აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებსა და ინიციატივების განხორციელებაში სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ომის ვეტერანების პრობლემებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მეომართა კავშირის ყრილობაზე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს დაესწრო. სააგენტოს ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა გახსნა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ, ღონისძიებაზე, სააგენტოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 3 530 დევნილ ოჯახს გადაეცა. 2023 წლიდან კი, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 5 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დაიწყება.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს დაესწრო

დღეს საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს, პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შეეხო.

პლენარულ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. სხდომას ასევე  საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას დაესწრო

დღეს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საგაზაფხულო სესიის ფორმატით მუშაობა განაახლა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს საგაზაფხულო სესიის გახსნა მიულოცა და აფხაზეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმასა და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე დევნილ ვეტერანებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სათვალეები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად, დევნილი ვეტერანების ოჯახის წევრ ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები პირადად გადასცეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო დოკუმენტი და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

კონცეფცია სრულ თანხვედრაშია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან, პარიზის შეთანხმებასთან, კლიმატის ნაწილში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ხედვას სათბურის გაზების ეროვნული ემისიების შემცირებისა და შთანთქმის გაძლიერების კუთხით.

სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში სამთო წარმოდგენისა და ხელოვნების ქემამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.

ფესტივალი საუდის არაბეთის ასირის პროვინციაში 20 იანვარს დაიწყო და მასში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი ანსამბლი მონაწილეობდა. ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით „აფხაზეთი“15 მოცეკვავის შემადგენლობით წარდგა მაყურებლის წინაშე.

ქართველ ხელოვანთა წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთი“ დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ანსამბლმა ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.

რუსლან აბაშიძე დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ფოთსა და სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს დევნილთა ჩასახლების ობიექტები, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული გადაუდებელი საჭიროებები. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილთა ჩასახლების ობიექტებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით კვიციანი, მერის მოადგილე მამუკა პაპასქირი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა იმყოფებოდნენ.

დღესვე, რუსლან აბაშიძემ, ანზორ მარგიანმა და დავით ფაცაციამ სენაკში, ხობსა და ფოთში მდებარე დევნილთა პოლიკლინიკები მოინახულეს და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით გადმოცემული სათვალეები გადასცეს. აღნიშნული სათვალეები, ოფთალმოლოგის დანიშნულების შესაბამისად, რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასოდ გადაეცემათ. ღონისძიებება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

რუსლან აბაშიძემ ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის თავმჯდომარემ ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის პატარა მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის საკვირაო სკოლის, აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღესასწაულზე მიღებული შემოწირულობა ტრადიციულად ბავშვთა სახლებს და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდება.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.

რუსლან აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეუღლესთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

საშობაო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეუღლესთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქს 90 წლის იუბილე მიულოცა და მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.

„თქვენო უწმინდესობავ, მინდა, განსაკუთრებული მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით მოგილოცოთ დაბადების დღე.

თქვენი მოღვაწეობა საქართველოს ერთიანობის, აფხაზეთის საზოგადოების სულიერი სიმტკიცის, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოს განუყოფლობის გარანტიაა. მჯერა, თქვენი ლოცვა-კურთხევა შეეწევა თითოეულ ჩვენგანს და ხელოვნური ბარიერებით დაშორიშორებულ საზოგადოებას დაეხმარება გამთლიანებაში,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საიუბილეო საღამოზე საბავშვო ევროვიზიის მონაწილემ, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ ბიგვავამ სიმღერა "აფხაზური ფანქი” შეასრულა.

აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს და ბავშვთა თავშესაფარის მოზარდებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

დღესვე, რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია იმყოფებოდნენ სათნოების სახლში, სადაც აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ბიჭვინთის პირველი საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედიკო იაშვილი მოინახულეს.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ღვაწლმოსილ პედაგოგს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს წარმატებული საქმიანობისთვის.

საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ ახალგაზრდებთან, მეწარმეებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, არაფორმალური განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე წარმატებულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობაში საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია დევნილ მეწარმეებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანზორ მარგიანმა ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილთა ჩასახლებაში მდებარე მე-18 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა იმყოფებოდნენ.

რუსლან აბაშიძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას დაესწრო

დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პრემიერმა საანგარიშო მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა:

„რაც შეეხება შერიგება-თანასწორობის მიმართულებით  მთავრობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი  მშვიდობიანი პოლიტიკის  გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორცილება. ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების შერიგება. 

ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს, ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს არის შეგნებული პოლიტიკა, გააზრებული პოლიტიკა, ამიტომ არ გვსურს ამის აფიშირება, თუმცა მინდა გითხრა,თ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითად 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300 -ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც. 

საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა.

მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად არის დოტაციაზე მათი ეს ბიუჯეტი  და მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია  პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გქვონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთის რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე კარლო,  შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები, რომ იტყვიან, მოვიშუშოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება,  ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში“.

ყოველწლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხს.

„რაც შეეხება ზოგადად დევნილების მიმართულებით,  ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, იცით, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ 13 000 ოჯახს ავუშენებთ ბინებს, ეს არის 900 მილიონი ლარის პროექტი, მომდევნო ორ-სამ წელიწადში დასრულდება აღნიშნული პროექტი და 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. სულ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.