აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფთან ერთად, იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქ.ქუთაისში, წყალტუბოში, კოპიტნარსა და ქ.ხონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. აქციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ცანავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი ზაზა ჩაჩავა.

ღონისძიების მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა ადგილზე, ასევე დევნილთა კონტიგენტის (5-წლამდე; 5-დან 16-წლამდე და 16 წელს ზემოთ) დაზუსტება და განსაზღვრა.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა კომიტეტების წარმომადგენლებს და გააცნეს ინფორმაცია, რომელიც 20-22 ივნისსს დაგეგმილ გასვლით სამედიცინო გამოკვლევას უკავშირდება. მომავალ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალპროფესიონალ ექიმთა ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ჩაატარებენ ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს.

უფასო სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები დედოფლისწყაროში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჩაუტარდათ

7 ივნისს დედოფლისწყაროში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ამჯერად დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ტარდება.

აქცია დედოფლისწყაროს რაიონის ცენტრალურ პოლიკლინიკაში დილის 10 საათიდან დაიწყო. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევა კლინიკის მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფმა ჩაუტარა, ასევე უფასოდ გაიცა მედიკამენტები.

მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულთა დედებს, ბორჯომსა და ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უკვე ჩაუტარდა.

ზუგდიდში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ინიციტივით დევნილი ბავშვებისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და აფხაზეთიდან დევნილ პატარებს 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

კონცერტზე ბავშვებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. მოეწყო აფხაზეთის შესახებ კლიპის პრეზენტაცია. მოზარდებს საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომპანია "როშენის" მხარდაჭერით მოეწყო.

პრივატბანკის ორგანიზებით სპარტაკიადა ფერხბურთსა და კალთბურთში გაიმართა

31 მაისს, პრივატბანკის ორგანიზებით სპორტომპლექს „დუშეთის" ტერიტორიაზე ფერხბურთსა და კალთბურთში კომპლექსური სპარტაკიადა გაიმართა.

სპარტაკიადაში პრივატბნაკის თანამშრომლებისა და კლიენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სპორტულ ტურნირზე კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდები წარადგინა.

აფხაზეთის მთავრობის გუნდებმა კალათბურთის ტურნირში I ადგილი დაიკავეს, ხოლო ფეხბურთში II ადგილის მფლობელი გახდნენ.

ვახტანგ ყოლბაია წყალტუბოსა და ხონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წყალტუბისა და ხონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. ყოლბაია ამ ქალაქებში ზუგდიდიდან გაემგზავრა, სადაც უკვე მეორე დღეა, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დევნილთა უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. ყოლბაია წყალტუბოში შეხვდა პანსიონატ „საქართველოში", „მეგობრობაში", „სამგურალში", ახალ დასახლებასა და ახლად რეაბილიტირებულ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს, ხონში კი სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ის ადგილზე გაეცნო დევნილთა პრობლემებს, დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და მათთან ერთად იმსჯელა ამ პრობლემათა მოგვარების გზებზე. მისივე თქმით, არის საკითხები, რომელიც ძალიან მალე უნდა გადაწყდეს. ამ საკითხების მოგვარებას  შესაბამის სამსახურებთან ერთად ის უახლოეს დღეებში შეუდგება.

„გუშინ და დღეს შეხვედრები მქონდა წყალტუბოსა და ხონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. მე მათთან თვენახევრის წინაც ვიყავი და  მინდოდა მენახა რა კეთდებოდა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ეს ძირითადად ეხება ბინების დაკანონების საკითხს, კეთილმოწყობის სამუშაოებს, საცხოვრებლების გადახურვას. ამასთან დაკავშირებით შემუშავებული გვაქვს ახალი წინადადებები. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ის ხალხიც, ვინც დევნილთა ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორის ჩვენი რეგიონალური მართვის სამინისტრო - აპარატის ხელმძღვანელი კოტე კუჭუხიძე და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვაძაბია. შევხვდით დევნილთა ადგილობრივი მმართველობის საინიციატივო ჯგუფებს. ჩამოვწერეთ ყველა ის საკითხი, რომლებიც აუცილებელ, გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებს. ესენია  გაზმომარაგების საკითხი, კეთილმოწყობა, ბინების დაკანონება. ეს პრობლემები რამდენიმე უწყებას ეხება და მე დევნილებს პირობა მივეცი, რომ თბილისში ჩასვლისთანავე დავსვამ საკითხს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან და მათთან ერთად მოვძებნი ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს. შეუძლებელი არაფერია, მაგრამ დევნილებმაც იციან, რომ არის საკითხები, რომლებსაც გრძელვადიანი მიდგომა სჭირდება და არის საკითხები, რომლებიც დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს და ოპერატიულად, უახლოეს დროშიც შეიძლება  მათი მოგვარება", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო.

საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, სადაც ქართული ესტრადის მომღერლებმა მარიკა თხელიძემ, თიკა ჯამბურიამ, ბოკა კვეკვესკირმა და დიტო ქისიშვილმა იმღერეს. ბავშვებმა მომღერლებთან ერთად სიმღერებიც შეასრულეს. მოზარდებს ტკბილეული დაურიგდათ.

130 დევნილ ბავშვს უმასპინძლა კინოთეატრებმა „ამირანმა" და „რუსათველმა". ბავშვები ანიმაციური ფილმების ჩევნებას დაესწრნენ.

დღესვე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 50 მოზარდი „ბომბორას" პარკს სტუმრობდა. მათმთაწმინდის პარკი დაათვალიერეს და მთელი დღის განმავლობაში პარკის სხვადასხვა ატრაქციონზე გართობის საშუალება მიეცათ.

დევნილ ბავშვებს შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულმა თეატრმაც უმასპინძლა. მოზარდები წარმოდგენას „უფლისწული და მათხოვარი" დაესწრნენ.

გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მუშტაიდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 200 მოზარდისათვს მუშტაიდის პარკში გაიმართა გასართობი პროგრამა-კონცერტი. დევნილი ბავშვებისთვის ასევე უფასო იყო პარკში არსებული ატრაქციონები.

ასევე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საბავშვო სტუდია „გვირილას" მიერ გამართულ კონცერტს თბილისის ზღვაზე კომპაქტურ ჩასახლებაში  მცხოვრები 50 მოზარდი დაესწრო.

ღონისძიებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და კომპანია  „ნატახტარისა" და „ბარამბოს", კინოთეატრების „ამირანისა" და „რუსათველის", შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციისა და საბავშვო სტუდია „გვირილას" მხარდაჭერით მოეწყო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისათვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. სამოცი დევნილი ბავშვი ნოდარდუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთ ათეატრისა და საბავშვო თეატრ „მეორე სახლის" წამოდგენებს დაესწრო. მოზარდებს საჩუქრები დაურიგდათ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 40 დევნილ ბავშვს 1 ივნისსაც უმასპინლებს.

დღესვე, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე  მანანა ანუა ლილოში ჩასახლებულ აფხაზ მოზარდების ესტუმრა, დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა

ღონისძიებაკომპანია „ბარამბოსა"და „მეგაკოს", ასევე ნოდარდუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა დასაბავშვო თეატრ „მეორე სახლის"მხარდაჭერით ჩატარდა.

ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილთათვის მორიგი სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა („ვექტორი" და „ფაიფურის ადმინისტრაციის შენობა") და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სოფ. ინგირის საერთო საცხოვრებელი), აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ორდღიანი სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ტარდება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებიან.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობენ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ-სპეციალისტები. კერძოდ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტები, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი. დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სამეგრელოში მსგავსი სახის გამოკვლევები უკვე მეოთხედ ტარდება, შემდეგ კი აქცია იმერეთში, აჭარასა და თბილისში გადაინაცვლებს.

