აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
გურამ ოდიშარიამ და ვახტანგ ყოლბაიამ გამოჩენილი აფხაზი მწერლის დიმიტრი გულიას რეაბილიტირებული ძეგლი გახსნეს

14 თებერვალს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას რეაბილიტირებული ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.

ძეგლი გვირგვინით შეამკეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

მწერლის სკულპტურა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაზიანებული, ცნობილმა რესტავრატორმა ელდარ ციციშვილმა აღადგინა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.

აფხაზი მწერლის დიმიტრი გულიას დაზიანებული ძეგლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აღდგა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

2014 წელი დიმიტრი გულიას 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო წელია.

ვახტანგ ყოლბაია დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჩართულობიდან დემოკრატიამდე", ინიციატივით დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა, რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დევნილთა განსახლების, რეგისტრაციის მიმდინარეობის, დასაქმებისა და „ლიბერთი ბანკის" სამეგრელოს ფილიალებთან კომუნიკაციის სრულყოფის  საკითხებზე ისაუბრეს.

„დადებითად ვაფასებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობას, რომელიც გაცილებით ეფექტურს გახდის მიღებულ შედეგებს," - განაცხადა შეხვედრაზე  ვახტანგ ყოლბაიამ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ვასილ ხორავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ოთარ გოგოხიასთან ერთად სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა.

შეხვედრისას განიხილული იქნა კონკრეტული საკითხები და სოციალურ-ეკონომიკური პროექტები დევნილებთან მიმართებაში. ასევე დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი ოჯახების კეთილდღეობას და მათთვის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.

ვახტანგ ყოლბაია „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაციის" გამგეობის წევრებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. დიალოგი გაიმართა პარლამენტში მესამე მოსმენით გასულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონპროექტში ცვლილების თაობაზე. ასევე, დევნილთა სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით წარმოშობილ, რიგი პრობლემების მოგვარების საკითხებზე. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერაზეც ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა დევნილებისთვის დასაქმების ხელშეწყობისა და მათთვის სხვა აქტუალური საკითხების მოგვარების გზებზე.

შეხვედრის დასასრულს ვახტანგ ყოლბაია და არასამთავრობო ორაგნიზაციის წარმომადგენლები მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატთან ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. ვახტანგ ყოლბაია საბჭოს შექმნის იდეას მიესალმა და ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში წარმატებები უსურვა.

საკონსულტაციო საბჭოს მიზანი სახალხო დიპლომატიის  გააქტიურება, აფხაზებთან ნდობის აღდგენა, მათთან პირდაპირი დიალოგის გამართვა  და კავშირების გაძლიერება იქნება.

საბჭო გააერთიანებს იმ აფხაზებს, რომელებიც დაინტერესებულნი არიან ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენით.

საკონსულტაციო საბჭო აქტიურად ითანამშრომლებს მთავრობასთან, ასევე ჩამოაყალიბებენ ერთობლივ სამუშაო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმებს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან ერთად.

შეხვედრაზე, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ლელა გულედანმა წარადგინა მინისტრის აპარატის დებულება, რომელიც დამუშავების პროცესშია და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტის საბოლო სახის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრნატორს ლევან შონიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გუბერნატორთან შეხვედრისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ბასარიამ სამეგრელოში ჩასახლებული დევნილების პრობლემებსა და მათთვის დახმარების გაწევის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაისახა სამომავლო გეგმები და ამ გეგმების ერთობლივად განხორციელების გზები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან საუბარი მქონდა დევნილთა პრობლემებზე და მათთვის სხვადასხვა დახმარების გაწევის შესაძლებლობებზე. მინდა გითხრათ, რომ შემუშავდება სხვადასხვა პროექტები, რომელშიც დევნილები ჩაერთვებიან და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენ ასევე ერთობლივად ვიზრუნებთ მათ ჯანმრთელობაზე და ამ კუთხითაც გვექნება სიახლეები. შეიძლება თამამად აღინიშნოს, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ერთჯერადი სახე არ ექნება. ჩვენ მუდმივად ვითანამშრომლებთ, რამეთუ დევნილთა უდიდესი ნაწილი სწორედ სამეგრელოს რეგიონშია ჩასახლებული," - განაცხადა სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მთავრობის წევრებმა ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის საკითხის მოგვარებაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილებისთვის აგრარულ სექტორში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრეს.

ვახტანგ ყოლბაია ქართველი მხატვრისა და პოეტის ბიეტა აბშილავას ნამუშევრების გამოფენას დაესწრო

შარდენის ქუჩაზე, ქართველი მხატვრისა და პოეტის ბიეტა აბშილავას ხელნაწერების გამოფენა „ქართველ მწერალთა ნაქარგი" მოეწყო. ხელოვანის 32-ე გამოფენას გალერეა „ბაია"-მ უმასპინძლა.

