- სამოქმედო გეგმა
- აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
- აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
- წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა
- ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
- აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
- abculture.ge
- აფხაზეთის საჯარო სკოლები
- რესურსცენტრები
- ონლაინ მუზეუმი
- დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
- ანგარიშები
- გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში გამართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ხუთტურიანი დაძაბული პაექრობის შემდეგ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონებს შორის - ტრადიციულად, უკვე მესამედ, აფხაზეთის ღია პირველობის პირველი და მეორე ადგილები დებმა შელიებმა გაიყვეს და ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - ანა შელია, II ადგილი - ელენე შელია, III ადგილი - ელენე თოლორაია.
ვაჟებს შორის - ასევე ტრადიციულად, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ილია კავკასიძე (მწვრთნელი დავით ზარქუა). ილია ორგზის აფხაზეთის ჩემპიონი, ორგზის ქ.თბილისის ჩემპიონი, თბილისის თასის მფლობელი და სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. საბოლოოდ ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - ილია კავკასიძე, II ადგილი - ალექსანდრე ბექაური, III ადგილი - ელგუჯა წიტაიშვილი.
ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობაზე საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ყველა მონაწილეს ტურნირის მონაწილის სიგელი გადაეცა.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების მედალოსნების მიღება გამართა. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია უძღვებოდა.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს - მერი გეგეჭკორს, ლენა კიტიას, ეთერი ხახუბიასა და გივი ჯომიდავას მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის, ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს. შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს წარმატებები მიულოცეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
დასასრულ გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თემაზე: ,,2016-2017 სასწავლო წლის შედეგები და მომავლის გამოწვევები“.
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს, არაუმეტეს ერთი სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია მიეცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება,1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიე-რო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან საგანგებოდ შექმნილ კომისიას.
სოხუმის უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიანტობის კანდიდატების ზემოთ ხსენებულ კომისიასთან წარდგენის ვადააა 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული:
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზატორობით, ქალაქ მცხეთაში 2017 წლის 28-30 სექტემბერს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold“ ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობის ჩართვა საერთო კულტურათაშორის დიალოგში და ეთნიკურ კულტურულ-ისტორიული კავშირის გაცნობა - პოპულარიზაცია ეთნოგრაფიული ნიმუშების წარმოდგენით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადგომით, 30 სექტემბერს, ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალის „მცხეთა - Art Gold“ ფარგლებში გამართულ გალა-კონცერტზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ ქართულ-აფხაზური ფოლკლორით წარსდგა.
გალა-კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისრი დიმიტრი ჯაიანი, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები.
სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაემთხვა. ამ დღეს აფხაზეთის მოსახლეობა გოლგოთის გზას - დიდი ტანჯვისა და განსაცდელის გზას შეუდგა იმ იმედით, რომ „გოლგოთა და ჯვარცმა სიკვდილით არ დამთავრებულა, არამედ მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა“. სწორედ ამ იმედითა და რწმენით სრულდება აფხაზეთის წართმევიდან 24 წელიც.
ამ იმედითა და რწმენით მივიდნენ წლევანდელ 27 სექტემბერსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთაც მაისურებზე სიმბოლურად აფხაზეთის ქალაქების სახელები ეწერათ, ასევე ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავებს.
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ქ. მოსკოვში გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა - ლირიკულ-დრამატული ტენორი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბოლონიის უძველესი სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი. მომღერალს რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოასვენებენ.
ზურაბ სოტკილავა დაიბადა 1937 წელს ქ. სოხუმში.
მან 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავით ანდღულაძის ხელმძღვანელობით. ზურაბ სოტკილავა 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია, 1966–1968 წლებში კი მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ ბელკანტოს საუკეთესო სპეციალისტებთან გადის სტაჟირებას.
წარმატებები და აღიარებები თავიდანვე დაებედა: მოსკოვში - პ. ჩაიკოვსკის, ესპანეთში - ფ. ვინიასის სახელობის საერთაშორისო კონკურსების, ბულგარეთში - ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის „ოქროს ორფეოსის“ ლაურეატის წოდებებს მალევე მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტის ძნელად მოსაპოვებელი საპატიო სტატუსი მოჰყვა. შემდეგ იყო ევროპის, აზიისა და ამერიკის უამრავი სცენისა და საკონცერტო ესტრადის დაპყრობა.
„ხალასი ნიჭი, თანდაყოლილი საუცხოო ხმა, გულში ჩამწვდომი ლირიზმი, ქართული გენეტიკით ნასაზრდოები მგზნებარე ტემპერამენტი, ნაწარმოების არსში წვდომის დაუცხრომელი წადილი, ხმიერი აპარატის ჭეშმარიტი ღირსებები,“ - ასე ახასიათებენ ზურაბ სოტკილავას ვოკალურ-არტისტულ ბუნებას მუსიკისმცოდნეები.
ვრცელი და მრავალფეროვანი იყო ზურაბ სოტკილავას რეპერტუარი: იტალიური, რუსული, ავსტრიულ-გერმანული, ესპანური და სხვა საკომპოზიტორო სკოლების რჩეულ წარმომადგენელთა საოპერო თუ კამერული ნაწარმოებები, ფოლკლორული მუსიკის ნიმუშები და გამორჩეულად ქართული მუსიკა. იგი განსაკუთრებული ოსტატობით ქართულ ხალხურ (მეგრულ) სიმღერებს: „სისატურა“, „ასე ჩონგური“ და სხვა ასრულებდა. მის მიერ შესრულებული საოპერო პარტიებიდან აღსანიშნავია: აბესალომი - ზ. ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“; არზაყანი - ო. თაქთაქიშვილი, „მთვარის მოტაცება“; მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი - ჯ. ვერდის ოპერებიდან: „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ–მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“; ხოზე - ჟ. ბიზე, „კარმენი“; კავარადოსი - ჯ. პუჩინი, „ტოსკა“ და სხვ.
ცალკე აღსანიშნავია ზურაბ სოტკილავას პედაგოგიური საქმიანობა. იგი 1987 წლიდან მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო. მისი აღზრდილები მსოფლიოში წამყვანი საოპერო თეატრების სცენებზე მღერიან.
ზურაბ სოტკილავა ბოლომდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავდა გასტროლებს და პერიოდულად თბილისშიც ჩამოდიოდა. დარდად გაჰყვა სოხუმში, მშობლების საფლავთან ჩასვლის ოცნება.
დიდია ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება როგორც მუსიკალურ საზოგადოებაში ისე მომღერლის თაყვანისმცემლებს შორის.
ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. ამ დღეს ქ. თბილისში განთავსებულ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსის მოადგილე მედიკო კვარაცხელია.
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ და სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა. ბენეფისი დიმიტრი ჯაიანის მიერ შესრულებული მეფე გიორგის მონოლოგით დაიწყო. მსახიობმა აღნიშნა, რომ როგორც თავის დროზე და ისე ახლაც, ამ მონოლოგით თავისი სათქმელიც გახაზა: „მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის... მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია".
საღამოს მოწყობის იდეის ავტორი და რეჟისორი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე.
დიმიტრი ჯაიანმა გაიხსენა თავისი პედაგოგები თუ კოლეგები, ქართული თეატრისთვის ძვირფასი სახელები. მან საკუთარ თავს ქუდბედიანი უწოდა, რადგან ბევრი მსახიობისთვის საოცნებო არაერთი როლის შესრულების პატივი და სიხარული არგუნა ბედმა.
ეკრანზე მსახიობის მიერ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე განსახიერებული საუკეთესო როლები გამოჩნდა სპექტაკლებიდან: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ბრძოლა ტახტისათვის“, „მარადისობის კანონი“, „ზღვა, რომელიც შორია“ და სხვ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მაღალი შეფასება მისცა დიმიტრი ჯაიანის სამსახიობო ხელოვნებას, ასევე ისე მისი როგორც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის წვლილს ამ სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე. ამ თვალსაზრისით ისაუბრა ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. სწორედ ანსამბლ „აფხაზეთის“ მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე წაიკითხა მსახიობმა დიდი ოსტატობითა და ემოციით ქართველი პოეტების - გალაკტიონის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, რეზო ამაშუკელისა და სხვათა ლექსები.
დიმიტრი ჯაიანმა, როგორც ყოველთვის, ახლაც განსაკუთრებული ემოციით წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა" და მაყურებელთა ჩვეული ოვაციებიც დაიმსახურა. დიმიტრი ჯაიანი, როგორც აფხაზეთის დიდი გულშემატკივარი ამ ლექსს ხშირად კითხულობს სხვადასხვა სცენაზე, რითაც საქვეყნო თუ პირად სათქმელს გამოხატავს: „ო, საქართველოვ, ბევრი კარგი შვილის გამზრდელო, ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი, უაფხაზეთოდ"... ამიტომაც იხარჯება ყოველთვის ბოლომდე. ახლაც ასე იყო.
ამ საღამოზე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა სიტყვა, სიმღერა, პოეზია, რითაც დიმიტრი ჯაიანმა თავის გულშემატკივრებს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო მიუძღვნა..
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქ. ზუგდიდში აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ეს დღე მიულოცეს.
ახალი სასწავლო წელი აფხაზეთის საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებული მოვლენით გამოირჩა: სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარდგინებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.
გარდა ამისა, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კლასის მოსწავლეებს სსიპ „გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტებისა" და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ბზის 50 ნერგი გადაეცათ.
2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო ორი წლის განამვლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სტიპენდიები, აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციის მიზნით, 2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით დაწესდა. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან და აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობენ. მათ ასევე მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა.
სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში - 100/150 ლარს. სტიპენდიები მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ უკვე შეაჯამა ამ სტიპენდიების მისაღებად შემოსული წლევანდელი წარდგინებები და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიანიჭა სტუდენტებს: დავით დოლიძეს - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტს და თამარ ბარამიას - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს; დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია კი მიანიჭა თამარ ჩითინაშვილს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტს და თეონა მჭედლიშვილს - კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლი საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.
საგულისხმოა, რომ სტუდენტებმა საინტერესო CV-ებთან ერთად აფხაზეთის პრობლემატიკაზე კვალიფიციურად შესრულებული ნაშრომები წარმოადგინეს, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო სტიპენდიების დაწესების მნიშვნელობა.
ვახტანგ ყოლბაია დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის წლევანდელ სტიპენდიანტებს კონკურსში გამარჯვება ულოცავს და აღნიშნავს: „ქართველი ახალგაზრდები კარგად უნდა იცნობდნენ აფხაზეთის პრობლემატიკას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სატკივარს, რომელიც გლობალური პოლიტიკის ნაწილიცაა. მათ ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის ისტორიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, გარდა ამისა, საკუთარი ხედვა უნდა გააჩნდეთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე. არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი და ჟიული შარტავა - ის აფხაზი და ქართველი მამულიშვილები იყვნენ, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის იბრძოდნენ. ეს იგივე სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატულებაა, რაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ეხმიანება. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც ვიხილოთ“.
„საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ქვეპროგრამაა. ის ყოველწლიურად ხორციელდება და მისი უმთავრესი მიზანია მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. ბანაკში მათ წარდგენას სწორედ მოსწავლის აკადემიური და საზოგადოებრივი მიღწევები განსაზღვრავს.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები ჩვეულებისამებრ ისვენებენ საქართველოს ზღვისპირეთში, რათა გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა, გაკაჟდნენ და გაიარონ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. წლეულს „საზაფხულო ბანაკი“ აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო სკოლების 30 მოსწავლისათვის ქ. ქობულეთში მოეწყო. მოსწავლეები ჩაერთვნენ სამოქალაქო ცნობიერების, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში.
გარემოსდაცვითი ცნობირების ამაღლების მიზნით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს ჩაუტარეს ეკო-გაკვეთილები და ტრენინგები თემებზე: საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალი, ეკოტურიზმი, საქართველოს ბუნებრივი ღირშესანიშნაობები, ეკოტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე, ელექტრონულ რუკებზე მარშრუტის განთავსება, დაგეგმავა.
ასევე, მოეწყო საველე გასვლები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები ქ. ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, მაჭახელას ხეობაში. მოზარდებმა ბევრი ახალი რამ გაიგეს აქაურობაზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს - ზურაბ ხონელიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ამ დღეებში მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. შეხვედრას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, რომლებმაც მისასალმებელი სიტყვებიც წარმოთქვეს.
