აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ჯომარდობაში აფხაზეთის თასის მოსაპოვებლად ტურნირი გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩითახევში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ჯომარდობაში აფხაზეთის თასზე ტურნირი ჩაატარა.

ტურნირში მონაწილეობდა  ასზე მეტი ადამიანი,, რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, სპორტული კლუბებისა და ფედერაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურული ერთეულების გუნდები და სხვ.

შეჯიბრებაში მონაწილე გუნდებიდან პირველ ადგილზე გავიდა აფხაზეთის რაგბის ფედერაციის გუნდი, მეორე ადგილზე - აფხაზეთის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი, მესამე ადგილზე კი ასპინძის მორაგბეთა გუნდი „ტაო“.

გამარჯვებულ გუნდებს შესაბამისი კატეგორიის მედლები, დიპლომები და თასები გადაეცათ.

ჯომარდობას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და ჯომარდობაში მონაწილე გუნდების გულშემატკივრები.

 

რუსლან აბაშიძე ბათუმში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებთან და აჭარის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქ. ბათუმში, ე.წ. „ბენზეს“ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა. რუსლან აბაშიძე აქ მცხოვრები დევნილების საცხოვრებელ პირობებს, პრობლემებს გაეცნო და მათ, საჭიროებისამებრ, დახმარებას შეჰპირდა.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი პროგრამა „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. კერძოდ, დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისათვის აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა, აჭარის მხატვართა კავშირთან ერთად ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოაწყვეს; აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების როკ-ჯგუფმა „ოცნებამ“ კონცერტი გამართა; სენაკის თოჯინების თეატრმა „მიმინომ“ სპექტაკლი წარმოადგინა; მოზარდებისთვის ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა; ბავშვები გაართეს ასევე ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა. დამსწრეთ საჩუქრად გადაეცათ ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალები: „რიწა“ და „იალქანი“,გენო კალანდიასა და აზა ბასლანძის პოეტური კრებულები.

ბოლოს დასახლებაში მცხოვრებმა ბავშვებმა სიმბოლურად ცაში ჰელიუმის ფერადი ბუშტები გაუშვეს. ორგანიზატორები მათ ნაყინითა და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდნენ. შეხვედრა დიდი ემოციებითა და კვლავ შეხვედრის სურვილით დასრულდა.

სოხუმის თეატრმა კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ პრემიერა გამართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „მთვარის მოტაცების“ პრემიერა გამართა. სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის „მთვარის მოტაცების“ თამაზ გოდერძიშვილისეული ინსცენირების მიხედვით დადგა. მხატვარია ანა ნინუა, რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია. სპექტაკლი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სპექტაკლში თარაშ ემუხვარის, თამარ შერვაშიძისა და არზაყან ზვამბაიას როლებს ასრულებენ: ნიკა წერედიანი, ნინო შავგულიძე და ჯანო იზორია. სხვა პერსონაჟების სახეებს ქმნიან: ეკატერინე არჩაია, ბადრი ბეგალიშვილი, დათო ბერაძე, იზოლდა ბოკუჩავა, გიორგი გასვიანი, გია გოგიშვილი, ვერიკო კალანდია, ჯულიეტა პაკელიანი. მარინა სოლომონია, მერაბ ყოლბაია, მარიამ ყოლბაია, კახა შარაბიძე, ლელა შარაბიძე, სანათა ძაძამია, ნუგზარ წერედიანი, ედემ ხვიჩია.

„მთვარის მოტაცების“ პრემიერას მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სპექტაკლის ბოლოს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ აღნიშნა: „მე ამ სპექტაკლით აფხაზეთში დავბრუნდი, იმ გარდასულ სამყაროში დავბრუნდი“.

ამასთანავე, სპექტაკლი სოხუმის თეატრის ჯერ კიდევ აფხაზეთიდან გამოყოლილმა თუ აქ შეძენილმა მაყურებელმა დიდი ოვაციებით მიიღო.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცემის: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები არიან: ჯემალ გამახარია, ლია ახალაძე და დაზმირ ჯოჯუა.

პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე. „ამ ნაშრომის  მთავარი ღირებულება ისაა, რომ საკვანძო ისტორიული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის როლი ერთიანი საქართველოს დამკვიდრებაში, განხილულია და დამოწმებულია როგორც ქართული, ისე  უცხოური წყაროებით და საზოგადოების ფართო მასებისთვის მიწოდებულია  გასაგებად და საფუძვლიანად,“ -  აღნიშნა მინისტრმა. ამ წიგნთან და ზოგადად აფხაზეთის ისტორიოგრაფიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიკოსმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა: „არსებობს ერთობლივი ძალებით შექმნილი უამრავი მონოგრაფიული ნაშრომი, რომელიც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორც ჩანს ფართო მასების ინფორმირებისთვის ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამან გვიბიძგა, რომ მომზადებულიყო საკითხავი წიგნი, რომელშიც ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთის ეთნიკურ, პოლიტიკურ და  საეკლესიო ისტორიაზე, რომელიც მუდმივად იყო და დღემდე რჩება სადავოდ ქართველ და აფხაზ ავტორებს შორის“.

