- სამოქმედო გეგმა
- აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
- აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
- წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა
- ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
- აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
- abculture.ge
- აფხაზეთის საჯარო სკოლები
- რესურსცენტრები
- ონლაინ მუზეუმი
- დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
- ანგარიშები
- გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
4-6 ოქტომბერს ნიდრლანდების სამეფოში „ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, „აფხაზეთის დღეები“ გაიხნა.
პროექტის გახსნა სლოგანით „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ საქართველოს საელჩოში გაიმართა. დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. ამ დღეების მნიშვნელობასა და აფხაზურ მხარესთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზე ისაუბრეს პროექტის იდეის ავტორმა ლალი ბუთბაიამ, “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, მწერალმა გურამ ოდიაშარიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარმა დოსითეოსმა და სხვ.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
აქვე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის აღსაზრდელთა კონცერტი.
„აფხაზეთის დღეებში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth of Democracy“ მონაწილეობდა. ასევე, მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინებისა და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ამსტერდამში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია.
„კულტურის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ 6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ის ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტის, გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის და „Voice of Germany“-ის 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდებში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მერანი“.ნიდერლანდელი მომღერლები ქეთევან წიკლაურისა და ივო ბოსვაიკის დირიჟორობით ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.
27 სექტემბერი - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეა. სოხუმის დაცემა სწორედ ამ დღეს დაემთხვა. გოლგოთის გზაზე შემდგარ აფხაზეთის მოსახლეობას დღემდე არ ტოვებს იმედი, რომ გოლგოთასა და ჯვარცმას... აღდგომა და ამაღლება მოჰყვება. ამგვარი იმედითა და რწმენით გასრულდა აფხაზეთის წართმევის 25 წელიც.
ქართველი ერისთვის ამ ტრაგიკულ დღეს გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა.
შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გვირგვინებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავები.
ამავე დღეს, როგორც ჯვართამაღლების დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.
ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.
ჯვრის აღმართვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით 12 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ერთდროულად დაირეკა ზარი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.
დღის ბოლოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი" გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად დანგრეული და დამწვარი შენობების ფოტოები.
ღონისძიება ფონდ „არტექოს" და მისი დამფუძნებლის დალი უბილავა-დე გრააფის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ა/ რ თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლას მიეძღვნა.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
მანამდე 2018 წლის 27 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.
შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის, ჟიული შარტავას სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელის მინიჭების დიდი მნიშვნელობა.
ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის უფროსმა მალხაზ გოლეთიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ნაჭყებიამ და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ვახტანგ ანთიამ.
ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ეროვნული საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
შეხვედრა სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. 17 სექტემბერს,საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულმა აფხაზეთის საჯარო სკოლებმა სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე განაახლეს. ტრადიციულად,აფხაზეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად სკოლაში ნეტბუქი დახვდა და ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა.
2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესტუმრა ქ.თბილისში განთავსებულ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას,აგრეთვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.მინისტრმა მშობლებს,მოსწავლეებს,სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
2018 წლის 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქვეპროგრამის „საზაფხულო ბანაკი“ ფარგლებში ქ. ქობულეთში გამართა აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეებისათვის (სულ 32 ბენეფიციარი) „საზაფხულო ბანაკი“.
„საზაფხულო ბანაკის“ ფარგლებში მოსწავლეები ჩართული იყვნენ სამოქალაქო ცნობიერების, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში.
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს ჩაუტარეს ეკო-გაკვეთილები და ტრენინგები.
გარდა ამისა, „საზაფხულო ბანაკის“ ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღას“ და გაეცნენ პროფესიული სწავლების სპეციფიკას, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესი) აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში ჩაატარა. ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის, ვეტერანთა დეპარტამენტის, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრისა და სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სხვა სამინისტროებისა და უწყებების, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური რაგბის გუნდი „ტაო“, სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) ადმინისტრაციის და სხვა გუნდები.
ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი გახდა გუნდი „ტაო“ - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური რაგბის გუნდი, მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი, მესამე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრმა მანანა ქვაჩახიამ, მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ყუფარაძემ.
ტურნირის მიზანია სპორტის ამ ექსტრემალური და საინტერესო სახეობის პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ქალაქ ბათუმში „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების ორი პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა.
გამოფენის გახსნამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ამ გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ, პოეტმა ბელა ქებურიამ, მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარემ ირმა ირემაძემ, მხატვარმა ზურაბ ჭედიამ, მოქანდაკე ნერსე ბაწაშმა.
გამოფენის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ბათუმში მცხოვრები აფხაზური დიასპორისა და დევნილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2018 წლის 5-9 ივლისს სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის „საგანმანათლებლო - საველე ბანაკი“ - კარვების ქალაქის სახით - მოაწყო. ბანაკის მუშაობაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოზარდებთან ერთად მონაწილეობდნენ ქ. თბილისის საჯარო სკოლების ის მოსწავლეები, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე სამინისტროს მიერ გამართულ ახალგაზრდულ კონფერენციაში - „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“ თავი გამოიჩინეს.
ბანაკმა 5 დღეს გასტანა და ამ ხნის განმავლობაში აქ მყოფი სულ 41 მოზარდისათვის განხორციელდა როგორც შემეცნებითი, ასევე სპორტულ-გასართობი შინაარსის აქტივობები. ამასთანავე, მოსწავლეები გაეცნენ ნოქალაქევის კომპლექსის ისტორიასა და მის არქიტექტურულ თავისებურებებს. ბოლოს ამ და სხვა თემებზე გაიმართა დისკუსიები და ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?.
გარდა ამისა, მოზარდები დაესწრნენ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელსაც ბრიტანული ექსპედიცია ხელმძღვანელობს და მიიღეს ინფორმაცია არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებისა და აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის დათარიღების შესახებ. მოაწყვეს ლაშქრობა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, ბანაკის მიმდინარეობისას უწყვეტლივ ტარდებოდა ტრენინგ-სემინარები - სამოქალაქო განათლებისა და ეტიკეტის საკითხებზე, რომელსაც წარმართავდნენ კოდის სათემო განათლების ცენტრისა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.
ბანაკის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იყვნენ კვებით, საძილე ტომრებით, ე.წ. პარალონებით და კარვებით.
ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კონცერტი ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში მდებარე სავაჭრო ცენტრში, ფესტივალის „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“-ის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით შედგა.
ფოტოგამოფენა ქართველებისა და აფხაზების მეგობრობის დასტურად გამართული სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს წარმოადგენდა. რუხის სახალხო ზეიმი 1979 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ აქ, დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა.
რუხის სავაჭრო ცენტრში გამოფენის ფონზე კონცერტი გამართეს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „თსუ - გორდელამ“. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ დამსწრეთ ახალი პროგრამა - „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“ შესთავაზა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლის“ დირექტორი დავით მაჭავარიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.
ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia“-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.
მემორანდუმი აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა მოაწერეს ხელი.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ განცხადა, რომ - „ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ახლგაზრდობისათვის, ადამიანებში გმირული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფა სამუდამოდ დაკავშირებულია აფხაზეთის ტრაგედიასთან. ჟიული შარტავას სახელით მონათლული მწვერვალი კი ამ ტრაგედიის გამოძახილად და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდაც კი შეიძლება იქცეს. ვიანიდან ამ მწვერვალს დალაშქრავს უამრავი ქართველი თუ უცხოელი მთამსვლელი, განვითარდება მასობრივი ალპინიზმი და სამთო ტურიზმი. ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვა მრავალ სიკეთეს, რომელიც ალპინიზმს ახასიათებს.“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ქვეპროგრამა ,,თანაბარი შესაძლებლობები-თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 25-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს ექსკურსია მოუწყო. დღის განმავლობაში მოზარდებმა დაათვალიერეს ანანურისა და შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსები და ბაზალეთის ტბა.
პროექტში მონაწილე ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იყო კვებით. ექსკურსიის ბოლოს ყველა მოზარდს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.
პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, ჯანმრთელობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის დასრულდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები.