გამოფენაზე 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მხატვრის მიერ ტილოზე დატანილი და ამოქარგული იყო საზოგადო მოღვაწეების, პოეტების, მწერლების ხელწერის ნიმუშები, აფორიზმები და გამონათქვამები. მან ქართველ მწერალთა 306-ზე მეტი ხელნაწერის ნაქარგი შექმნა და ხუთი ლექსების კრებული გამოსცა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვასილ ხორავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი იგორ კოპალიანი, ქ. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ცნობილი მხატვრები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად როსტომ თოლორდავა აირჩიეს

5 თებერვალს, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება გაიმართა, სადაც დამტკიცდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალი წესდება, არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შემადგენლობა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. საერთო კრების მიერ პალატის პრეზიდენტად ერთხმად იქნა არჩეული როსტომ თოლორდავა.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრების წევრების მიერ მიღებულ იქნა აფახზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალი წესდება, განისაზღვრა აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შემადგენლობა 6 წევრით და არჩეულ იქნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შემადგენლობა.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ავტომატურად ითვლება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტად.

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს მოუწევს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოდგენა საერთაშორისო არენაზე.

როსტომ თოლორდავას ბიოგრაფია:

დაიბად: 1951 წლის 23 მაისს, ოჩამჩირეში;

განათლება: ქ.სოხუმი - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი;

 ქ.თბილისი - საბჭოთა ვაჭრობის ტექნიკუმი;

სამუშაო გამოცდილება:

2013წ - ქ.თბილისი, შ.პ.ს. ,,აიმარა" - დირექტორი;

2005წ. - ქ.თბილისი, შ.პ.ს. ,,გეფესტი" - დირექტორი ;

1999წ. - ქ.თბილისი, აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭო - სრულუფლებიანი წარმომადგენელი დ.ს.თ. ქვეყნებში ლტოლვილთა საკითხებში;

1996წ.- ქ.თბილისი, დევნილთა საავადმყოფო, სტაციონარი ,, აფხაზეთი" - დირექტორი;

1993წ. - ქ. თბილისი, ფირმა ,,ჟურნალისტი" - ვიცე პრეზიდენტი;

1992წ. - ქ. ოჩამჩირე, საკონსერვო ქარხანა - დირექტორი მოვალეობის შემსრულებელი;

1990წ.- ქ.ოჩამჩირე, საწარმო სპორტული კომბინატი - დირექტორი;

1988წ. - ქ. ოჩამჩირე, კომბინირებული საკვების ქარხანა - წარმოების უფროსი;

1989წ.- ქ.ოჩამჩირე, რესპუბლიკური გაერთიანება სპორტ-ვაჭრობა,N18 ფილიალი - დირექტორი;

1984წ. - ქ.ოჩამჩირე, კონცენტრაცების ქარხანა წარმოების უფროსი;

1980წ. - ქ.ოჩამჩირე, ჩაის გადამწონი ფაბრიკა - წარმოების უფროსი;

1977წ.- ქ. ოჩამჩირე რ/ნ მოქვის ჩაის ფაბრიკა - მზა პროდუქციის საამქროს უფროსი;

1974წ.- ქ.ოჩამჩირე, ჩაის ფაბრიკების სამრეწველო გაერთიანება -მეთოდისტი;

1970წ.- ს.ს.მ.ი. გენეტიკა და სელექციის კათედრა - ორანჟერეის თანამშრომელი;

1967წ.- ოჩამჩირის ჩაის საბჭოთა მეურნეობა.

ცნობილ ქართველ მევიოლინეს, აფხაზეთიდან დევნილ ვაჟა ჩუბინიძეს დღეს 70 წელი შეუსრულდა

ცნობილი ქართველი მევიოლინე ვაჟა ჩუბინიძე 1944 წელს ქ. სოხუმში, მსახიობების მიხეილ ჩუბინიძისა (სსრკ სახალხო არტისტი) და ფლორა შედანიას (საქართველოს სახალხო არტისტი) ოჯახში დაიბადა.

