აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

14 იანვარი დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო 2012 წლიდან 14 იანვარს დროშის დღეს აღნიშნავს. წლეულს ეს თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში აღნიშნა და ბოლოს სენაკში განთავსებულ აფხაზეთის თემურ ბოკიჩავას სახელობის მეშვიდე საჯარო სკოლაში დაასრულა. სკოლის ეზოში დროშა აღმართეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას შვილმა, მე-4 კლასის მოსწავლემ ალექსი ბოკუჩავამ, მეუღლემ მაია ცეცხლაძემ და მასწავლებელმა ეკა სიჭინავამ. სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „სენაკმა“. 


გიორგი მარგველაშვილმა დაათვალიერა სკოლის ბიბლიოთეკა, რომლის რეაბილიტაცია 2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.


ცერემონიალში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი ალიკა ჩიკვაიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამინ საჯაია და სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამ თვალსაზრისით ახლახან დასრულდა სამინისტროს ქვეპროგრამა: ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“. ქვეპროგრამა სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა განახორციელა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, სასახლე, ხიდი, ციხე, კოშკი, საინჟინრო ნაგებობები და სხვა, ან მათი ნაშთები) ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას, რათა ახალგაზრდები გაეცნონ აფხაზეთში არსებულ ჩვენს ისტორიულ-არქიტექტურულ მემკვიდრეობას.

კონკურსში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები და ამ საკითხით დაინტერესებული პირები, მიუხედავად მათი ასაკისა და მოქალაქეობისა. მათ შესაძლებლობისა და კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფოტოზე აღბეჭდეს.

ფოტოკონკურსის ფარგლებში, სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა 2 გამარჯვებული, რომლებიც მობილური ტელეფონებით დაჯილდოვდნენ. ფოტოკონკურსის ფარგლებში შემოვიდა: ბედიის, ილორის, ბომბორისა და ბზიფის ეკლესიების ამსახველი ფოტომასალა, რომლის მიხედვით ამ ძეგლების რეალური მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ბედიის ტაძარში ბაგრატ III ფრესკა სრულიად განადგურებულია. აგრეთვე, ამ მასალით დადგინდა, რომ სოფელ ბომბორაში არის ორი ეკლესია - X საუკუნის ეკლესია, რომლის ფოტოებიც ფოტოკონკურსის შედეგად მივიღეთ და ამავედროს არის XIX საუკუნის სხვა საეკლესიო ნაგებობაც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად მანანა ქვაჩახია დანიშნა.

მანანა ქვაჩახია პროფესიით ფსიქოლოგია და ის წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერიაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მუშაკები: სიომა ბარქაია (ფეხბურთი), გრიშა ცაავა (ფეხბურთი), გიორგი ყურაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა); მწვრთნელები: ვაჟა კვარაცხელია (კალათბურთი), ზურაბ ლოლუა (ფარიკაობა); მოქმედი სპორტსმენები: ზებედა რეხვიაშვილი (ძიუდო), საბა სოსელია (მძლეოსნობა), დავით ხეცურიანი (ძალოსნობა).


ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები ბესიკ ოდიშარია და როლანდ ნიჟარაძე, ვეტერანი სპორტსმენები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოსა და აფახაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმიდა გიორგის ოქროს ორდენისა“ და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.


სვეტლანა ქეცბა სხვადასხვა დროს იყო ქალაქ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი და ყოველთვის, ყველა თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა მაღალი ზნეობით, მტკიცე სულიერებით და განსაკუთრებული მზრუნველობით ქართულ-აფხაზური ათასწლოვანი კულტურისადმი. 


მიუხედავად აფხაზეთში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიისა და ურთულესი პოლიტიკური ქარტეხილებისა, სვეტლანა ქეცბა ბოლომდე ქართულ-აფხაზური ნათესაური კავშირების, მეგობრობისა და მეზობლობის ერთგულად დარჩა. ისტორიის მეტად რთულ ეტაპზე იგი თავისი საქმიანობით, პუბლიკაციებითა და კრებულებით მტკიცედ და ჯიუტად ცდილობდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გაჯანსაღებას, აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების ხიდის აგებას, ქართველთა და აფხაზთა ნათესაური, მეგობრული ურთიერთობების აღდგენას.
მის მრწამსს ზუსტად გამოხატავდა სიბრძნე „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" და სჯეროდა, რომ აფხაზეთშიც ამ გზით დავბრუნდებოდით. 


სამწუხაროდ, აფხაზეთში დაბრუნების ნატვრა მასაც ნატვრად დარჩა. 


მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.

ჯუმბერ ყოლბაია დაიბადა 1944 წელს გალის რაიონში, მუსიკალურ ოჯახში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ მუსიკის მოყვარულები. ჯუმბერი პირველად გალის სკოლაში დადგა გუნდის წინ და სწორედ აქედან დაიწყო მისი შემოქმედებითი გზა. გალში მომღერალთა გუნდის მოსასმენად ჩამოსულმა კომპოზიტორმა მიხეილ ჩირინაშვილმა მოისმინა რა ჯუმბერის ნამღერი, მშობლებს სთხოვა იგი სასწავლებლად თბილისში გაეგზავნათ. მართლაც, 1961 წელს ჯუმბერ ყოლბაია თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ჩაირიცხა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე, რომელიც 1965 წელს წარმატებით დაასრულა. მალევე მუშაობა დაიწყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში სოლისტ-მომღერლად, სადაც გაიცნო ჰამლეტ გონაშვილი. სწორედ მან შეასწავლა ჯუმბერს ქართლ-კახური სიმღერები. ერთწლიანი მომზადების შემდეგ, 1966 წელს ჯუმბერ ყოლბაიამ თბილისის ს. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.

ჯუმბერ ყოლბაია 1972 წლიდან ანსამბლ „რუსთავის” ქორმეისტერ-მომღერალია. ამ ანსამბლში ის 15 წელი მუშაობდა. მის მიერ ჩაწერილი სიმღერები: მეგრული „ნანა”, „კუჩხაბედინერი”, „აფხაზური,“ „ურმული“ პირველად სწორედ ანსამბლ „რუსთავში“ აჟღერდა. 1983 წლიდან ჯუმბერ ყოლბაია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვოკალურ ანსამბლ „ფაზისის“ სამხატვრო ხელმძღვანელია. ანსამბლი „ფაზისი“ წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. ჯუმბერის ხელმძღვანელობით ანსამბლმა ხალხური სიმღერების ორი ფირფიტა გამოსცა.

1972 წლიდან ჯუმბერ ყოლბაია რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში საქმიანობს. მის მიერ აღზრდილი მუსიკოსები ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ის ერთხანს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო, ბოლო წლებში კი მისი მთავარი დირიჟორი.

2016 წელს ჯუმბერ ყოლბაიას ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. ქართულმა კულტურამ მისი ამქვეყნიდან წასვლით დიდი დანაკლისი განიცადა, დიდი დანაკლისი განიცადეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და მისმა მსმენელებმა.

ნათელში იყოს მისი სული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 
განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დამაარსებლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.


გურამ ყურაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარების საქმეში. მან აფხაზეთში, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნა პირველი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებულ კონცერტებს მართავდა არა მარტო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული იყო.

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კოლექტივმა დროებით შეწყვიტა არსებობა. 12 წლის შემდეგ კი გურამ ყურაშვილმა ახლა უკვე ქალაქ თბილისში ახალი შემადგენლობით შექმნა აფხაზეთის საგუნდო კაპელა, რომელმაც ძალიან მალე გამორჩეული სტილის კოლექტივის სახელი დაიმკვიდრა და არაერთხელ წარმოაჩინა საქართველო და აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე.


