- სამოქმედო გეგმა
- აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
- აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
- წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა
- ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
- აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
- abculture.ge
- აფხაზეთის საჯარო სკოლები
- რესურსცენტრები
- ონლაინ მუზეუმი
- დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
- ანგარიშები
- გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ამ დღეებში დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში) დიდებში, ბირთვის კვრაში კი 2001-2004 წ.წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. ასპარეზობა მძლეოსნობის ყველა სახეობაში დაძაბულად წარიმართა. აფხაზეთის სპორტსმენებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს თანატოლებს და მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობაში შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:
ჭოკით ხტომა (გოგოები) - სალომე ინჯგია - I ადგილი, აფხაზეთი; ჭოკით ხტომა (ბიჭები) - საბა სოსელია - II ადგილი, აფხაზეთი; ბირთვის კვრა (გოგოები) - სალომე ინჯგია - II ადგილი, აფხაზეთი; ბირთვის კვრა (ბიჭები) - მიხეილ ცანავა - III ადგილი, აფხაზეთი; რბენა 100 მ. (გოგოები) - მედი შონია - I ადგილი, აფხაზეთი; რბენა 100 მ. (გოგოები) - სალომე ხაჟომია - II ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (გოგოები) - მედი შონია - I ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - საბა კურდღელია - I ადგილი, აფხაზეთი; სიგრძეზე ხტომა (ბიჭები) - ირაკლი გელანტია - II ადგილი, აფხაზეთი.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში დაფიქსირდა საქართველოს აბსოლუტური რეკორდი ბიჭებში ბირთვის კვრაში. რეკორდსმენი გახდა საბა ქარქუსაშვილი შედეგით 4, 55 მ.
შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით. ასპარეზობაზე დაწესებული ბორის კიუტისა და თამაზ ჭედიას სახელობითი თასები გადაეცათ 800 მ. რბენა და ბირთვის კვრაში გამარჯვებულ სპორტსმენებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით მოეწყო.
ფესტივალის ფარგლებში სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა. ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და მათ ფესტივალის მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ვახტანგ ყოლბაიას ღვთისმშობლის კვართის ასლის ხატი გადასცა.
ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.
ქ. თბილისში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად „ეტალონის“' მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 52 მოსწავლე). ტიტულს - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე დაეუფლა (მისი ვინაობის გაცხადებისგან კი გასაგები მიზეზების გამო თავს ვიკავებთ).
ინტელექტ-ჩემპიონატს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
„აფხაზეთის ა/რ ეტალონმა მოსწავლემ“ მადლობა გადაუხადა პროექტს დაუვიწყარი ემოციისთვის: „უბედნიერესი ვარ, ჩემთვის დიდი წარმატება და გამოცდილებაა ამ გრანდიოზულ პროექტში გამარჯვება. მადლობა „ეტალონს“, ჩემს ოჯახსა და მასწავლებლებს. მიყვარხარ და მეიმედები საქართველო“.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ეტალონი“ გრანდიოზული, ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების ინტეგრაციას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. მნიშვნელოვანია „ეტალონში“ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობა და წარმატება. დასაფასებელია სკოლებისა და მასწავლებლების ეფექტური მუშაობა, მადლობა ამისთვის გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ასევე მადლობა გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ ეროვნული საქმის მსახურებისათვის და განაცხადა:
„ პროექტი რომ ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს მრავალმა წელმა გამოსცადა. ეს დღეც ოქროს ასოებით ჩაიწერება „ეტალონის“ ისტორიაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა ცხოვრობს, რომელთა იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს“.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, ბესო ოდიშარიას თქმით, „ეტალონი“ ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია. მან სრულიად საქართველო მოიცვა და ეროვნული თითშეგნებისა და ცოდნის ირგვლივ გააერთიანა. პროექტი მოსწავლეების ჭეშმარიტი ფასეულობებითა და სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება, ასეთი ახალგაზრდობა ძლიერი ქვეყნის მომავალია.“
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა ნინო ლობჟანიძემ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ მეტ წინსვლასა და წარმატებასთან ერთად სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება უსურვა.