სოხუმის სამუსიკო სკოლისა და მოგვიანებით სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ  სწავლა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გააგრძელა, პარალელურად სოხუმის დრამატული თეატრის ორკესტრში მუშაობდა. სწავლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის წამყვან მუსიკოსად. 1967 წელს მოწვეული იყო საესტრადო ანსამბლ „აფსნი67"-ის სოლისტად. 1969 წლიდან დღემდე ეწევა პროფესიულ პედაგოგიურ საქმიანობას. არის საერთაშორისო, საკავშირო და ადგილობრივი ფესტივალების მონაწილე და უამრავი უმაღლესი ჯილდოს, სიგელისა და პრემიის მფლობელი, მათ შორის საერთაშორისო ფესტივალების: ქ. ლიეპაის (ლატვია) „ოქროს ქარვა", ვიტებსკის (ბელორუსია), ასევე გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუსეთის, ლიტვის, ესტონეთისა და კამბოჯის. გადაღებულია მრავალ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია „დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში", „თბილისი-თბილისი", „უკვე მრავალჯერ გადაფასებული" და სხვა.

ვაჟა ჩუბინიძეს 1985 წელს აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს ის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ცნობილი ქართველი მევიოლინე თბილისში აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დელეგატები სტუმრობდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ის დელეგატები სტუმრობდნენ, რომლებიც ნიუ იორკში, გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები და მოსწავლეები არიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, ახალგაზრდები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმიტრი ჯაიანს შეხვდნენ. შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრები და პროექტის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

დელეგატებმა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლედ გააცნეს ის საპრეზენტაციო თემები, რითაც უნდა წარსდგნენ ნიუ -იურკში, გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე.

პროგრამის ფარგლებში, 4-დან 14 თებერვლის ჩათვლით, პროექტის მონაწილეები იმუშავებენ სარეზოლუციო საგრანტო პროექტზე, დაესწრებიან კონფერენციებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის დისკუსიებსა და ვორკშოფებში. გრანტის მოპოვების შემთხვევაში, პროგრამის დასკვნით ნაწილში კი გამარჯვებულ პროექტს განახორციელებენ.

დელეგატები ასევე წარმოაჩენენ, ქართული ბრენდის „მარიგოლდის" მიერ შექმნილ ქართულ ტრადიციულ სამოსს, რომელშიც აფხაზური და ოსური ხაზიც იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის".

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები მსოფლიო მასშტაბით და გააცნოს მათ მეთოდები,თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულობას და დაეუფლონ დიპლომატიის ხელოვნებას.

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2013 წლის კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. დევნილ ახალგაზრდებს მედლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გავზავამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ასპარეზზე შემდგომი წინსვლა და წარმატებები უსურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გვაძაბიამ, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ესპანური ფონდის „ფინსოლის" მხარდაჭერით აფხაზეთის საჯარო სკოლებს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა.

2013 წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებში სრული კურსი ოქროს და ვერცხლის მედლებზე 16-მა მოსწავლემ დაამთავრა.

ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იაპონიის ელჩის მრჩეველ ჰიროკი ტოკუნაგასა და გრანტების კონსულტანტ თაე იამამოტოს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იაპონიის საელჩოსთვის აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროექტების გაცნობა და მათ განხორციელებაში საელჩოს მხარდაჭერა იყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და თავმჯდომარის მრჩეველი ვასილ ბაბუნაშვილი.

ვახტანგ ყოლბაიამ საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში იაპონიის მხარდაჭერისათვის და ისაუბრა იაპონიის საელჩოს წვლილზე დევნილთათვის განხორციელებულ პროექტებში.

„ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიის წარმომადგენლების სტუმრობა ჩვენთან. ყველას კარგად გვახსოვს იაპონიის მთავრობის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ. მათი განსაკუთრებული თანადგომა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც იაპონიამ საქართველოს 1 მილიონი დოლარი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობამ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას ასევე აღმოუჩინა 100 000-ზე მეტი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საელჩოს წარმომადგენლებს აფხაზეთის ახალი მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენი მთავრობა მუშაობას სექტემბრიდან შეუდგა. საქმიანობის 100 დღის შედეგები დევნილ მოსახლეობას ზუგდიდში, გასვლით სხდომაზე უკვე გავაცანით. ჩვენი პრიორიტეტია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება. თქვენთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოვემზადეთ, გავეცანით იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამას, რომელიც ჩვენს ინტერესებს ემთხვევა. აფხაზეთის მთავრობა სატრანსფერო ორგანიზაციაა და ფინანსურად ძლიერი არააა, გამოყოფილი თანხების 70 % ხელფასებს ხმარდება“, - აღნიშნა ყოლბაიამ.

მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელებს დეტალურად გააცნო დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო და ჯანდაცვის პროექტები და მათ განხორციელებაში საელჩოს ფინანსური მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„აფხაზეთის მთავრობას საკუთრებაში აქვს 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დასავლეთ საქართველოში. შევქმენით რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამი მიმართულებით მუშაობს: ერთწლიანი კულტურები და მეცხოველეობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება და სასათბურე მეურნეობების შექმნა დევნილთა დასაქმების მიზნით.

გვაქვს 55 000 კვადრატული მეტრი სასათბურე ტერიტორია.  დიდი პრობლემა გვაქვს დევნილთა დასაქმების მხრივ, ამიტომ, ორიენტირებული ვართ დევნილებს მივცეთ სამუშაო, იმის შესაძლებლობა, რომ თავად აწარმოონ ბიზნესი. მთელმა მსოფლიომ იცის იაპონიის დამოკიდებულება ამგვარი საკითხების მიმართ. პროექტების დასაწყებად გვაქვს მიწა, გვაქვს სურვილი, გვყავს მუშახელი, მაგრამ არა გვაქვს ტექნიკური საშუალებები მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად, სხვა საქმიანობის განსახორციელებლად. სწორედ ამ საკითხებში დახმარებისთვის მივმართავთ იაპონიის საელჩოს ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში დახმარების გაწევისთვის. ეს ხომ დევნილებისთვის მოტივაციასთან ერთად თავის რჩენის საშუალებაც იქნება. აქამდე ჩვენ ყოველთვის მომხმარებელი ვიყავით და მატერიალურს დიდს ვერაფერს ვქმნიდით, ახლა ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა ყოლბაიამ.

საქართველოში იაპონიის ელჩის მრჩეველი ჰიროკი ტოკუნაგა ყურადღებით გაეცნო ვახტანგ ყოლბაიას მიერ შეთავაზებულ პროექტებს და საელჩოს სახელით სრული მზადყოფნა გამოხატა მათი განხორციელების მხარდაჭერაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

„იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კარგად გვესმის, როგორი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; მათთვის უკვე განვახორციელეთ დიდი პროექტები ზუგდიდში, სოფელ ხურჩასა და ამბროლაურის რაიონში, მათ შორისაა სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ა. შ. ვფიქრობ, თანამშრომლობა თქვენს შემოთავაზებებზე ამჟამადაც შესაძლებელია. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის საკითხებში იაპონიას უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ტოკიო ძალიან დაინტერესებულია პროექტების წარმატებული მიმდინარეობით. ბუნებრივია, დაუყოვნებლივ მივაწვდით ტოკიოს ამ ინფორმაციას და ვფიქრობ, ამ პროექტებს მხარდაჭერა ექნება. ასევე სხვა ქვეყნის საელჩოებსაც გავაცნობთ თქვენს პროექტებს, შესაძლებელია, გარკვეულ პროექტებში ისინიც ჩაერთონ“, - აღნიშნა იაპონიის ელჩის მრჩეველმა.

ვახტანგ ყოლბაიამ ელჩის მრჩეველს ასევე იაპონური მხარის დახმარება სთხოვა ქართულ-აფხაზური დიალოგის გააქტიურების საკითხში.

„აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მოწოდებულია კონფლიქტის მოგვარების საკითხში გამოიყენოს მშვიდობიანი გზა, კომპრომისების პოლიტიკა, როგორც ჟენევის დისკუსიების მონაწილეს, შემიძლია განვაცხადო, რომ საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში ამ საკითხებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებებს ეხმაურება

აფხაზეთის დე-ფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრ" ვიაჩესლავ ჩირიკბასა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს შორის გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ლელა გულედანი გამოეხმაურა.

კომენტარი

ფილიპ ლეფორი: „ევროკავშირი მხარს უჭერს მსოფლიოს მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".

ვიაჩესლავ ჩირიკბა: „არ არსებობს სამუდამო მტერი, ჩვენ შერიგების გზები უნდა გამოვნახოთ".

„ჩვენთვის საინტერესო და საგულისხმო იყო კომენტარი, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „საგარეო საქმეთა მინისტრმა" ვიაჩესლავ ჩირიკბამ ფილიპ ლეფორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფილიპ ლეფორმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მუშაობა დაასრულა და ამავე დროს იყო ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი თანათავმჯდომარეც.

პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებამ მოისმინა მოსაზრებები, რომელიც მნიშვნელოვანი გზავნილია ქართველებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, და რაღა თქმა უნდა, თავად აფხაზებისთვისაც. როდესაც დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს რომ: „იმედი ყოველთვის უნდა იყოს, რადგან არ არსებობს მარადიული მტერი. არის ვითარებები, ისინი იცვლება და ჩვენც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა. თავისით არაფერი კეთდება, მარტივი გზები არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთი საშინელი კონფლიქტისა და ომის შემდეგ".

