აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართა. შეჯიბრი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი იური ოსოპოვი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურნირში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის (ვლადიკავკაზი) და ქუვეითის 200-მდე უცხოელმა სპორტსმენმა.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მესამედ გაიმართა და შეჯიბრი ფარიკაობის სამივე სახეობაში (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდა.

ხმალში პირველ ადგილზე გასული, აფხაზეთიდან დევნილი ლუკა ლომინაძე და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გიორგი მასხულია დიპლომებითა და სიგელებით ვახტანგ ყოლბაიამ დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულებს სიგელები და დიპლომები გადასცა აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ეზუგბაიამ.

საპრიზო ადგილებზე გასულ ყველა სპორტსმენს თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა არჩილ გოგელიამ, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონმა იური ოსოპოვმა და პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბენდელიანმა.

ტურნირის მიზანია, ფარიკაობის, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა.

სენაკში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 10 და 11 მაისს ქ. სენაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ტარდება.

დევნილების სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობას იღებენ აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წამყვანი ექიმები, კერძოდ: კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ქირურგი, უროლოგი, ექოსკოპისტი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი და სხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები.

აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

10 მაისს, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე, აფხაზეთის მთვარობი წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

2 დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევა სენაკში მცხოვრებ 2000-მდე დევნილს ჩაუტარდება. ღონისძიებებს ერთჯერადი ხასიათი არ ექნება, მომავალშიც გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს.

აფხაზეთის მთავრობამ მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკო

9 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინით შეამკეს. მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქეთევან ბაკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ოთარ გოგოხიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.

მელიტონ ქანთარიამ 1945 წლის 30 აპრილს ბერლინის აღების შემდეგ რაიხსტაგზე ფაშისტური დროშა ჩამოაგდო და საბჭოთა დროშა აღმართა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ, ქანთარია აფხაზეთში ცხოვრობდა. სოხუმის დაცემის შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მელიტონ ქანთარია მის მშობლიურ ჯვარში, მისსავე სკოლის ეზოში დაკრძალეს. მოგვიანებით კი ამ სკოლას მელიტონ ქანთარიას სახელი ეწოდა.

აფხაზეთის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის მიღება გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის მიღება გამართა.

ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ უმასპინძლა. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.დევნილ ვეტერანებს დღევანდელი დღე აფხაზეთის მთვრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმაც მიულოცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ ვეტერანებს ქვეყნის ისტორიაში მათი განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და ღვაწლისთვის, მათი გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვებას ჩვენს ვეტერანებს. ეს გამარჯვება კაცობრიობის დიდი მონაპოვარია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა დღეს ჩვენთან არიან წარმომადგენლები იმ დიდი არმიისა, რომლებმაც 69 წლის წინ საქართველო დატოვეს და ომში გმირულად იბრძოდნენ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მოვეფეროთ და ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანებს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს თავიანთი პატრიოტიზმით, სისხლით, შრომით, ტკივილით, ჭრილობით, გმირობით, საოცარი განცდით და ეს ყოველივე საქართველოს კეთილდღეობას მოახმარეს"- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის მთავრობამ „პრივატბანკი"-ს მხარდაჭერით ვეტერანებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. ყველა მათგანს ასევე კომპანია „ბარამბოს" ტკბილეული, კომპანიების „ბორჯომი"-ის, „ნატახტარი"-ის, „სანტე"-სა და „გაგრა+"-ის მიერ მოწოდებული სასმელები დაურიგდა.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში, გამოჩენილი აფხაზი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის პრემიების ლაურეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ძიძარიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.

სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომაზე მოხსენებით პროფესორი ოთარ ჟორდანია წარსდგა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.

ასევე, აფხაზე მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრეს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, პროფესორებმა გიორგი ანთელავამ, ზურაბ პაპასქირმა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ვაჟა შენგელიამ.

ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიკოსთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ძიძარიას 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა

5 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის მთავრობა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, პროგრამა ითვალისწინებდა შეხვედრებს კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლების და ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ საზოგადოებასთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, თემის წარმომადგენლებთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დროს ყურადღება იქნა გამახვილებული არსებულ და ახალ შესაძლებლობებზე, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს დევნილი თემი, მისი ნებისმიერი წევრი.

ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

ღონისძიების პარალელურად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, დარიგებულ იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში", ორგანიზაცია „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის" მიერ გამოცემული საგანმანათლებლო საინფორმაციო მასალები.

ხელი მოეწერა მემორანდუმს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლასა და აფხაზეთის #1 საჯარო სკოლას შორის. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დევნილ სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხარაგაულის რაიონის რესურს ცენტრი, ახალგაზრდული ალიანსის საინიციატივო ჯგუფ, ტრიო „ბრავო", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM),ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" და ზუგდიდის განათლების რესუსრს ცენტრი.

ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

კლინიკა „ენმედიცის" მორიგი სამედიცინო აქცია დევნილი მოსახლეობისთვის. ამჯერად უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ქ. ბორჯომში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჩატარდა.

გამოკვლევებს კლინიკის მაღალპროფესიულ ექიმთა ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში სანატორიუმ „მთის ხეობაში" ატარებდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები გაიარეს.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრო.

ვახტანგ ყოლბაია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელი ვახტანგ ყოლბაია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის „ალმამატერის" სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, მთავარი თემა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებებზე, სახალხო დიპლომატიის როლსა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში სტუდენტების აქტიურად ჩართვის პროცესზე. ასევე, ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სახელმწიფო პერსპექტივებსა და ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეზისზეც ისაუბრა, ასევე აფხაზეთში 1992 წლამდე არსებულ ვითარებასა და ომის შემდგომ განვითარებული მოვლენებსაც შეეხო.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა ქართველმა ხალხმა უნდა შესძლოს აფხაზებთან ურთიერთბების აღდგენა, ამისათვის კი საჭიროა ნდობის მაღალი ხარიხსი და ჩვენ ყველაფერ უდნა გავაკეთოთ მის მოსაპოვებლად.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტების დასმულ კითხვებს  ამომწურავად უპასუხა.

დიმიტრი გულიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით დიმიტრი გულიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაზე დეპარტამენტის თანამშრომლებმა 120 ძირი მარადმწვანე მცენარე „ტუია"-ს ნერგი დარგეს.

ღონისძიებაში სატყეო სამმართველოს სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

გამწვანების აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარეობს

22 აპრილს , აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, www.hr.gov.ge გამოცხადდა კონკურსი სამინისტროს 11 სხვადასხვა თანამდებობაზე. შეიქმნა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ქეთევან ბაკარაძე - აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ნოდარ ჯალაღონია - აფხაზეთის ა/რ მთავრობის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;  კომისიის წევრები: მარინა დარახველიძე - საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კობა ყალიჩავა - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, შალვაწულეისკირი - აფხაზეთის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, ირმახარშილაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეაკაჭარავა - არასამთავრობო ჰუმანიტარული ფონდის „აფხაზეთი", ფსიქოლოგი.

სულ შემოვიდა 175 განცხადება, საიდანაც პირველ ეტაპზე გადავიდა 53 კონკურსტანტი. წერითი ტესტირება ჩატარდა 29 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღო 50 კონკურსანტმა (3 არ გამოცხადდა). საკონკურსო კომისიამ კონკურსანტებს აცნობა მეორე ეტაპის შედეგები. 

შექმნილია საპრეტენზიო კომისია, რომელიც 2 დღის ვადაში განიხილავს შემოსულ საპრეტენზიო განცხადებებს.

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და კომპიუტერის შემსწავლელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და კომპიუტერის შემსწავლელ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ და შ.პ.ს „ინტელექტ-ცენტრის" დირექტორმა დავით ნიკოლაიშვილმა, შ.პ.ს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დირექტორმა გიორგი ებანოიძემ, სასწავლო ცენტრ „ერთობის" დირექტორმა ჟუჟუნა ტიტვინაძემ, ტრენინგ-ცენტრ „NB"-ს დირექტორმა ნათია ბირჩაძემ  მოაწერეს.

მემორანდუმი დევნილი ბავშვისთვის საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსის გავლას ითვალისწინებს. კურსების დამთავრების შემდეგ ბავშვებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების საგანმანათლებო დონის ამაღლება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა შევიდა

2014 წლის 29 აპრილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის სათათბირო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.

საბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.

საბჭოს შემადგენლობაში კვლავ რჩებიან ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, სსიპ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი, სახაზინო სამსახურის უფროსი, დავების განხილვის, ასევე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების უფროსები, დეპარტამენტების უფროსები, სამინისტროს ბიუროს ხელმძღვანელი.

საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, მინისტრის მთავარი მრჩეველი ზაზა მიქავა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის თანახმად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ექნება შესაძლებლობა უსასყიდლოდ ისარგებლოს საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით და ასევე ბიბლიოთეკათშორისი მომსახურეობის აბონემენტით, თავის მხრივ ეროვნული ბიბლიოთეკა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს ერთობლივ პროექტებს.

დიმიტრი ჯაიანმა მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ამ მემორანდუმით ეროვნული ბიბლიოთეკა საოცარ საქმეს აკეთებს საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, ისტორიისთვის, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის საჯარო სკოლები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ხელშეწყობას".

პირველი ერთობლივი ღონისძიება 5 მაისს ქალაქ ზუგდიდში იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთის საჯარო სკოლებს წიგნები გადაეცემათ, რაც საგრძნობლად გაამდიდრებს სკოლების მწირ ბიბლიოთეკებს და ხელს შეუწყობს მოზარდებში კითხვისა და ზოგად საგანმანათლებლო პროცესისადმი ინტერესის გაღვივებას.