„დღეს და ხვალ ზუგდიდში უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება. ეს აქცია რიგით მეოთხეა სამეგრელოში. ზუგდიდში  დაპირებისამებრ მეორე აქცია იმართება, რადგან ამ ქალაქში განსაკუთრებით დიდია დევნილთა რაოდენობა. ამ გამოკვლევებს ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების წყალობით წარვმართავთ. სამეგრელოს რეგიონში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ამჯერად ამით სრულდება. შემდეგი აქციები გვექნება იმერეთში, აჭარასა და თბილისში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მთელი თავისი შემადგენლობით ატარებს ამ აქციას. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი ღუდუშაურის ცენტრს და განსაკუთრებით ბატონ ელგუჯა გოცირიძეს, რომელიც მყისიერად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და გამოგვიგზავნა შესანიშნავი პროფესიონალები, რომლებიც ჩვენი სისტემის სპეციალისტებთან ერთად ამ წუთებშიც ატარებენ გამოკვლევებს ზუგდიდის ენგურკომბინატის დასახლებაში. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზუგდიდის სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ტრანსპორტირების საკითხებს უგვარებენ ჩვენი წარმომადგენლობის მუშაკები. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ვფიქრობ, დღის ბოლომდე და ხვალ, კიდევ უფრო მეტი ხალხი გაივლის უფასო სამედიცინო შემოწმებას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

საერთაშორისო კვლევით ცენტრში მრგვალი მაგიდა თემაზე - „აფხაზეთი - გამოწვევა და ახალი მიდგომები“ გაიმართა

დღეს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევით ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობა"-ს ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „აფხაზეთი-გამოწვევა და ახალი მიდგომები", რომლის ფარგლებშიც ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრას, ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, სამოქალაქო თანხმობის და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი ლელა გულედანი, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მიმისტრის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველი გიორგი ქაჯაია, ექსპერტი მამუკა არეშიძე და აფხაზეთის თემათიკაზე მომუშავე სხვა ექსპერტები, ასევე აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილეს მრავალმხვრივი დიპლომატის საკითხეების გააქტიურება საზოგადოებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ დონეზე, სამშვიდობო ინიციატივების გააქტიურობა და სისტემური კვლევების ჩატარება მშვიდობის გზების მოძიების  მიმართულებით.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაცია, რომ ჩამოყალიბდეს უახლოეს პერიოდში ტერიტორიული მთლიანობისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კოალიცია. ასევე, შეხვედრის ორგანიზატორების მიერ იქნა ინიციერებული მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლების ცენტრის დაარსება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც იმუშავებს სტრატეგიულ კვლევებზე. მონაწილებმა სურვილი გამოთქვეს სისტემური ხასიათი მიეცეს მსგავს შეხვედრებს.

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის „სხვა საქართველო სად არი?!“ პრემიერა შედგა

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტალურ სცენაზე კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა. თეატრალურმა დასმა რეჟისორ მერაბ ყოლბაიას სპექტაკლი „სხვა საქართველო სადარი?!" წარმოადგინა.

სპექტაკლში თავმოყრილია გამოჩენილ პოეტთა ლექსები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს, ქალ-ვაჟთა ტრფიალს, თავისუფლებისადმი სწრაფვასა და საქართველოს ორი ძირძველი კუთხის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უდიდეს ტრაგედიას ეხება. ინსცენირებაში ჩართულია აფხაზ პოეტთა ლექსები.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოსა დეპუტატები დაესწრნენ.

სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს შორის არიან მერაბ ყოლბაია, პაატა ვახტანგიშვილი, რამაზ ხომასურიძე, ნინო შავგულიძე და მარიამ ყოლბაია.

დამდგმელი მხატვარია თეო კუხიანიძე; მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქიას ეკუთვნის, ვოკალი ვეზდენ ოკუჯავას, სასცენო მოძრაობის პედაგოგიკი ირაკლი ბიბილურია.

საქართველოს საპატრიარქოს და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა.

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით ეს დღე „აფხაზეთობის" დღედ დადგინდა.

„აფხაზეთობის" დღეს, სხვადასხვა ღონისძიებები მიეძღვნა.

პირველი ღონისძიება გმირთა მოედანზე გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის სხვა წევრებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან ის მოქალაქეებიც მივდნენ, რომლებმაც აფხაზეთის ომში ახლობლები დაკარგეს.

„აფხაზეთობის" ტრადიციის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ თარიღად სვიმონ კანანელის ხსენების დღე შეირჩა.

„ეს თარიღი ჩვენთვის გლოვის, ტირილის, სულიერი განცდების დღე იყო მუდამ. მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენი პატრიარქის ბრძნული სიტყვები: ტირილს, გლოვას, თავისი ვადა აქვს. დროა ახალ მომავალზე ვიზრუნოთ, რომელიც ჩვენ თავად უნდა შევქმნათ. 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე - „აფახაზეთობა" ერთნაირად ეკუთვნის აფხაზებს და ქართველებს. ამიერიდან ეს დღე დღესასწაულის, ზეიმის დღედ უნდა ვაქციოთ. სხვაგვარად ჩვენ წაგებული აღმოვჩნდებით. ეს დღე, სხვა განწყობას შექმნის, სხვა მოლოდინს გააჩენს, ქართველებშიც და აფხაზებშიც. ახალ შუქს შეიტანს ჩვენი კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. ასეთი სიბრძნისა და წინდახედულებისთვის ჩვენ ყველანი უდიდეს მადლობას მოვახსენებთ პატრიარქს.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს უკავშირდება. ის ერთ-ერთია 12 მოციქულთაგან, რომელსაც ქალწულმა მარიამმა საქადაგებლად საქართველოში, აფხაზეთში ჩამოსვლა დაავალა. სვიმონ კანანელი პირველი საუკუნეების 50-იან წლებში აფხაზეთში მოღვაწეობდა და მისიის შესრულების შემდეგ სხვაგან წასვლა აღარ ისურვა, აფხაზეთში დარჩენა მოიწადინა. მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ქართველებს და აფხაზებს იმ მშვენიერ კუთხეში ერთად ეცხოვრათ, ერთად მოქცეულიყვნენ ქრისტიანებად. თავისი მისია სვიმონ კანანელმა ბრწყინვალედ შეასრულა და აღესრულა კიდეც აფხაზეთში. მისი განსასვენებელიც აფხაზეთშია. წმინდანის საფლავზე აგებული ახალი ათონის მონასტერი კი ჩვენი, აფხაზების და ქართველების ერთობის გვირგვინია. ამიტომაც აბსოლუტურად კანონზომიერია და ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ პატრიარქმა აფხაზეთის დღე იმ მოციქულის სახელს დაუკავშირა, რომელმაც აფხაზეთისათვის, საქართველოსთვის იღვაწა, იტანჯა და ღვთით მადლცხებული აღესრულა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მომავალი წარსულით იქმნება...

გმირთა მემორიალიდან „აფხაზეთობის" აღნიშვნამ ბავშვთა ქალაქ „მზიურში" გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ღირსეული წარმომადგენლების მემორიალი გაიხსნა. ქვაზე 13 პიროვნების სახელი და გვარია ამოტვიფრული: დიმიტრი (არზაყან) ემხვარი, ილია ვეკუა, აკაკი ჩხენკელი, გიორგი შარვაშიძე, ამბროსი ხელაია, დიმიტრი გულია, ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, ვიტალი დარასელია, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი (ჟორა) სიჭინავა. ეს ადამიანები დევნილ მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში სოციალური ქსელების მეშვეობით ატარებდა.

მემორიალი საზეიმოდ გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სტუმრებმა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგიელმ გოგი ფაცაციამ, ასევე ილია ვეკუას, ზურაბ სოტკილავას, არზაყან ემხვარის, ვიტალი დარასელიას ნათესავებმა და ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა სიომა ბარქაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები. საზოგადოებას წარუდგინეს მემორიალური ქვის ავტორი მოქანდაკე ზურაბ კოკაია.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ქვაზე ამოტვიფრულია ისეთი ადამიანების გვარ-სახელები, რომლებზეც ვერც ქართველს და ვერც აფხაზს აუგი ვერ დასცდება. მათ თავიანთ მხრებზე ატარეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობა.