არ შეიძლება ამ სიტყვებს არ დაეთანხმო, ვინაიდან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, ჩვენი პოლიტიკის არსიც სწორედ აქეთკენაა მიმართული: „დიახ არ არსებობს მარადიული მტერი, არის გარემოებები, რომელიც იცვლება, ჩვეც უნდა შევძლოთ შერიგების გზების გამონახვა".

თუ ეს სიტყვები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რეალურ პოლიტიკურ ნებად იქცევა, დაახლოების, შერიგების და ნდობის აღდგენის გზები აუცილებლად გამოინახება. პირდაპირი დიალოგის, სახალხო დიპლომატიის ფორმატს ალბათ რთულია ალტერნატივა მოუნახო. ამ ფორმატებში მუშაობა ორივე მხარისთვის უფრო პროდუქტიული და თანმიმდევრული იქნება. ბუნებრივია, ჟენევის დისკუსიებსაც დიდი როლი ენიჭება. დარწმუნებული ვარ, დროთა მანძილზე  ეს შეხვედრები უფრო მოქნილი გახდება და გარდატეხას შეიტანს მოლაპარაკებების პროცესში. ეს კი გაგვიყვანს ურთიერთსასარგებლო და ურთიერთმომგებიანი დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და, რაც მთავარია, მშვიდობიანი ურთიერთობების გზაზე."

ირაკლი ღარიბაშვილის საავტორო წერილი რუსულ გამოცემაში

რუსულ გამოცემა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ საქართველოს პერემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საავტორო წერილი გამოქვეყნდა სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი: ჩიხიდან გამოსვლის ძიებანი“. გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან.

ჩემს მთავრობას ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საქართველოს ევროპასთან მომავალი ინტეგრაციის გზას გაჰყვეს. ამასთან, არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველო, უარი თქვას ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისგან. ეს მოსაზრებები კიდევ უფრო მყარდება უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე. ისმის ასეთი კითხვებიც, თუ რა ზომებს გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაშისამხედრო ზეწოლას თუ "მსუბუქ ძალას"? დააწესებს თუ არა ხელახლა ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე? სამწუხაროდ, ეს შეკითხვები მოსახლეობის განწყობასა და უნდობლობის ხარისხს ასახავს. ბოლოდრინდელი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, თუმცა მათი უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს მთავარ გარე საფრთხედ მიიჩნევს“.

დღევანდელი ევროპა არ არის იდეალური, მაგრამ სად არის უკეთესი? მე-18 საუკუნეში, როცა საქართველო ცდილობდა, მოეპოვებინა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა, ჩემი წინაპრები მას ევროპულ ძალად და ევროპაში ხიდად მოიაზრებდნენ. 1918-1921 წლებში საქართველოს ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, გამხდარიყო განათლებული ევროპის წევრი. ვიზიარებ რუსი სწავლულების აზრს, რომ მოსკოვმა დღევანდელ კონტექსტში არ უნდა აირჩიოს საქართველო-ევროპას შორის კედლის ფუნქცია. ეს დიდი შეცდომა და წინდაუხედაობა იქნებოდა. და პირიქით: მოსკოვის მხარდაჭერა ევროპული საქართველოს მშენებლობაში დიდწილად გაამყარებდა მის ავტორიტეტს, გახდებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი სტაბილური და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნაში“.

საქართველოში უყვართ და აფასებენ რუსულ კულტურას. ვიცით, რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ქართული კულტურისადმი რუსეთშიც. ჩვენი კულტურების ერთმანეთში გაცვლის შესახებ საუბარი დიდხანს შეიძლება და ამაზე ბევრიც დაწერილა. მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენას აღვნიშნავ – თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრი მოსკოვში, საზღვარგარეთ არსებულ საუკეთესო რუსულ თეატრად სცნეს. თანამშრომლობა ხორციელდება რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომლებიც აგვისტოს ომის ტრაგიკულ დღეებშიც კი ინარჩუნებდნენ ერთმანეთს შორის კონტაქტებს. სწრაფად ცვალებადი სამყარო და საერთო გამოწვევები არასტანდარტულ მიდგომებს ითხოვს. როცა ინტერესები თავსებადია, შეთანხმება ბევრ რამეზე შეიძლება, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვახტანგ ყოლბაია სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორს სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან შონიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს ლევან შონიას შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან შონიამ დევნილთა სოციალურ-ეკონომიური საკითხების გაუმჯობესებაზე, მათი პრობლემების მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ასევე, გაცვალეს ინფორმაციები დევნილთა მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი

გარდაიცვალა ჯუმბერ ლომინაძე.

სახელგანთქმული მეცნიერი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

მწუხარებას გამოვხატავთ დიდი მეცნიერის გარდაცვალების გამო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ჯუმბერ ლომინაძის სახელი და საქმენი.