სამდღიანი სპორტული პაექრობის შემდეგ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის გუნდები. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, მეორე ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის გუნდი, მესამე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა.
მინი-ფეხბურთის ტურნირზე გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, ბურთებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
სიგელებით დაჯილდოვდნენ ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები. გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა - დათო ზარიამ.
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“-მა, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გამართა. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“ კონცერტზე წარადგინა აკადემიური მიმართულებები, როგორიცაა: საფორტეპიანო, კამერული ანსამბლი, სიმებიანი, სოლო-სიმღერა, საგუნდო, სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებები და „საოპერო სიმღერის სახლი“. კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში, ასევე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
კონცერტს ესწრებოდა ახაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც პედაგოგებსა და სკოლის დირექტორს თამარ ახალიას, კონცერტის ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს, გადასცა მადლობის სიგელები, ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის.
„დღევანდელმა კონცერტმა დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა თითოეულ ჩვენთაგანში. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარ ახალაიას ამდენი წლის დაუღალავი შრომისათვის და ჩვენს მხარდამჭერებს გვერდში დგომისათვის“, - განაცხადა მუსიკოსმა ნათია ბედენაშვილმა.
სკოლა ქ. თბილისში 2018 წელს დაფუძნდა ქ. სოხუმის №1 და №2 მუსიკალური სკოლების ბაზაზე. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდ ნაწილს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ. ამიტომაც თითოეული მათგანი დიდი ყურადღებითა და სიყვარულით ეკიდება აფხაზურ სიმღერებსა და ცეკვებს, მის ტრადიციებს. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა დღევანდელ საიუბილეო კონცერტზეც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „კონგრეს-ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი-დათვალიერება გაიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მთავარი ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე; აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია; ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სოლისტი და ამჟამად ანსამბლ „სიონის“ მთავარი ქორეოგრაფი მაია მამალაძე; ჟიურის თავმჯდომარე იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურს-დათვალიერებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანa ქვაჩახია ესწრებოდა.
ჟიურიმ კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს შორის გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა:
1. ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“. ქორეოგრაფი - ბადრი უგრეხელიძე (ჟიურის რჩეული);
2. ქართული ცეკვის კომპანია „იბერი“ სამხატვრო. ხელმძღვანელი - დევი ადეიშვილი. ქორეოგრაფები: ნინი სიმონიშვილი და თემურ სილაგაძე (საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი);
3. გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლის ქორეოგრაფული ანსამბლი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამიონისტროს რჩეული);
4. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“. ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია (აფხაზური ცეკვის საუკეთესო შესრულება);
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1“. ქორეოგრაფი ოლია წურწუმია (აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის რჩეული);
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“ -ის ანსამბლი „ალაშარა“. ქორეოგრაფი: მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია (მაყურებლის სიმპათია);
7. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავკასიონი“ ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე ( მადლობის სიგელი).
ამასთანავე, კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე შვიდივე კოლექტივს მონაწილის სიგელი გადაეცა.
კონკურს-დათვალიერების მიზანი იყო აფხაზეთის დამსახურებული ქორეოგრაფების საქმიანობისა და მათ მიერ ხელოვნების ამ დარგში მიღწეული შედეგების წარმოჩენა, ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში.
აფხაზეთის რაგბის ფედერაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ კლუბ „ტაოს“ ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩაატარა. ფესტივალში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდები, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა მორაგბეები. სტუმარ-მასპინძლებმა ძალიან საინტერესოდ იასპარეზეს და შეიძლება ითქვას, რომ რაგბის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.
რაგბის ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 14 აპრილს აფხაზეთის რაგბის ფედერაცია დაარსდა. ფედერაციის უმნიშვნელოვანესი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების რაგბით დაინტერესება, მათი ჩართვა რაგბის სპორტულ სექციებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ფიზიკურად ძლიერი, ჯანსაღი თაობის აღზრდა. ახალგაზრდა სპორტსმენები მომავალშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ფესტივალსა და სარაგბო ტურნირში ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც.