- სამოქმედო გეგმა
- აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
- აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
- წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა
- ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
- აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
- abculture.ge
- აფხაზეთის საჯარო სკოლები
- რესურსცენტრები
- ონლაინ მუზეუმი
- დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
- ანგარიშები
- გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „ეტალონის“' მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატზე გამოვლინდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“, რომელიც გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 43 მოსწავლე).
აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის ტიტულს აფხაზეთის მე-11 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ცოტნე ქვარაია დაეუფლა (75 ქულა).
მე-2 ადგილზე გავიდა აფხაზეთის მე-10 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი გახარია (72 ქულა), მე-3 ადგილზე კი საბერიოს მე-2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე გვაგვალია (64 ქულა).
მომდევნო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-4 ადგილი - აფხაზეთის მე-7 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით მორგოშია (62 ქულა); მე-5 ადგილი - აფხაზეთის მე-14 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მათე თოდუა (62 ქულა); მე-6 ადგილი - თაგილონის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მეგი ლემონჯავა (61 ქულა); მე-7 ადგილი - აფხაზეთის მე-3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა შელია (59 ქულა); მე-8 ადგილი - აფხაზეთის მე-11 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა იოსავა (58 ქულა); მე-9 ადგილი - აფხაზეთის მე-14 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნანა ქირია (57 ქულა).
იტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, ამავე სამსახურის თანამშრომლები: მედიკო კვარაცხელია და ირმა გოგოლაძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.
დასრულდა „არტ-ფესტივალი 2017“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში პირველად გაიმართა. ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა თაობის და მიმდინარეობის მხატვრისთვის მოეყარა თავი ერთ საგამოფენო სივრცეში. გამოფენას დაეთმო როგორც დარბაზი, ასევე ღია სივრცე.
„არტ-ფესტივალზე“ 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნების და ქანდაკების ნიმუშები იყო ექსპონირებული. ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში ხელოვნების მოყვარულები გაეცნენ და გაესაუბრნენ ცნობილ, მათთვის საყვარელ მხატვრებს, რომელთაც გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და შესაძლებლობისამებრ შეიძინეს კიდეც მათი ნამუშევრები. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: მხატვრების - ამირან კუპრავასა და დავით ბაძაღუას სახელოსნო „2 ART“ და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი. ფესტივალზე შემოსული თანხის ნაწილი ვალერი არქანიას არტ-გალერეის განვითარებას მოხმარდება. დასასრულ მხატვრებმა და დამთვალიერებლებმა ამგვარი ფესტივალების ტრადიციად ქცევის სურვილი გამოთქვეს.
„არტ ფესტივალი“ სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მას უამრავი დამთვალიერებელი, გალერისტი, კრიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენელი სტუმრობდა.
„არტ-ფესტივალით“ შექმნილი უჩვეულო დღესასწაული მხატვრებს და ხელოვნების მოყვარულებს მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ და სხვ.
„არტ-ფესტივალი 2017“ ისევ თავშეყრის დიდი სურვილითა და იმედით დასრულდა.
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილის შემდეგ, აფხაზურ ენაზე დადგმული მინი-სპექტაკლიც „ყელში მობჯენილი მონატრება“... წარმოადგინეს. სპექტაკლში აფხაზებისა და ქართველების მეგობრული და სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, აფხაზურ ტრადიციებსა და სტუმარმასპინძლობაზე აგებული ურთიერთობები და ყოველივე ამის მონატრება იყო გადმოცემული. სპექტაკლზე მოსწავლეებმა ქართულ-აფხაზური სიმღერები და აფხაზური ცეკვებიც შეასრულეს, რითაც აფხაზური ენისა და კულტურის ცოდნა და პატივისცემა გამოხატეს.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჯაყელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
როგორც ჩვენი მკითხველებისთვის არის ცნობილი, ახლახან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“.
ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ნორჩ-ისტორიკოსთა სკოლის 120-მდე მსმენელმა, რომელთა შორისაც იყვნენ პედაგოგები, ლექციის შედეგად მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ არქიტექტურის თავისებურებებზე.