საღამოზე გურამ ყურაშვილი გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარინა შენგელიამ, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსმა კახაბერ ძაძამიამ და სხვ. საღამოს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები და გურამ ყურაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 


აფხაზეთის საგუნდო კაპელამ რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის მიერ გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი „ფერიცვალება ღამეა“. საღამოს ასევე ესწრებოდნენ პირველი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელის წევრები, რომლებმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: ჯემალ შონია - პოეტური კრებულისათვის ,,წაუკითხავი“; ნანა ქარდავა - წიგნისათვის ,,სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“; აზა ბასლანძე - საბავშვო ლექსების კრებულების სერიისათვის: ,,მომღერალი ფერები“, ,,თეთრი ღრუბლები“, ,,ოქროს თევზი“, ,,მხიარული ფიქრები“. ლაურეატებს დიპლომები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ ჟორდანიამ.

პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა კომისიის წევრმა აფხაზეთის ა/რ უმარლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ, ხოლო პრემიის ლაურეატებმა მადლობა გადაიხადეს მათი შემოქმედების აღიარებისთვის.

საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი ქართულმა საზოგადოებამ 2017 წლის 12 დეკემბერს უკანასკნელ გზაზე გააცილა.


რუსთაველის თეატრში სახალხო არტისტთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად მივიდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, კოლეგები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები.

 

დიმიტრი ჯაიანი თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას იმედიანად შემძახებელი კაცი დააკლდა, აფხაზეთს კი ერთი ჭირისუფალთაგნი.

67 წლის ასაკში, ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის „პრესტიჟის“ ორდენის კავალერი, „მაყურებლის სიმპათიის“ პრიზის მფლობელი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თატრის წამყვანი მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ათეულობით წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

დიმიტრი ჯაიანი დაიბადა 1950 წელს სენაკში, პედაგოგების ოჯახში. სენაკის საშუალო სკოლის ოქროსმედალოსანი ჭაბუკი ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარულმა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა, სადაც მან სამსახიობო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

 
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი მისმა რექტორმა ილია თავაძემ და ლეგენდარულმა საშა მიქელაძემ (როგორც მას დიმა ჯაიანი მოიხსენიებდა) რუსთავში განაწილებულ დიმიტრი ჯაიანს მოულოდნელად სოხუმში წასვლა შესთავაზეს. როგორც ჩანს, გამჭრიახი გონების ადამიანები უკვე მაშინვე გრძნობდნენ დიმიტრი ჯაიანის ხასიათის განსაკუთრებულ შტრიხებს - შეუპოვრობასა და სიმტკიცეს, რომელიც აფხაზეთში ეროვნული იდეების სათავეებთან მდგარ სოხუმის თეატრს განსაკუთრებით სჭირდებოდა. ამ დღიდან დიმიტრი ჯაიანის ცხოვრება და საქმიანობა განუყოფელი ნაწილი გახდა აფხაზეთის კულტურული ცხოვრებისა, რომელსაც მან გაუხუნარი და წარუშლელი ფურცლები შემატა.


პიროვნული ხიბლით გამორჩეული, ქარიზმატული, უმშვენიერესი ქართველი რაინდის დარი გარეგნობის პიროვნება, გამოკვეთილი ინდივიდუალობისა და ცხადი თვითმყოფადობის მქონე მსახიობი, ასეთი უყვარდათ და ეძვირფასებოდათ დიმიტრი ჯაიანი იქ სოხუმში თუ მერე აქ, თბილისში შეძენილ ერთგულ მაყურებლებს. მის მიერ განსახიერებული საინტერესო და მრავალფეროვანი სახეებიც სოხუმსა თუ თბილისში: მეფე გიორგი, ჰოკონ ჰოკონსენი, ელიზბარ ერისთავი, ოთარ-ბეგი, კორიოლანოსი, ზურაბი, ლადო ასათიანი… მკვეთრი ქართული სათქმელით იყო აღბეჭდილი და ქართული თეატრის საგანძურში დარჩება მარად. მისი ხელოვნება აღიარებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, სადაც სოხუმის თეატრს მრავალჯერ წარმოუდგენია სპექტაკლები გასტროლებსა თუ საერთაშორისო ფესტივალებზე.


დიმიტრი ჯაიანი იყო უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს როგორც როლებით, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოხატავდა. მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება სოხუმის თეატრს უკავშირდებოდა, რაც ძალიან ეამაყებოდა. სცენიდან ხშირად აცხადებდა კიდეც, რომ მას სოხუმის თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავნია. ამბობდა, რომ სოხუმის თეატრი კაცების თეატრი იყო, ისევე როგორც თავად სოხუმი იყო კაცების ქალაქი. თქვენ გამიგებთ, რასაც ვგულისხმობო, დასძენდა და არაერთ ნათელ სახეს ჩამოთვლიდა. ახლა ყველასთვის საცნაური ხდება, რომ იმ კაცთაგან ერთ-ერთი თავად იყო. 


სოხუმის თეატრის დევნილობაში ფეხზე დაყენებისა და მისი წინამძღვრობის მისიაც განგებამ მასვე დააკისრა იმ უმძიმეს პერიოდში, როცა ყოველდღიურობის თანამდევი პრობლემაც მრავლად იყო.


ცალკე უნდა აღინიშნოს დიმიტრი ჯაიანის როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლი. აქ მუშაობისას განსაკუთრებულად გამოიკვეთა მისი მენეჯერული ნიჭიც. მან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე და თავისებური ხიბლი შესძინა აფხაზეთიდან დევნილი კულტურული კოლექტივებისა და ხელოვანების შემოქმედებით საქმიანობას. ღირსეული კვალი გაავლო ამ თვალსაზრისითაც. მასზე კიდევ ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ისედაც ბევრს ამბობს მის მიერ განვლილი ცხოვრება, რომელზეც ხვალ კიდევ უფრო მეტი ითქმება. 


ბოლო წლებში ცნობილი ქართველი პოეტების შემოქმედებაში საგანგებოდ არჩევდა თითქოს იმედითა და შემართებით სავსე ლექსებს, რომელიც ქართველ მაყურებელს, დევნილ თუ არადევნილ საზოგადოებას დადებითად მუხტავდა და მომავლისადმი იმედით განაწყობდა. ამიტომაც იყო, რომ შოთა ნიშნიაძის ლექსი „აფხაზური კანტატა“ მისთვის ერთგვარ საპროგრამო ლექსად იქცა. „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“, უდიდეს დატვირთვას სძენდა ამ სტრიქონებს, რომელიც თითქოს გაღმა დარჩენილ აფხაზებსაც ეკუთვნოდა და ამ შეძახილით მათაც აწვდენდა ხმას. 


მაყურებელი თავად იყო მოწმე, როგორ იწვოდა დიმიტრი ჯაიანი სცენაზე და ბევრს უკვირდა კიდეც, როგორ უძლებდა ამდენ ემოციას, ამდენ გულწრფელობას მისი მტკივნეული გული. ის სცენაზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და ბოლომდე მიჰყვებოდა მაყურებელიც, რომელსაც მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომაც იმატა კიდევ უფრო წლების შემდეგ მისი გამოსვლისას ტაშმა და ოვაციებმა.


დიმიტრი ჯაიანს ბოლო პერიოდში განსაკუთრებული გულჩვილობა დასჩემდა, ცრემლების გარეშე ვერ ლაპარაკობდა ვერც სევდიან და ვერც კარგ ამბებზე. ახლაღა ვხვდებით, რომ ეს ერთგვარი წინათგრძნობა იყო, ერთგვარი სინანული ნაადრევად გასვლისა ამ წუთისოფლიდან, სადაც ჯერ კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი. 


დღეს მას მიჰყვება თითოეული ჩვენგანისა და ურიცხვი გულშემატკივრის ცრემლები.


მსუბუქი იყოს მისთვის მისი უსაყვარლესი სამშობლოს მიწა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის პიესის „იაკიში და პუპჩეს“ პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.

ეს არის სევდიანი კომედია მახინჯ და ღარიბ იაკიშიზე, რომელსაც ასევე მახინჯ და ღარიბ პუპჩეს შერთავენ ცოლად. თავგადასავალი იწყება მაშინ, როდესაც ნათესავები აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა ცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“...  აღსრულება არ შეუძლიათ.

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2017 წლსი 21 ივლისს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე. სპექტაკლს აქ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული მთავრი პრიზი მიენიჭა და ამავე სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დასახელებულ იქნა როგორც 2017 წლის ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, მარინა სოლომონია, დავით ბერაძე, სანათა ძაძამია, ნიკა წერედიანი, პაატა ვახტანგიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი და მარიამ ყოლბაია.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ჭეშმარიტი მამულიშვილის, აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

ხსოვნის საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ლორიკ მარშანიას შვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს მუსიკალურ თანხლებას უწევდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით.

ლორიკ მარშანია 1932 წლის 24 ნოემბერს ოჩამჩირეში დაიბადა.  სოხუმის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში. ლორიკ მარშანია იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1992-2002 წლებში მუშაობდა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ.

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას. იგი მუდამ პრინციპულად იცავდა აფხაზი ეთნოსის თვითმყობადობას და იმავდროულად აფხაზთა სასიკეთო მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში ხედავდა.

ლორიკ მარშანია სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე მუდამ ცდილობდა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ცივილიზებული გზები, სახალხო დიპლომატიის ნაცადი მეთოდები ახლებურად გაეაზრებინა და მათი განხორციელების ინიციატორად გვევლინებოდა.

ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".

ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში თანამედროვე ქართველი მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა დავით ბაძაღუას 45 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და სიმბოლურად მხატვრის 45 ნამუშევარს წარმოადგენდა. დავით ბაძაღუას, როგორც აფახაზეთის მკვიდრის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი თემაა აფხაზეთი. მის ნამუშევრებს იცნობენ საზღვარგარეთ, სადაც არაერთი გამოფენა ჰქონია. მისი ნამუშევრები დაცულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. 


გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე დავით ბაძაღუას მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე მანონ ბულისკერია. დავით ბაძაღუას შემოქმედების თავისებურებებზე, მის განსაკუთრებულ ხელწერასა და მუდმივი მაძიებლობის იშვიათ ნიჭზე ისაუბრეს ხელოვნებათმცოდნეებმა ქეთი ახობაძემ და დავით ანდრიაძემ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ. გამოფენის გახსნას უძღვებოდა მხატვარი ზურაბ ჭედია. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ხელოვნებისმოყვარულები.

2017 წლის 30 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლიდან კი მისი მხარდამჭერები გახდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.


ოლიმპიადა წლეულსაც ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მის დასკვნით ნაწილს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, სტუმრები უკრაინისა და რუსეთის უნივერსიტეტებიდან.


საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სტუდენტი და სკოლის მოსწავლე პროგრამისტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. ამასთან, ოლიმპიადა ამავე ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ოლიმპიადის დასკვნით ნაწილზე ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ასევე გამარჯვებულ გუნდებს, სერტიფიკატები და შესაბამისი პრიზები გადაეცათ. ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულ მონაწილეს კი საჩუქრად ილია ვეკუას თასი გადაეცა.

წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო. ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პროექტი საპილოტეა და მისი მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის 5 (ხუთი) საჯარო სკოლა შეარჩია №55, №147, №31, №112, №157).

პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში პროექტში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ახალგაზრდა. სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და დამზირ ჯოჯუა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს კითხულობენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა და უფროსის მოადგილე ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური.

პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება მცირე კვლევა, რომელიც ორგანიზატორებს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრონ პროექტის განვითარების პერსპექტივები. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში კი გაისად აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება.