მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, თუ როგორ სრულდება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციები.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ ამომწურავად ისაუბრა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით გაწეული რეკომენდაციების შესაბამისად უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციითა და მჭიდრო თანამშრომლობით რამდენიმე არსებითი საკითხი დადებითად გადაწყდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ მოქმედებასა და პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს  რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით გაწეული სამუშაო

აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.

წლეულს სპორტული თამაშები 9-10 ივნისს ზუგდიდში ჩატარდა და მასში ზუგდიდის ზონის ხუთი სკოლა მონაწილეობდა. თამაშების პროგრამაში შეტანილი იყო მძლეოსნობა, მინი-ფეხბურთი, „მხიარული სტარტები“, ძლიერთა ტურნირი, ჭადრაკი, ბაგირის გადაძალვა.

საერთო გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის კოლექტივმა მეორე ადგილი - აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის გუნდმა, მესამე ადგილი კი აფხაზეთის №14 საჯარო სკოლამ.

გარდა ამისა, წლეულს პირველად ჩატარდა  სპორტული თამაშები ბათუმში, ბათუმის ახალ დასახლებაში, დევნილთა დასახლების გუნდისა და ფოთის №21 საჯარო სკოლის გუნდებს შორის. გამარჯვება მოიპოვა ბათუმის დასახლების გუნდმა (ხელმძღვანელი ოთარ ქობალია).

თამაშების ცალკეულ სახეობებში გამარჯვებული გუნდები  პრიზებითა და დიპლომებით, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის საბავშვო სპორტული თამაშები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა

საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მოზარდებმა თბილისში, რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის რაგბისტთა გუნდმა „თოლიებმა“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალზე  წარმატებით იასპარეზა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტროს ინიციატივით წლეულს პირველად საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას.  გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს.
 
ტრენინგში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ ტრენინგები ჩაუტარეს აფხაზური ენის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომელთა შორის იყო აფხაზური ენის მცოდნე ჟურნალისტი ირმა ოსია კინწურაშვილისა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით,  2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სწავლების საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა. ეს გარემოება კი მოითხოვს სკოლებში არსებული კადრების გადამზადებასა და ენის სწავლებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის შექმნას.

საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური ენა ქართულთან ერთად მეორე სახელმწიფო ენაა), აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვის, შესწავლის, პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით  აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის გზაზე.პროექტი კიდევ ერთი დასტურია ქართული სახელმწიფოს ზრუნვისა აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებისათვის.

„აფხაზური ენის მასწავლებელთა ტრენინგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  მიერ განხორციელებული არაჩვეულებრივი პროექტია. ტრენინგის პროცესმა ცხადყო, რომ პედაგოგებმა აფხაზური ენა კარგად იციან, უბრალოდ, მისი სწავლების გამოცდილება არა აქვთ. ჩვენ კი მათ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია  გავაცანით, ტრენინგები ჩავუტარეთ ზუსტად იმ მეთოდით, რა მეთოდითაც აფხაზური ენა უნდა ასწავლონ სკოლებში“, - განაცხადა ირმა ოსია კინწურაშვილისამ.

ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს და სამშვიდობო განათლებისა და  კულტურის დანერგვის მისიას ეხმიანება. აქედან გამომდინარე, 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რამდენიმე საინტერესო, გასართობი თუ ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება გამართა. ღონისძიებებს ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია. 

ღინისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო როგორც უმცროსკლასელთა ისე უფროსკლასელთა ინტერესები, კერძოდ:
აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების 20 მოზარდი დეკორატიული მცენარეების სანერგე გარდენიას ეწვია. ბავშვებმა მრავალფეროვანი ყვავილებითა და დეკორატიული მცენარეებით მდიდარი ბაღი დაათვალირეს და მათზე საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს, შეხვდნენ გარდენიეს მეპატრონეს ზურა შევარდნაძეს. მათ ასევე ჩაუტარდათ მწვანე გაკვეთილი - ყვავილების მოვლის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა ყვავილები ჩარგეს ქოთნებში, რომლებიც მოხატეს და შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცათ. 

გარდა ამისა, თბილისში განთავსებული ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის 30 მოსწავლეს კინოთეატრმა „რუსთაველმა“ უმასპინძლა. კინოთეატრთან ტრადიციული თანამშრომლობით, დევნილმა მოზარდებმა ნახეს ახალი ანიმაციურ-მხატვრული ფილმი „ალისა სარკის მიღმა“, რითაც მათი კიდევ ერთი დღე გახდა უფრო საინტერესო და ხალისიანი. 

უფროსკლასელთა ინტერესების გათვალისწინებით, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლას, სადაც ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის პროფესორები და მაგისტრატურის სტუდენტები ესტუმრნენ. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ვეფხვია გვარამია, პროფესორი ლალი გაბისონია, პროფესორი ლაშა გელანტია და მაგისტრატურის სტუდენტები ახალგაზრდებს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. საუბარი დიალოგის ფორმატში წარიმართა - ახალგაზრდები გზადაგზა მოსმენილი საკითხების გარშემო ბჭობდნენ და საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

„ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“  მსოფლიოს14 ენაზე“, - ასე ერქვა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  სარკეებიან  დარბაზში გაიმართა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ეწლისთავს მიეძღვნა. როგორც ცნობილია, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში რუსთაველის წლად  გამოაცხადა.
 
ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის„ ლიტერატურის მოყვარულთა“ წრის (უფროსი პედაგოგი ქ. არზიანი), საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ წევრები. ღონისძიების მონაწილეებმა,  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, მათ შორის უცხოელებმა,  წაიკითხეს „ვეფხისტყაოსანი" არაბულ, თურქულ, სპარსულ, ინდურ, იაპონურ, ებრაულ, გერმანულ, რუსულ   და სხვა ენებზე. მოსწავლეებმა, სიმბოლურად, პოემა  1712 წელს გამოცემული წიგნიდან წაიკითხეს. 
 
სასახლის  თეთრ დარბაზში   მოეწყო მოსწავლეთა მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

ეს დღე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

ბრძოლა ცხადია, ამით არ დამთავრებულა და მოწინააღმდეგემ მერეც არაერთი წინააღმდეგობა დაგვახვედრა ამ გზაზე. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, რომელიც წინა დღეს ზუგდიდში ხურჩასთან ვერაგულად მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა სამძიმრის სათქმელად.

გიგა ოთხოზორია 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს, ისიც ხომ სინამდვილეში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა: ქვეყნის გასაყოფად აღმართული „საზღვარი“ ვერ იგუა და ეს არ აპატიეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ახალგაზრდა ვაჟკაცის, არსებულ მძიმე რეალობასთან შინაგანად შეურიგებელი გიგა   ოთხოზორიას მუხანათურად მკვლელობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის დედას -  აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელს ჯულიეტა ჭანტურიას და მის ოჯახს.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ უფრო მძაფრად გვაგრძნობინა, რომ ფრონტის ხაზი კვლავაც მდინარე ენგურზე გადის და მის წასაშლელად ყველანი უნდა გავერთიანდეთ!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით,  ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ საზოგადოებრივკოლეჯ „მერმისის“ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების   ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი ფართოსაზოგადოებისთვის გაცნობა.

გამოფენის პარალელურად გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილ  შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად  მონაწილეობდნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენლები: ტარიელ ხარხელაური, მამუკა შამათავა, ელენე გამგონლიძე, ნინო ბაშარული,  ნუგზარკვაშალი, ზურაბ დოიჯაშვილი, ია მაისაია და სხვ. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების სამსახურის უფროსი ნინო ნასიძე.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის  საძირკველი აკურთხეს. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა.  კურთხევას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. 

მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის და  აფხაზეთის მთავრობა დალოცა.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა ადამიანს.

„მინდაკიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას, მრევლს, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვაალე დღესასწაული. ჩვენ ყველას გვაძლიერებს ის მოვლენა, რომ აფხაზეთის დღის აღნიშვნა ჩვენმა პატრიარქმა თავისი ლოცვა-კურთხევით სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მიუსადაგა.

