აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
რუსლან აბაშიძემ მინისტრად როლანდ ნიჟარაძე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვია და მინისტრის თანამდებობაზე როლანდ ნიჟარაძე წარადგინა.

როლანდ ნიჟარაძე პროფესიით ისტორიკოსია და ის წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ჯერ მოადგილედ, შემდეგ კი პირველ მოადგილედ მუშაობდა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება, როლანდ ნიჟარაძემ კი მადლობა გადაიხადა წარდგენისთვის.

აფხაზეთის ღია პირველობა რაგბში დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის რაგბის ფედერაციასთან ერთად რაგბში ღია პირველობა ჩაატარა. შეჯიბრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გუნდები: ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, პტენა, აწყური, ასპინძა, ნაქალაქევი, ბორჯომი, ზუგდიდი 1, ზუგდიდი 2.

დაძაბული და საინტერესო პაექრობის შემდეგ პირველ ადგილზე გავიდა ზუგდიდი 1, მეორე ადგილზე - ბორჯომი, მესამე ადგილს კი ადიგენის გუნდი დაეუფლა.

გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი როლანდ ნიჟარაძე და ასპინძის სარაგბო ბაზის მხარდამჭერი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუს" წარმომადგენელი, გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სოფელ რუხიდან დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მონაწილეობით, აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. აფხაზეთის დღედ 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაწესდა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოებში“ და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში.

ჩატარდა სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები ძირითადად ქალებისა და ბავშვებისათვის.

ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოება მამა მალხაზმა დალოცა.

დამსწრეთ ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ღონისძიების მოწყობის მხარდამჭერები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხის სავაჭრო ცენტრი და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ მონაწილეების შერჩევა დასრულდა. ქვეპროგრამა ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით წლეულს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში 10 დევნილ ახალგაზრდას საშუალება ეძლევა, დაეუფლოს გამოყენებითი ხელოვნების შემდეგ მიმართულებებს: ტიხრული მინანქარი; ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი), მინის მხატვრული დამუშავება და ცივი ფაიფური.

ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისავე ორგანიზებით, 14 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისა და მხატვარ-დიზაინერ ეკატერინე გეგუჩაძის შეხვედრა და მომავალ გეგმებზე საუბარი შედგა.

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალის მორიგი კონცერტი დიმიტრი ჯაინის სახელობის დარბაზში გაიმართა

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალი წლეულს, 4 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა. ფესტივალის დირექტორმა მაია ჩაჩავამ გახსნისას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგით მე-9 ფესტივალზე 11 კონცერტი გაიმართებოდა.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უცვლელი მონაწილეა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა და აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, 8 მაისს კვლავაც დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამართულ ფესტივალზე მსმენელთა წინაშე წარსდგა. მათ ჩვეული ვირტუოზულობით შეასრულეს: Samuel Barber - ,,Agnus Dei”; ზვიად ბოლქვაძე - ,,რა ამაო ყოფილა”; Cucco Penia - ,,Bomba E”; გომარ სიხარულიძე - ,,ჩარი რამა” (არანჟირება ზვიად ბოლქვაძისა).

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი; თელავის ქალთა კამერული გუნდი - ,,კახეთის ჰანგები”; ბათუმის ქალთა კამერული გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 14 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება და მასში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელაც გამოვა.

ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სფფ-ის სპორტდარბაზში ჩაატარა აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში: ხმალი, რაპირა, დაშნა) 2003-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის.

ტურნირი ჩატარდა პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები. საუკეთესო სპორტსმენებისათვის დაწესებული იყო აფხაზეთის ვეტერანი მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები.

ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. სამი დღის განმავლობაში დაძაბულ ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები. აფხაზეთის სპორტსმენებიდან უფროსი ასაკის ვაჟებში ხმლით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლუკა ლომინაძე. უფროსი ასაკის გოგონებში რაპირით ფარიკაობაში მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა ნატა ხარაიშვილი.

ტურნირში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, გაცნობის მიზნით, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.


პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისა და მისი სწავლების გაძლიერების მნიშვნელობაზე, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე და სხვ. გარდა ამისა, მათ აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხიც წამოჭრეს.

 

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.

რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა
 

წლეულს, 15 აპრილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, ქ. თბილისის საჯარო სკოლებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექცია-სემინარები განაახლა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური. პროექტი მიზნად ისახავს ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის აფხაზეთის ისტორიასა და დღევანდელობაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეების მონაწილეობით ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება, ხოლო კონფერენციის მონაწილეები კი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილ თანატოლებთან ერთად საზაფხულო - საველე ბანაკის მუშაობაში ჩაერთვებიან.

წლეულს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტისთვის - ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ - ქ. თბილისის №60, №133, №211, №146, №26 საჯარო სკოლები შეარჩია. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ეს პროექტი ქ. თბილისის ათ საჯარო სკოლაში განხორციელდა.

მოსწავლეებს ლექციების ციკლს წაუკითხავენ პროფესორ-მასწავლებლები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ზაზა ადეიშვილი, ედიშერ გვენეტაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); ელიკ აქუბარდია (სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი); ქეთევან დავითაია (აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და პროგრამების სამსახურის უფროსი სპეციალისტი); გიორგი პაპაშვილი (გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის მეცნიერ - თანამშრომელი).

 

მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 19-20 აპრილს, ქ. თბილისში დ. იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობას მძლეოსნობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში) დიდებს შორის, ბირთვის კვრაში კი 2001-2004 წ. წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის.

აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში გაიმართა პირადი პირველობის სახით გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონების მძლეოსნები. თითოეულ სპორტსმენს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო პროგრამის სხვა სახეობებშიც.

შეჯიბრებას ხელმძღვანელობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაცია.
100 მეტრზე სირბილის სახეობაში გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ნინო გომარელმა, მეორე ადგილი - მარიამ აბრამიშვილმა, მესამე ადგილი - ნატა გრიგორიანმა. ბიჭებს შორის კი პირველი ადგილზე გავიდა ბორის ფაიკიძე, მეორე ადგილზე - ლუკა გულია, ხოლო მესამე ადგილზე - სანდრო ხაჩატურიანი.

300 მეტრზე დისტანციაზე სირბილში პირველი ადგილზე გავიდა ნინო გომარელი, მეორე ადგილზე - ქეთი გოგილაძე, მესამე ადგილზე - ლიკა ხარჩილავა. ბიჭებს შორის 300 მეტრ დისტანციაზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა ლუკა გულუამ, მეორე ადგილი - სანდრო ხაჩატურიანმა, მესამე ადგილი კი - ვიტალი ბრეჟნევმა.

800 მეტრის დისტანციაზე სირბილში გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ლიკა ხარჩილავამ, მეორე ადგილი - სოფია ფოცვერიამ, მესამე ადგილი - მარი ფაცაციამ. ბიჭებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ვიტალი ბრეჟნევი, მეორე ადგილზე - დავით დიასამიძე, მესამე ადგილზე - ცოტნე ჯიქური.

შეჯიბრი გაიმართა აგრეთვე ჭოკით ხტომაში. ამ სახეობაში გოგონებს შორის პირველ ადგილი დაიკავა მეგი შონიამ, მეორე ადგილი - ლიზი მაღალაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი - სალომე ინჯგიამ. ბიჭებს შორის პირველ ადგილზე გავიდა საბა სოსელია, მეორე ადგილზე - მიხეილ ცანავა, მესამე ადგილზე - ლაშა ქარქუსაშვილი.

ბირთვის ტყორცნაში გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ელენე თურმანიძემ, მეორე ადგილი - სალომე ინჯგიამ, მესამე ადგილი - ანი მამაცაშვილმა. ბიჭებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - სერგო აბაშიძე, მეორე ადგილი - რევაზ ქოქოშვილი, მესამე ადგილი - თამაზ მიქელაძე.

სიგრძეზე ხტომაში გოგონებს შორის პირველ ადგილზე გავიდა მეგი შონია, მეორე ადგილზე - თამთა ღვინიანიძე, მესამე აგილზე - ნინო გაზდელიანი. ბიჭებს შორის პირველი ადგილი დაიკავა - ბაჩანა ხორავამ, მეორე ადგილი - მარატი მარკოიძემ, მესამე ადგილი - თემურ პერტახიამ.

გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ ბეჟან ქვილითაიამ და აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხოჭოლავამ.

აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში მიზნად ისახავს მძლეოსნობის განვითარებას და პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, მძლეოსნობის მასობრიობას, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირის გამარჯვებულები ცნობილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 19-20-21 აპრილს ქ. თბილისში, საჭიდაო სპორტკომპლექსში ჩაატარა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2005-2007 წ. წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის ხელშეწყობით, ფილას საერთაშორისო წესების შესაბამისად, პირადი პირველობის სახით გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: პირველი ადგილი - ილო ზუბიაშვილი (48 კგ. წონით კატეგორია); მეორე ადგილი - ლუკა ზაქარაია (41 კგ. წონით კატეგორია); მესამე ადგილი - ანრიკა რეჭია (29 კგ. წონით კატეგორია); 68 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ალექსი თოდუამ; 85 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა მათე ანთია, ხოლო მესამე ადგილზე - დათო ქარდავა; აგრეთვე 75 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილს დაეუფლა გიორგი ყავლაშვილი.

საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით. აგრეთვე სახელობითი თასები გადაეცა მსაჯთა კოლეგიის მიერ შერჩეულ სპორტსმენებს: იური ომანაძის სახელობის თასი 32 კგ. კატეგორიაში - გიორგი ნურიაშვილს; თენგო ბენდელიანის სახელობის თასი 41 კგ. კატეგორიაში - ლუკა ზაქარაიას; არმაზ შენგელიას სახელობის თასი 68 კგ. კატეგორიაში - თემურ ქოჩქიანს; გენო ადამიას სახელობის თასი 48 კგ. კატეგორიაში - ილო ზუბიაშვილს.

ტურნირის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსლან დარსანია.

გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ყურაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური დირექტორი გიორგი კიკაბიძე და სხვა.

მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთიდან დევნილი მხცოვანი პედაგოგი ციალა ბაკურაძე-დავითაია მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ იმერეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან ერთად ქ. ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მხცოვანი პედაგოგი ციალა ბაკურაძე-დავითაია მოინახულა. სტუმრებმა პედაგოგს ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადასცეს, დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს და ყვავილები მიართვეს. ციალა ბაკურაძე-დავითაიამ მადლობა გადაუხადა მათ და მის მიერ განვლილ გზაზე უამბო. 

ციალა ბაკურაძე-დავითაია დაიბადა 1936 წლის 1 მარტს ამბროლაურის რაიონის, სოფელ ზნაკვაში, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. 1954 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის ქალთა პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა აფხაზეთის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა.


ციალა ბაკურაძე-დავითაია 1960 წელს გიორგი (ჟორა) დავითაიასთან დაქორწინდა და მალე მუშაობა დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გულირიფშის შ. რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში, სადაც 1993 წლამდე, აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებამდე მუშაობდა. ომმა სხვებთან ერთად ისიც იძულებით დააშორა საყვარელ სახლ-კარს და მას მერე შინ დაბრუნების იმედით ქ. ქუთაისში ცხოვრობს.

ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა დაზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა და ქვაჩახიამ და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.

ბათუმში შავიზღვისპირეთის, მათ შორის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს

ბათუმში შავიზღვისპირეთის, მათ შორის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს

18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა II საერთაშორისო სემინარი თემაზე - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“.

სემინარზე წარმოდგენილი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები. სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.

სემინარს აჭარის ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აჭარის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკის შედეგების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ.

დარბაზში გამოფენილი იყო მხატვარ დავით ბაძაღუას მიერ შექმნილი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ფერწერული ნამუშევრები. აქვე წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფერწერული ტილოები.

დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

საღამოს უძღვებოდა მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე. გენო კალანდიას პოეზიაზე, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს მწერლებმა მაკა ჯოხაძემ, გურამ ოდიშარიამ და რეზო ამაშუკელმა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა.

გენო კალანდიას ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა ელდინო საღარაძემ, მურმან ჯინორიამ, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა. მუსიკალური ნომრები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ნასამბლმა „აფხაზეთმა“, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, ჯანსუღ კახიძის სახელობის ორკესტრის კვარტეტმა და სხვ.

ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი. გარდა ამისა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საგანგებოდ ამ მოვლენისთვის გენო კალანდიას სონეტების კრებული გამოსცა.

საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები, დევნილი და არადევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.