გალის რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ განსაკუთრებული სიხარული გამოხატა „ეტალონში“ გალის სკოლები აქტიურად და წარამტებით მონაწილეობის გამო. მისივე თქმით, „აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება სწორედ ოკუპირებული გალის სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, მისი წარმატება არა მხოლოდ თავისი ოჯახისა და სკოლის, არამედ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.“
„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.
სტიპენდიის დაწესება ემსახურება აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯს.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 150 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 150ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე:
595 34-33-20, ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ქართული სულის გამოღვიძების, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მათ შორის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და მინისტრის მოადგილეებმა როლანდ ნიჟარაძემ და ჯაბა ჯაიანმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
29 წლის წინათ მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლების მოთხოვნით გამოდიოდა. მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა თანდათან უკიდურესად დაიძაბა.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი - ორსული, იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლულებიც.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც ამომრჩევლის 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო.
ამ დღეებში ქ. ზუგდიდში მოსწავლეებს შორის ჩატარდა აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში. ტურნირის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი.
ორი დღის ასპარეზობის შემდეგ პირად შეჯიბრებაში გაიმარჯვეს და საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს:
10 წლამდელთა შორის - ლიზი წიფურიამ და თომა კვარაცხელიამ; 12 წლამდელთა შორის - მეგი ცობეხიამ და აკაკი ოთხოზორიამ; 14 წლამდელთა შორის - ანა მალანიამ და ლადო კილასონიამ; 16 წლამდელთა შორის - მარიამ მალანიამ და გუბაზ ქუხილავამ.
გუნდური ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა :
I ადგილი - აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა; III ადგილი - აფხაზეთის N11 საჯარო სკოლა.
გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
31 მარტი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს ზუსტად 27 წლის წინათ ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყეტილებით ჩატარდა. 31 მარტი ასევე ზვიად გამსახურდიას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლისა და მთარგმნელის, პოლიტიკოსისა და დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის დაბადების დღეა. ასე დაუკავშირდა სამუდამოდ ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი ერთმანეთს.
2018 წლის მარტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა. შარშან ეს პროექტი ქ. თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში - №55, №147, №31, №112, №157 - წარმატებით განხორიელდა.
წლეულსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, პროექტის - ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ - ფარგლებში ქ. თბილისის ხუთი საჯარო სკოლაში - №4, №161, №21, №175, №87 - პროფესორები წაიკითხავენ ლექციების ციკლს, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. ლექციების მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.
სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა, ზურაბ პაპასკირი, ლია ახალაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა, უფროსის მოადგილე, ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური და უფროსი სპეციალისტი ქეთევან დავითაია.
წლეულს პროექტში 200-მდე ახალგაზრდა ჩაებმება. პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება ახალგაზრდული კონფერენცია აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მოსწავლე-ახალგაზრდები, ლექციების ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით, საკონფერენციო თემებს წარმოადგენენ.
ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, გამართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრება ჩატარდა 2003-2005 ასაკობრივ 14 წონით კატეგორიაში: 26კგ., 29კგ., 32კგ., 35კგ., 38.კგ, 41კგ., 44კგ., 48კგ., 52კგ., 57კგ., 62კგ., 68კგ., 75კგ., 85კგ., დაშვებული იყო +1კგ.
ტურნირის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო.
ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის შვიდმა სპორტსმენმა დაიკავა სხვადასხვა საპრიზო ადგილი : გურჩიანი ლუკა - პირველი ადგილი 35 კგ წონით კატეგორიაში; ქვარიანი გიორგი - მე -3 ადგილი 57 კგ წონით კატეგორიაში; აბულაძე აკაკი - მე-3 ადგილი 68 კგ წონით კატეგორიაში; რურუა ლუკა - პირველი ადგილი 85 კგ. წონით კატეგორიაში (ბაღდათი, აფხაზეთი).
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით. აგრეთვე საუკეთესო სპორტსმენებისათვის დაწესებული იყო თ. ბენდელიანის, ი. ომანაძის, ა. შენგელიას, გ. ხარებავას და გ. დარსანიას სახელობითი თასები, რომელთა შორის ორი თასი უზრუნველყოფილი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, 3 კი აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის მიერ.
ტურნირის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსლან დარჯანია, მდივნის ფუნქცია შეასრულა გ. გრძელიძემ.
გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ყურაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, სახელობითი თასების შესაბამისი ოჯახის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები და მწვრთნელები.
1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი „ტყეების საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერებაში ტყის მნიშვნელობის დონის ამაღლება და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.
21 მარტს საქართველოს პარლამენტში ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2018 - აღმოაჩინე საქართველოს“ ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნიკო კეცხოველის კონკურსი 2014 წელს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. წლეულს კონკურსის ფინალში 29 სკოლა მონაწილეობდა.
კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითიგანათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. კერძოდ, „ნიკო კეცხოველი 2018“-ის გამარჯვებული ლაითურის სკოლასა (| ადგილი) და მარადისის სკოლასთან (|| ადგილი) ერთად გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლაც (||| ადგილი) გახდა.
დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.
1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის რეგულარულმა და სადესანტო ჯარებმა, ავიაციამ და ფლოტმა აფხაზ სეპარატისტებთან და დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად ქ. სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყეს. იერიში მიმდინარეობდა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ქართველმა მეომრებმა ენით აუწერელი სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი სოხუმის აღების ოპერაცია მამაცურად მოიგერიეს. მათ მოწინააღმდეგეს უმძიმესი მარცხი მიაყენეს და უკან დაახევინეს. მაშინ სოხუმი და, მთლიანად, აფხაზეთი გადარჩა. ეს იყო საქართველოს უდიდესი გმირობის მაგალითი საქართველოს უახლეს ისტორიაში.
გადამწყვეტი როლი ამ ბრძოლაში ქართულმა არტილერიამ შეასრულა, რის გამოც 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ გამოცხადდა.
დღეს 15-16 მარტს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ომის ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ. შემდეგ მათ ყვავილებით შეამკეს სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის“. მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა. ევროპაში აღიარებულ, გურამ ყურაშვილის მიერ შექმნილ საგუნდო კაპელას ამჟამად სათავეში უდგას შესანიშნავი მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც თავისი ხელწერით კიდევ უფრო მეტად გაამდიდრა აფხაზეთის საგუნდო კაპელის შემოქმედება.
კონცერტის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას კაპელა წარუდგინა და მათ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა.
კონცერტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
კაპელის კონცერტმა ზუგდიდელ მაყურებელში დიდი აღფრთოვანება და ოვაციები გამოიწვია.
ქალაქ სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღე სევდითა და სიამაყის გრძნობით აღნიშნეს. ჟიული შარტავა ქ. სენაკში 1944 წლის 7 მარტს დაიბადა. იგი აფხაზეთის ომის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო. ჟიული შარტავამ ბოლომდე არ დატოვა ქ. სოხუმი, ქალაქის მოსახლეობა, მთავრობის სახლი და უთანასწორო ბრძოლაში თანამებრძოლებთან ერთად გმირულად დაიღუპა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. შემდეგ ეწვივნენ ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმს, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ჟიული შარტავა და მისი გმირობის ამბები გაიხსენა.
გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ჟიული შარტავას მეგობრები და თანაკლასელები ესწრებოდნენ.
სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფოტოგამოფენა - „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობისა და მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. ფოტოგამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძველესი ქართული კულტურის ძეგლების მიზანმიმართული ხელყოფისა და განადგურების ფაქტები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა კვალის წაშლის გეგმაზომიერი პოლიტიკის გაგრძელებაა.
გამოფენის კურატორები არიან ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი. გამოფენას პარტნიორობას უწევენ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენა გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მოწყობის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ შორს არ არის ის დრო, როცა აფხაზეთში ისევ გვერდიგვერდ იცხოვრებენ აფხაზები და ქართველები და ერთად მოუვლიან წინაპრების მიერ გადმოცემულ კულტურულ მემკვიდრეობას.
გამოფენის ერთ-ერთმა კურატორმა მანანა ქვაჩახიამ დამსწრეთ შეახსენა, რომ ოკუპანტის ვანდალური ქმედებების გამო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ავთენტურობას და უნიკალურობას თანდათან კარგავენ. გარდა ამისა, ამ ტერიტორიიდან იდევნება უძველესი ქართული ენა. მისი თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმეტური ფოტო-მასალა ამძაფრებს აღქმას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კვალის წაშლას საქართველოს ძირძველ მიწაზე და რომლის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია.
