აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები კონსული შიროკი ტოკუნაგა და გრანტების კონსულტანტი თაე იამამოტო ესტუმრნენ. სტუმრებმა კალოუბნის 16-ში მდებარე შენობის მეორე და მესამე სართულები დაათვალიერეს, სადაც დევნილთა სამედიცინო დაწესებულებები (შ.პ.ს. საოჯახო მედიცინის ცენტრი, შ.პ.ს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა კონსულტაცია, შ.პ.ს. ოფთალმოლოგიური კლინიკა და შ.პ.ს. ზემო აფხაზეთის საავადმყოფო) და აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა განთავსებული. მათ ყურადღება გაამახვილეს ამ დაწესებულებების დატვირთვაზე და დაინტერესდნენ პაციენტების მომართვების რაოდენობით.

საელჩოს წარმომადგენლებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძესთან ერთად განიხილეს ასევე, სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის „ექვთიმე თაყაიშვილი-მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ღვთისკაცი" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილმა, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსწავლეებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სადახლოსა და კაჩაგანის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, მამხუტისა და ქვემო არქევანის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონისა და თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის და თბილისის #218-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დიპლომები გადაეცათ. გამარჯვებულებმა დიპლომებთან ერთად საჩუქრები მიიღეს.

პროექტის მიზანია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრენ.

ღონისძიება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და კინოცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებით მოეწყო.

აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, ასევე შესრულდა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. შეკრებილმა საზოგადოებამ პოეტის სახელობის სკვერში ყავავილებით შეამკო მემორიალური დაფა „უვიწყარა" და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ხსოვნას.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქარუმ წერეთელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საღამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანებისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

23 დეკემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდს ახალი განყოფილება „Abkhazia News“ დაემატება

„ინფორმირებული მოქალაქეები ქვეყანას აერთიანებენ"

23 დეკემბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდს ახალი განყოფილება „Abkhazia News" დაემატება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სიახლეების გასაცნობად www.abkhazia.gov.ge-ზე შევა, „Abkhazia News"-ის ღილაკის საშუალებით შესაძლებლობა ექნება საინფორმაციო განყოფილებაში გადაინაცვლოს. ეს სიახლეა, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს აფხაზეთის მთავრობის ვებ-გვერდზევე მოიძიოს ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ. აქვე იხილავთ მასალებს პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სიახლეებზე, ასევე, ანალიტიკურ სტატიებს, ინტერვიუებს, ექსკლუზიურ ინფორმაციებს. „Abkhazia News"-ის განყოფილების მუშაობის მთავარი პრინციპებია აბსოლუტური დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, მხოლოდ პირველწყაროსთან შემოწმებული ინფორმაციების გავრცელება. „Abkhazia News" დაეყრდნობა საქართველოსა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოების საუკეთესო გამოცდილებასა და აღიარებულ სტანდარტებს.

„Abkhazia News"-ის ადმინისტრაცია

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ანიმაციური ფილმის „ინდაურები“ 3D ფორმატში უფასო ჩვენებას დაესწრნენ

რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით დევნილი ბავშვები ანიმაციური ფილმის „ინდაურები" 3D ფორმატში უფასო ჩვენებას დაესწრნენ.

ფილმის ჩვენება კინოთეატრ „რუსთაველში" გაიმართა და მას 30-მდე მოზარდი დაესწრო.

ამჯერად დევნილი ბავშვები „134 ყოფილი ბაგა-ბაღი კ. 4ა" და „ტექნოსერვისი"-ს კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან შეირჩნენ.

მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალში თბილისის სხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები ბავშვებისთვისაც ჩატარდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გაფართოებული სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ.

სხდომა ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ გახსნა. შეხვედრაზე აფხაზეთის ფედერაციის აღმასკომმა 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

სხდომაზე 2014 წლის სამუშაო გეგმა დამტკიცდა, რომელიც ითავლისწინებს ,,დევნილთა შორის ფეხბურთის განვითარების პროგრამა''-ს, მინი-ფეხბურთში ტურნირების ჩატარებას და სხვა სახის სპორტულ ღონისძიებების გამართვას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთიდან დევნილთა შორის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო წიგნში „აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის მემატიანე" იქნენ შეყვანილი.

აფხაზეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აღმასკომის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის პრიორიტეტია დევნილი მოზარდებისთვის სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

აფხაზი პოეტის თეიმურაზ ხაჯბას ლექსების კრებულის „აფხაზის ლექსები“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტoნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და შავი ზღვის ეკოლოგთა კავშირის ორგანიზებით, აფხაზი ეროვნების ახალგაზრდა პოეტის თეიმურაზ ხაჯბას ლექსების კრებულის „აფხაზის ლექსები" პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლის გიორგი ჟიჟიბაიას ნახატებიც.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტინომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წიგნის პრეზენტაცია აფხაზეთის ავტინომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამა" ფარგლებში მოეწყო.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვდნენ

17 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის მთავრობის უმაღლესი შემოქმედებითი ჯილდოს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.