მიღებული ინფომაციის საფუძველზე მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობითა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (ვიცე-პრეზიდენტი - მანანა შეყილაძე) ორგანიზებით 2017 წლის 13 მარტს აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი. კერძოდ, ასოციაციასთან არსებული „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ თორმეტმა მოსწავლემ ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიაში (გუგლის საძიებო სისტემა, სადაც თავმოყრილია ამა თუ იმ ქვეყნის ენციკლოპედიური მასალა, ვიკიპედია - მას შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო ელექტრონული ენციკლოპედია) ატვირთა სტატიები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლების შესახებ, რომლებიც მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ელექტრონულ ფორმატში მიაწოდა. სულ აიტვირთა 12 სტატია ქართულ ენაზე და 19 სტატია ინგლისურ ენაზე.
ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
1. https://ka.wikipedia.org/w/index.php…
2. https://en.wikipedia.org/w/index.php…
ეს არის ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელ იმ ძეგლებზე, რომლებიც აქამდე ამ საძიებო სისტემაში არ იძებნებოდა. დღეისათვის აღნიშნულ სისტემაში ინფორმაცია ქართულ ენაზე მოცემულია შემდეგ კულტურულ მემკვიდრეობაზე:
1. ბაგრატის ციხე
2. ამბარას ეკლესია
3. ბედიის გულანი
4. ბზიფის ტაძარი
5. გაგრის ეკლესია
6. ლიხნის ტაძარი
7. კამანის ეკლესია
8. სოხუმის სტელა
9. წებელდის ციხე
10. წებელდის კანკელის ფრაგმენტები
11. შერვაშიძეების სასახლე
12. წარჩეს ციხე
ხოლო ინგლისურ ენაზე მოწოდებულია ინფორმაცია შემდეგ ძეგლებზე:
1. Tsarche fortress
2. Bichvinta mosaic
3. Church of St. Simeon the Canaanite
4. Fortress of Bagrati
5. Church of Bzyb
6. Church of Gagra
7. Bedia Chalice
8. Likhni Church
9. Shervashidze’s Palace
10. Bedia Gulani
11. Mokvi Gospels
12. New Athos Monastery
13. Tsebelda Chancel-barrier
14. Dolmens of Abkhazia
15. Tsebelda fortress
16. Ambara church
17. Kamani Church
18. Sokhumi Stella
19. Bichvinta Gospels
ყოველივე ამის შემდეგ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ კვლავ თხოვნით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურს, რომ ინფორმაცია მიაწოდონ აფხაზურ ენაზეც, ვინაიდან ეს მოგვცემს შესაძლებლობას აფხაზურ ენაზეც იყოს წარმოდგენილი სრულყოფილი, მართებული ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რაც ასევე მნიშნვნელოვნად გაზრდის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას აფხაზურ ენაზე და ამ ენის ინტერნეტ სივრცეში პოპულარიზაციას.
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი გენო კალანდია.
აფხაზეთში დამბრუნებელთა რიგს კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი გამოაკლდა, ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის მქონე პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.
გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან.
გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში, ხოლო მისი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მისი პიესები ასევე იდგმებოდა საქართველოს სხვა თეატრებში. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული", "ორტომეული", "საგალობლები უფლისათვის“. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა "საგალობლების" ორტომეული, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, "სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს" წარმოადგენს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. "საგალობლებით უფლისადმი" პოეტმა თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყიველდღე აღსარებას აბარებდა თვით უფალს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად შემზადებული გადავიდა ზეციურ საქართველოში.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში , სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. ის თავის დროზე ასევე იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე.
თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა.
ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.
ვიდეო-ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პოეტი მადონა დვალი-დარცმელია, რომელიც რამდენიმე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია, აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა, დევნილის სტატუსით კი რუსთავში დამკვიდრდა. მოგვიანებით მან პოეტურ ფსევდონიმად დედის გვარი შეარჩია. სიმბოლიზმის მიმდევრად აღიარებული პოეტი სოხუმს, მშობლიურ კუთხეს, ბავშვობის წლებში აღქმულ უტკბეს სამყაროს დღემდე ერთგულებს და ლექსებს უძღვნის. ასევე საყურადღებოა, მის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი ლექსები და თარგმანები. ახლახან გამოვიდა მისი ახალი პოეტური კრებული „ცრემლების ფერწერა“, რომლის პრეზენტაციაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. საღამოს უძღვებოდა პოეტი მზია ხეთაგური. მადონა დვალი-დარცმელიას პოეზიაზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, ახლობელ-მეგობრებმა. პოეტმა საკუთარი ლექსები თვითონვე წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტები, მწერლები, ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“. ლექცია ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე ჩატარდა და ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი პატაშურმა წაიკითხეს.
