მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი იმერეთის რეგიონში გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ.


შემდეგ ვახტანგ ყოლბაია შეხვდა ხონის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს და ომის  ვეტერანებს, რომლებთანაც არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

დასასრულ სტუმრებმა და მასპინძლებმა ხონის თეატრში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ მიერ წარმოდგენილი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ჰელადოსი“ იხილეს. სპექტაკლში გადმოცემულმა ამბებმა დამსწრეთ  სოხუმის ნოსტალგია კიდევ უფრო გაუმძაფრა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა ხელი მოაწერეს 2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“  ორგანიზების მობილურობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ მემორანდუმს.

როგორც ცნობილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული 2016 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ წარმატებით დასრულდა.

ოლიმპიადაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1200-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 60000 ათასზე მეტი ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლე. გაიმართა 6000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი, გამოვლინდნენ პერსპექტიული და ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც აიყვანეს ქვეყნის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებში. 2016 წლის „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში“ წარმატებით იასპარეზეს ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებისა და საშეჯიბრო სისტემის დახვეწის მიზნით,  საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა  „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ 2017 წლის განახლებული დებულება, ხოლო რეგიონებში ოლიმპიადის ორგანიზების მობილურობის გაუმჯობესების მიზნით  - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

დიმიტრი ჯაიანმა და ლევან კიკალიშვილმა მემორადუმის ხელმოწერამდე დაწვრილებით ისაუბრეს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების შესაბამისი მიღწევებზე და განიხილეს მომავალი თანმშრომლობის დეტალები. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.

აფხაზეთის ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში   თანამედროვე ხელოვნების გამოფენა -  სფუმატო გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საერთაშორისო მედიალაბორატორია CYLAND  და არტ-ცენტრი „ПУШКИНСКАЯ  -  10“.

გამოფენაზე ქართველ ხელოვნების მოყვარულებს სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

მედია არტ ლაბორატორია CYLAND არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. CYLAND-ი ვალერი არქანიას არტ-გალერეაში, „სფუმატო“-ს გამოფენაზე წარმოადგინეს ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის, ალექსეი გრაჩოვის, ვიტა ბუივიდ და ნატალია ლიახის ინსტალაციები.

არტ-ცენტრი „ПУШКИНСКАЯ - 10“ დამთვალიერებელს შესთავაზა ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების - ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.

გამოფენა გახსნა მხატვარმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, წარმოდგენილი ნამუშევრების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა იულ რიბაკოვმა, ნონკონფორმისტული ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა სანკტ-პეტერბურგში.

გამოფენის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი სამეგრელოს რეგიონში, ხოლო, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. მათ  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მოსწავლეებმა საპატიო სტუმრებისთვის ქართულ და აფხაზურ ენებზე  ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გარემონტებულ შენობაში შეხვდა.

11 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, ქუჩის თეატრის პროექტის Street Theatre Project-ის ფარგლებში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ლაშა ბუღაძის სპექტაკლი „ნავიგატორი“ (რეჟისორი - დავით სიხარულიძე) წარმოადგინა.

ფესტივალის ფარგლებში, ამ დღეებში ბათუმში, ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარდგებიან.

პროექტის ფარგლებში, ბათუმს ესტუმრებიან ასევე სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.

„ქუჩის თეატრის პროექტი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

 

აჭარის ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების - ზურაბ ჭედიას, გიზო ხუბუას, ნუგზარ მგალობლიშვილის, ელდარ ქავშბაიას, დავით ბაძაღუას, ხუტა კვარაცხელიას, ნინო ჭედიას, ქეთევან შენგელიასა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული თუ გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები. აქვე გაიმართა ალბომ „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების“ პრეზენტაცია.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური 2016 წლის 17 აგვისტოდან, 5 დღის ხანგრძლივობით, აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო საველე ბანაკს გორის რაიონში. კერძოდ კი, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მახლობლად მოეწყობა კარვების ქალაქი, რომელშიც განთავსდება აფხაზეთიდან დევნილი 40 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მათთვის განხორციელდება როგორც შემეცნებითი, აგრეთვე სპორტულ-გასართობი შინაარსის მრავალმხრივი აქტივობები, რომელთაც უზრუნველყოფენ ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,კოდის სათემო განათლების ცენტრის“ წარმომადგენლები.

მოეწყობა ლაშქრობები იმავე ხეობაში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, რომელთა მაგალითზეც ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათარიღებისა და მახასიათებლების აღქმის მეთოდებს. შემდეგ თითოეული ახალგაზრდა მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ამა თუ იმ ძეგლზე გააკეთებს მისეულ დასკვნას.

მოზარდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საძილე ტომრებით, ე. წ. პარალონებით და კარვებით. ბანაკში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსს ირაკლი გელენავას - ტელეფონის ნომერზე - (+995) 577 09 22 21. 

მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ომის ვეტერანთა, სოციალურად დაუცველთა, მრავალშვილიანთა და კომპაქტურად ჩასახლებულთა ოჯახების შვილებს.

 

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე წლებია, რაც იმართება. „არტ-გენის“ მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.

ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. 

ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად აღინიშნება„აფხაზეთის დღე.“ წლეულს ფესტივალზე 15 ივლისს აფხაზეთი წამოადგინეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „მირონმა“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა.

სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე,განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ   ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
დიმიტრი(არზაყან) ემუხვარისა(პოლიტიკის მეცნიერების დარგში)და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა.

სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში150 ლარს,  ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის- თვეში100 ლარს.

სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად,ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

 

სტიპენდიები 2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.

დევნილ ახალგაზრდებს მედლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გადასცეს.

ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა წარმატებულ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ასპარეზზე თვალსაჩინო მიღწევები უსურვეს. მათ ხაზგასმით გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობას მოუწევს აფხაზეთში დაბრუნების და აფხაზ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვის გზების ძიება, აფხაზეთის აღმშენებლობისთვის ზრუნვა. მათ მიერ გადადგმული ყოველი წარმატებული ნაბიჯი კი ამ უდიდეს მისიას უნდა ისახავდეს მიზნად.

წლეულს აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლები ოქროსა და ვერცხლის მედლებზე 14-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 4 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდანაა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მწერლისა და პუბლიცისტის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ცაიალა არდაშელია არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რევაზ ინანიშვილისა და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიების, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი.

გამოცემული აქვს რამდენიმე მხატვრული და პუბლიცისტური წიგნი, მათ შორის ორი მითოსური რომანი: „იათნანელი ამორძალები“ და „ჟამი მოვალს“; პიესა - „სიყვარული სიკვდილის შემდეგ“ („შენი რაშები ჭიხვინებენ, აქილევს!“); პუბლიცისტური წერილებისა და ისტორიულ-მხატვრული ნარკვევების კრებულები: „უძლური ჭირისუფალი“, „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, „საუნჯე სათნოებისა“, „ყვირილი გვამრთებს დღისით, მზისით“, „ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი“, „მოდი-ნახეს“ მეციხოვნენი“, „საყრდენი“ და სხვ.

 

შემოქმედებითი საღამო გახსნა და მწერალს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. საღამოს უძღვებოდა პოეტი ლია ნაროუშვილი.

ციალა არდაშელიას წლების განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და ღვაწლზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და მწერალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

ციალა არდაშელიას შემოქმედება ვრცლად მიმოიხილა კრიტიკოსმა ეკა ჩილაჩავამ. მწერალს ასევე მიესალმნენ კოლეგები და ახლობელ-მეგობრები, მკითხველები: ერეკლე საღლიანი, თაკო ჩარკვიანი, აკაკი გასვიანი, თემურ ქორიძე, დავით ბახტაძე და სხვ. მსახიობმა ელდინო საღარაძემ ციალა არდაშელიას რომანიდან „იათნანელი ამორძალები“ ამონარიდები წაიკითხა. 

საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.

წლეულს , 15 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად  ახორციელებს „მომავლის ბანაკს“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, დაბა შაორში).

ბანაკში ჩართული იქნება 1280  ახალგაზრდა.რომლებიც ბანაკში გაემგზავრებიან  ათ ნაკადად.

ბანაკში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას გაივლიან მუნიციპალური სერვისების პორტალზე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის Facebook-ის გვერდზე:

 

 

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა და ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საგანგებო საღამო მიუძღვნა.

საღამოზე თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს აფხაზეთის შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“, კვარტეტმა „აფხაზეთმა“, ბავშვთა ანსამბლმა „კავკასიონი“, მომღერალმა მარიკა გულორდავამ , ნორჩმა პიანისტებმა: თეო ხელაძემ, ანა და გიგა პაპავებმა. საქართველოს სახალხო არტისტმა დიმიტრი ჯაიანმა წაიკითხა შოთა ნიშნიანიძის ლექსი „აფხაზური კანტატა“.
თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრები.
 
ლტოლვილთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, მსოფლიოში კონფლიქტური რეგიონების გაზრდაზე, იმაზე რომ მსოფლიოში ამჟამად 65 მილიონი ლტოლვილია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკმა.
 
საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცენტრალური აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო 

აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაფართოებულ სხდომაზე „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გამართა. სხდომაზე ასევე იმსჯელეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობაზე.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობის თემა მუდმივად დღის წესრიგში გვაქვს, რითაც კიდევ ერთხელ გვინდა გავაგებინოთ მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ძირძველი აფხაზეთი, რომელიც გარემოებათა გამო დავკარგეთ და ამხელა უბედურება დაატყდა თავს ქვეყანას. ჩვენ ცხადია, არც იმას უარვყოფთ, რომ აფხაზებთან ერთად ვაშენებდით აფხაზეთის კულტურის ძეგლებს, რომლებიც ახლა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და დაცვა სჭირდება. ასევე გვინდა მომავალმა თაობებმა, ახალგაზრდებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ კუთხის შესახებ.“

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ დამსწრეთ წარუდგინა „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“. მან ასევე ისაუბრა რუკაზე დატანილ ძეგლებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე, ამ ფასეულობათა დაცვის მიზნით, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2014 წლის 11 ნოემბრისა და 2016 წლის 24 მარტის სხდომების რეკომენდაციების შესასრულებლად, ამ სამსახურის მიერ გაწეულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის თქმით, „აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია“, რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“. მის შესადგენად სპეციალიტებმა და კომპეტენტურმა ექსპერტებმა ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწიეს. რუკა ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტი რიცხოვნობის წარმოჩენას და სამომავლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს“. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა: „დარწმუნებული ვარ, ამ რუკის გამოცემა ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ უნიკალურ ძეგლებს სპეციალისტების და ექსპერტების დასკვნების გარდა, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, რომ დროულად შევძლოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა. საგულისხმოა, რომ არსებობს რუკის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია“. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

ბოლოს განიხილეს რეზოლუციის ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა შეიმუშაოს ერთი მთავარი მიზნისკენ, საქართველოს გამთლიანებისკენ მიმართული სტრატეგიული გეგმა, სადაც განხილული საკითხები ფართოდ აისახება. მეტი ინფორმაცია და ცოდნა უნდა მიიღონ ახალგაზრდებმა აფხაზეთის შესახებ. საერთაშორისო პარტნიორები მეტად ინფორმირებულები და ჩართულები უნდა იყვნენ სამშვიდობო პროცესებში, ამისთვის კი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომლის სხდომებიც 1-5 ივლისს თბილისში გაიმართება.

დასასრულ მოწვეული უწყების წარმომადგენლებს დაურიგდათ „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკა“.

 
 
 
 
 
 
 
 
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მსოფლიო თასის ჩემპიონს ძალისმიერ სამჭიდში ირაკლი ცხოვრებაშვილს შეხვდა და მას გამარჯვება მიულოცა.

2016 წლის 9-12  ივნისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდა მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშება ძალისმიერ სამჭიდში და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში, რომელშიც მონაწილეობდა 411 სპორტსმენი 15 ქვეყნიდან. საქართველოდან ამ შეჯიბრებაზე გაემგზავრა 6 სპორტსმენი. მათ შორის იყო აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი ცხოვრებაშვილი, რომელმაც 100 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. ირაკლი ცხოვრებაშვილმა ასევე დაამყარა ევროპის რეკორდი 222, 5 კგ. შედეგით წოლჭიმში. სულ საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.