აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აჭარის მწერალთა სახლში წიგნის ,,აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

„აფხაზური ენა დამწყებთათვის“, - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.


წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჩბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.


პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.


პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარმოადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.


წიგნის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 10 ახალგაზრდა, ორი თვის განმავლობაში გაივლის გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო კურსს და შეისწავლის შემდეგ მიმართულებებს:

ა) ტიხრული მინანქარი;

ბ) ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი);

გ) მინის მხატვრული დამუშავება;

გ) ცივი ფაიფური.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხელოვანები.

 

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  1. პირდობისა და დევნილის მოწმობის ასლი;
  2. სამოტივაციო წერილი (პროგრამით დაინტერესების შესახებ);
  3. ავტობიოგრაფია (CV).

 

საბუთები მიიღება 15 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადებები გადაირჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

577 34 85 34  - კოორდინატორი სალომე თორია

ან გვეწვიეთ მისამართზე: დ. უზნაძის №68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, III სართული, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. კვირეულის ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო, რომლის დამდგმელი რეჟისორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

საღამო აგებული იყო ჟიული შარტავას ჩანაწერებზე, რომლებსაც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები კითხულობდნენ. ამ ჩანაწერებით, ვიდეოკადრებითა და თანამებრძოლთა მოგონებებით დაიხატა პორტრეტი მამაცი, თავდადებული და ერთგული ადამიანისა, რომელიც ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ გაიხსენეს ჟიული შარტავასთან ერთად გატარებული 1993 წლის სექტემბრის ბოლო უმძიმესი დღეები. საღამოზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „ჩვენი დროის გმირი“, რომელიც ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების აფხაზი სეპარატისტებისა და სხვა ჯურის ბოევიკების ტყვეობაში ყოფნის ფაქტებს ასახავს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ჟიული შარტავას ოჯახს მისი ინიციატივით დაწესებული სპეციალური მედალიონი, წარწერით „სოხუმელი“ გადასცა.

საიუბილეო საღამოზე მუსიკალურ ნომრები შეასრულეს გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.

საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.

საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 75 წლის გახდებოდა

წლეულს, 7 მარტს ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი, „დიდგორის’, „ვახტანგ გორგასლისა“ და „წმიდა გიორგის“ I ხარისხის ორდენების კავალერი - 75 წლის გახდებოდა. 


ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.


„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ – უთქვამს ჟიული შარტავას იმ უმძიმეს დღეებში მეგობრისთვის. თავად კი ამ სიტყვების ერთგული დარჩა, ბოლომდე არ მიატოვა განწირული სოხუმის განწირული მოსახლეობა და გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.

ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი

საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, 7 მარტს ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს მემორიალთან „ერთიანი საქართველოსათვის“.

პანაშვიდი თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბიძინა გუნიამ ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინამძღვარ მამა დავით კონჯარიასთან ერთად გადაიხადა.

პანაშვიდს ესწრებოდნენ საბურთალოს წმ. ნინოს, წმ. ვასილისკოს, წმ. გრიგოლ ხანძთელის, მირქმის სახელობის ტაძრების წინამძღვრები და მრევლი, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგნლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

რუსთავის დრამატულმა თეატრმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლი - ,,დაბადების დღე“ წარმოადგინა

7 მარტს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლი - ,,დაბადების დღე“ წარმოადგინა.

სპექტაკლის ჩვენება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.

პიესა ასახავს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის ბატალიებს; იმას, თუ როგორ იქცნენ ამ დღის გმირებად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი 50-მდე თანამებრძოლი, რომლებმაც უკანასკნელ წუთამდე არ დატოვეს მთავრობის შენობა და ამით ასობით მშვიდობიან მოქალაქეს სოხუმიდან გაღწევის საშუალება მისცეს.

პიესის ავტორია ნინო სადღობელაშვილი, რეჟისურა და სცენოგრაფია ეკუთვნის სოსო ნემსაძეს, კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე, კოსტუმების მხატვარი - ბიძინა სიდიანი, რეჟისორის თანაშემწე - ნაილი იაშაგაშვილი.

სპექტაკლის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასს იმ ტრაგიკული მოვლენების შთამბეჭდავად და ემოციურად წარმოდგენისათვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

სპექტაკლის ჩვენებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი მანანა ქვაჩახია, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საქართველოს პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა

ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალის დალაშქვრაში მონაწილეებს საპატიო სიგელები გადაეცათ

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ამავე კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. 


ხსენებული ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21-25 სექტემბერს მოეწყო. ალპინიადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დალაშქვრის შედეგად აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში,ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა. ალპინიადის მონაწილეებს კი საპატიო სიგელები გადაეცათ საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. აქვე შედგა ალპინიადის ამსახველი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია. 