საჯარო ლექციას ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ნორჩ-ისტორიკოსთა სკოლის 120-მდე მსმენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ პედაგოგებიც. ლექციის შედეგად მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ არქიტექტურის თავისებურებებზე.
ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშურმა ბიზანტიური და ქართული ხუროთმოძღვრების შედარება წარუდგინა დამსწრეთ. ყოველივე ამ თავისებურებების გათვალისწინებით, ლექციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა არის ქართული ხუროთმოძღვრების განუყოფელი ნაწილი. შეხვედრის დასასრულ ბავშვებსა და პედაგოგებს საჩუქრად გადაეცათ აფხაზეთის რუკები.
ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო: „ქალი ყოველი არსის გვირგვინი“.
საღამოს უძღვებოდა ამ განყოფილების უფროსი ნინო ნასიძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ქ. თბილისის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინელი ფუტკარაძე; ქ. თბილისის სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი თამთა დემურიშვილი; პოეტები: მანონ ბულისკერია, ბელა ალანია, ლელა ნინუა, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
საღამოს საპატიო სტუმარი იყო ცნობილი ქართველი დიზაინერი, პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი ირაკლი ნასიძე. დამსწრეთა წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მომღერლები: რუსა სერგია და ბოკა კვეკვესკირი, სამინისტროს იურისტი ლაშა თოლორდავა, აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ბენდი და სხვ.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდნენ. მათ დამსწრე ქალბატონებს დამდეგი ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და სიყვარულითა და წარმატებებით სავსე ხვალინდელი დღე უსურვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნის - „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა. წიგნში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები და მათი გმირობის ისტორიებია მოთხრობილი.
წიგნები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებს დაურიგდათ. „საქართველო არასოდეს დაივიწყებს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელებს. მათი თავგანწირვა ოქროს ასოებით ჩაიწერება ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. მადლობა საქართველოს ერთიანობას შეწირულ გმირთა დედებს და ოჯახებს“, - ნათქვამი იყო მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის მეომართა კავშირი.
პრეზენტაციის დაწყებამდე შეკრებილმა სტუმრებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია, შვილმკვდარი დედები, მათი ოჯახის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მათი დიდი ნაწილი რესტავრირების პერსპექტივის გარეშე განადგურდეს, რაც არა მარტო ქართული მხარის, არამედ აფხაზების გარკვეული ნაწილისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ცნობილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქცია.
სამინისტროს ქვეპროგრამა - ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“, რომელსაც სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური ახორციელებს, ამ სტრატეგიის ნაწილია და გულისხმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, სასახლე, ხიდი, ციხე, კოშკი, საინჟინრო ნაგებობები და სხვა, ან მათი ნაშთები) ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის დაფიქსირებას, რათა ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ და შევახსენოთ აფხაზეთში არსებული ჩვენი ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა.
ფოტოკონკურსის დებულება და კონკურსანტის სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერზე "ფოტოკონკურსი" http://www.meca.gov.ge/page.php?LangID=ge&id=162სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე „აფხაზეთის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ (www.abculture.ge), სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე. ის ასევე გამოქვეყნდება სამინისტროს ყოველკვარტალურ პერიოდულ გამოცემაში ,,ჩემი აფხაზეთი“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებში.
კონკურსანტთა რეგისტრაციისა და საკონკურსო ფოტომასალის წარმოდგენის ბოლო თარიღია 2017 წლის 18 ნოემბერი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორთვიანი სტაჟირების შედეგები შეჯამდა. უკვე წლებია, რაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ტუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანას მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.