წიგნის ღირსებებზე და ზოგადად მის მნიშვნელობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ცნობილმა ისტორიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა დარგის სპეციალისტებმა: ზურაბ ხონელიძემ, ზურაბ პაპასკირმა, ვაჟა კიკნაძემ, როლანდ თოფჩიშვილმა, ოთარ ჯანელიძემ, ელდარ ბუბულაშვილმა, სალომე ბახია-ოქრუაშვილმა, ოთარ ხუფენიამ, ოთარ ჭითანავამ; აფხაზეთის ა/რ  უმაღლესი საბჭოს წევრებმა - თემურ მჟავიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, აკაკი გასვიანმა და სხვ.

გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ წიგნში ავტორები მაღალკვალიფიციურად მიმოიხილავენ  ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებს უძველესი დროიდან დღემდე,  ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე; მოგვითხრობენ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის შესახებ. ამასთანავე დასძენენ, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.

პრეზენტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აფხაზეთის წართმევიდან 27-ე წელსაც საზოგადოების უმეტესობამ, როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა, თითქმის არ იციან ან ცუდად იციან აფხაზეთის ისტორია. ამ წიგნს ამ თვალსაზრისითაც შეუძლია მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა და აფხაზეთის ისტორიასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა შინ თუ გარეთ. ამასთანავე აუცილებელია მისი თარგმნა უცხოურ ენებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება აფხაზეთის რეალურ ისტორიაზე, მის განუყოფლობაზე დანარჩენ საქართველოსთან, რაზეც ისტორიულ წყაროებთან ერთად  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა მეტყველებს.

წიგნი განკუთვნილია ისტორიის მასწავლებლების, უფროსი კლასის მოსწავლეებისა და  აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის და შესაბამისი ინტერესი პრეზენტაციაზეც ნათლად გამოიკვეთა.

მსახიობ მერაბ ყოლბაიას 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, წლეულს, 1 ივლისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის მერაბ ყოლბაიას 60 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გამართა.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები, მსახიობის მეგობრები, კოლეგები და მაყურებლები. დამსწრე საზოგადოებამ გაიხსენა და წარმოაჩინა ხელოვანის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა, მასზე, როგორც გამორჩეულ მსახიობზე ისაუბრა თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ.

მერაბ ყოლბაია - სამ ათეულ წელზე მეტია, რაც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია სპექტაკლები: „ფსკერზე“, „ეწერში მდგარი თხმელა“, „პიგმალიონი“, „ჯინსების თაობა“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვ. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში „მუნჯის სიზმრები“ თეატრალურ ფესტივალში მას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემია მიენიჭა. მერაბ ყოლბაია, როგორც რეჟისორი ბოლო წლებში მაყურებლის წინაშე წარსდგა დამდგმელი სპექტაკლებისა: „სხვა საქართველო სად არი“ და „ორეული“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს განცხადებების მიღებას აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატების გამოსავლენად 2019-2020 სასწავლო წლისათვის

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის  სტუდენტებისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით, არა უმეტეს 2 სტუდენტისა. სტიპენდიატს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

სტიპენდია გამიზნულია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების ბაკალავრიატის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 70% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სტუდენტური ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში  და  არიან   საზოგადოებრივად  აქტიურები.

სტიპენდია გამიზნულია სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში  და  არიან  საზოგადოებრივად   აქტიურები.

ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წელს დააწესა.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება  აქვს  სსიპ  სოხუმის  სახელმწიფო   უნივერსიტეტს.

განაცხადების  წარდგენის  ვადად  განსაზღვრა 2019 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

გამოცხადებული  ვადის  გასვლის  შემდეგ  წარდგენილი  განაცხადებიები  არ  განიხილება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის   იხ. ბმული:

ილია ვეკუა სტიპენდია

საერთაშორისო ტურნირი კარატეში

კარატეში აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა შარტავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქ. თბილისში ჩაატარა აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა შარტავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი კარატეში.

ტურნირი მიეძღვნა აფხაზეთის ომში დაღუპულ, ვ. გორგასალის III ხარისხის მედლის კავალრის შოთა შარტავას ხსოვნას.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა ასამდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: ნიკოლოზ ლაგვილავა - I ადგილი 20 კგ წონით კატეგორიაში; დავით კეკელია - III ადგილი 27 კგ წონით კატეგორიაში; ზურაბ ლაგვილავა - III ადგილი 33 კგ წონით კატეგორიაში; გიორგი კინტრაია - III ადგილი 51 კგ წონით კატეგორიაში. საპრიზო ადგილებზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასებით.

მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ნარმანია. შეჯიბრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები.

აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე კონკურსის - „მომავლის ევროპელი“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსის - „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?“ შედეგები შეჯამდა. 28 გამარჯვებულ მოსწავლეს შორის აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გუგა ხუციძეცაა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფ. ბენდელიანი), რომელმაც დიპლომი ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“ და 400- ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი მოიპოვა.

გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გადასცეს.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.

აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლის იუბილე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, აფხაზეთის ტურიზმის დამსახურებული მოღვაწის გივი მეშველიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა. თავდაცვის ვიცეპოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი წლების განმავლობაში ტურისტულ კომპლექს „ცხუმის“ ხელმძღვანელი იყო.

საიუბილეო საღამო გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, ხოლო საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.

გივი მეშველიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ, გივი მეშველიანის მეგობრებმა და ცნობილმა პიროვნებებმა - ვასილ კადენეცმა, თემურ შაშიაშვილმა, შალვა წულეისკირმა, ლონდერ ცაავამ და სხვ.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ იუბილარი სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანაბრად ემსახურებოდა აფხაზ და ქართველ ხალხს და გამორჩეულად დაამახსოვრა ყველას თავი. გამომსვლელებმა გივი მეშველიანთან ურთიერთობის არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეს და კიდევ დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს მას. საღამოს მუსიკალური ნომრები უწევდა თანხლებას და ამრავალფეროვნებდა.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გივი მეშველიანის ოჯახის წევრები და ახლობელ-მეგობრები.

,,ქართველი რომანტიკოსები“ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის სცენაზე

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეზიის საღამო თემაზე ,,ქართველი რომანტიკოსები“. X და XI კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ს. რურუას. ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს.

მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს დიდი წინაპრების როლები და მსმენელს წარუდგინეს რომანტიკოსთა ის ნაწარმოებები, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევრის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობის გამომხატველი იყო.

პოეზიის საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს ჩანაფიქრის ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის.

ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საანგარიშო კონცერტი გამართა

ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სახლში საანგარიშო კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები და პედაგოგები, რომელთაც თანხლებას უწევდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა გ. ჰენდელის, ი. ბახის, ვ. მოცარტის, ჯ. ვერდის, ჯ. პუჩინის, რ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის და სხვ. ნაწარმოებები.

კონცერტს აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად მუსიკოსები, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ. ესწრებოდნენ. კონცერტის მონაწილეებს და დამსწრეთ მადლობა გადაუხადა დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა დავით ოკუჯავამ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს განცხადებების მიღებას დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტების გამოსავლენად 2019-2020 სასწავლო წლისთვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით, 2016 წელს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა.

სტიპენდიის დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯს.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ ამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ ამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.

კანდიდატთა განაცხადების წარდგენის ვადაა 2019 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:
595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული:

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისდა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებ

„კოკა-კოლას თასი - 2019“ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლამ მოიგო!

25 ივნისს, ბათუმის „რაგბი არენაზე“ „კოკა-კოლას თასი 2019“-ის ბიჭების გათამაშების დასკვნითი მატჩები გაიმართა. „კოკა-კოლას ეს პროექტი წლეულს საიუბილეო იყო, ის 25 წლის გახდა.

2019 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის მე-15 და თბილისი 39-ე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. უძლიერესი გუნდის ტიტულის მოპოვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდმა შანსები უკეთ გამოიყენა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.

„კოკა-კოლას თასის“ წლევანდელ გათამაშებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1089 სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი, გამარჯვებული 12 გუნდს შორის გამოვლინდა.

მატჩების დასრულების შემდეგ გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გუნდებსა და მოთამაშეებს კუთვნილი თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მადლობა გადაუხადა „კოკა-კოლას“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვისათვის. მან წლევანდელი სეზონის გამარჯვებულს, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის გუნდს გამარჯვება მიულოცა და გუნდის თითოეულ მოთამაშეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა უსურვა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ დაასრულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისთვის ქვეპროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ განახორციელა. ქვეპროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული გმირების წარმოჩენას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.
მოსწავლეებმა, ქვეპროგრამის ფარგლებში, მოიძიეს ინფორმაცია თანამედროვე ქართველ გმირებზე, შეხვდნენ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საინტერესო ისტორიები ჩაიწერეს და მერე გმირების წარმოსაჩენად პრეზენტაციები მოაწყვეს. 
ქვეპროგრამის ბოლოს პროექტში მონაწილე მოსწავლეებისათვის მოეწყო ექსკურსია ქუთაისში. ბავშვებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე, მოილოცეს ბაგრატისა და გელათის ტაძრები.

ანსამბლმა „მაფშალიამ“ საანგარიშო კონცერტი გამართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების (ხელმძღვანელი მანანა ბურბუთაშვილი) საესტრადო განყოფილების ანსამბლმა „მაფშალიამ“ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში საანგარიშო კონცერტი გამართა (პედაგოგები: ქეთი ქარდავა და დავით კევლიშვილი).

ანსამბლმა „მაფშალიამ“ ცნობილი ქართველი კომპოზიტორების საესტრადო სიმღერები და მათ შორის ანსამბლის პედაგოგის დავით კევლიშვილის ნაწარმოები „სოხუმო“ შეასრულა. კონცერტში მონაწილეობდა ასევე ამავე მიმართულების როკ-ჯგუფ „ოცნების“ სოლისტი ნიკა დოლიძე.

ანსამბლ „მაფშალიას“ წევრებს მიესალმნენ და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა, მუსიკოსმა გურამ ჯაიანმა. კონცერტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე ესწრებოდნენ.