აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2023 წლის წარმატებულ მოსწავლეებს ნოუთბუქები გადასცეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჩუქრები 19 აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდას გადაეცა, რომლებმაც 2023 წელს საბაზო საფეხური უმაღლესი შეფასებით დაასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობით გამოფენა „აფხაზეთის არქივი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანე“ მოეწყო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მიმართეს.

ღონისძიებაზე პროექტის პრეზენტაცია აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ, გაზეთების მფლობელ როლანდ რუხაძესთან და გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქტორ გულიადა ჭკადუასთან ერთად წარადგინა. როლანდ რუხაძეს, რომელიც 19 წლის განმავლობაში ინახავდა 1986-1992 წლებში გამოცემულ გაზეთებს, აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო და სამოქალაქო  საზოგადოებებისათვის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე დაფუძნებული საარქივო მასალის გაცნობასა და ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დეოკუპაციასა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე. ასევე, ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება და აქვე მინდა შევეხო შერიგების პოლიტიკას, რომელიც „ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკაა. ჩვენი გაცხადებული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროექტები და პროგრამები დავაფინანსეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ამ პროექტს თუ პროგრამას ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე ვახორციელებთ შეგნებულად, მიზანმიმართულად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთი პროგრამების ხელშეწყობას. მინდა ინფორმაციისთვის გაგიზიაროთ კონკრეტული მონაცემი, რომ 1500-ამდე პაციენტს უმკურნალა სახელმწიფომ, იგივე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გადმოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოვახდინეთ რუხის საავადმყოფოსა, აქ შეიქმნა მრავალპროფილური სამედიცინო სერვისი, 14-ზე მეტი მიმართულებით ვაწვდით ჩვენ სამედიცინო სერვისებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სწორედ ამ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო მომსახურეობა.

ჩვენ ვეხმარებით ასევე სტუდენტებს, რომლებიც უგამოცდოდ ირიცხებიან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.

რა თქმა უნდა, ჩვენი მადლიერება მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმართ, რომელთა დახმარების შედეგად განხორციელდა უკვე 58 პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.

ასე ვთქვათ, 4-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ჟენევის ფორმატის შენარჩუნება, აქაც მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ჟენევის ფორმატში“, - განაცხადა პრემიერმა.

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ მეოთხე წელია იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული აფხაზეთელების საზოგადოებისთვის გაცნობას.

კონკურსის შედეგად შერჩეულ საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ ჟურნალ „სითიში“ გამოქვეყნდება. მასალა განთავსდება ასევე გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და  სააგენტოს ვებგვერდზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავისუფლების მოედანზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცეს და ქვეყნისთვის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო! პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო! ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“ შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაციები „დევნილთა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“ და ასევე, პროექტის: „ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევების კვლევის“ შედეგების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება მოქმედ სამართლებრივ სერვისებზე, სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება დევნილთა სამართლებრივი დახმარების კუთხით.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს.

ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 17 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (21 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული მებრძოლების ნეშტებს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისში, ვაკის რაიონში ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი დაათვალიერა, არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისგან სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე ინფორმაცია მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, სილამაზის ინდუსტრიისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი და  სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით განახორციელა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და თვითდასაქმების პროექტის ფარგლებში შერჩეული 8 დევნილი ქალბატონიდან, ოთხმა სასწავლო კურსი „Natali Academy“-ში, ხოლო ოთხმა მონაწილემ ხელნაკეთი ნივთების შესწავლა ზუგდიდში,  ირდას სახელოსნოში გაიარა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ქაზიმ ქართალი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი,  აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიება „ექიმების დაჯილდოება 2023“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ მიმართეს.

მთავრობის თავმჯდომარემ პროგრამაში ჩართულ ექიმებს მადლობა გადაუხადა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენ, ამ ღონისძიების ფორმატში, სხვადასხვა წამყვან კლინიკაში დასაქმებულ 31 ექიმს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელს ვაჯილდოებთ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, სრულიად უანგაროდ იყვნენ ჩართული დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში.

მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საქმიანობა არის გმირობის ტოლფასი, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელშეწყობითა და ჩართულობით, ერთობლივად, კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის.

აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერები არიან“.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თბილისის წამყვანი კლინიკების სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში და 1300-მდე აფხაზეთიდან დევნილ პირს გაუწიეს დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაისთან ერთად, სოფელ რუხში ყვავილების სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, ფახულანში, ჭალესა და რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონების ჩართულობით მოეწყო სასათბურე მეურნეობები, სადაც ადგილობრივი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების მოწყობა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, რუხში, აფხაზეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მრავალწლიანი ნერგები გადაეცათ.

ღონისძიება რუხი მოლის ტერიტორიაზე გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს პროგრამის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს 707 „ჩანდლერის“ ჯიშის კაკლის, 970 ტყემლის, 1070 ქლიავისა და 200 მანდარინის ახალი ჯიშის ნერგი გადაეცა.

პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სენაკსა და ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია გაიმართა.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად სათვალეები გადაეცათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის დროს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღი მოინახულა და იძულებით გადაადგილებლ ბავშვებს სათამაშოები გადასცა.

ღონისძიებები აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.