარის პოზიტიურ როლსა და ჩართულობის მზადყოფნაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განიხილეს თურქეთში მიმდინარე სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურული პროექტებში დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხები და სახალხო დიპლომატიის პროცესში ქართული და აფხაზური დიასპორის ჩართვის აუცილებლობა. თურქეთის ელჩმა აფხაზეთის მთავრობას პირობა აღუთქვა, რომ აქტიურად იქნება ჩართული დიალოგის აღდგენის პროცესში და ხელს შეუწყობს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობით ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას თურქეთის რესპუბლიკაში.

აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 22 წლის თარიღთან დაკავშირებით, ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც აფხაზეთის ჯანდაცვის მინისრტრის ქეთევან ბაკარაძისა და კლინიკა ,,ენმედიცის" ვაკის ფილიალის ხელმძღვანელის ხათუნა გარდაფხაძისა ორგანიზებით მოეწყო.

გამოკლვლევები „ენმედიცის" ვაკის ფილიალში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც დევნილებს დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ, ასევე მათ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ნევროპათალოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი მოემსახურნენ.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინსიტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარი იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 22 წელი შესრულდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 22 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი ,,საქართველოსთვის'' ყავავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც სამინისტრო დგას.

მხარეები, დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ნატოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს ანჯეი კლიმჩიკს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავხტანგ ყოლბაიამ საქართველოში ნატოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ანჯეი კლიმჩიკი მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს დევნილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებასა და დაფინანსების საკითხებზე. ვახტანგ ყოლბაიამ ანჯეი კლიმჩიკს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.