გამოფენის კურატორის ზურაბ ჯგუბურიას თქმით, წლეულს აფხაზეთის ოკუპაციიდან 25 წელი სრულდება და ოკუპანტი მხოლოდ ეთნიკური წმენდით არ კმაყოფილდება, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული თვითმყოფადობის დამამტკიცებელი მატერიალური დოკუმენტები - ძეგლები არ არსებობს და ამისთვის მზად არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულიც ჩაიდინოს - აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული საგანძური/ძეგლები გაანადგუროს და მსოფლიოს ქრისტიანული კულტურის უნიკალური მხარე სამხედრო პოლიგონად აქციოს!!! როგორც მან განაცხადა, ამის უტყუარი დასტურია გამოფენაზე წარმოდგენილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ რუსულ-აფხაზური საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული 21-ე საუკუნის (2011-2017 წ.წ.) ფოტომასალაც.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას განცხადებით, აფხაზეთში დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად მუშაობა, იუნოესკოსთან თანამშრომლობის მცდელობით, ჯერ კიდევ დევნილობის პირველივე წლებიდან დაიწყო პარლამენტში მოქმედ ფრაქცია „აფხაზეთში“. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომავალშიც საკუთარი დიპლომატიური მისიების მეშვეობით, უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას იქ არსებული მწვავე ვითარების შესახებ და ცივილიზებულმა მსოფლიომ არ დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩაფიქრებული კულტურული გენოციდი.
ფოტოგამოფენის გახსნაზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ გამახარიას ხაზგასმით, სეპარატისტებისა და მათი მფარველების მიზანია დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სამართალმემკვიდრენი ქართველები არ არიან, მაგრამ ამაში მათ ხელს უშლის ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ამ ძეგლების არქიტექტურა, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართულია და ქართული ეპიგრაფიკა. ამიტომაც მიმდინარეობს იქ ქართული ძეგლების იერსახის შეცვლა და ქართული ეპიგრაფიკის განადგურება. მსოფლიოს ეს უნდა გავაგებინოთ... ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ გამოფენაზე ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ თავად დარწმუნდნენ, ვისი საკუთრებაა ეს ძეგლები სინამდვილეში და ვინ ანადგურებს მათ.
გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
გამოფენის დასასრულ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა.
გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთი თვე გასტანს.
ამ დღეებში ქ. თბილისში ჩატარდა ღია საერთაშორისო ტურნირი „რკინის ევრაზია“ (IRON EURASIA) ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში. ტურნირში საქართველოს, უკრაინის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, აშშ-ს, სომხეთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი 4 დისციპლინაში - ძალისმიერი სამჭიდი, ძალისმიერი ორჭიდი და წოლჭიმი - გაიმართა.
ტურნირზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის და მათ შორის აფხაზეთის სპორტსმენებმა იასპარეზეს. საბოლოოდ აფხაზეთის სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: ნიკა ჩახაია - პირველი ადგილი 75კგ წონით კატეგორიაში. მან ასევე მოიპოვა აბსოლუტური პირველობა ძალისმიერ სამჭიდში შედეგით 690კგ (სამჭიდის ჯამში (280+170+240)); ლევან გალდავა - პირველი ადგილი 125კგ წონით კატეგორიაში (ეკიპირებული დივიზიონი) ძალისმიერ სამჭიდში შედეგით 780კგ (სამჭიდის ჯამში (300+180+300)); აკაკი ჯინჭარაძე - მეორე ადგილი 100 კგ წონით კატეგორიაში წოლჭიმში შედეგით 190კგ; ლევან კოპალიანი - პირველი ადგილი 60კგ წონით კატეგორიაში ამოწევაში, ასევე მეორე ადგილი აბსოლუტურ ჩათვლაში შედეგით 180კგ; ირაკლი ცხოვრებაშვილი - პირველი ადგილი 90კგ წონით კატეგორიაში (ეკიპირებული დივიზიონი) წოლჭიმში. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ცხოვრებაშვილმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა აბსოლუტურ ჩათვლაში 261 კგ და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამინისტროს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობას თანადგომისათვის.