ყოფილ და ახალ რექტორთან შესახვედრად უნივერსიტეტის თანამშრომლები ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. უნივერსიტეტს საგანგებოდ ეწვია გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა, რომელმაც უნივერსიტეტის ახალი რექტორი დალოცა, სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
რექტორის პირველი დღე სამსახურის უფროსებთან და ფაკულტეტების დეკანებთან შეხვედრით დაიწყო. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ჯონი აფაქიძეს, აკადემიურ საბჭოს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და აღნიშნა, რომ ის ღირსეული უნივერსიტეტის ღირსეული რექტორი იქნება.
„მე მინდა ეს პერიოდი უნივერსიტეტისთვის ახალი ერის დასაწყისი იყოს. უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და ვიაროთ ევოლუციის გზით. ორიენტირი უნდა ავიღოთ ცოდნაზე და ჩვენი მიზანი უნივერსიტეტის წინსვლა უნდა იყოს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დევნილი უნივერსიტეტია, მას თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის აღმდგენი ხიდი“, –განაცხადა ზურაბ ხონელიძემ. ამასთანავე, მან კოლექტივს შესთავაზა უნივერსიტეტის ახალი ლოგო „ცოდნა-აღმაშენებელი“, რომელშიც იდეურად გაერთიანდება უნივერსიტეტის მთავარი მისია და აფხაზეთი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ჯონი აფაქიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი რექტორობის პერიოდში უმუშავია. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი რექტორი ღირსეული ადამიანია და ეიმედება, რომ უნივერსიტეტს კიდევ უფრო განავითარებს, თავად კი რჩება უნივერსიტეტის პროფესორად და მკვლევარად.
2017 წლის 11-13 ივლისს ქ. თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
I და II ადგილებისათვის მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები. დაძაბულ ორთაბრძოლაში, პენალტების სერიით გაიმარჯვა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროს გუნდმა და პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდი, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი კი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა.
პირველი ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა თასი, მედლები და დიპლომები. ასევე მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ მეორე-მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები. გარდა ამისა, სამივე გუნდს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცა.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა დიმიტრი ჭანტურიამ ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დააჯილდოვა აფხაზეთის მთავრობის აღმოსავლეთ საქართველოში წარმომადგენლობის გუნდის მოთამაშე და ტურნირის უხუცესი მონაწილე კარლო სართანია. აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორმა ენვერ თოლორდავამ სპრეციალური პრიზი „ტურნირის საუკეთესო მოთამაშე“ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდის სპორტსმენს დათა კიკალიშვილს გადასცა.
ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ქვეპროგრამის „შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის“ პრაქტიკული კურსი დასრულდა. ქვეპროგრამა კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომასთან“ ერთად განხორციელდა.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ. საქართველოში 150 000–ზე მეტი მოქალაქე შშმპ-ია, მათი დიდი ნაწილი გარიყულია საზოგადოებისაგან. ამ კატეგორიის მოზარდების მთავარი პრობლემა არის სოციალური აქტივობის დაბალი ხარისხი, რაც იწვევს ზოგადად სხვადასხვა ფსიქიკურ და სოციალურ პრობლემას.
მნიშვნელოვანია, რომ შშმპ-მა იგრძნონ, რომ ისინი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან. ამისთვის კი აუცილებელია მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ზემოთ ხსენებული ქვეპროგრამა სწორედ შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის პროცესის, მათი გონებრივი და ფიზიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას, შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესისა და მზრუნველობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ამჯერად 10 შშმ მოზარდს კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომასთან“ ერთად ჩაუტარდა შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკული კურსი. კურსი მოიცავდა 8 გაკვეთილს და შედგებოდა როგორც გონების (ყურადღების, შემოქმედებითი აზროვნებისა და მეხსიერების) გასააქტიურებელი სავარჯიშოების, ასევე არტთერაპიის ნაწილისგან. ყოველი გაკვეთილი იწყებოდა წინა მასალის გამეორებით. პირველი ნაწილი ეთმობოდა თეორიულ მასალას, მეორე - პრაქტიკულ სამუშაოებს (ხატვა, ბისერებით მძივებისა და სამაჯურების დამზადება, აკვარელის საღებავებით ღია ბარათების შექმნა და სხვ). განხორციელებული აქტივობები ეხმარებოდა მოზარდებს ტექსტზე ყურადღების კონცენტრაციაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს თავის ტვინის ნეირონების გააქტიურებასა და დამახსოვრების პროცესის გაძლიერებას.
კურსის ბოლოს შშმ მოზარდებთან და მშობლებთნ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.