2013 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ: ნატო მარშანია - წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი", ტიტე მოსია - წიგნისთვის „გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობა", მანონი ბულისკერია - ლექსების კრებულისთვის „ნედლი ნამხრევი", თეიმურაზ გვანცელაძე - წიგნისთვის „აფხაზური ენა, სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება", „ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, აფხაზურ-ქართული ლექსიკონი" (2 ტომად).

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატებს დიპლომები და ფულადი ჯილდო 3000 ლარი გადაეცათ.

დაჯილდოვების ცერემონიალს აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სურამში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 17 დეკემბერს, წმინდა დიდ მოწამე ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, დაბა სურამში მდებარე სანატორიუმებში („სურამი", „მზიური" და „გსმ") ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება დაურიგდათ.

აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და ომის ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა კვების პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები  მიიღო. დევნილებს ასევე საჩუქრად სადღესასწაულო ხატები გადაეცათ.

საქველმოქმედო აქცია რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კომპანიების - „მეგაკო"-სა და „ჯისი"-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში გაემგზავრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი გაიმართება. ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 17-18 დეკემბერს გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი გამყოფ ხაზთან მიმდინარე მოვლენები იქნება. საუბარი ასევე შეეხება დევნილთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებს.

ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა

16 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში.

შეჯიბრში 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ყველაზე ნორჩ მოჭადრაკეებად 7 წლის თამარ სურგულაძედა გიორგი მეგრელიშვილი დასახელდნენ.

საპრიზო ადგილების გამარჯვებულები გახდნენ  ვაჟთა შორის თორნიკე ნასარიძე (I ადგილი), გიორგი ლეთოდიანი (II ადგილი), თევდორე ჭელიძე (III ადგილი), ხოლო ქალთა შორის ელენე შელია (I ადგილი), ანა შელია (II ადგილი) და ეთერ წიტაიშვილი (III ადგილი).

გამარჯვებულები თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციისგან საჩუქრად წიგნები გადაეცა.

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა „თეთრი ტალღა“-მ უმასპინძლა

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვები სპეკტაკლის - „რეპეტიცია"-ს უფასო ჩვენებას დაესწრო.

რეჟისორ დავით კობახიძის სპეკტაკლის ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

საქველმოქმედო აქცია ამჯერად, თბილისის ვანის ქ.№7 ში მდებარე კომპაქტური ჩასახლების ობიექტში მცხოვრები 25-მდე დევნილი მოზარდისთვის მოეწყო.

ღონისძიება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის" სამხატვრო ხელმძღვანლის მიხეილ რატიანის მხარდაჭერით გაიმართა.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, მსგავსი სახის ღონისძიებები პერმანენტულად მომავალშიც გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შევხდა

აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზებზე, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემებზე, დევნილი ახალგაზრდობისთვის საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფორმაციები გაცვალეს და მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვიტალი დარასელიას გახსენება

1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, ოჩამჩირის მკვიდრი ვიტალი დარასელია. მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელ დანაკლისად იქცა ქართული ფეხბურთისათვის.

ვიტალი დარასელია იყო ნიჭიერი, მოაზროვნე ფეხბურთელი, რომელიც ბურთის ფლობის საუკეთესო ტექნიკით გამოირჩეოდა.

ვიტალი დარასელია თბილისის „დინამოში" (1975-82 წწ) 17 წლის ასაკში ჩაირიცხა და უმოკლეს დროში მის განუყოფელ ნაწილად იქცა."დინამოს" შემადგენლობაში მან 273 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა.

დარასელიას და საერთოდ ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება უკავშირდება 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებას - მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დარასელიამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც თბილისის „დინამომ" იენას (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) „კარლ ცაისი" დაამარცხა და უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა.

ვიტალი დარასელია იყო უამრავი რეგალიის მფლობელი, მათ შორის სსრკ-ს ჩემპიონი, ვერცხლის მედალოსანი და 1981 წლის უეფას თასების მფოლბელთა თასის მფლობელი.

ვიტალი დარასელიას სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო

12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, ქართველი ერის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო მწერალი, ჭეშმარიტი მამულიშვილი ჭაბუა ამირეჯიბი.

ჭაბუა ამირეჯიბის სამწერლო მოღვაწეობა 1960 წლიდან დაიწყო, ჟურნალ „მნათობში" იგი გახლავთ ავტორი გენიალური ნაწარმოების - „დათა თუთაშხია", ასევე მრავალი მოთხრობების, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების, სცენარების, სტატიების კინემატოგრაფიის საკითხებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხადებს განსვანებულის ოჯახს.