აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და ზვიად გამსახურდიას იუბილეებისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსებს 6 გამარჯვებული ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას (დაბადებიდან 75 წლისთავი) და ზვიად გამსახურდიას (დაბადებიდან 80 წლისთავი) იუბილეებთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა. ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსის სახელწოდება იყო - „მშვიდობის გზების ძიებისათვის“ - რა გვაშორებს და გვაახლოებს ქართველებს და აფხაზებს“, ხოლო ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი კონკურსისა კი - ,,ზვიად გამსახურდია - ეროვნული მოძრაობიდან - პრეზიდენტობამდე“.

აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლებიდან წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრების შეჯამების შემდეგ, დებულების კრიტერიუმების გათვალისწინებით (თემასთან შესაბამისობა, საკითხის სიღრმისეული გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, არგუმენტირება, ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი), წერის კულტურა) საგანგებოდ ამ კონკურსებისთვის შექმნილმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით სამ-სამი გამარჯვებული გამოავლინა. 
ესეების კონკურსში ,,მშვიდობის გზების ძიებისათვის“- რა გვაშორებს და გვაახლოებს ქართველებს და აფხაზებს“ გაიმარჯვეს: ანა კუკავამ - აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ; ანანო გუნიამ - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ და გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლემ.

ესსეების კონკურსში ,,ზვიად გამსახურდია - ეროვნული მოძრაობიდან - პრეზიდენტობამდე“ კი გაიმარჯვეს: ანა ცირამუამ, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ; ქრისტინე პაპასქირმა, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ და გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლემ.

14 აპრილი დედა ენის დღეა

საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

1977 წელს შემუშავებული საქართველოს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის მიხედვით, 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართული ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ართმევდნენ. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.

შესაბამისი ცვლილება, რომელიც საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედიოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შოთა რუსთაველის გამზირისაკენ დაიძრა დემონსტრანტთა მრავალათასიანი კოლონა, რომელშიც სტუდენტობა ჭარბობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან, საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კვლავ ქართული ენა გამოცხადდა.

დედაენის ძეგლთან აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები შეიკრიბნენ

14 აპრილს დედაენის ძეგლთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით (ორგანიზატორი იზონერა ბერაია), ტრადიციულად აფხაზეთის მოსწავლეები და სტუდენტებიც შეიკრიბნენ. შეკრებილებს დედაენის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, პოეტებმა ტარიელ მუმლაძემ და ბაღათერ არაბულმა.

აქვე მოეწყო აფხაზეთიდაან დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენა დევიზით „მამული, ენა, სარწმუნოება“. ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ლიტერატურული კომპოზიცია „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ წარმოადგინეს. აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებმა კი წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, დედაენაზე.... შეასრულეს საგალობელი „წმინდაო ღმერთო“.

შეკრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები

2019 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ქ. თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 65 მოსწავლე).

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის აფხაზეთის ა/რ ეტალონ მოსწავლეს“ სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა, მის მშობლიურ სკოლას კი დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის. თავის მხრივ 2017-2018 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლემ“ მონაწილეები გაამხნევა და ნათია თოდუას სიმღერა აფხაზეთზე - „ფრთამოტეხილი მაფშალია“ შეასრულა.

2019 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არშბა დაეუფლა (74 ქულა) და მან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა; მე-2 ადგილზე გავიდა აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ჩარგაზია (69 ქულა); მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლე (66 ქულა).

მომდევნო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-4 ადგილი - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა ჯგუბურია (65 ქულა); მე-5 ადგილი - ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლე (63 ქულა); მე-6 ადგილი - აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე რამინ ბერაია (63 ქულა); მე-7 ადგილი - აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე რევაზ ჩაკვეტაძე (62 ქულა); მე-8 ადგილი - აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა შელია (60 ქულა); მე-9 ადგილი - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე ჯონი ყალიჩავა (60 ქულა).

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი – ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნონა შონია, აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 აპრილი სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

30 წლის წინათ, 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის  მონაწილენი საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. 

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ქართული სულის გამოღვიძების, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი სახე მიიღო და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის გამარჯვებული გუნდები ცნობილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები გამართა. აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს რეგიონის პირველობისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სულ ოლიმპიადაში 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის გამარჯვებული გუნდების ტიტული და ზონალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს:

მინი ფეხბურთში - ვოვა ვეკაუს სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (ვაჟები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; გეზრბენში (გოგონები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; ფრენბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (ვაჟები) - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლამ; კალათბურთში (გოგონები) - ოტობაიის №1 საშუალო სკოლამ; მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლამ.

გამარჯვებული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით ფინალისტ გუნდებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფორმები გადაეცათ.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიაში ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ. 


კონფერენციის მთავარ თემაზე ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ. ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეული ეპიზოდები გაიხსენეს საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებმა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.


კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველ პრეზიდენტზე მომზადებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.


კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და სხვ. ესწრებოდნენ.

ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში თემაზე - „9 აპრილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი“ ისაუბრა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავ კვირეულს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა სათითაოდ ეხმაურება. კერძოდ კი, სკოლებში, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ტარდება ღია გაკვეთილები თემაზე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი“. 


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას კვირეულის ფარგლებში ეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია. მან სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „9 აპრილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი“. ჯემალ გამახარიამ დეტალურად აუხსნა მოსწავლეებს, თუ რატომ უწოდებენ 9 აპრილს ერთდროულად მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღეს. 


მოსწავლეებში მონათხრობმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მოსმენილ საკითხებთან დაკავშირებით ისტორიკოსს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც კვალიფიციური პასუხები მიიღეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილისიდამი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში გრძელდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში მიიწვიეს. მადონა მაქაცარიამ მოსწავლეებს წაუკითხა ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი თემა - „ზვიად გამსახურდიას ცხოვრების გზა“, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია. 


შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. მადონა მაქაცარიამ ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობისათვის აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ლუიზა შონიას მადლობის სიგელი გადასცა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროგრამები გააცნო

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლებიც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მათ საჭიროებებზეა მორგებული.

ახალი პროგრამები ემსახურება აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა სფეროში წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას, სტუდენტთა პოტენციალის წარმოჩენას, მხარდაჭერასა და სწავლების თანადაფინანსებას. შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში. სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე და მათ შორის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების დაწესების თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცეს.

წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკს (AIESEC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნებას. ის ასევე გულისხმობს მთელ საქართველოში და მათ შორის გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირებში ჩაბმას და მათში საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი ლიდერების აღზრდას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოს კომიტეტის პრეზიდენტმა თათია ბაგაშვილმა.

აისეკი (AIESEC) 1948 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კულტურული ბარიერების დასაძლევად შეიქმნა. 2006 წელს ორგანიზაციამ საქართველოშიც დაიწყო საქმიანობა და ის წარმოდგენილია სამ ქალაქში; თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამჟამად აისეკი 120-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ასოციაცია DRONI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ა(ა)იპ ახალგაზრდული ასოციაცია DRONI-ს შორის გაფორმდა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვას მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.

ახალგაზრდული ასოციაცია DRONI არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე, ჯანსაღი, განათლებული და სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება. ამ ამოცანის შესასრულებლად ასოციაცია ახორციელებს არაფორმალურ საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის განვითარების პროგრამებს.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია გიორგი მამულია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის სოციალურ კვლევათა უმაღლესი სკოლის (EHESS) დოქტორი. წიგნი გამოიცა აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ.

წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.

ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ განსაკუთრებულობაზე, მის მნიშვნელობასა და ისტორიულ ღირებულებაზე ისაუბრეს რუსუდან კობახიძემ, ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა და მკვლევარმა; რუსუდან დაუშვილმა, პროფესორმა და ისტორიის დოქტორმა; მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა; პაატა კოღუაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა; ზურაბ პაპასკირმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ; ადა მარშანიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა; ირმა ირემაძემ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის უფროსმა; ტატა ჩხოტუამ, რაფიელ ჩხოტუას შვილიშვილმა.

წიგნის გმირები, ავბედითი ისტორიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული, საქართველოზე ფიქრსა და ოცნებაში აღსრულებული, თითქმის მივიწყებული ადამიანები: ვლადიმერ ემუხვარი, ივანე შერვაშიძე, ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები, ვერონიკა და ჯოტო ემუხვარები, რაფიელ ჩხოტუა, მიხეილ და ჯოტო შარვაშიძეები, მერი შერვაშიძე, პეტრე მარღანია - დამსწრეთ საინტერესო შტრიხებით წარუდგინეს საღამოს წამყვანებმა - სალომე თორიამ და შალვა ბერიანიძემ.

დამსწრეთ ვიდეოჩანაწერებით მიმართეს დიდი ბრიტანეთიდან - ქრისტინა ჩხოტუამ, ნიკოლოზ ჩხოტუას შვილიშვილმა და აშშ-დან - ალექსამ, ივანე შერვაშიძის შთამომავალმა. მათ დიდი სიხარული გამოხატეს თავიანთი წინაპრების გაცოცხლების გამო, რისთვისაც დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს.

პრეზენტაციის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები წიგნის გმირებისადმი სხვადასხვა დროს მიძღვნილი დოკუმენტური ფილმებიდან. ასევე უჩვენეს ნატო მარშანიას არზაყან ემუხვარზე დაწერილი წიგნის „ქედუხრელი რაინდი“ მიხედვით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი, რომელმაც ცხადად მოიტანა საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობისთვის დამაშვრალი და დევნილობაში აღსრულებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრების ტრაგიზმი. და როგორც არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, სწორედ ესეც არის ნატო მარშანიას წიგნების მთავარი სათქმელი, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს დაანახოს მათი წინაპრების ერთიანობის ოდინდელი განცდა, თუ რაზე იდგა ჩვენი ქვეყანა მის განუყოფელ აფხაზეთთან ერთად.

პრეზენტაციაზე მერი შერვაშიძისადმი მიძღვნილი გალაკტიონის ლექსი „მერი“ წაიკითხა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მერაბ ყოლბაიამ; ხოლო მომღერალმა ბოკა კვეკვესკირმა პატრიოტული ჟანრის ქართული სიმღერები შეასრულა.

დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და იმ ადამიანებს, ვინც მას ამ წიგნის დაწერის დროს დაეხმარა და გვერდით დაუდგა.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა - „გარდასულ წელთა სახეები“, რომელიც აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოებს უყრის თავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კავკასიური სახლი.

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის N1 დადგენილებაში აფხაზეთის ა/რ მთავრობისავე 2019 წლის 7 მარტის დადგენილების თანახმად შევიდა ცვლილებები.

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ ახალი რედაქცია გამოქვეყნდა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

 

იხილეთ

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4504762?publication=0