სვიმონ კანანელისა და აფხაზეთის დღისამდი მიძღვნილი მსვლელობა მრევლისა მომავალ კვირას ზუგდიდში დასრულდება. ნიშანდობლივი და სიმბოლურია ისიც, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში მოხდა ტაძრის საძირკვლის კურთხევა. მინდა ყველას მივულოცო ეს შესანიშნავი დღე, რაც დიდი მადლი და  ძალაა ჩვენთვის. ილორის სალოცავი განსაკუთრებული ძალის მატარებელი იყო მუდამ. აფხაზეთში დაბრუნებას კიდიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულის სიმტკიცე სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდაგადავუხადო პატრიარქს, მთელ საზოგადოებას, ეკლესიის წინამძღვარ მამა ლევანს, მეუფე მელქისედეკს,რომელმაც დღევანდელი წირვა ჩაატარა და ეკლესიის საძირკველი აკურთხა,“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 12-15მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2001-2002, 2003-2004, 2004-2005 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში  საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრების შედეგების მიხედვით, აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგი საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:
      ხმალში:
ალექსი ფოფხაძე - III ადგილი, ლიზა ჩიგოგიძე -  III ადგილი, თეკლა ბიწაძე - III ადგილი, ალექსანდრე თავართქილაძე - II ადგილი.
      რაპირაში:
გიორგი ხარაიშვილი - III ადგილი, ნატალია ხარაიშვილი - II ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობას ფარიკაობაში ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, ცნობილი ხატმწერი ქეთი მატაბელი.

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით.

სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა და ცნობილმა ხატმწერმა ქეთი მატაბელმა გამარჯვებულთათვის  სპეციალური პრიზები დააწესეს. ქეთი მატაბელმა თავისი ნამუშევრებით დააჯილდოვა საუკეთესო ტექნიკური მოფარიკავე და ყველაზე უმცროსი ასაკის მოფარიკავე. საუკეთესო ტექნიკური მოფარიკავის სპეციალური პრიზი წილად ხვდა აფხაზეთის წარმომადგენელს  ალექსანდრე თავართქილაძეს.

9 მაისს  ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი  აღინიშნა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. 

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ამ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 9 მაისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალთან მივიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

"სამწუხაროა, რომ ყოველ წელს მცირდება გმირ ვეტერანთა რიცხვი, ვინც მსოფლიოს ფაშიზმზე დიადი გამარჯვება მოუტანა. ფასდაუდებელია ამ ადამიანთა გმირობა და თავდადება. აუნაზღაურებელია ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაიღო ფაშიზმზე გამარჯვებისთვის.

მინდა აფხაზეთის მთავრობის სახელით გამარჯვების დღე მივულოცო და დღეგრძელობა ვუსურვო ჩვენს ვეტერანებს. სამარადისო ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გასწირა მშვიდობისა და მომავლისთვის და იმათ ვინც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის უკვე აღარ არის. სამარადისო ხსოვნა მათ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყოველ ჩვენგანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კანდიდ თარბა წლების განმავლობაში ძმასთან ერთად  ლეგენდარული„სუხიშვილების“ანსამბლის სოლისტი იყო. სწორედ სუხიშვილების ანსამბლში ჩამოყალიბდა ის ამ დარგის ვარსკვლავად, ამის  შემდეგ გახდა  აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. 1990 წელს კი კანდიდ თარბამ შექმნა ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასია“, რომელმაც თავისი საშემსრულებლო კულტურით მეტი მრავალფეროვნება შესძინა  ძველ, მაგრამ მარად ახალგაზრდა ხელოვნებას.

კანდიდ თარბა ოჩამჩირელი თარბების წრიდან იყო, იმ ტრადიციებით შთაგონებული თარბების წრიდან, რომლებზეც პოეტი შოთა ნიშნიანიძე წერდა:
„ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან“...
„აფხაზურ-მეგრული“ ტრადიციებით გაზრდილი კანდიდ თარბაც მთელი ცხოვრება ორივე ხალხის ერთგული დარჩა.  აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგაც  მასთან შეხვედრას ენით აუწერლად ემოციურს უწოდებდნენ მისი სოხუმელი ქართველი მეგობრები,  კანდიდ თარბას არა თუ განელებოდა მათი სიყვარული, არამედ გამძაფრებოდა კიდეც. ის იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე არა მხოლოდ მეოცნებე, არამედ მზრუნველიც: სოხუმში აფხაზ მოზარდებს ქართულ ცეკვებს ასწავლიდა და ქართული კულტურის თანაზიარს ხდიდა, რითაც შესაძლოა ქართველებთან გაუცხოების „მითის“  დამსხვრევას ცდილობდა.    

კანდიდ თარბას უყვარდა ენგურს გამოღმა საქართველოც და ომის მერეც თამამად გადმოდიოდა გამოღმა, რადგან ქართველი მეგობრებისთვის თვალის გასწორების არ ერიდებოდა.ბევრს ეიმედებოდა, რომ სწორედ მისნაირ დიდ ადამიანებზე დაყრდნობით შეიძლებოდა აფხაზებთან  ურთიერთობის აღდგენა.

ამიტომაც კანდიდ თარბა აფხაზებთან ერთად ქართველებმაც დაკარგეს. ამიერიდან ის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის იმედსაც დააკლდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას  სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, საქართველოსა და აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი გურამ ყურაშვილი.

ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა გურამ ყურაშვილმა 1981 წელს აფხაზეთში, ქ. სოხუმში  მოზარდთა ინტერნაციონალური კაპელას ჩამოყალიბება იტვირთა. მის მიერ შექმნილმა კაპელამ კი 1981-1992 წლებში დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის არაერთ ქვეყნაში,  საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების I ადგილისა და  გრან-პრის შეუცვლელი მფლობელი გახდა. ის მთელ საბჭოთა კავშირსა და ევროპაში აღიარებულ საკონცერტო გუნდად იქცა. ხოლო  გურამ ყურაშვილი, როგორც ქორმაისტერი, პარალელურად მასტერკლასებს მართავდა, რაც ქართული საგუნდო შემსრულებლობის იშვიათი გამარჯვება იყო.

1995 წლიდან გურამ ყურაშვილი არის ქ. მოსკოვში, სადაც რუსეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკული საგუნდო და კვარტეტული მუსიკის ფესტივალისა „,ბარბერ-შოფ“. 1998-2004 წლებში ნორვეგიისა და შვეციის საგუნდო მუსიკის პროექტებში მონაწილეობს.

გურამ ყურაშვილი 2005 წლიდან აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოწვევით ისევ საქართველოშია, ქ. თბილისში და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მმართველია. 2007 წელს კი ანსამბლის ბაზაზე ახალგაზრდა მომღერლებისაგან აყალიბებს კამერულ გუნდს, რომელიც მალე ევროპას ხიბლავს.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ 2008 წელს უნგრეთის ქ. დებრეცენში „ბელა-ბარტოკის სახელობის“ თანამედროვე საგუნდო პროფესიული მუსიკის კონკურსზე  III-ე ადგილი დაიკავა ევროპის მასშტაბით. 2012 წელს კი წარმატებით ჩაატარა საკონცერტო ტურნე ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ბარსელონას საერთაშორისო კონკურსზე „მონსერატის ოქროს ხმები“ გრან-პრის მფლობელი გახდა.

აგერ უკვე რამდენი წელია, რაც საქართველოს და თამამად შეიძლება ითქვას, უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის მსმენელი გულმოდგინედ ელის აფხაზეთის კაპელას კონცერტებს - მის მიერ შესრულებულ ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკის  შედევრებს. ბოლო წლებში თბილისში  გამართული საგუნდო მუსიკის ფესტივალზე, ისევე როგორც ზოგადად, ბოლო პერიოდის ქართულ საგუნდო შემსრულებლობაში, აფხაზეთის საგუნდო კაპელა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საინტერესო და სიახლეებით აღსავსე კოლექტივად აღიარეს, რისი მთავარი ფაქტორიც გურამ ყურაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უბადლო ცოდნა და მისადმი უაღრესად თავდადებული დამოკიდებულება იყო.

მაესტრო გურამ ყურაშვილს შარშან „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის“ გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.  მან საკუთარი საქმით, პროფესიონალიზმით, ხელწერით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარებაში, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე. თუმცა ძალიან სამწუხაროა და დასანანია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. ნათელში იყოს მისი სული და მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში.

შეჯიბრებაში პროგრამის სხვადასხვა სახეობაში  საქართველოს რეგიონების მძლეოსნები მონაწილეობდნენ.    დაძაბულ ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები. აფხაზეთის წარმომადგენლებიდან მძლეოსნობის  სახეობებში გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ: სამმხტომი - სანიკიძე მაკა, პირველი ადგილი; სიმაღლეზე ხტომა - სოსელია საბა, პირველი ადგილი;       სიმაღლეზე ხტომა - სალომე ინჯგია, პირველი ადგილი; სიგრძეზე ხტომა - ნიკა დუნდუა, მესამე ადგილი.

აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.