ამჟამად ორთვიანი სტაჟირება გაიარეს თამარ ფირცხალაიშვილმა და ანი ჩხიტუნიძემ -განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილებაში; სალომე დიდებაშვილმა - ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურში და ივანე ელიაურმა - შიდა აუდიტის სამსახურში.
სტაჟირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ სტაჟიორების საქმიანობა დადებითად შეაფასა, მადლობა გადაუხადა მათ სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში თეატრმცოდნე ნათელა არველაძესთან შეხვედრა და მისი ორწიგნეულის - „მხოლოდ თეატრზე“ და „თეატრზე და არა მხოლოდ“ პრეზენტაცია გაიმართა.
ნათელა არველაძე არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი გამოკვლევა და სტატია სათეატრო ხელოვნების ფუნდამენტურ პრობლემებზე. ავტორია წიგნებისა: „სერგო ახმეტელი“, „მსახიობი, რეჟისორი, რეპეტიცია“, „თეატრმცოდნეობითი კვლევის ფორმები (სპექტაკლ „სამშობლოს“ შესწავლა-რეკონსტრუქციის მეთოდით)“, „თეატრის ისტორიის სწავლების საკითხისათვის“, „ცის ბინადარი ბერიკები“, „თეატრზე და არა მხოლოდ“, „ახმეტელები ასწლიან ომში“, „სასცენო მეტაფორა“, „მომავლის გადასარჩენად“, „მარადი ბერიკა“, „თეატრმცოდნეობის საფუძვლები“, „ის ორი განსაკუთრებული პიროვნება“, „რუსთაველის გამზირის შვილები“.
ნათელა არველაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისადმი მიძღვნილ რეცენზიებსაც ეთმობა. ის სოხუმის თეატრის გვერდით იდგა დევნილობამდე და დევნილობის შემდეგაც, ყოველ პრემიერაზე ჩადიოდა სოხუმში, წერდა რეცენზიებს და ხატავდა მსახიობების პორტრეტებს. ამდენად, მისი წიგნების პრეზენტაციის გამართვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში სიმბოლურიც იყო.
სწორედ ყოველივე ამისი ხაზგასმით გახსნა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. საღამოს უძღვებოდა პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე, რომელმაც ისაუბრა ნათელა არველაძის შემოქმედების მნიშვნელობაზე ქართული თეატრალური სამყაროსთვის და არა მხოლოდ. აღნიშნა, რომ მისი წერილები მაღალი პროფესიონალიზმითა და პირუთვნელობით გამოირჩევა.
ნათელა არველაძის სოხუმის თეატრთან განასაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა: მერაბ ყოლბაიამ, ვალერი არღვლიანმა, ლიანა მიქაშავიძემ, ლილი ხურითმა; მათ აღნიშნეს, რომ ნათელა არველაძის ყოველ რეცენზიას მათ შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრული მნიშვნელობა ჰქონდა, ყოველთვის ყურადღებით ეცნობოდნენ მის თითოეულ შენიშვნას თუ შექებას და აუცილებლად შემდეგი თამაშის დროს ითვალისწინებდნენ. სიტყვით გამოვიდნენ ასევე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღას“
დასასრულ, ნათელა არველაძემ გაიხსენა სოხუმის თეატრთან დაკავშირებული ამბები და მადლობა გადაიხადა გულთბილი მასპინძლობისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადასცა. უჭეროდ დარჩენილმა თეატრმა, 24 წლიანი დევნილობის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში დაიდო ბინა. ამ მოვლენის აღსანიშნავად თეატრის ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.
1993 წლიდან მოყოლებული სოხუმის თეატრი სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი ის საკუთარ შენობაში გააგრძელებს საქმიანობას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოხუმის საკათედრო ტაძარს (ქ. სოხუმი, 4 მარტის/ლესელიძის ქუჩა) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
სოხუმის საკათედრო ტაძარს ეს სტატუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის საბჭოსადმი წერილობითი მიმართვისა და მომზადებული სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქ. სოხუმის საკათედრო ტაძარი ამ დრომდე არ იყო შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ამგვარი კვლევა კვლავაც გრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე კიდევ არაერთ ძეგლს მიენიჭება.