„ეს იმდენად სათუთი თემაა, რომ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია სრულიად გასაგებია ჩვენთვის. იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ზედმეტი ვნებათაღელვა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოკითხვა სოციალურ ქსელებში ჩაგვეტარებინა. დასახელებული იყო 50-ზე მეტი გვარი. აქედან, ყველაზე მეტი ხმა იმ გვარების წილად მოვიდა, რომლებიც შემდეგ მემორიალურ ქვაზე ამოიტვიფრა. ეს ის ხალხია, რომლებმაც თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელის სადიდებლად. ამ თვალსაზრისით, ისინი გლობალური, პლანეტარული მასშტაბის ფიგურები არიან. ეს ეხება ხელოვნებას, მეცნიერებას, ჯანდაცვას, სპორტს, საზოგადოებრივ მოღვაწეობას. გამოკითხვაში დასახელებული ყველა პიროვნება ძალიან ღირსეული და დასაფასებელია, მაგრამ საზოგადოებამ ისეთი ხალხი შეარჩია, რომელნიც მაღალი ჰუმანისტური იდეებით მუდამ გამოირჩეოდნენ. ეს ის ხალხია, რომელთა მიმართ, ვერც ქართველს და ვერც აფხაზს აუგი ვერ დასცდება. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის წინსვლაში მათ ლომის წილი უდევთ. ბუნებრივია, შეიძლება გარკვეული კითხვებიც დაისვას, უკმაყოფილების განცდაც იყოს. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქვაზე ამოტვიფრული გვარ-სახელების შერჩევისერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ქართულ-აფხაზური ურთიერთობებია, მისი ისტორია და მომავალია. სწორედ ამას ქადაგებს მუდამ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქიც ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

მისივე თქმით, იგი სრულიად იზიარებს საზოგადოების აზრს, შერჩეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, თუმცა პირადად ის მაინც დაუმატებდა რამდენიმე გვარს.

„ეს ჩემი არჩევანი არ არის, ეს გამოკითხვის შედეგებია. ყველანი ხედავთ, ხალხმა ვის მიანიჭა უპირატესობა - მსოფლიოში განთქმულ ქირურგს, გამოჩენილ ტენორს, საქვეყნოდ აღიარებულ სპორტსმენებს, ოლიმპიურ ჩემპიონს, აფხაზური ანბანის შემდგენელს, ცნობილ პოეტსა და მთარგმნელს, აფხაზეთის მთავრობის პირველ თავმჯდომარეს. სიმართლე გითხრათ, ამ სიას 2-3 კაცს კიდევ დავუმატებდი, - მაგრამ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობა სამართლიან გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რასაც უმრავლესობა ვიზიარებთ", - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

ღონისძიების ბოლოს, იქ მისულმა საზოგადოებამ მემორიალური ქვა წითელი მიხაკებით შეამკეს.

დღის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. საპატრიარქოს მხარდაჭერით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით „აფხაზეთი" გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სასულიერო პირებმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის „აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ" კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

Abkhazia News

23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით  23 მაისს „აფხაზეთობა" აღინიშნა.

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის" დღედ დადგინდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა:

09:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარში, მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

დღესვე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედებმა და დევნილმა საზოგადოებამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

13:30 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურში", ქვების ხეივანში, დაიდგა აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია აფხაზეთის მკვიდრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, სასულიერო პიროვნების, სპორტსმენების, მწერლების, ხელოვანების და მედიცინის მუშაკების სახელები.

ქვის მემორიალი საზეიმოდ გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სტუმრებმა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, შერგებისა და  სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგიელმ გოგი ფაცაციამ, ასევე ილია ვეკუას, ზურაბ სოტკილავას, არზაყან ემხვარის, ვიტალი დარასელიას ნათესავებმა და ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიამ. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა. შესრულდა ქართულ-აფხაზური სიმღერები. მემორიალური ქვა მოქანდაკე ზურაბ კოკაიამ შექმნა.

აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა საზოგადოებრივ გამოკითხვას დევნილ მოსახლეობაში, რათა გამოევლინათ აფხაზეთის საზოგადოების ყველა დროის გამოჩენილი პიროვნებები. ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა 13 პიროვნება: დიმიტრი (არზაყან) ემხვარი, ილია  ვეკუა, აკაკი ჩხენკელი, გიორგი შარვაშიძე, ამბროსი ხელაია, დიმიტრი გულია, ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, ვიტალი დარასელია, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი (ჟორა) სიჭინავა.

საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიაქროს ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციის შემდგომ აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის „აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ" კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დღეს ესტონეთის დელეგაცია სტუმრობდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დღეს ესტონეთის დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის წევრებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი შეხვდნენ.

ვიზიტი დაგეგმილი იყო პროექტის „ხარისხიანი განათლება სოციალური რისკის ბავშვებისათვის" ფარგლებში, რომლის მიზანია ურთიერთთანამშრომლობით ესტონეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც მიზანმიმართულია ბავშვებზე ორიენტირებული განათლების დანერგვის ხელშესაწყობად. პროექტის მიზანი თანხვედრაშია იუნესკოს მიზნებთან „განათლება ყველასათვის" და მილენიუმის განვითარების მიზნებთან - განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა.

ესტონური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ესტონეთის საელჩოს, აფხაზეთის მთავრობის, ორგანიზაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება"-სა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, ორგანიზაციის „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება" ხელმძღვანელმა ლაშა მკურნალიძემ და თბილისში ესტონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ სვენ სიჰრვატიმ.

პროექტში ჩართულნი არიან შემდეგი ქვეყნები: ესტონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია და საქართველო. პროექტის პარტნიორია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. პროექტის ფარგლებში 2014 წლის 24-25 მაისს დაიწყება პირველი სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

შეხვედრაზე პროექტის მიმართულებების შესახებ და მასში აფხაზეთის სკოლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, განათლების ექსპერტმა, ქალბატონმა ბელა კოპალიანმა.

23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა

ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები:

09:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძარში, მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს. 

11:00 საათზე, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

13:30 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ქვების პარკში დაიდგმევა აფხაზეთის გამოჩენილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია აფხაზეთის მკვიდრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, სასულიერო პიროვნების, სპორტსმენების, მწერლების, ხელოვანების და მედიცინის მუშაკების სახელები.

ღონისძიებას საზეიმოდ გახსნის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. შესრულდება ქართულ- აფხაზური სიმღერები.

აფხაზეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა საზოგადოებრივ გამოკითხვას დევნილ მოსახლეობაში, რათა გამოევლინათ აფხაზეთის საზოგადოების ყველა დროის გამოჩენილი პიროვნებები. ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა 13 პიროვნება: დიმიტრი (არზაყან) ემხვარი, ილია ვეკუა, აკაკი ჩხენკელი, გიორგი შარვაშიძე, ამბროსი ხელაია, დიმიტრი გულია, ლეო ბოკერია, ზურაბ სოტკილავა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე, ვიტალი დარასელია, ვიქტორ სანეევი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი (ჟორა) სიჭინავა.

15:00 საათზე კი საპატრიარქოში  აფხაზეთისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მოეწყობა. კონფერენციის შემდგომ აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორის ია მაისაიას სიმღერის "აფხაზეთო საქართველოს მშვენებავ" კლიპის პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის „ქართული პერიოდული პრესის მასალები“ 1900-1921 წწ. ( აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა) პრეზენტაცია გაიმართა

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნის „ქართული პერიოდული პრესის მასალები" 1900-1921წწ. (აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა) პრეზენტაცია. წიგნის შემდგენელი და რედაქტორია - ირაკლი გელენავა.

ღონისძიებას აფხაზეთის განათელბისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი უძღვებოდა.

პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

წიგნის გამოცემით ხელი შეეწყობა 1900-1921 წლების აფხაზეთში განათლებისა და კულტურის ისტორიის კვლევის გაძლიერებას, მთელი რიგი ისტორიული მომენტების ობიექტურად შესწავლასა და დაზუსტებას. მეცნიერულ ბრუნვაში შემოვა ასობით ახალი დოკუმენტი/პირველწყარო.

აღნიშნული წიგნი გადაეცემა ყველა მსხვილ წიგნსაცავს და საგანმანათლებლო-კვლევით დაწესებულებებს, ასევე აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების ბიბლიოთეკებს.

წიგნი გამოცემულია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინიტროს ადამიანური რესურსის გამოყენებით.