გულრიფშიდან დევნილ, უსინათლო მერი სისაურს საჩუქრად პიანინო გადაეცა

ლილოს დასახლებაში მცხოვრებ სისაურების ოჯახს დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუმრობდა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ქართველი მომღერლის გიგი დედალამაზიშვილის ოჯახის მხარდაჭერით გულრიფშიდან დევნილ, უსინათლო მერი სისაურს საჩუქრად პიანინო გადაეცა.

მერი სისაურის სურვილი იყო საკუთარი პიანინო ჰქონოდა, რისი შეძენის საშუალება მის ოჯახს არ გააჩნდა. დევნილმა გოგონამ რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს თავისი სურვილი გაანდო და დახმარება სთხოვა.

მერი სისაური ავლაბრის უსინათლოთა სკოლაში სწავლობს. ის ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებსა და ფორტეპიანოზე დაკვრას  ეუფლება.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მძლეოსნობაში ვიქტორ სანეევის სახელობის ტურნირი ჩატარდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო აფხაზეთის მკვიდრის, ლეგენდარული მძლეოსნის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის - ვიქტორ სანეევის სახელობის ტურნირი მძელოსნობაში.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებმა, 1996-2001 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე მძლეოსანმა.

ტურნირის მიზანია მძლეოსნობის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და აფხაზეთის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება.

ტურნირი პირად პირველობაზე გოგონებსა და ვაჟებს შორის მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდა (სამხტომი, ბირთვის კვრა, სიგრძეზე ხტომა, 4 ჭოკით ხტომა, რბენა 600 და 800 მ)

ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა.

დაჯილდოების შემდეგ, ვახტანგ ყოლბაიამ გამართული ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ ღონისძიების მესვეურთა წყალობით, აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს დამსახურებით, ძალიან კარგი სპორტული დღე ჩატარდა. მადლობას მოვახსენებ მათ ამისთვის. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას იმისათვის, რომ დღეს ეს დარბაზი დაგვითმო და ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება მოგვცა. მიხარია და ვამაყობ, იმით, რომ დღეს ასეთი სპორტული პოტენციალი დაგვანახა აფხაზეთიდან დევნილმა მძლეოსანთა ჯგუფმა. ამ ბიჭებს და გოგონებს, მართლაც აქვთ დიდი მომავალი, გახდნენ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. ისინი უკვე არიან ჩამოყალიბებული პიროვნებები და სპორტსმენები. სპორტი, როგორც ცნობილია, ზრდის პიროვნებას, უღვივებს მას პატრიოტულ გრძნობებს. სპორტი აყალიბებს ისეთ ადამიანს, რომელიც ქვეყანას გამოადგება. სპორტისთვის და სპორტსმენისთვის საზღვრები არ არსებობს. წარმატება არღვევს ყველა ბარიერს, ყველა საზღვარს, ყოველგვარ წინააღმდეგობას, ყველანაირ ჩაკეტილობას და წამის მონაკვეთში ხდება მსოფლიოსთვის ცნობილი პიროვნება. ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ასეთი სპორტული ჟინით გაჟღენთილი ახალგაზრდები ვიხილეთ. ამიტომ, მე მივესალმები თითოეულ მონაწილეს, დღეს ყოველი მათგანი გამარჯვებული იყო. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო შეჯიბრების თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით საპრიზო ადგილების მფლობელებს, მადლობა ყველას, ვინც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა", - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მსგავს ღონისძიებებს ა/რ მთავრობა მომავალშიც ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ მუშაობას სპორტის სხვადასხვა სახეობის აფხაზეთის ფედერაციებთან. შესაძლოა რამდენიმე სახეობა გამოვყოთ და პრიორიტეტულად მივიჩნიოთ. ძნელია ერთბაშად ყველას და ყველაფერს მივხედოთ, მაგრამ შევეცდებით, რომ ასეთი მონაცემების მქონე ბავშვები ყველა სახეობაში გამოვარჩიოთ და გზის გაკვლევაში დავეხმაროთ- დღეს მძლეოსნობა, მანამდე ჭიდაობა, შემდეგ ძიუდო; ძალიან სერიოზული მიღწევებია კალათბურთში, ფეხბურთში. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. დღეს მაცნობეს, რომ ფარიკაობაში ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე თურქეთში, აფხაზეთის წარმომადგენელმა საპრიზო ადგილი აიღო. ჩვენ მიღწევები გვაქვს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგრამ ამას ორგანიზება, მეტი ფინანსების ჩადება სჭირდება. შევეცდებით ეს ფინანსები როგორც ჩვენში, ისე მეცენატებში მოვიძიოთ, რათა უფრო მეტი შევძლოთ და გავაკეთოთ", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვიტალი ბენდელიანის განცხადებით, „9, 10 და 11 მაისს გაიმართება ტურნირი ფარიკაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. ვთვლი, რომ დღევანდელი ღონისძიებით ჩვენი მიზანი შესრულებულია. ვფიქრობ, მალე გვეყოლება აფხაზეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას", -აღნიშნა ბენდელიანმა.