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ალპინიადის მონაწილეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საღამო „მხოლოდ ქალები“ გამართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

საღამოზე სხვადასხვა პროფესიის 10 წარმატებული ქალბატონი, მათ შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი, დააჯილდოვეს. დაჯილდოებულთა შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მარათონი მიეძღვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2 მარტს კუს ტბაზე საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მარათონი გამართა.

მარათონში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სპორტული კლუბების წარმომადგენლები, სპორტის სახებობების ფედერაციებისა და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე არადევნილი სპორტსმენები. 
მარათონში მონაწილეობდა 150-მდე მოხალისე. მათგან ბიჭებისა და გოგონების კატეგორიაში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული, რომლებიც თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ბიჭებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: გოგა ნაჭყებია - პირველი ადგილი (აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლა); დათო ჟვანია - მეორე ადგილი (აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლა); მიხეილ მებონია - მესამე ადგილი (საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია).

გოგონებს შორის კი გამარჯვებულები გახდნენ: ანა მაისურაძე - პირველი ადგილი (ფარიკაობა); ნუცა ქარქაშაძე - მეორე ადგილი (ლეილა მესხის ჩოგბურთის სკოლა); თეკლა ბიწაძე - მესამე ადგილი (ფარიკაობა).

მარათონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასევე უმცროსი ასაკის მონაწილეთა შორის: ბარბარე ბიჭაშვილი - 7 წლის (საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია); ილია ჯინჭარაძე - 8 წლის (აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი).

საქველმოქმედო საღამო სათნოების სახლ „კათარზისში“ დედის დღეს მიეძღვნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო საღამო - „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა. საღამოს მსვლელობისას „კათარზისელებმა“ და აფხაზეთის შემოქმედმა ახალგაზრდებმა კონცერტი მოაწყვეს. იმ დღეს მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს სადილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით უმასპინძლეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარმა მამა ლევანმა და სხვა სტუმრებმა მზრუნველობას მოკლებულ ადამიანებს დედის დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან. საღამოს უძღვებოდა სახელოვნებო განათლების განყოფილების სპეციალისტი ნონა ბერაია.

ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი მატჩი ამერიკულ ფეხბურთში

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი ამერიკულ ფეხბურთში კლუბ ,,თბილისის” გამარჯვებით დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი კლუბ ,,თბილისსა” და სოხუმის ,,მეომრებს” შორის გამართა.

ამხანაგური მატჩი ვაზისუბნის დასახლებაში, ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ჩატარდა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 19-18 კლუბ ,,თბილისის” სასარგებლოდ.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით დაჯილდოვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ.

მანანა ქვაჩახიამ სტაჟიორებს სერთიფიკატები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მორიგი ორთვიანი სტაჟირების შედეგი შეჯამდა. უკვე წლებია, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია სამინისტრომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მასშტაბით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.

ამ პროგრამის ფარგლებში, სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსა და იურიდიულ საკითხთა და ადამინური რესურსების მართვის სამსახურში ორთვიანი სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა: გვანცა მამუჩიშვილმა, შალვა ბერიანიძემ, ნინო ასანიძემ და გიორგი კეჩხუაშვილმა.

სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. მინისტრმა სტაჟიორების საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მათ სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.

 
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებებზე. აგრეთვე ისაუბრა იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. „ჩვენი განსაკუთრებული მზრუნველობა, ყურადღება და მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მოსახლეობას სჭირდება, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა და მათ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან გამართულ შეხვედრებზე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავდა.

ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიავაგებთ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ.

იუნკერთა ხსოვნისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა პატივსაცემად, 22 თებერვალს გიორგი უშიკიშვილის სახელობის ფოლკლორის ეროვნულმა სკოლამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურთან თანამშრომლობით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შემოქმედებითი საღამო გამართა. საღამოს მხარდამჭერი იყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. საღამოს უძღვებოდა გიორგი უშიკიშვილი.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ჯგუფი „კოდორი“; ლია ხუნწარიას, ანა ბაჯიაშვილისა და სოსო მახარაძის ტრიო; ანსამბლ ,,ლაშარელას" მოსამზადებელი ჯგუფი; გოგონათა ანსამბლი ,,ამარტა".
საღამოს მსვლელობისას აფხაზეთის ომის ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. მათ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მომღერალ გიორგი უშიკიშვილს საღამოს ორგანიზებისათვის.

კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ვეტერანების საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ღვინჯილია, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი და სხვ.